LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შიშები გვიშლის ხელს წარმატების მიღწევაში – FM ქოუჩი

8
ekaterinechigogidzecouch

გადაცემის ლაივი LIVE

რა შიშები გვიშლის ხელს წარმატების მიღწევაში – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში FM ქოუჩი“ ფინანსური და ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტმა, პიროვნული ტრანსფორმაციისა და ლიდერობის ქოუჩმა ეკატერინე ჩიგოგიძემ ისაუბრა.

გამოგონილია თუ არა შიში?

„შიშს დიდი თვალები აქვს“ – ეს გამოთქმა უკავშირდება შიშის ემოციის დროს ჭარბი ადრენალინის გამოყოფის შედეგად თვალის გუგების გადიდებას, გადატანითი მნიშვნელობით კი შიშის ემოცია ეს არის სენსორი რეალური ან მოჩვენებითი საფრთხის მიმართ, რომელიც უფრო გადიდებულად გვაჩვენებს მდგომარეობას, ვიდრე ის არის.

თანამედროვე ადამიანის წინაშე მდგარი შიშების 99.9% გამოგონილია ანუ მისი წარმოსახვის ნაყოფია. თუ ადამიანი ხანგრძლივად იმყოფება შიშის ემოციის ზემოქმედების ქვეშ, ამან შეიძლება  მოიცვას მთლიანად ფსიქიკა, სხეული და ცნობიერება გახდეს განპირობებული ამ ემოციით. ამ დროს შიში გადაიქცევა ადამიანის ცხოვრების განმსაზღვრელ საბაზისო პარადიგმად. შიში უკავშირდება წარსულის მოვლენებს, გამოცდილებებს, ადამიანებს, სიტუაციებს, მომავალ წარმოსახვით სცენარებს და გონებაში იქმნება ასოციაციები მეხსიერების ცენტრებსა და წარმოსახვაში. ანუ ჩვენი ტვინის ყველაზე სენსიტიური ნაწილი აკეთებს ასოცირებას საფრთხესა და მეხსიერებას შორის.

სიყვარული და შიში…

მე-20 საუკუნის გამოჩენილი მეცნიერის და მკვლევარის დავიდ ჰოკინსის მიერ შექმნილ ცნობიერების კალიბრაციულ შკალაზე გამოყოფილია ცნობიერების წარმმართველი ორი მთავარი გრძნობა, რომელთა ქვეშაც ხდება სხვადასხვა ემოციური მდგომარეობების კალიბრაცია: სიყვარული და შიში.

შეზღუდული ცნობიერების მქონე ადამიანებში, რომელთა მენტალიტეტში დომინირებს შიში, გამოხატულია დაბალი ენერგეტიკული სიხშირის მდგომარეობები, როგორიცაა სირცხვილი, მწუხარება, დანაშაულის გრძნობა, აპათია, ბრაზი, იმედგაცრუება.

შკალის მაღალ ნიშნულებზე აღნიშნულია გახსნილი ცნობიერების პირობებში მიღწევადი მდგომარეობები ანუ დომინანტი პარადიგმები, როგორიცაა: მიმღებლობა, სიყვარული, მოწოდება, მზადყოფნა, სიხარული, გაცნობიერებულობა.

ეს შკალა მარტივად რომ გავშიფროთ იმას ნიშნავს, რომ როცა ადამიანის ცხოვრებას წარმართავს შიში, ის იმყოფება განვითარების, გაცნობიერებულობის დაბალ საფეხურებზე და უბრალოდ ცუდად არის, ტანჯვა-წვალების მდგომარეობაშია. ცუდად არის, რადგან ეშინია ყველაფრის მის გარშემო: სიცოცხლის, განვითარების, ცვლილების… და არის ასე დაშინებული, დასტრესილი და არც ცდილობს რამის შეცვლას. ცვლილება ხომ საშიშია?!

საბაზისო შიშის გრძნობა ყველა ადამიანის ნეიროფსიქიკურ სისტემაშია ჩადებული, როგორც თავის გადარჩენის კოდირება და გარე საფრთხეებისგან თავდაცვის მექანიზმი. და კიდევ კარგი რომ ასეა, თორემ ადამიანი როგორც დედამიწაზე გაჩენილი ერთ-ერთი სახეობა ვერ გადარჩებოდა. პირველყოფილ ადამიანს შიში მეტი უნდა ჰქონოდა, ვიდრე სხვა რომელიმე ემოცია, რადგან გარშემო უამრავი საფრთხე ემუქრებოდა უცხოტომელებისგან, გარეული ცხოველებისა და ბუნებრივი მოვლენებისგან.

რა ხდება თანამედროვე ადამიანის ფსიქიკაში?

ამ დროის მანძილზე შიშებმაც თავისი ევოლუცია განიცადეს და ახლა ადამიანის წინაშე უფრო „გათანამედროვებული“ შიშები დგას, განსხვავებით მისი წინაპრებისგან.

როგორია დღევანდელი შიშები? სიძლიერით არა ნაკლებია, ვიდრე პირველყოფილი, თავისი ბუნებით კი შეეხება უკვე არა გადარჩენა-არგადარჩენას, არამედ ძირითადად წარმატება-წარუმატებლობას და თვით-შეფასებას.

დღეს აქტუალურია ისეთი შიშები, როგორიცაა წარმატების ან წარუმატებლობის შიში, ოცნების შიში, საჯარო გამოსვლის შიში, არ-მოწონების (not being good enough) შიში, განსჯის, მომავლის, უცნობი გარემოს შიში…

აქ საუბარია, მენტალურ-ემოციური ინტელექტის ხარისხის მიხედვით გამომუშავებულ შიშებზე. ამ საინფორმაციო ეპოქაში შიშის ქონა მიუთითებს გონებრივი ინტელექტის დაბალ ნიშნულზე და ასევე რაც უფრო მნიშვნელოვანია, ემოციური ინტელექტის დაბალ ხარისხზე.

შიში აუძლურებს ადამიანს, ართმევს მას ენთუზიაზმს, სიცოცხლის ხალისს და ინტერესს. შესაძლოა ადამიანმა არასოდეს გადადგას ნაბიჯი თვითრეალიზებისკენ, თავისი ნამდვილი „მე“-სკენ, რომელიც შიშის მეორე მხარეს ელოდება. და ეს შეფარულია აპათიურობის, უიმედობის, უინტერესობის, უსურვილობის ქვეშ.

მენტალურ-ემოციური შიშები მიეკუთვნება ეგო-ს ზონას. სწორედ ჩვენი ეგოა ის, რომელიც გვაიძულებს, რომ შევადაროთ ჩვენი თავი სხვას და ჩვენი ცხოვრების ხარისხი სხვისას, რაც უტყუარი საშუალებაა, რომ თავი არასრულფასოვნად ვიგრძნოთ. წარმატება-წარუმატებლობის პოპულარული გაგებაც ხომ პირდაპირი მახეა იმისთვის, რომ სამუდამო შიშში იცხოვროს ადამიანების უდიდესმა ნაწილმა. აქედან სარგებელს კი ის სისტემები ნახულობენ, რომლებმაც მოიგონეს და დააწესეს „სტატუსის“ განმსაზღვრელი კრიტერიუმები და სტანდარტები.

დაფიქრდით – რისი გეშინიათ? არ იცით ხვალ რა იქნება? ხვალ იქნება ის, რასაც შექმნით დღეს. ამიტომ თუ დღევანდელ დღეს იმაზე ნერვიულობაში გაატარებთ, რომ არ იცით რა იქნება ხვალ, ხვალინდელი დღე რომ დადგება ზუსტად იგივე განმეორდება. თუ გინდათ, რომ იგივე არ განმეორდეს და ეს გაურკვევლობის ჯაჭვი გაწყდეს, დაიწყეთ სხვანაირად ფიქრი დღეს. დღევანდელი დღე ხომ თქვენს ხელშია?! რა შეიძლება გააკეთოთ დღეს ისეთი, რომ შემცირდეს თქვენი შიში მომავლის მიმართ? იფიქრეთ ამაზე.

არანორმალურობაა აკეთო ერთი და იგივე და მოლოდინი გქონდეს, რომ განსხვავებულ შედეგს მიიღებ (ალბერტ აინშტაინი).

კიდევ რა არის ის შიშები, რაც თანამედროვე ადამიანს იპყრობს და ბლოკავს?

ახლა გავრცელებულია საჯარო გამოსვლის შიში. ამ შიშის ფესვები ადვილად გასაგებია, ტომის წინაშე რომ გამოგიყვანდნენ, თუ არ მოეწონებოდათ რასაც იტყოდი, იქვე ჩაგქოლავდნენ. მაგრამ ახლა ეს არის შიში, რომ შეცდომა არ დაუშვა, არ შეირცხვინო თავი, არ გახდე სხვების განსჯის ობიექტი და არ დაგცინონ.

წარუმატებლობის შიშის გამო ადამიანმა შესაძლოა არასდროს არ გადადგას ის ნაბიჯები, რომლებიც მიიყვანენ მას წარმატებამდე. წარმატების შიში კი უფრო შორს მიდის და ადამიანს აჩერებს წარმატებისკენ სვლისგან იმით, რომ იმის შემდეგ მოსალოდნელი წარუმატებლობა არ განიცადოს.

შიში, რომ არ ხარ საკმარისად კარგი – უკავშირდება დაბალ თვით-შეფასებას, თვით-კონცეფციას და თვით-იმიჯს. ამას საფუძვლად უდევს პრიმიტიული აზროვნება, შემზღუდავი რწმუნებულებები, წარსულის ისტორიები და მარცხები, დაბალი თვით-ღირებულება. აქ საჭირო საკუთარი იმიჯზე და თვითშეფასებაზე მუშაობა.

კიდევ ერთი კატეგორია, სადაც შიში ისტერიულ ზღვარს აღწევს, ეს არის მარტოობის შიში. ის ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური და ძლიერია დღევანდელ სამყაროში, არადა პარადოქსია რადგან კომუნიკაციების ზღვაში ვიძირებით.

ამის მიზეზი ის არის, რომ ადამიანს არ აქვს დამყარებული სწორი კომუნიკაცია და ურთიერთობა საკუთარ თავთან. მარტო დარჩენილები რჩებიან ვიღაცასთან, ვისაც არ იცნობენ კარგად, გაუგებარ გრძნობებთან და ფიქრებთან და რა გასაკვირია, რომ თავს კარგად არ გრძნობენ უცნობ გარემოში. თუ თქვენი თავი არ გაინტერესებთ, მასთან ერთად დროის გატარება და სიამოვნების მიღება არ შეგიძლიათ და სიმარტოვისას სევდა და მოწყენილობა გიპყრობთ, დაფიქრდით, სხვას რატომ უნდა მოუნდეს თქვენთან ყოფნა?

რა არის ის საპირისპირო ძალა, რომელიც მოერევა და შეამცირებს შიშს? დიდ მოაზროვნეებს თუ დავუჯერებთ ეს არის სიყვარული და ყველა სხვა ემოცია და გრძნობა, რომელიც სიყვარულიდან წარმოიშობა. მადლიერება, ნდობა, გაბედულება, სიმტკიცე, ერთგულება, პატივისცემა, პატიოსნება… შიშის ემოციის პირდაპირი ანტიპოდი არის მადლიერება. მათი ნეიროქიმიური შემადგენლობა იმდენად საპირისპიროა, რომ ეს ორი გრძნობა ერთდროულად ერთ სხეულში ვერ ჩერდება.

პრაქტიკულად არსებობს ნეიროფსიქოლოგიური და სხეულებრივი ტექნიკები და სავარჯიშოები, ასევე თერაპიული თუ არათერაპიული პროცესები, რომელთა დახმარებითაც წარმატებით შესაძლებელია შიშების დაძლევა.

შიშზე საპასუხო რეაგირების ქცევა არის: Fight, Freeze, Faint or Flight.

მაგრამ შიში რეალურად არ არის ჩვენი მტერი, ის ჩვენი მეგობარია. მას კი არ უნდა ვებრძოლოთ ან კი არ უნდა გავექცეთ. უნდა ვისწავლოთ მასთან სწორი კომუნიკაცია.

მაგალითად, ცნობიერების და უნარ-ჩვევების განვითარების გზით:

Reframing – პრობლემის/საკითხის სხვა პრიზმიდან, სხვა პერსეპქტივიდან განხილვა და მის მიმართ დამოკიდებულების შეცვლა.

Retraining – მეტი ინფორმაციის მიღება, უნარების განვითარება, ჩვევების კორექტირება. ტვინში ახალი ნეირონული ქსელების ფორმირება პოზიტიური ცოდნის საშუალებით.

შემოქმედებითი პოტენციალის გახსნა, იმ ცხოვრების შექმნა, რომელიც გვსურს, არ არის შესაძლებელი თუ ვცხოვრობთ გადარჩენის რეჟიმში ანუ შიშის პარადიგმაში. ეს შესაძლებელია მხოლოდ კრეატიულ რეჟიმში, როცა გამოვდივართ ჩვეული, წინასწარგანსაზღვრული აზროვნების ჩარჩოებიდან, როცა თავისუფალი ვართ შიშის და სტრესისგან უცნობი გარემოს და მოულოდნელობის მიმართ – სწორედ აქ, ამ უცნობ ზონაში შენდება ახალი პირადი რეალობა, იქმნება განახლებული პიროვნება, იხსნება ინსპირაციის და სასიცოცხლო ენერგიის ახალი არხები.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები