LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უნდა იცოდეთ უკანონო მშენებლობებზე, დაშვებულია თუ არა გამოსახლება – იურისტის რჩევები

7
eka

ბოლო დღეებია, განსაკუთრებით აქტუალური გახდა უკანონო მშენებლობების საკითხი და უკვე აშენებული ფართების დემონტაჟი. აფრიკის დასახლებაში მომხდარი შემთხვევის შემდეგ, როცა მერიის ზედამხედველობის სამსახურმა 20-მდე შენობა დაანგრია, გაჩნდა კითხვები, უკანონო ნაგებობის მიუხედავად, დაარღვია თუ არა სამსახურმა ადამიანის უფლებები, იყო თუ არა ეს გამოსახლება და რას გვეუბნება კანონი. გადაცემის სტუმარი იურისტი, ადვოკატი ეკა ლომიძეა.

– ერთია, რომ ძალიან რთული და მძიმე საყურებელია, როცა სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ფართებს ანგრევენ, მაგრამ მეორე მხარესაა კანონი, რომელიც გვეუბნება, რომ ეს შენობები უკანონოდ იყო აშენებული , თქვენ შეხვდით ამ ადამიაენებს, რა გითხრეს მათ და რას გვეუბნება კანონი?

– ვფიქრობ, აქ ადგილი ჰქონდა ადამიანების უფლებების უხეშ დარღვევას, თუმცა ადამიანებს არ უნდა შეექმნათ წარმოდგენა, თითქოს შეგვიძლია მივიდეთ უკანონოდ, დავიწყოთ მშენებლობა და ვთქვათ, რომ ეს ადგილი ჩვენია. მე რაც ადგილზე ვნახე, ეს მთლიანად თითქმის დასახლებული ტერიტორიაა. არის დაუსრულებელი შენობებიც. გავესაუბრეთ მოსახლეობას. ფაქტია, მათ ისე დაიწყეს მშენებელობა, რომ ნებართვა არ ჰქონდათ. ეს თავისთავად უკანონობაა. ამიტომ ცალსახად ის, რომ მივიდეთ და ასე დავიწყოთ მშენებლობა, ეს არ არის დაშვებული, მაგრამ აქ საუბარი იყო გამოსახლებაზე. ამიტომ მივედთ ადგილზე, რომ იქ იყო თუ არა გამოსახლება. თუ ეს მოხდა, მაშინ მერიამ დაარღვია კანონი, კანონქვემდებარე აქტი, გაგახსენებთ, რომ გამოსახლება აკრძალულია.

– როცა უკანონო ადგილზე იწყება მშენებლობა, როგორ ხდება, თავიდანვე აფრთხილებენ, აჯარიმებენ, თუ რას ითვალისწინებს კანონი?

– წესით და რიგით ზედამხედველობის სამსახური უნდა აკონტროლებდეს, რომ არ აშენდეს უკანონოდ არაფერი. თუ ნახავენ, უნდა იყოს გაფრთხილება, შემდეგ კი – დაჯარიმება. ჯარიმაც საკმაოდ სოლიდურია. ეს არის კანონმდებლობით. როგორც გავარკვიეთ, იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა გააფრთხილეს რამდენიმე და დააჯარიმეს კიდეც. რეალურად, ეს პროცედურა არის სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელი იქამდე, ვიდრე ადამიანები ააშენებენ და გადასასვლელად მოემზადებიან. იყო ასეთი მშენებლობებიც, მაგრამ იყო თითქმის დასრულებული და გამზადებული საცხოვრებლად.

– რა ინფორმაცია გაქვთ, გვიან აღმოაჩინა ეს ზედამხედველობის სამსახურმა და მეორე – იყო თუ არა გამოსახლება?

– ვისაც გავესაუბრეთ, როგორც გითხარით, იყო გაფრთხილებაო და ზოგიერთ შემთხვევაში – ჯარიმაც. მათ ნაწილს ეს გაფრთხილებები ჩაბარებულიც აქვთ. ხალხი ახსენებდა, რომ ბევრი დაპირება იყო წინასაარჩევნოდ, მათ ჰპირდებოდნენ, რომ დაკანონებაში დაეხმარებოდნენ. დღევანდელი მდგომარეობით, იქ არსებული შენობები ასე ვერ დაკანონდება.

– შეიძლება იურიდიულად გამოიყენოთ ამ ხალხის სასარგებლოდ ის ფაქტი, რომ მათ წინასაარჩევნოდ დაპირებები მისცეს?

– სამწუხაროდ, ასეთი არგუმენტები იურიდიულად ვერ გამოდგება. მხოლოდ ის, რომ წინასაარჩევნო აგიტაციის დროს ჰპირდებოდნენ, ეს არ იყო კონკრეტული დაპირება, არ იყო დოკუმენტური. ვისაც ასე დაპირდნენ, შემდეგ უჩნდებათ იმედი და ყველაზე ცუდი ისაა, როცა ხელისუფლება ცდილობს მოსახლეობის ნდობის და ხმების მოპოვებას ასეთი ფორმით, მოქალაქეებს უწევთ, რომ დაარღვიონ კანონი.

– თუმცა ეს მათ ვერ გაამართლებს იურიდიულად..

– კი, იურიდიულად ეს არ არის საფუძველი. ამიტომ ვაფრთხილებთ, რომ ასეთ დაპირებებზე არ წამოეგონ.

– გამოსახლება ახსენეთ. ესეც საინტერესოა, იყო თუ არა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, აფრიკის დასახლებაში ასეთი რამ?

– დავიწყოთ იმით, რომ სამწუხაროდ, სახელმწიფო არჩევნებიდან არჩევნებამდე თვალს ხუჭავს რაღაცებზე, შესაბამისად, ამ ადამიანების წახალისება ხდება. რაც შეეხება გამოსახლებას, როგორც ვცი, იყო ერთი შემთხვევა, ვისაც მერე თბილისის მერი დაეხმარა. მოსახლეობამაც აღნიშნა, რომ მათ დაეხმარებიან. გამოსახლება არის ყოვლად დაუშვებელი. ამას კრძალავს კანონი. ეს დარღვევაა და ერთი ასეთი შემთხვევა იყო, რომელიც ფაქტობრივად, აღიარა სახელმწიფომ და გამოასწორა. დანარჩენები ამბობენ, რომ აპირებდნენ შესახლებას. უშუალოდ სახლიდან გამოყვანა ასე არ მომხდარა, როგორც ვიცი. სხვებსაც ვესaუბრე, ვინც იქ ცხოვრობს, ასევე უკანონოდ.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები