LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენად უქმნის ახალი წელი დისკომფორტს დიაბეტით დაავადებულებს – ენდოკრინოლოგის რეკომენდაციები

5
nino-berekashvili

გადაცემის ლაივი LIVE

21 დეკემბერს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემამ „პულსი“, რომელიც მოახლოვებული დღესასწაულების გათვალისწინებით, ყველაზე „ტკბილ“ დაავადებას – დიაბეტს დაეთმო, კლინიკა „ენმედიცის“ ექიმს, ენდოკრინოლოგ ნინო ბერეკაშვილს უმასპინძლა.

– ქალბატონო ნინო, მრავალფეროვანი კერძებით, ტკბილეულით და ალკოჰოლით მდიდარი ახალი წელი ნებისმიერის ორგანიზმს ემუქრება გადატვირთვით, განსაკუთრებით მძიმე კი, დიაბეტით დაავადებულთათვისაა, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს დღესასწაულებზე თავის შეკავება და ექიმთა რეკომენდაციის დაცვა…

– აბსოლუტურად გეთანხმებით. მართალია, თანამედროვე ტექნოლოგიები დიაბეტის მარტივად მართვის საშუალებას გვაძლევს, ფარმაკოლოგია კი, მრავალფეროვან და ეფექტურ მედიკამენტებს გვთავაზობს, რომელთა დიდი ნაწილი ინდივიდუალურად ერგება პაციენტს და მის დაავადებას, მაგრამ უმთავრესი მაინც კვების რეჟიმის დაცვაა, რადგან მხოლოდ ასე შეიძლება სასურველი შედეგის მიღწევა. ალბათ იცით, რომ კლინიკა „ენმედიცის“ საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აქვს, ჩვენ კი, საქართველოში ენდოკრინოლოგიის ფუძემდებლის, ბატონ ვაჟა ივერიელის გამოცდილების გაზიარებით ვმუშაობთ და ყოველთვის ინტენსიურად ვსაუბრობთ პაციენტებთან კვების რეჟიმზე, ვთავაზობთ დიაბეტის მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს და უცხოური სამედიცინო ცენტრების რეკომენდაციებს. განსაკუთრებით საინტერესოა, ე.წ. „ჯანსაღი თეფშის პრინციპი“, რომელიც საკვების სწორად გადანაწილებას გულისხმობს და არა მხოლოდ კალორაჟის დათვლის საკმაოდ რთულ პროცესს ამარტივებს, არამედ მაქსიმალურად ამსუბუქებს პაციენტის რუტინულ ყოველდღიურობას.

– რამდენად უქმნის ახალი წელი დისკომფორტს დიაბეტით დაავადებულებს და როგორ შეიძლება დღესაწაულების თანმხლები გართულებების პრევენცია?

– რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაში, სადაც ახალი წლის დღესაწაულები პრაქტიკულად მთელი თვე გრძელდება, ძალიან რთულია დიაბეტის მქონე პაციენტისთვის თავის შეკავება. თუმცა, ცხიმის შემცველი საკვების, ტკბილეულის და მარტივად ათვისებადი ნახშირწყლების შეზღუდვა მაინც აუცილებელია. განსაკუთრებით უნდა გაფრთხილდნენ ის პაციენტები, ვინც ინსულინო-თერაპიაზეა დამოკიდებული, რადგან გაფართოვებული კალორაჟი ინსულინის დოზის მომატებას აიძულებს, რაც თავის მხრივ, ჰიპერგლიკემიის გართულებას იწვევს. მართალია, ქართულ სუფრაზე ყოველთვის უხვადაა მაღალკალორიული პროდუქტი, მაგრამ ცილით მდიდარი კერძებიც მრავლად გვაქვს, რომელთა მირთმევა ბევრად სასარგებლოა.

– რამდენად მავნებელია ორგანული შაქრის პროდუქტი, მაგალითად ჩურჩხელა, გიზინაყი  და შეიძლება თუ არა გამონაკლისის დაშვება?

– რა თქმა უნდა, დღესასწაულებზე შეიძლება გამონაკლისის დაშვება, შავი შოკოლადის ან სახლში გამომცხვარი ორცხობილას მირთმევა, თუმცა აუცილებლად ზომიერების ფარგლებში.

– რეჟიმის დაცვისას კალორაჟთან ერთად, კვებითი ღირებულების გათვალისწინებაც აუცილებელია. საინტერესოა, როგორი უნდა იყოს დიაბეტით დაავადებული პაციენტის სასურსათო კალათა და რამდენად მართებულია ცხიმის მიღება?

– პირველ რიგში, უნდა გავმიჯნოთ კარგი და ცუდი ცხიმები. მაგალითად, მცენარეული ცხიმები კარაქის სპრედის (მარგარინის) სახით – ერთ-ერთი ყველაზე სარისკო პროდუქტია, რომელიც დისლიპიდემიის განვითარებას ანუ სისხლში ქოლესტერინის მატებას უწყობს ხელს და არტერიული ჰიპერტენზიის მიზეზი ხდება, შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტმა კი, არა მხოლოდ ნორმოგლიკემიის შენარჩუნებაზე უნდა იზრუნოს, არამედ ქოლესტერინიც მუდმივად აკონტროლოს, რათა თავიდან აიცილოს კარდიოასკულარული დაავადებები, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხიმების მიღება თუნდაც სიმინდის, მზესუმზირის ან ზეითუნის ზეთის სახით. რაც შეეხება სასურსათო კალათას და „ჯანსაღი თეფშის პრინციპს“ – აუცილებელია კვების დაბალანსება და თეფშზე სულ მცირე სამი-ოთხი ჯგუფის პროდუქტის გაერთიანება, რაც ნორმოგლიკემიასაც უზრუნველყოფს და პაციენტს ქოლესტერინის დონის მატებისგანაც დაიცავს. სასურველია ხილის და ცოცხალი ბოსტნეულის, ბურღულეულის და  ცილოვანი პროდუქტის (თევზის, ქათმის და ინდაურის ხორცის) მიღება, რომელიც ხელს უწყობს ცხიმოვანი ცვლის კორეგირებას, ამასთანავე, საჭიროა მარტივად თვისებადი ნახშირწყლების შეზღუდვა და რაციონის რთული ნახშირწყლები გამდიდრება.

– რას გვპირდება მომავლის მედიცინა, როდის  შევძლებთ დიაბეტის სრულად განკურვნას?

– მართალია, დიაბეტოლოგია ძალიან სწრაფად ვითარდება, მაგრამ ამ ეტაპზე მართვის თვალსაზრისით უფრო მეტ პროგრესს მივაღწიეთ, რადგან. ე.წ არატრავმული მართვა, რომელიც გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემას გულისხმობს, მართლა უზარმაზარი წინ გადადგმული ნაბიჯია, რაც შეეხება სრულად განკურნებას – ჯერჯერობით კვლევებით გამყარებული პროგრესი არ გვაქვს, თუმცა მუშაობა ინტენსიურად გრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები