LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უნდა იცოდეს მშობელმა მოზარდის სწორი მოტივაციის შესახებ – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

8
mananaalexidzefsiq

გადაცემის ლაივი LIVE

როგორ გავითვალისწინოთ მოსწავლის ინტერესები? რა არის სწორი მოტივაცია და განვითარება ბავშვებისთვის? რას ნიშნავს ადექვატური თვითშეფასება – ამ თემებზე გადაცემაში “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” განათლების ფსიქოლოგმა ნანა ალექსიძემ ისაუბრა.

რას ნიშნავს მოზარდის ინტერესების გამოკვეთა?

პიროვნების დამოუკიდებელ და რეალობასთან ადაპტირებულ ინდივიდად ჩამოყალიბების პროცესი ბავშვობიდან იწყება და კულმინაციას მოზარდობის პერიოდში აღწევს. ამიტომ მისი აღჭურვა ყველა იმ საჭირო უნარებით, რასაც გამოწვევებთან გამკლავება და სწორი არჩევანის გაკეთება მოითხოვს, ყველაზე მნიშვნელოვანია. მოზარდის ინტერესების გარკვევა და მისთვის შესაბამისი უნარების განვითარება ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია მოზარდთა სამომავლო რეალიზებისათვის.

მოტივაცია მოზარდისა და მოსწავლის აღზრდაგანვითარების,ს პროცესში ერთერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია. რა უნდა გააკეთოს მშობელმა იმისათვის, რომ ბავშვი იყოს მოტივირებული?

მოტივაცია ეს არის მდგომარეობა და ადამიანში მიმდინარე შინაგანი ფსიქიკური-ფსიქოლოგიური პროცესი, რომელიც ითხოვს ცვლილებას, სურვილს რაიმეს გასაკეთებლად. მოტივაციის გაჩენაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია მოტივაციის შენარჩუნება. თვითაქტუალიზების პროცესში დომინანტ როლს შინაგანი მოტივაცია განსაზღვრავს, ვინაიდან შინაგანი მოტივაციის მთავარი მამოძრავებელი თვითმოტივაციაა.

სწავლის პროცესში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება თვითმოტივაციას. იმისათვის, რომ დავეხმაროთ მოზარდს იყოს მოტივირებული, საჭიროა პირველ რიგში დავსვათ კითხვა: რა მიმართულებით სურს მას სწავლა? რა საგანია მისთვის საინტერესო?.

ზოგჯერ მშობლები ბავშვის მოტივაციისთვის იყენებენ შემდეგ მეთოდს: კარგად სწავლის შემთხვევაში სთავაზობენ სურვილების შესრულებას ან რაიმეს ყიდვას. ეს მიდგომა რამდენად მისაღები და გამართლებულია და რა რისკებს ხედავთ?

როცა საქმე მოზარდის აღზრდასა და მის სწორ მოტივაციას ეხება, ეს მეთოდი არაეფექტურია და დროში რელევანტური არ იქნება, რადგან ბავშვი თუ მუდმივად მიეჩვევა, რომ მას ურიგდებიან რაიმეს სანაცვლოდ,

ის ეჩვევა ამგვარ მდგომარეობას და დამოუკიდებელი ცხოვრებისას, ზრდასრულობის ასაკში, ყოველთვის ამგვარ გამრიგებლების ძიებას დაიწყებს. ასეთი მიდგომა ბავშვს არ ამზადებს იყოს დამოუკიდებელი, რეალიზებული და გამოწვევებთან გამკლავებისათვის შესაბამისი უნარებით აღჭურვილი, არამედ ის ხდება სუსტი და სხვების აზრსა და შემოთავაზებებზე დამოკიდებული.

რას ნიშნავს ადექვატური თვითშეფასება?

ჯანსაღი თვითშეფასების ჩამოყალიბება ავტომატურად აჩენს ჯანსაღ ამბიციას მოზარდში, ანუ როდესაც ის არ აღიქვავს გარემოს, მის ირგვლივ და მასთან ურთიერთობაში მყოფ ადამინებსა და თანატოლებს კონკურენტებად,  არამედ განვითარებული აქვს თანამშრომლური დამოკიდებულება, თვითმიმღებლობა და სხვების მიმღებლობა.

მოზარდებს აქვთ ყველა ის თანდაყოლილი ინსტინქტი, რაც გააჩნია ზოგადად ინდივიდს, ეს არის დაბადებიდან სწრაფვა განვითარებისაკენ. მაგალითად, ფსიქოლოგი და განმანათლებელი ალფრედ ადლერი ამბობდა, რომ ადამიანს სულ რომ არავინ ჰყავდეს გვერდით, არავინ ასწავლოს, ის მაინც განვითარდება, უბრალოდ ამას იმდენი დრო დასჭირდება, რომ ადამიანის სიცოცხლე არ ეყოფაო. მოზარდს უნდა ჰყავდეს ისეთი ადამიანი გვერდით, ვინც მის განვითარებას, სწავლის ხარისხის ამაღლებას ხელს შეუწყობს.

მოზარდი უნდა ჩავაყენოთ რესურსულ მდგომარეობაში, ვკითხოთ რა მიმართულებით სურს სწავლა, მან თავად უნდა დაინახოს რა პერსპექტივა აქვს, გაიაზროს საკუთარი როლი და პასუხისმგებლობა.

7 რჩევა:

  1. დავადგინოთ პირველ რიგში რა მიმართულებით სურს სწავლა მოზარდს
  2. მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული მოსწავლის/მოზარდის შესაძლებლობები ფიზიკურ და ფსიქიკურ, ინტელექტუალურ დონეზე
  3. გათვალისწინებული იყოს ის რეალობა, სადაც მას უწევს ყოფნა
  4. მოხდეს მისი, როგორც პიროვნების ხასიათის შესწავლა. ხასითის შესწავლისას მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ მოზარდი სრულიად განსხვავებული შეიძლება იყოს სახლში, ოჯახში, მშობლებთან, სხვანაირი სკოლაში, კლასში, მასწავლებელთან და ასევე, სხვანაირი თანატოლებთან.
  5. დაეხმარეთ მოზარდებს შინაგანი პოტენციალის აღმოჩენაში
  6. ჩამოუყალიბეთ ადექვატური თვითშეფასება და არა გადამეტებული. მოზარდმა უნდა გააცნობიეროს პასუხისმგებლობა საკუთარ გადაწყვეტილებებზე. ამით მას ასწავლით, პატივი სცეს სხვის ავტონომიურობას. იგი ხდება მიმღები არამხოლოდ საკუთარი თავის, არამედ სხვისიც.
  7. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გათვალისწინებით შექმენით ფსიქოლოგიურად უსაფრთხო, მეგობრული გარემო.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები