LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შეცდომებს უშვებს თანამედროვე მენეჯმენტი – FM ქოუჩი

7
andro-dgebuadze

რა ფუნქციები აქვს თანამედროვე მენეჯმეტს, როგორ უნდა გავზარდოთ კადრი და რა შეცდომებს უშვებენ მენეჯერები – ამ თემებზე  მარტა ქარუმიძის გადაცემაში “FM ქოუჩი” ტრენერმა ანდრო დგებუაძემ ისაუბრა.

რა შეცდომებს უშვებს თანამედროვე მენეჯმენტი?

ხშირად ადამიანი, როდესაც მაღალ თანამდებობაზე ინიშნება, სიმაღლეებზე ადის, დეტალებს აღარ უღრმავდება. მას ჰგონია სამყარო ისეთი, როგორც წარმოუდგენია, მას მიუტანენ ამბავს, ჩაწერს რაპორტში და ამით კმაყოფილია, თუმცა ბოლოს აღმოჩნდება რომ ეს არაა რეალობა. თანამედროვე მენეჯერებს ზღვარის დაცვა უჭირთ, მაგალითად, როდის უნდა გაათავისუფლო ადამიანი  სამსახურიდან და როდის გაზარდო კადრი. ჩემი გადმოსახედიდან, ზღვარი არ გადის განათლებაზე, უნარზე ან ცოდნაზე, ვინაიდან ვფიქრობ, ამ ყველაფერს ეშველება და  რამდენიმე თვეში დასწავლადია. მაგრამ თუ ადამიანი ამბობს, რომ მას განვითარება არ სურს, ან თუ მისი და კომპანიის კორპორატიული კულტურა და ღირებულებები განსხვავებულია, მაშინ სხვა ფაქტორს ვაწყდებით.

რა შემთხვევაში უნდა მივცეთ შანსი თანამშრომლებს?

ამ შანსის გამოყენების სურვილი თავად უნდა ჰქონდეთ, ეს არის შანსი განვითარებისთვის. თანამშრომლებისთვის მოტივაცია არის სამართლიანი გარემო. თუ შენ გეპყრობიან სამართლიანად, მოტივაციაც შესაბამისია. სამართლიანობაში არა მარტო ანაზღაურება იგულისხმება, არამედ მაგალითად, დერეფანში ნათქვამი „გამარჯობაც“ სამართლიანობაში შეიძლება ჩაითვალოს. მენეჯერის პასუხისმგებლობა არის ზოგადი ატმოსფეროს შექმნა, თანამშრომლებს უნდა უხაროდეთ სამსახურში მისვლა. თუ თანამშრომლის მიმართ ემპათიურად ვართ განწყობილები, მაშინ ვიღებთ უკუკავშირს. მენეჯერს უნდა ჰქონდეს იმდენი უნარიც, რომ საკუთარი შეცდომა აღიაროს, თუმცა საქართველოში შეცდომების აღიარება ყოველთვის უჭირთ, ასეთი საზოგადოება ვართ.

„თუ არ გინდა წადი, შეუცვლელი კადრი არ არსებობს…“

ადამიანების ჩანაცვლება შეიძლება, თუ ისინი საქმეს ვერ აკეთებენ, მაგრამ რისი შეცვლა ღირს და რისი არა, ესაა საკითხავი. იაპონიაში არის ასეთი მიდგომა, ისინი ერთმანეთს კი არ ათავისუფლებენ სამსახურიდან, არამედ ზრდიან. კადრის სამსახურიდან გათავისუფლება პირადად ჩემთვისაც რთული იქნება. ამბობენ, ადამიანის გათავისუფლება ნიშნავს მის სულში ჩაფურთხებას, რასაც ცალსახად ვეთანხმები.  თუ გვყავს თვითმოტივირებული თანამშრომლები, თუ გვინდა გამბედავი, კრეატიული ადამიანები, მათთან მიდგომაც სხვანაირი უნდა იყოს, ვინაიდან კრეატივს ჩარჩოებში ვერ მოაქცევ. არის მეორე კატეგორია, რომელსაც სჭირდება მართვა და მათთვის თვითმენეჯმენტი არის უცხო. ამ შემთხვევაში მენეჯერმა კადრების ამოცნობა უნდა იცოდეს. გამოსავალი არის სეგრეგაცია. მენეჯმენტი დაიბადა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ. მანამდე ქვეყნები იყო ასაშენებელი და ბოსი ბოსობდა. დღეს ყველაფერი შეიცვალა, უკვე რობოტიზაცია შემოდის ბაზარზე, ადამიანის გარობოტება აღარაა საჭირო, ხოლო იქ სადაც კრეატიული საქმიანობაა პრიორიტეტი, სადაც საქმე რუტინად არ უნდა გადაიქცეს, რობოტები არ არიან საჭირო.

ძალიან ბევრი სტარტაპერი ვიცი, რომ კითხოთ სტარაპი რატომ დაიწყეთო, 80% გიპასუხებთ, რომ “მარაზმატიკი შეფი” ჰყავდათ. შემდეგ ეს ადამიანები მიდიან და საკუთარ საქმეს იწყებენ და ეკონომიკას აუმჯობესებენ. ასე რომ, ნაწილობრივ ასეთი მენეჯერების მადლობლებიც უნდა ვიყოთ.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები