LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ნიშნავს ,,დისნეის სტრატეგია” ქოუჩინგში – FM ქოუჩი

14
ekaterine-babunashvilinewssss

გადაცემის ლაივი LIVE

6 მაისს ქოუჩინგის საერთაშორისო დღეა, როგორ აღნშნავენ ამ დღეს მსოფლიოში და რაში გვეხმარება ქოუჩინგი – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში ,,FM ქოუჩი” ქოუჩმა, ბიზნეს ტრენერმა, ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის საქართველოს წარმომადგენლობის პრეზიდენტმა ეკატერინე ბაბუნაშვილმა ისაუბრა.

6 მაისი ქოუჩინგის საერთაშორისო დღეა…

6 მაისს ქოუჩინგის სამყარო ყოველწლიურად ქოუჩინგის საერთაშორისო დღეს ზეიმობს. ჩვენი პროფესიის არსიდან გამომდინარე, რომელიც ადამიანების მხარდაჭერას გულისხმობს პიროვნული ეფექტურობის ამაღლებაში, ქოუჩების უმრავლესობა უფასოდ ატარებს ინდივიდუალურ თუ ჯგუფურ სესიებს და ამით თავისი წვლილი შეაქვთ ადამიანური კაპიტალის განვითარებაში. წარმოიდგინეთ ათასობით ქოუჩი ერთი იდეის ქვეშ გაერთიანებული – ეს არის შესაძლებლობა ადამიანები დაადგნენ პიროვნული განვითარების გზას. ეს უკანასკნელი კი საკუთარი თავის უკეთ შეცნობიდან იწყება და საშუალებას გვაძლევს გავხდეთ მეტად პროდუქტიულები, ვაქციოთ ოცნებები მიზნებად და მივაღწიოთ მათ, გავაცნობიეროთ გარესამყაროსთან ურთიერთქმედების ნაყოფიერი სტრატეგიები, ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენს ცხოვრებაზე და ავიმაღლოთ ბედნიერების ხარისხი.

როგორია ქოუჩინგის კვირეულის ტრადიცია მსოფლიოში და საქართველოში?

მაისის პირველ კვირას ქოუჩინგის სამყარო ყოველწლიურად ქოუჩინგის საერთაშორისო კვირეულს ზეიმობს მთელს მსოფლიოში. ეს ტრადიცია “ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის” (ICF) დამკვიდრებულია უკვე 21 წელია, 1999 წლიდან. ICF ყველაზე ავტორიტეტული პროფესიული კავშირია, რომელიც გლობალურად ქოუჩინგის სფეროში ოქროს სტანდარტს ამკვიდრებს და აქტიურად მუშაობს როგორც წევრი ქოუჩების პროფესიულ განვითარებაზე, ასევე, ქოუჩინგის ცნობადობის ზრდაზე. ICF-ის საქართველოს წარმომადგენლობა 2020 წლის იანვრიდან მოღვაწეობს და აერთიანებს ქოუჩებს თავისი მისიის გარშემო განვვითარდეთ და ხელი შევუწყოთ საზოგადოების განვითარებას ნდობით, ზრუნვით, თანადგომითა და მრავალფეროვნების დაფასებით.

შარშან პიველად ჩავატარეთ საქართველოში ქოუჩინგის საერთაშორისო კვირეული, რომლის ფარგლებშიც ოცი ქოუჩისგან შემდგარმა გუნდმა 1200 ადამიანს მივეცით შესაძლებლობა გამოეცადათ ქოუჩინგი უფასო ინდივიდუალური ქოუჩ სესიებითა და ინტერაქტიულ მასტერკლასებში მონაწილეობით. ICF-ის წევრი ქოუჩები კი, 2019 წლის თებერვალში არსებული 3 წევრიდან, დღევანდელ დღეს, 30 წევრამდე გავიზარდეთ.

წლევანდელი კვირეული, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე ონლაინ ჩატარდება 6 მაისს ღონისძიებით “ქოუჩინგი – ინსპირაციის წყარო”, სადაც 500-მდე ადამიანი შეძლებს გაეცნოს ქოუჩინგის ტრანსფორმაციულ ინსტრუმენტებს და მოახდინოს ინტერაქცია პროფესიონალ ქოუჩებთან. მსურველები შეძლებენ, ასევე, ჩაეწერონ უფასო ინდივიდუალურ ქოუჩ სესიაზეც. თუმცა, ჩვენ არ ვაპირებთ აღნიშნულზე შეჩერებას და ოქტომბერში ვგეგმავთ ქოუჩინგის ბიზნესში გამოყენებაზე ორიენტირებული კვირეულის გამართვას.

როგორ ეხმარება ქოუჩინგი ადამიანებს და რა არის ქოუჩის ფუნქცია?

ქოუჩინგი ტრანსფორმაციის ხელოვნებაა, რომლის დროსაც ქოუჩი პლატფორმას უქმნის კლიენტს აღმოაჩინოს თავისი პოტენციალი და მოახდინოს მისი მაქსიმალური რეალიზაცია. ქოუჩინგი არ გულისხმობს სწავლებას, თუმცა მნიშვნელოვნად ეხმარება სწავლას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადამიანმა შეიძლება მიიღოს თეორიული ცოდნა წიგნებიდან, ლექციებიდან და სხვა არხებით, თუმცა ვერ შეძლოს ამ ცოდნის პრაქტიკული გამოყენება ცხოვრებაში. ქოუჩინგი კი ეხმარება ადამიანებს ცოდნა აქციონ უნარ-ჩვევებად. ამასთანავე, ქოუჩინგის კლიენტს ჩვენ ჩემპიონსაც კი ვუწოდებთ, ვინაიდან თითოეული ქოუჩ-სესია შედეგზეა ორიენტირებული, სადაც კლიენტი იმარჯვებს და ეს გამარჯვება შესაძლოა გამოიხატოს შიშებისგან გათავისუფლებაში, ოცნებების კონკრეტულ მიზნად ქცევასა და სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბებაში, რომელსაც კლიენტი მიყვება და ქოუჩთან ურთიერთქმედებით წარმატებას აღწევს.

ქოუჩინგის პროცესის აღწერა და ინსტრუმენტები:

ქოუჩინგი საკმაოდ კრეატიული თვითშემეცნების პროცესია, სადაც ქოუჩი სვამს ღია, ტრანსფორმაციულ შეკითხვებს და იყენებს აქტიურ მოსმენას. ღია შეკითხვები კი ისეთი შეკითხვებია, რომელზეც პასუხი მრავალგვარი შეიძლება იყოს. შესაბამისად, ქოუჩი აძლევს კლიენტს სივრცეს თვისუფლად მოახდინოს იდეების გეგერირება და თვითონვე აირჩიოს გზა, ის საკითხები რაც მისთვის მნიშვნელოვანია და მოუტანს როგორც წარმატებას, ასევე, თავისი პოტენციალის გამოვლენის შესაძლებლობას და კმაყოფილებას.

ერთ-ერთი სტრატეგია, რომელიც ქოუჩინგის დროს გამოიყენება, გახლავთ დისნეის სტრატეგია. აღნიშნული მეთოდით უოლტ დისნეი ხელმძღვანელობდა, როდესაც პროექტებზე მუშაობდა, შესაბამისად, იგი ქოუჩინგშიც დამკვირდა.

დისნეის სტრატეგია 3 ფაზად იყოფა: მეოცნების, რეალისტისა და კრიტიკოსის ფაზა. შესაბამისად, კლიენტის სურვილის შემთხვევაში, ქოუჩი მას სთავაზობს ისაუბროს მეოცნების როლიდან იმ მიზანსა თუ პროექტზე, რომელიც მისთვის მნიშვნელოვანია. აღნიშნული ფაზა გამოირჩევა იმით, რომ აზროვნების ჩარჩოები იხსნება, ვინაიდან კეთდება დაშვება, რომ ყველაფერი შესაძლებელია და კლიენტს თავისუფლად შეუძლია თავისი, ერთი შეხედვით, ყველაზე არალეალისტური იდეებიც კი დაასახელოს. ასეთ დროს ხდება ცნობიერების სტიმულირება და იბადება გენიალური იდეები, რომლის ცხოვრებაში ჩატანას და განხორციელების დაგეგმვას რეალისტის როლში მყოფი კლიენტი ახდენს. კრიტიკოსის ფაზა კი შესაძლო ხელისშემშლელი ფაქტორების იდენტიფიკაციასა და რისკების დანახვაზეა ორიენტირებული. თუკი ადამიანი ხედავს რისკს, ხშირად მისი პრევენციის მართვის გზების გამონახვაც შეუძლია. ცნობილია, რომ უამრავი წარმატების ისტორია სწორედ შემოქმედებითობითა და რისკის აღების სითამამით იწყება. ამიტომაც, გიწვევთ 6 მაისს ქოუჩინგის საერთაშორისო დღეს ICF საქართველოს წამომადგენლობის ღონისძიებაზე, რათა გამოსცადოთ ქოუჩინგი თქვენი წარმატებისთვის.

 

უფასო ქოუჩ-სესიის მისაღებად და “ქოუჩინგი – ინსპირაციის წყარო” ონლაინ ღონისძიებაზე დასასწრებად ინფორმაცია იხილეთ: https://www.facebook.com/ICFweek/

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები