LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უნდა გააკეთოს მენეჯმენტმა, რომ კომპანიაში შექმნას სტრესისგან თავისუფალი გარემო – FM ქოუჩი

9
tamuna-machavariani-newsws

გადაცემის ლაივი LIVE

რა არის სტრესი, რა იწვევს მას და რა უნდა გააკეთოს მენეჯმენტმა, რომ კომპანიაში შექმნას სტრესისგან მაქსიმალურად თავისუფალი გარემო, სადაც თანამშრომლები ნაკლები სტრესის ფონზე ასრულებენ საკუთარ სამუშაოს და საკუთარი წვლილი შეაქვთ კომპანიის განვითარებაში – ამ თემებზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “FM ქოუჩი” “კრისტალის” ორგანიზაციული განვითარების ხელმძღვანელმა თამუნა მაჭავარიანმა ისაუბრა.

როგორ გამოიხატება სტრესი?

ეს არის ადამიანის რეაქცია კონკრეტულ სიტუაციაზე. ჩვენ განვიცდით სტრესს, როდესაც ვფიქრობთ რომ სიტუაციიდან გამომდინარე მოთხოვნა უფრო მეტია, ვიდრე ჩვენი რესურსი, რითიც უნდა გავუმკლავდეთ ამ სიტუაციას. მაგალითად, ვიღაცისთვის სრულიად კომფორტულია საჯარო გამოსვლა აუდიტორიის წინაშე, მაშინ როცა ვიღაც ვერ გრძნობს თავს თავდაჯერებულად საკუთარ პრეზენტაციის უნარებში / ან საკითხის ფლობაში, და შესაბამისად განიცდის დიდ სტრესს პრეზენტაციის წინ.

სტრესი არის პერსონიზირებული ფენომენი და ამიტომ შესაძლოა განსხვავებული იყოს თუნდაც იდენტურ სიტუაციებში, სხვადასხვა მიზეზების გამო. მაგალითად კვლევებით დასტურდება რომ პოლიციელებისთვის დოკუმენტების შევსება უფრო სტრესულია, ვიდრე დამნაშავის დევნა.

სამუშაო სტრესის სიმძიმე დამოკიდებულია ადამიანის წარმოსახვაში და რეალობაში მის მიმართ არსებულ მოთხოვნებს და მის ხელში არსებულ გადაწყვეტილების მიღების / მართვის ბერკეტებს შორის არსებული სხვაობით. რაც უფრო მეტია ეს სხვაობა, მით უფრო მაღალია სტრესის დონე. უფრო გასაგებად რომ ავხსნათ, თუ თქვენგან ელიან ისეთი სამუშაოს შესრულებას / მიზნის მიღწევას, რომლის არც კონტროლის და არც განხორციელების ბერკეტი არ არის თქვენს ხელში, შესაბამისად თქვენი სტრესის დონე იმატებს.

სამუშაოსთან დაკავშირებული სტრესის დონის ზრდამ, მისი სიმძიმიდან და პიროვნების ფსიქოტიპიდან გამომდინარე, შესაძლოა გამოიწვიოს გულსისხლძარღვთა დაავადებები, მიოკარდიუმის ინფარქტი, ჰიპერტონია და ჯანმრთელობის სხვა დარღვევები.

იმისათვის რომ ვიცოდეთ როგორ ვებრძოლოთ სტრესს სამუშაო ადგილას, უნდა ვიცოდეთ რა არის ამგვარი სტრესის ძირითადი მიზეზები. კვლევებით დადგენილია რომ სამუშაო ადგილას სტრესის ყველაზე დიდი გამომწვევია არანორმირებული სამუშაო დატვირთვა (გამოკითხულთა 46%). 28%-ში სტრესის გამომწვევი არის კომპანიაში ადამიანური ურთიერთობები. 20%-ში სტრესის გამომწვევია პირად და სამსახურეობრივ ცხოვრებას შორის დარღვეული ბალანსი. ხოლო გამოკითხულთა 6% სტრესს განიცდის იმის გამო რომ არ არის უზრუნველყოფილი მისი სამუშაოს უსაფრთხოება.

რა იწვევს სტრესს სამსახურში?

არ არსებობს სამსახურში სტრესის ერთი, უნიკალური გამომწვევი. ყველა ადამიანი ინდივიდია, რომელსაც ინდივიდუალური პროფესიული და პირადი ცხოვრება აქვს და ფაქტორები, რომლებმაც მათზე შეიძლება მოახდინონ ზეგავლენა არიან სხვადასხვა. თუმცა არსებობს სამსახურში სტრესის გამომწვევი შესწავლილი ფაქტორები, რომლებიც კვლევის შედეგად გამოვლინდა და ცალსახად მოქმედებენ ადამიანებზე. ასეთი ფაქტორები შეიძლება რამდენიმე კატეგორიად დავაჯგუფოთ.

დავალებების / სამუშაოს დიზაინი:

  • სამუშაო დატვირთულობა (ზედმეტი, ან მცირე)
  • მუშაობის ტემპი / განსხვავებები / სამუშაო არ აღიქმება მნიშვნელოვნად
  • სამუშაოს შესრულებისთვის მიცემული დროის ადექვატურობა
  • ავტონომიურობა სამუშაოს შესრულებისას (საკუთარი სამუშაოს შესახებ გადაწყვეტილების თვითონ მიღების ავტონომია / უფლებამოსილება)
  • ცვლებში მუშაობა / სამუშაო საათები
  • უნარები, რომლებიც არ შეესაბამებიან სამუშაოს მოთხოვნებს
  • ადაპტაციის და ტრენინგების ნაკლებობა
  • დაფასების ნაკლებობა

როლი / ფუნქცია ორგანიზაციაში:

  • ფუნქციებთან დაკავშირებული კონფლიქტები (ერთმანეთის საწინააღმდეგო დავალებები, ძალიან ბევრი ფუნქცია, რამდენიმე უფროსი / მენეჯერი)
  • სამუშაოსთან დაკავშირებული გაურკვეველი მოლოდინები / ფუნქციის ორაზროვნება (სიცხადის ნაკლებობა მოვალეობების, მოლოდინების შესახებ)
  • პასუხისმგებლობის დონე

კარიერული განვითარება:

  • დაუმსახურებელი კარიერული ზრდა ან არ-ზრდა
  • სამსახურის არასტაბილურობის შიში ეკონომიკური მდგომარეობის, და/ან სამუშაოს/დავალებების ნაკლებობიდან გამომდინარე
  • კარიერული განვითარების, ზრდის შესაძლებლობების ნაკლებობა/არ ქონა.

ურთიერთობები სამსახურში:

  • ხელმძღვანელთან კონფლიქტი, მხარდაჭერის ნაკლებობა, საკუთარი მოვალეობების გადატანა თანამშრომელზე მისი როლის / ფუნქციის მიუხედავად
  • თანამშრომლებთან კონფლიქტი ან მხარდაჭერის ნაკლებობა
  • ბულინგის, ძალადობის, უფლებების შელახვის საშიშროება და შემთხვევები
  • ნდობის ნაკლებობა
  • კომპანიაში მიუღებელი ქცევის/ძალადობის/უფლებების შელახვის შემთხვევების დაფიქსირების და ესკალაციის მექანიზმის არ არსებობა
  • დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით

რა უნდა გააკეთოს მენეჯმენტმა, იმისათვის რომ კომპანიაში შექმნას სტრესისგან მაქსიმალურად თავისუფალი გარემო?

უპირველეს ყოვლისა უნდა აღვნიშნოთ, რომ ნებისმიერი კომპანია, მისი მასშტაბიდან გამომდინარე მისი მფლობელის ან ტოპ მენეჯერის სარკეა.

თუ მფლობელი/ტოპ მენეჯერი მიდრეკილია ინტრიგებისკენ, არაჯანსაღი საქმიანი ურთიერთობებისკენ, არის კონფლიქტური ადამიანი, მაშინ ასეთივე გარემოა მთლიანად კომპანიაში.

თუ მფლობელი/ტოპ მენეჯერი არის  საქმიანი და მიზანზე ორიენტირებული ადამიანი, რომელიც კარგ კომუნიკაციის უნარებს ფლობს, მაშინ ეს უბრალოდ კარგი საფუძველი ხდება იმისათვის რომ კომპანიაშიც ასეთივე გარემომ დაისადგუროს. ყურადღება მიაქციეთ – მე ვთქვი რომ კარგი საფუძველი ხდება და არა აპრიორი ქმნის თავისნაირ გარემოს. მცირე კომპანიაში თუ ეს მეტნაკლებად შესაძლებელია იქ გამეფებული ოჯახური გარემოს გამო, დიდ კომპანიებში ეს შეუძლებელი ხდება მასშტაბიდან გამომდინარე.

დიდ კომპანიებში, სტრესისგან მაქსიმალურად თავისუფალი გარემოს შექმნა არის როგორც ტოპ მენეჯერის და ეიჩარის, ასევე მთლიანი მენეჯმენტის მოვალეობა.

მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი თანამშრომლის – იქნება ეს რიგითი თანამშრომელი, თუ საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერი, როლი და ფუნქცია ორგანიზაციაში, ისევე როგორც მისი დაქვემდებარების ვერტიკალი იყოს მკაფიოდ ფორმულირებული / ფორმალიზებული და წინასწარ ურთიერთ შეთანხმებული. ანუ – მე მკაფიოდ უნდა მესმოდეს ვინ ვარ, რას ვაკეთებ და ვის წინაშე ვარ ანგარიშვალდებული. დაუშვებელია თანამშრომელს მუდმივად ევალებოდეს იმის კეთება რაც წინასწარ არ იყო მოლაპარაკებული დაქირავებამდე. დაუშვებელია თანამშრომელს არ ქონდეს მკაფიო სამუშაო აღწერილობა და ის ინდიკატორები, რომლითაც წლის ბოლოს შეფასდება, წახალისდება ან მიეცემა სხვა უკუკავშირი. დაუშვებელია თანამშრომელი ერთდროულად ანგარიშვალდებული იყოს ორი და მეტი უფროსის წინაშე. ეს ყოველივე იწვევს სტრესს, რომელიც გარდა იმისა რომ ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედებს ცუდად, იწვევს მის პროტესტს სამსახურთან მიმართებაში. შედეგად თანამშრომელი ან ვარდება აპათიაში და მუდმივად უკმაყოფილო და არაპროდუქტიული აგრძელებს საქმიანობას, ან იწყებს ახალი სამსახურის ძებნას / ტოვებს კომპანიას.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ მენეჯმენტმა უზრუნველყოს თანამშრომლების სამუშაოს და მის შესასრულებლად საჭირო უნარების და რესურსის სწორად შეფასება და განსაზღვრა. თანამშრომელს უნდა ქონდეს ის უნარები, რომელიც საჭიროა მასზე დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად და ასეთის არ ქონის შემთხვევაში, თუ კომპანია დაინტერესებულია მისი ჩართულობით, უნდა უზრუნველყოს გადამზადება / ტრენინგი. თანამშრომელი არ უნდა გადავტვირთოთ ზედმეტად ბევრი საქმით, ისევე როგორც მას არ უნდა ქონდეს თავისუფალი დრო სამსახურის პერიოდში. თანამშრომელს უნდა მივანიჭოთ მისი კომპეტენციის და პოზიციის შესაბამისი უფლებამოსილება და ავტონომიურობა საქმიანობაში და უნდა ვიზრუნოთ როგორც უკუკავშირზე, ასევე წინასწარ კომუნიკაციაზე მოსალოდნელ შედეგებთან და მოლოდინებთან მიმართებაში.

ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორი გარემოა კარიერული განვითარებისთვის კომპანიაში. თუ თანამშრომლები ხედავენ, რომ სხვა თანამშრომლები დამსახურებულად და გამჭვირვალედ იზრდებიან და გადაადგილდებიან კარიერულ კიბეზე, ეს მათ ანიჭებს სიმშვიდეს, რომ მათი შრომა და მონდომება იქნება დაფასებული.

მენეჯმენტმა უნდა იზრუნოს ადეკვატური სამუშაო პირობების შექმნაზე თანამშრომლებისთვის. თანამშრომლებს, რომელთაც აქვთ ინტელექტუალური და არა მექანიკური სამუშაო, უნდა ქონდეს მშვიდად მუშაობის სივრცე და პირობა. ოფისი არ უნდა იყოს გადატვირთული, რათა ზედმეტმა ხმაურმა და უჟანგბადობამ არ დაუკარგოს თანამშრომელს შრომისუნარიანობა. ზოგადად, ბოლო კვლევებმაც ნათლად აჩვენა რომ ღია სივრცეების / ოფისების კონცეფცია წარუმატებელია და რეალურად ამცირებს პროდუქტიულობას და ზრდის სტრესს.

აუცილებლად ყურადღებამისაქცევია ურთიერთობები თანამშრომლებს შორის. გარემო, სადაც დაგმობილია და უპატიებელია ბულინგი, შეურაცყოფა, უპატივცემულობა, უსამართლობა და სადაც არსებობს ფორმალური მექანიზმი ყოველი ასეთი შემთხვევის ანონიმურად ესკალაციისთვის და ადეკვატური რეაგირებისთვის, ასეთი გარემო არის სტრესისგან მაქსიმალურად თავისუფალი.

ეს არის უმცირესი ჩამონათვალი იმ „აუცილებელი დათქმებისა“, რომლებმაც უნდა შეამცირონ სტრესი სამსახურში. ეს კი მენეჯმენტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს, რადგან ადამიანი, რომელიც მუდმივად სტრესშია, არ შეიძლება იყოს პროდუქტიული და იყენებდეს მისი შესაძლებლობების მაქსიმუმს. პროდუქტიული და სტრესისგან თავისუფალი თანამშრომელი კი ნებისმიერი კომპანიის წარმატების წინაპირობაა.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები