LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენად რთული დაავადებაა ჰიპერტენზია და როგორია მასთან ბრძოლის პერსპექტივა – დალი ტრაპაიძე გადაცემაში ,,პულსი”

13
dalitrapaidze245

გადაცემის ლაივი LIVE

21მაისს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ ჰიპერტენზიის შემსწავლელი საზოგადოების კვლევის ჯგუფის ხელმძღვანელი, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, ქალბატონი დალი ტრაპაიძე სტუმრობდა, რომელმაც არტერიული ჰიპერტენზიის გამოვლინებებსა და დაავადების პრევენციაზე ისაუბრა.

– ქალბატონო დალი , 17 მაისს მედიკოსთა მსოფლიო საზოგადოებამ ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღნიშნა. საინტერესოა, რამდენად რთული დაავადებაა ჰიპერტენზია და როგორია მასთან ბრძოლის პერსპექტივა?

– არტერიული ჰიპერტენზია ანუ მომატებული სისხლის წნევა – გულსისხლძარღვთა დაავადებების ძირითადი რისკის ფაქტორია, რომლის ე.წ. საბოლოო წერტილებად თავის ინსულტი, გულის კუნთის ინფარქტი, თირკმლის ქრონიკული დაავადება და გულის უკმარისობა, სუროგატულ საბოლოო წერტილად კი – ჰიპერტონიული კრიზი ითვლება,  რომელიც არა დაავადების მიმდინარეობის თავისებურება, არამედ ცუდად ნამკურნალები ჰიპერტენზიის შედეგია. სამწუხაროდ, ყოველ წელს მსოფლიოში დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი იღუპება ჰიპერტენზიით და იმ სისხლძარღვოვანი გართულებებით, რომელთაც დაავადება იწვევს. მართალია, საქართველოში, დაავადების გავრცელება მოზრდილ პოპულაციაში დაახლოებით 40%-ს აღწევს, მაგრამ თავისუფლად შეიძლება მისი პირველადი პრევენცია ანუ ქცევითი, მათ შორის კვების (მარილზე დამოკიდებულების) და დამოუკიდებელი მეტაბოლური ხასიათის რისკ-ფაქტორების (სისხლში მომატებული შარდმჟავის) კორექცია, რათა პაციენტმა თავიდან აიცილოს დაავადება, მისი დადგომის შემთხვევაში კი, მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით და სწორად შერჩეული ანტიჰიპერტენზიული კურსით იმკურნალოს, რადგან მხოლოდ ასე შეუძლია იცხოვროს სრულფასოვანი ცხოვრებით გართულებების გარეშე.

– საკმაოდ მაღალი სტატისტიკური მონაცემების ფონზე, იცის თუ არა მოსახლეობამ რამდენად სახიფათოა ჰიპერტენზია, რადგან ბევრი თითქოს ეჩვევა მომატებულ წნევას და სრულიად ბუნებრივად მიაჩნია..

– მოზრდილ პოპულაციაში ჰიპერტენზიად ანუ მომატებულ არტერიულ წნევად 140/90-ზე ითვლება. მართალია, ჰოპერტენზიით დაავადებული პაციენტის შემთხვევაში, რომელსაც მკურნალობის სქემა აქვს შერჩეული, სამიზნე არტერიული წნევა განსხვავებულია, რადგან თანმდევ დაავადებებზე, მათ შორის შაქრიან დიაბეტსა და თირკმლის ქრონიკულ დაავადებებზეა დამოკიდებული, მაგრამ მომატებულ წნევად ნებისმიერ შემთხვევაში 140/90-ზე ითვლება, ამიტომ ძალიან დიდი შეცდომაა, როცა ადამიანები ამგვარ მდგომარეობას ბუნებრივად მიიჩნევენ და ყურადღებას არ აქცევენ. აღსანიშნავია, რომ წელს ჩვენ მეოთხედ ჩავერთეთ ჰიპერტენზიასთან ბრძოლის კამპანიაში. სტატისტიკური მონაცემებით 2018 წელს მოსახლეობის 77% აცნობიერებდა, რომ ჰიპერტენზიით იყო დაავადებული, ერთი წლის შემდეგ კი, მათი რიცხვი 85%-მდე გაიზარდა, რაც ვფიქრობ სწორედ ჩვენი კამპანიის და მასში მონაწილე 500-მდე მოხალისე მედიკოსის და უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის სტუდენტის დამსახურებაა, რადგან სწორედ მათი წყალობით მიიღო მოსახლეობამ ინფორმაცია დაავადების შესახებ.

– სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ძალიან ხშირია ნებისმიერი დაავადების თვითმკურნალობა მეგობრების, ნაცნობების რჩევით და გამოცდილების გაზიარებით . რამდენად აუცილებელია ჰიპერტენზიის მხოლოდ ექიმის მონიტორინგით მკურნალობა?

– ყველაზე მნიშვნელოვანი საწყისი ეტაპი ანუ ჰიპერტენზიის შეფასება და მკურნალობის დაწყებაა. ჩვენი მედიკოსების ნაკლად შეიძლება ჩაითვალოს მოსახლეობის არასერიოზული დამოკიდებულება დაავადების მიმართ, რადგან ბევრი მას ნაკლებად სარისკოდ მიიჩნევს, ნერვულ სტრესს, დაღლილობას მიაწერს და დროებით მოვლენად მიიჩნევს. რა თქმა უნდა, თვითმკურნალობა ძალიან სერიოზული პრობლემაა, რადგან პაციენტი ყოველთვის დაგვიანებით მიმართავს ექიმს. მეტიც, ხშირად ადამიანები თვითნებურად ირჩევენ მედიკამენტებს, რაც ხშირად სავალალო შედეგებით სრულდება.

– რა როლი ენიჭება პირველადი ჯანდაცვის რგოლის მედიკოსებს, რომელთაც პირდაპირი კავშირი აქვთ მოსახლეობასთან და იმ ადამიანებთან, რომელთაც თვითონაც არ იციან, რომ ჰიპერტენზიით არიან დაავადებული?

– სამწუხაროდ, კვლევებმა დაადასტურეს, რომ ასიმპტომური და მცირე სიმპტომიანი პაციენტები არასდროს მიმართავენ ექიმს. ადამიანები მხოლოდ დაავადების გამწვავების შემთხვევაში სარგებლობენ სამედიცინო სერვისით. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სწორედ ამგვარ პაციენტებთან მუშაობა და დაავადების ადრეულ ეტაპზე ანუ სამიზნე ორგანოების დაზიანებამდე გამოვლენაა ჩვენი კამპანიის მთავარი მიზანი. ძალიან სასარგებლო, თითქოს ჩვენზე მორგებული აღმოჩნდა 2018 წლის ევროპული გაიდლაინი, რომლის საფუძველზე ჩვენმა საზოგადოებამ ქალბატონ ირინა ქაროსანიძის პროფესიულ ასოციაციასთან ერთად შექმნა პროტოკოლი. სწორედ სასტარტო მკურნალობა, მედდის როლი და მკურნალობის მონიტორინგია აქცენტირებული პროტოკოლში, რაც დაავადების აქტიურად გამოვლენას და სწორად მკურნალობას ითვალისწინებს.

– წელს რა ღონისძიებები ჩატარდა თქვენი კამპანიის ფარგლებში და რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

– ჰიპერტენზიის სკრინინგის მსოფლიო კამპანიამ 2017 წელს აიღო სტარტი და მართალია, გასულ წელს გასაგები მიზეზების გამო ჩაიშალა, მაგრამ ჩვენ მაინც ჩავატარეთ მეტად საინტერესო კვლევა კორონავირუსის ტესტირების პარალელურად და აღმოვაჩინეთ, რომ პანდემიამ მნიშვნელოვნად შეცვალა ადამიანების დამოკიდებულება საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ და ჰიპერტენზიაც სრულიად  განსხვავებულად დაგვანახვა. აღსანიშნავია, რომ ჩვეულებრივ კამპანია 1 თვე გრძელდება, წელს კი, ისევ პანდემიის გათვალისწინებით 6 თვე გაგრძელდება. გაკეთდა სპეციალური კითხვარი, რომელშიც  არსებული მდგომარეობის შესაბამისად შემუშავდა კითხვები, თუმცა ჩვენ ქართულ რეალობას მორგებული შეკითხვებიც დავუმატეთ, რომელიც ჩვენს ბაზაში დამუშავდება და ერთგვარი საერთო სტატისტიკა შეიქმნება, რომელიც არსებული სიტუაციის რეალურ სურათს გვაჩვენებს.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები