LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენად რთულია ქალისთვის სტერეოტიპების დანგრევა და თავის დამკვიდრება ბიზნესში – FM ქოუჩი

8
guliko-fanchulidze

გადაცემის ლაივი LIVE

ჩვენს ცხოვრებაზე გარკვეულ გავლენას ახდენენ სტერეოტიპები, რომელსაც ისევ საზოგადოება აწესებს. სტერეოტიპები ინგრევა. რამდენად რთულია ქალისთვის ბიზნესის აწყობა და რამდენად აღიქვამენ კონკურენტად მას მამაკაცები –  გადაცემის “FM ქოუჩი” სტუმარია ბიზნესმენი გულიკო ფანჩულიძე.

ქალისთვის, რომელსაც ღვინის ბიზნესი აქვს, რამდენად რთული დასანგრევი იყო სტერეოტიპები?

ჩემი აზრით, ამ სტერეოტიპის დანგრევა „რა უნდა ქალს ღვინის ბიზნესში“ შესაძლებელი გახდა მხოლოდ ბოლო წლების განმავლობაში. მეც ვისარგებლე ამ დროით და თბილისში არსებული სასტუმროს ბიზნესიდან აქტიურად გადმოვინაცვლე ღვინის ბიზნესში. ეს იყო სრულიად ახალი, რთული და ამავე დროს სანტერესო, ჭეშმარიტი ქართული საქმე. დამეთანხმებით, რომ 60 წლის ასაკში ასეთი წამოწყება თავის თავში გარკვეულ რისკს გულისხმობდა. ცდუნება იმისა, რომ შეგვექმნა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი და ხარისხიანი, დიდი იყო. მაღაზიაში შესვლისას ჩემს თვალს ყოველთვის იტაცებდა დახლებზე ლამაზად დაწყობილი ბოთლები, ლამაზი ფერად-ფერადი ეტიკეთებით და ვოცნებობდი, ჩემი ღვინოც მათ გვერდით ყოფილიყო. დავიწყე  სარისკო და ახალი, საინტერესო ნაბიჯების გადადგმა. ნაბიჯ-ნაბიჯ 2 წლის თავზე ბოთლებში  ჩამოვასხით ღვინის რამდენიმე სახეობა. ამ ნაბიჯით დავანგრიე სტერეოტიპი – „რა საქმე  აქვს ღვინის ბიზნესში ქალს“.

ოჯახის მხარდაჭერა რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ქალმა ააწყოს ბიზნესი?

იმისთვის, რომ ქალმა ბიზნესი ააწყოს, მნიშვნელოვანია მას გვერდით ედგეს თანამოაზროვნე, ენერგიული და საქმიანი მამაკაცი. ჩემს შემთხვევაში ასეთი ადამიანი აღმოჩნდა ჩემი მეუღლე. ჩვენ ერთად უამრავი რისკი და შრომა გავწიეთ იმისათვის, რომ დაგვეწყო ბიზნესი 20 წლის წინ. როდესაც ქალი მხარდაჭერას გრძნობს ოჯახის მხრიდან, ძალიან მნიშვნელოვანია.

რამდენად ხელსაყრელია ბაზარი ქალი ბიზნესმენისთვის და ქალს რამდენად აღიქვავენ კონკურენტად?

ზოგადად, ბიზნესი ქალისთვის და მამაკაცისთვის ერთნაირად ხელმისაწვდომია. კონკრეტულად ღვინის ბიზნესში კი ქალი მეღვინე, ბოლო რამდენიმე წელია გამოჩნდა. ქალი უფრო ფრთხილად და მოზომილად დგამს ნაბიჯებს, როგორც ბუნებით ჩვევია და ამ საქმეშიც ნელ-ნელა, მაგრამ სტაბილურად იკავებს ბიზნესში ადგილს. დარწმუნებული ვარ, მალე ქალი თავის ღირსეულ სიტყვას იტყვის მეღვინეობაში.

წარმატებული ბიზნესისთვის საჭიროა სწორად განსაზღვრო შენი ფინანსური, ფიზიკური შესაძლებლობები და ნებისყოფა. უნდა შეძლო პრობლემების უმოკლესი გზით მოგვარება, დაწყებული საქმის წარმატებამდე მიყვანა და ბიზნესის ხანგრძლივად შენარჩუნება. დღეს მეტი სტიმული მაქვს, უფრო ბიზნესი უფრო განვავითარო და  საქართველოს ფარგლებსაც გავცდეთ.

რას ურჩევთ ქალებს, რომლებსაც სურთ თავისი სიტყვა თქვან ბიზნესში?

სანამ ბიზნესში გადაწყვეტთ შესვლას, კარგად გაითავისეთ საკუთარი თავი, შეაფასეთ თქვენი სულიერი, ფიზიკური და ფინანსური შესაძლებლობები. განსაზღვრეთ, ახლობლების თანათდგომა რამდენად დაგეხმარებათ და მთელი არსებით შეუდექით საქმეს. ბუნებრივია ბევრი სიძნელე შეგხვდებათ, მაგრამ მაინც გააგრძელეთ ბრძოლა საბოლოო გამარჯვებამდე. გამარჯვების შემდეგ არ დატკბეთ მხოლოდ შექმნილით, ისევ ახალი ბრძოლის ფრონტი მოძებნეთ მხოლოდ მოძრაობა და მოქმედება არის სიცოცხლის არსი ამ ქვეყანაზე.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები