LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ნიშნავს სტრატეგიული კომუნიკაცია – FM ქოუჩი

87
teapertaiacouch

გადაცემის ლაივი LIVE

რას ნიშნავს სტრატეგიული კომუნიკაცია – ამ თემაზე გადაცემაში „FM ქოუჩი“ სოციალურ მეცნიერებათა დოქტორმა მას.კომუნიკაციაში, ტრენერმა თეა პერტაიამ ისაუბრა.

რამდენად მნიშვნელოვანია კომუნიკაცია ჩვენს საუკუნეში?

„კომუნიკაცია“ ჩვენს საუკუნესა და სფეროში ტერმინით – „სტრატეგიული“ გაძლიერდა, რაც მოიცავს უფრო მეტ კვლევას, მეტ ანალიზს, მეტ პროგნოზს, მეტ წინდახედულობას, მეტ  შემოქმედებითობას,  მეტ აქცენტს სამიზნე აუდიტორიის დიფერენციაციასა და თითოეულის ინტერესებზე. ესაა მეტად გააზრებული პასუხი არსებულ თუ მოსალოდნელ გამოწვევებზე. ესაა მეტი ინტეგრირება ყველა  იმ ლეგალური ინსტრუმენტისა და მეთოდის, რომელიც ჩვენი მისიის გატარებასა და  მიზნების მიღწევაში დაგვეხმარება. ესაა მულიტიდისციპლინური მიდგომებითა და ანალიტიკური აზროვნებით დაგეგმარებული, შედეგზე ორიენტირებული პროაქტიული PR-ი.

ამდენად, სტრატეგიული კომუნიკაციის მთავარი მიზანი არის შედეგის მიღწევა. მაგალითად, დღეს შეიძლება მე საჯაროდ  ვთქვა, რომ პირბადე გვიცავს და მისი ტარება თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა ქვეყნის, ახლობლების წინაშე. ბევრმა  შეიძლება ეს მოისმინოს, მოიწონოს, მაგრამ არ გაითავისოს – არ შეცვალოს  დამოკიდებულება, ქცევა. ეს იქნება მორიგი „ფრთიანი“ ფრაზა, რომელიც გაიგეს და დაივიწყეს. ანუ მნიშვნელოვანი ის კი არაა, რამდენმა მოგვისმინა, არამედ ის, რამდენმა დაიჯერა ჩვენი ნათქვამი და  გაიკეთა ნიღაბი…   პრესრელიზებისა და რეკლამების გავრცელება კარგია, მაგრამ სტრატეგიული ხედვისა და მთავარი გეგმის გარეშე, ეს ხშირად იგივეა, რაც რესურსების ფუჭი ფლანგვა.

ეს იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ინფორმაციის მიწოდება არ არის მთავარი ამოცანა, არამედ სტრატეგიული კომუნიკაცია ორიენტირებული უნდა იყოს შედეგზე. და ამ შედეგის მიღწევაში ჩვენ გვეხმარება ჩვენი გზავნილების მხარდამჭერი აქტივობები,  და სწორად გაწერილი სამოქმედო გეგმა.

რას ნიშნავს სტრატეგიული კომუნიკაცია?

სტრატეგიული კომუნიკაცია არის ურთიერთობა, რომლის ბირთვია ანალიტიკური აზროვნება. რომ განვაზოგადოთ, სწორედ ამ მიმართულების განვითარების საჭიროებაა დღეს არა მხოლოდ მიცემულ სფეროში, არამედ ყველა მიმართულებასა და  მთელ ქვეყანაში. ვიცით, რა ქაოსურ საინფორმაციო გარემოში ვიმყოფებით – ვებ -2-სა და და 3-ის გზაგასაყარზე, ქსელურ ეპოქასა და ჰიბრიდულ ომში. ასეთი საინფორმაციო მანიპულაციის პირობებში, ქვეყნის მდგრადობის ფუნდამენტია მოსახლეობის განათლება და ანალიტიკური აზროვნება. თითოეული ჩვენი მოქალაქე არის საინფორმაციო შეტევის სამიზნე. ამ ფონზე, ხელისუფლება ვალდებულია, არა მხოლოდ აწარმოოს წარმატებული კომუნიკაცია, არამედ მოსახლეობა   საფრთხეებისგან დაიცვას.  საყურადღებოა,  რომ 2018-20 წლების სამთავრობო პროგრამაში გათვალისწინებული იყო სტრატეგიული კომუნიკაციის დანერგვისა და გაძლიერების კომპონენტი. მართლაც, ამ მიმართულებით დაიწყო  რეფორმები, ხელისუფლების საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტები გარდაიქმნა სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურებად, შეიქმნა შესაბამისი დოკუმენტები… თუმცა პროცესი ჯერ არ დასრულებულა.

ამდენად, ანალიტიკის გაძლიერების აუცილებლობა ყველა სფეროს შეეხო და ნუნებრივია, ეს კომუნიკაციებზეც აისახა. შედეგად, დღეს ჩვენ ვქმნით ანალიზზე

დაფუძნებულ და გრძელვადიან ხედვებზე ორიენტირებულ საზოგადოებასთან ურთიერთობას, იგივე სტრატეგიულ კომუნიკაციას. ბუნებრივია, ადრეც, კვალიფიციური PR-ი ეყრდნობოდა კვლევასა და ანალიზს, მაგრამ დღეს ეს კომპონენტი კიდევ უფრო გაძლიერებულია. ამასთან, დაემატა სხვადასხვა ეფექტიანი იარაღი, რომელთა არჩევაში შეზღუდულები, ფაქტობრივად, არ ვართ. ესაა მარკეტინგი, რეკლამა, მენეჯმენტი და კომუნიკაციასთან დაკავშირებული ყველა საჭირო და  მომიჯნავე სფერო. კიდევ ერთი დამახასიათებელი, რაც სტრატეგიულ კომუნიკაციას აქვს, ესაა პროაქტიულობა. არ უნდა დაველოდოთ, როდის დადგება კრიზისი, არამედ წინსწრებით ვიფიქროთ, ვიმოქმედოთ და თავად მივიღოთ პრევენციული ზომები… არ უნდა დაველოდოთ, როდის დაგვირეკავს ჟურნალისტი, არამედ ჩვენ თავად უნდა შევქმნათ მედიისთვის საინტერესო და აქტუალური ახალი ამბები… ანუ, უნდა წარვმართოთ ბევრად კრეატიული, შინაარსიანი, სამიზნე აუდიტორიაზე მორგებული  და რაც მთავარია, შედეგიანი საკომუნიკაციო პროცესი.

უნდა შევისწავლოთ თუ არა სამიზნე აუდიტორია?

სტრატეგიული კომუნიკაციის დროსაც, ყველაფერი იწყება სამიზნე აუდიტორიის ძირეული შესწავლით. წლებია, ვარ სახელმწიფო სამსახურში და ამ პრიზმიდან ვიმსჯელებ. ჩემთვის ამოსავალი და მუშაობის ლაიტმოტივია პრინციპი, რომ პრესმოხელე –  ესაა ხალხის ადვოკატი ხელისუფლებასთან და ხელისუფლების წარმომადგენელი ხალხთან.  აქ  კომუნიკაცია იწყება საზოგადოების პატივისცემით, მისი აზრის, დამოკიდებულის იდენტიფიცირებით, გააზრებით, ანალიზითა და გაგებით. ჩვენი გზავნილები კონკრეტულ საკითხზე მათ ფიქრებს უნდა აგრძელებდნენ. საჯარო უწყებაში საზოგადოებასთან ურთიერთობას აქვს თავისი სპეციფიკა, კერძოდ, სტრატეგიული კომუნიკაცია ემსახურება სახელმწიფო პოლიტიკის სწორად მიტანას ხალხთან, რომელმაც უნდა იგრძნოს, რომ ის თავადაცაა ამ პროცესების, რეფორმების, ცვლილებების მონაწილე, თანამოაზრე და მთავარი აქტორი. ამ  ურთიერთობის ფუნდამენტია სიმართლე და ხალხის აზრი. ამისთვის სავალდებულოა, სისტემატურად კითხულობდე საზოგადოების „კარდიოგრამას“ და მასზე დაყრდნობით განსაზღვრო ამოცანები, დასახო გეგმა და მოქმედების სტრატეგია. ამ უკანასკნელის წარმატებული განხორციელებისთვის აუცილებელია უწყებას ჰქონდეს საზოგადოების ნდობა და რეპუტაცია. სწორედ ამ რეპუტაციაზე ზრუნვა არის სტრატეგიული კომუნიკაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა, რათა საზოგადოებასთან შედგეს ჯანსაღი დიალოგი  და  შესაბამისად,  შეიქმნას ურთიერთგაგების პლატფორმა.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები