LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უარყოფითი მხარეები აქვს დირექტიული მართვის სტილს – FM ქოუჩი

23
irina-chochua

გადაცემის ლაივი LIVE

დირექტიული მართვის სტილი არის არაგანმავითარებელი სივრცე, რომელიც იწვევს თანამშრომლების უკმაყოფილებას. თანამშრომლებს ასეთი მართვის სტილის დროს არ აქვთ არც ინიციატივები და არც მოტივაცია. რა ნიშნავს დირექტიული მართვის სტილი და რით განსხვავდება ის, ლიდერული მართვის სტილისგან – ამ თემებზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “FM ქოუჩი”ქოუჩმა ირინა ჭოჭუამ ისაუბრა.

რას ნიშნავს დირექტიული მართვის სტილი?

დირექტიული მართვის სტილი ეს არის ბრძანებებზე დაფუძნებული მართვის სტილი, რომელიც რამდენიმე კომპანიაშია შენარჩუნებული. ასეთ დროს არავინ აქვს კითხვის დასმის საშუალება, აქ უბრალოდ ბრძანების შესრულებაა მთავარი, ბუნებრივია ასეთი მართვის სტილი მოძველებულია და თანამედროვე მართვის სტილისთვის მიუღებელი.

“ბოსსა” და ლიდერს შორის საკმაოდ დიდი სხვაობაა. ბოსი – გასცემს ბრძანებებს, აქვს ნაკლები კომპეტენცია და ითხოვს მეტს, არ ზრუნავს გუნდის ჩამოყალიბებაზე, არ ინტერესდება ადამიანური ფაქტორებით, გუნდში პრობლემებს აგვარებს სანქციებით და სადამსჯელო ღონისძიებებით, აქვს დახურული კომუნიკაცია, მისი ღირებულებებია მატერიალური და მხოლოდ მოგებაზე ორიენტირებული, მისი ეშინიათ თანამშრომლებს.

ძალიან ღრმა და საფუძლიანი მუშაობაა საჭირო, იმისთვის, რომ “უფროსობის” სიყვარული ჩავანაცვლოთ თანასწორობითა და ლიდერობით.

ვინ არის ლიდერი?

ლიდერი არის ადამიანი, რომელიც გუნდის მუშაობას განსაზღვრავს და შედეგზეა პასუხისმგებელი. ლიდერმა უნდა შეძლოს გუნდის შთაგონება, მოტივაციის ამაღლება, მატერიალური და არამატერიალური წახალისება, გუნდის თითოეული წევრის სწორი ადაპტაციის ხელშეწყობა და სიძნელეების დაძლევა მათთან ერთად. ლიდერი არის ადამიანი, რომელსაც გუნდის წვერები ბაძვენ. ლიდერი ნერგავს გუნდში მისიას, მიზნებსა და ღირებულებებს, რის გარშემოც ერთიანდება. პირველ რიგში, კარგი ლიდერები არიან ქარიზმატული ადამიანები, რომელთა თვითშეფასება და საკუთარი თავის რწმენა მაღალია. ლიდერი უნდა იცნობდეს გუნდის წევრებს ძალიან კარგად და არა მხოლოდ სახელ-გვარებით. ლიდერს, პირველ რიგში, თვითონ სჯერა იმისი, რასაც აკეთებს და აქვს უნარი ეს რწმენა გადასცეს სხვებსაც. აქვს კარგი კომუნიკაციის უნარები, გახსნილია და უსმენს ადამიანებს, რადგან ლიდერისთვის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება ადამიანი და მისი რესურსების გამოვლენაა. ასევე ლიდერს აქვს სხარტი გონება და შეუძლია ნებისმიერ სიტუაციაში იაზროვნოს როგორც შემოქმედებითად, ასევე ლოგიკურად. ლიდერი არის გადაწყვეტილების მიმღები ადამიანი მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით. და მას აქვს მაღალი თვითდისციპლინა.

ლიდერი არის სტრატეგიულად მოაზროვნე და ის პერსპექტივაში ხედავს განვითარების შესაძლებლობებს. მას აქვს მიზანი და ამ მიზნისკენ მიმავალი სტრატეგიული გეგმა. და თუ არ აქვს, მუშაობს ამ საკითხზე. ასევე მას აქვს უნარი დაეხმაროს ადამიანებს მიზნის დაგეგმარებაში, მისცეს მიმართულებები და იყოს თანამონაწილე ამ მიზნის განხორციელებაში. ქოუჩინგში გვაქვს მიზნის დასახვის ტექნოლოგია, რაც გულისხმობს, რომ მიზანი უნდა იყოს ფორმულირებული პოზიტიურად, კონკრეტუად, რეალისტურად, დროში გაწერილი, უნდა იყოს მიღწევადი, ღირებული და ა.შ. ყველა ამ კრიტერიუმზე ლიდერი მუშაობს და მუშაობს გუნდათ ერთად. ლიდერი ამოცანაა მოახდინოს ერთიანი გუნდის ჩამოყალიბება, რომელსაც ექნება საერთო ხედვები, მიზნები, ღირებულებები და  მაღალი მოტივაცია. ასევე ლიდერი არის მოქნილი ადამიანი, რომელსაც შეუძლია სიტუაციაში სწრაფად გარკვევა და აქვს ლავირების უნარი. ლიდერს აქვს დარწმუნების უნარები და მას ენდობიან. იგი აქტიურია, ღიმილიანი და ზოგჯერ კატეგორიულობაც უხდება J ამ ყველაფრის სრულიად საპირისპიროა „ბოსი“. თანამედროვე ბიზნესში ამ ტიპის მართვის სტილი უკვე მოძვლებულია.

ამ თვისებების გამომუშავება შესაძლებელია და ამაზე უკვე დიდი ხანია მუშაობს პრაქტიკული ფსიქოლოგია. ქოუჩინგში, მაგალითად გვაქვს რამდენიმე საინტერესო ტექნიკა ქარიზმატულობისთვის, თვითშეფასების ამაღლებისთვის, კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესებისთვის.

ძალიან ხშირად ბიზნესის ეფექტურობა იკლებს მხოლოდ იმიტომ, რომ მენეჯერმა ან კომპანიის ხელმძღვანელმა ვერ შეძლეს ერთიანი გუნდის ჩამოყალიბება…

ეს ასეა. აუცილებელია გუნდის ჩამოყალიბება, სადაც იქნება საერთო ხედვები, მიზნები, რომელსაც ექნება მოტივაცია და რომლის მუშაობაც იქნება ეფექტური. გუნდურ მუშაობაში რამდენიმე ყველაზე გავრცელებული პრობლემაა სამუშაო ძალების და როლების არასწორი გადანაწილება, ერთიანი ხედვის არარსებობა, ქცევის კულტურის და ღირებულებების არქონა, მიზნების და სამოქმედო გეგმის არარსებობა. შესაძლებელია, ყველა აქ ჩამოთვლილი პრობლემა მოგვევლინოს როგორც ერთდროულად, ასევე ცალ-ცალკე კომპონენტებად და ერთნაირად დააზარალოს ბიზნეს პროცესები. ხოლო ყველა ამ კომპონენტის გამართვა გვაძლევს საათის მექანიზმივით აწყობილ გუნდს და წარმატებულ ბიზნესს.

ყველაზე ხშირი პრობლემა, რასაც ვაწყდები, არის ერთიანი ხედვის არარსებობა და როლების არასწორი გადანაწილება, რაც შემდეგ იწვევს უმოტივაციობას. არადა, Dream Team-ის ყოლა ყველა დამწყები თუ წარმატებული ბიზნესის ოცნებაა და ამის გარეშე არც არაფერი გამოვა. იმისათვის, რომ ასეთი ოცნების გუნდი გყავდეს, აუცილებელია ეს გუნდი შექმნა, ჩამოაყალიბო ხედვა, მიზნები, სწორად გაანაწილო როლები და ადამიანებს გაუჩინო მოტივაცია. სწორედ ასეთ დროს ერთვება ლიდერი. მისი მიზანია მოახდინოს თითოეული თანამშრომლის პოტენციალის აქტივიზაცია და შეკრას მთლიანი, ერთიანი გუნდი.

მთავარია ლიდერი ყოველთვის იდგეს ლიდერის პოზიციაზე და მუდმივად ჰქონდეს შენარჩუნებული ერთგვარი ავტორიტეტი კარგი გაგებით. ამ შემთხვევაში მას ნაკლებად დასჭირდება სიმკაცრის გამოჩენა და მისი პოზიცია იქნება ყოველთვის გათვალისწინებული. თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც ლიდერი გამოდის ლიდერი როლიდან და ხდება ერთიანი გუნდთან. როდესაც ასე ხდება, ლიდერს უნდა შეეძლოს ისევ თავის პოზიციაში დაბრუნება. ეს არის მუდმივი ცოცხალი პროცესი და ყოველთვის დამოკიდებულია სხვადასხვა სიტუაციებზე. ამიტომ ამისი მზა რეცეპტი ნაკლებად არსებობს. ყველაზე სწორი მზა რეცეპტი ეს არის შიდა კორპორაციული ეთიკა და ქცევის წესები და სამუშაო განაწესი, რომელიც ლიდერმა უნდა მიაწოდოს გუნდს სწორი ფორმით და რომელიც ყველა შემთხვევაში უნდა იყოს დაცული.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები