LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა სიმპტომებით ხასიათდება მშრალი თვალის დაავადება და რა პრობლემების შექმნა შეუძლია დაგვიანებულ დიაგნოსტიკას – ოფთალმოლოგი თამარ ჩიტაძე გადაცემაში ,,პულსი”

25
tamarchitadze

16 ივლისს რადიო “ფორტუნას” და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას “პულსი” კლინიკის “ახალი მზერა” ოფთალმოლოგი თამარ ჩიტაძე სტუმრობდა, რომელმაც თვალის ჯანმრთელობაზე ისაუბრა.

– ქალბატონო თამარ, ივლისი თვალის სიმშრალის შესახებ ინფორმაციის გავრცელების თვედ ითვლება. საინტერესოა, რას წარმოადგენს დაავადება რომელიც განსაკუთრებით პრობლემატური ზაფხულში ხდება?

–  მშრალი თვალის დაავადება ყველა სეზონზე ერთნაირად აქტუალურია, თუმცა სიმპტომები სწორედ ზაფხულში მწვავდება და სწორედ ამიტომ გამოცხადდა ივლისი მშრალი თვალის ცნობადობის ამაღლების თვედ, რომელსაც სპეციალური კონგრესები და კონფერენციები ეძღვნება მთელ მსოფლიოში. მშრალი თვალის დაავადება – მულტიფაქტორული პრობლემაა, რომელიც თვალის ზედაპირს აზიანებს, ცრემლის სწრაფად აორთქლებას და შესაბამისად დისკომფორტს იწვევს.

– რამდენადაც ვიცი, პანდემიამ კიდევ უფრო გაამწვავა მშრალი თვალის დაავადება?

– გეთანხმებით, დაავადების გამწვავების მიზეზი ერთის მხრივ, გაჯეტების ხშირი მოხმარება, მეორეს მხრივ კი, პირბადის ხანგრძლივი ტარება გახდა, რადგან ამოსუნთქული ჰაერის ნაკადი, რომელიც პირდაპირ თვალში ხვდება ცრემლის სწრაფად აორთქლებას იწვევს.

– რა სიმპტომებით ხასიათდება დაავადება?

– მშრალი თვალის დაავადება მეტწილად სიწითლით, ცრემლდენით, უცხო სხეულის შეგრძნებით, სიმძიმით და ზოგჯერ მხედველობის გაუარესებით გამოიხატება. რა თქმა უნდა, ყველას გვქონია მსგავსი სიმპტომები და გვიგვრძვნია დისკომფორტი, რადგან ინტენსიურად მოვიხმართ გაჯეტებს. სწორედ ამიტომაა აუცილებელი პრობლემის დროულად აღმოფხვრა, რათა მომავალში არ გამოიწვიოს გართულებები.

– რამდენად მარტივია დროული დიაგნოსტირების შემთხვევაში დაავადების მკურნალობა?

– არსებობს სხვადასხვა ტიპის კვლევის მეთოდი, რომელთა წყალობით ძალიან მარტივია დაავადების დროული დიაგნოზირება და დიფერცირება, რადგან თვალის სიმშრალე ან ცრემლის სიმცირით, ან მისი უხარისხობით, ან თვალის ზედაპირის სხვა პათოლოგიებითაა გამოწვეული. რა თქმა უნდა, დაავადების სხვადასხვა ფორმა მკურნალობასაც განსხვავებულს საჭიროებს, ჩვენს კლინიკაში კი, ყველა მეთოდი ხელმისაწვდომია. აღსანიშნავია, რომ დაავადების თავიდან ასაცილებლად ძალიან მნიშვნელოვანია ქუთუთოების ჰიგიენის დაცვა

– საინტერესოა, კონკრეტულად რას გულისხმობს ქუთუთოების ჰიგიენა?

– აუცილებელია თვალების დილას და საღამოს ჩვეულებრივი საბავშვო შამპუნით დაბანა.

– რა პრობლემების შექმნა შეუძლია დაგვიანებულ დიაგნოსტიკას?

– ადრეული დიაგნოსტიკა ნებისმიერი დაავადების დროს მნიშვნელოვანია, რათა თავიდან ავიცილოთ გართულებები. ზუსტად იმას თქმა შემიძლია, მშრალი თვალის დაავადების შემთხვევაშიც, რადგან დაგვიანება თვალის ზედაპირის, რქოვანა გარსის დაზიანების და საბოლოოდ მხედველობის დაქვეითების მიზეზი ხდება.

– რა იწვევს თვალის სიმშრალეს?

– სიმშრალეს მრავალი ფაქტორი, მათ შორის ეკრანთან დატვირთვა, კონდიცირება და ტენიანობის სიმცირე იწვევს. აუცილებლად გასათვალისწინებელია ენდოკრინული პათოლოგიებიც.

– რას გვირჩევთ, რა სიხშირით უნდა ვესტუმროთ ოფთალმოლოგს დაავადების პრევენციის მიზნით?

– პაციენტს, რომელსაც არ აქვს გამოკვეთილი ჩივილები, თვალის პათოლოგიები და თანმხლები დაავადებები, საშუალოდ წელიწადში ორჯერ უნდა შემოწმდეს ოფთალმოლოგთან, რათა არსებობის შემთხვევაში დროულად მოხდეს დაავადების დიაგნოსტირება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები