LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას სიმპტომებით ვლინდება მსხვილი ნაწლავის კიბო და რატომ არის მნიშვნელოვანი დაავადების დროულად აღმოჩენა – ონკოლოგი ნათია ჯოხაძე

32
pulsi315

გადაცემის ლაივი LIVE

28 მაისს რადიო ,,ფორტუნას” და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას ,,პულსი” ფრიდონ თოდუას სახელობის სამედიცინო ცენტრის კლინიკური ონკოლოგი ნათია ჯოხაძე სტუმრობდა, რომელმაც მეტად მძიმე დაავადების – მსხვილი ნაწლავის კიბოს შესახებ ისაუბრა.

– ქალბატონო ნათია, რას წარმოადგენს თავად დაავადება, როგორია მისი ეპიდემიოლოგია მსოფლიოს მასშტაბით და საქართველოში?

– პირობითად მსხვილი ნაწლავის კიბო ორ დაავადებად – კოლორექტალურ და სწორი ნაწლავის კიბოდ იყოფა. ორივე შემთხვევაში დაავადება ნაწლავის შიდა შრიდან იწყება და მთელ კედელზე ვრცელდება. სამწუხაროდ, თუ ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა დაავადების აღმოჩენა, ის ლიმფურ სადინარებში და სისხლძარღვებში ვრცელდება. ზოგადად, ადამიანის ორგანიზმში დაახლოებით 30 ტრილიონი უჯრედია, რომლებიც ძალიან აწყობილად მუშაობენ და ადამიანის გენომის ბრძანებებს ექვემდებარებიან, რადგან სწორედ ის უბრძანებს უჯრედს ერთის მხრივ, გაზრდას და გამრავლებას, მეორეს მხრივ, განვითარების შეჩერებას, იმ შემთხვევაში კი, როცა უჯრედი აღარ ექვემდებარება გენომის ბრძანებას და იწყებს უკონტროლოდ ზრდას, ვითარდება კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი სიმსივნე. ჩვეულებრივ, კოლორექტული სიმსივნეების უმეტესობა კეთილთვისებიანი პოლიპებისგან ვითარდება. არსებობს რამდენიმე სახის პოლიპი, მათ შორის ადენომატოზური, ანთებითი და ჰიპერპლაზიური. როგორც წესი ანთებითი და ჰიპერპლაზიური პოლიპები არანაირ პრობლემებს არ ქმნიან,  ადენომატოზური პოლიპი კი, მეტად სახიფათო შეიძლება გახდეს თუ დროულად არ მიექცა ყურადღება, რადგან 5-10 წლის მანძილზე ავთვისებიან სიმსივნედ შეუძლია გარდაქმნა. სამწუხაროდ, ონკოლოგიურ დაავადებათა სტრუქტურაში სწორედ  კოლორექტული კიბოა მესამე ადგილზე ფილტვის და ძუძუს კიბოს შემდეგ, ანალოგიური სტატისტიკური მონაცემებია საქართველოში, რადგან ყოველ წელს 700-მდე ახალი შემთხვევა რეგისტრირდება.

– რამდენად განსხვავდება სტატისტიკა განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში?

– რა თქმა უნდა განსხვავდება, რადგან დაავადების გავრცელება პირველ რიგში ცხოვრების წესსა და დონეზეა დამოკიდებული.

– როგორია დაავადების გავრცელების დინამიკა საქართველოში, რამდენად შეიძლება მისი შეჩერება და რამდენად მნიშვნელოვანია სკრინინგი?

– სამწუხაროდ დინამიკა მზარდია, ერთადერთი გამოსავალი კი, სწორედ სკრინინგია, რადგან დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის შემთხვევაში ბევრად მაღალია ადამიანის გადარჩენის შანსი. აღსანიშნავია, რომ ჯანმრთელ პოპულაციაში სიმსივნის ადრეულ ეტაპზე გამოვლენას სკრინინგი ჰქვია, სიმპტომების მქონე პაციენტებში კი – ადრეული დიაგნოსტიკა, რისი საუკეთესო მეთოდი კოლონოსკოპიაა. მთავარია, პაციენტმა გადადების გარეშე, დროულად მიმართოს ექიმს და ჩაიტაროს კვლევა. სხვათა შორის, კოლონოსკოპიას ერთდროულად დიაგნოსტიკური და სამკურნალო ფუნქცია აქვს, რადგან ერთის მხრივ, ნაწლავის სანათურის დათვალიერება, მეორეს მხრივ, აღმოჩენილი საეჭვო წარმონაქმნის მოკვეთა შეიძლება.

– რას სიმპტომებით ვლინდება დაავადება და რას უნდა მიექცეს ყურადღება პირველ რიგში?

– კოლორექტალური კიბო მრავალფეროვანი სიმპტომებით ხასიათდება, რაც დაავადების გავრცელებაზეა დამოკიდებული. ადრეულ სტადიაზე დაავადება მუცლის არეში დისკომფორტით, შებერილობით, სპაზმებით და სისხლდენით ვლინდება, რაც ხშირად ჰემოროიდულ დაავადებებში ერევათ.

– რა უწყობს ხელს დაავადების განვითარებას?

– დაავადების გამომწვევი უამრავი რისკფაქტორი არსებობს, რომელთა ნაწილის პრევენცია შეიძლება, ნაწილის კონტროლი კი, შეუძლებელია. ყველას შეუძლია დაიცვას თავი ჭარბი წონისგან, მოაწესრიგოს კვების რაციონი, თუმცა, ვერაფრით შეებრძოლება ასაკს და მემკვიდრეობას, რადგან 50 წლის შემდეგ კოლორექტალური კიბოს რისკი ავტომატურად იზრდება, მაღალია დაავადების რისკი გენეტიკური წინასწარგანწყობის შემთხვევაშიც.

– საინტერესოა, კონკრეტულად რა იგულისხმება კვების რაციონის მოწესრიგებაში?

– მაქსიმალურად უნდა შემცირდეს წითელი ხორცის და პროცესირებული (ე.წ. ფასტფუდი, შებოლილი, ძალიან მაღალ ტემპერატურაზე დამზადებული საკვები) პროდუქტის, ალკოჰოლის და თამბაქოს მოხმარება, რომლებიც დიდი რაოდენობით ტოქსინებს შეიცავს. დაავადების გამომწვევ მიზეზებს შორისაა ასევე D ვიტამინის ნაკლებობაც.

– როგორ მიმდინარეობს დაავადება, რამდენად ვერაგია კოლორექტალური კიბო?

– დაავადების მიმდინარეობა მის ბიოლოგიაზე, პროგნოზირება კი – დიაგნოსტირებაზეა დამოკიდებული, რადგან რაც უფრო ადრე ვლინდება დაავადება, მით უფრო იზრდება პაციენტის გამოჯანმრთელების შანსი. აღსანიშნავია, რომ კოლორექტალური კიბო ის იშვიათი სენია, რომლის რადიკალური მკურნალობა მეტასტაზური დაავადებების პირობებშიც შესაძლებელია.

– დიაგნოზირებისა და მკურნალობისთვის ქართველი პაციენტები ხშირად მიმართავენ უცხოურ კლინიკებს. საინტერესოა, რამდენად შესაძლებელია კოლორექტალური კიბოს საქართველოში მკურნალობა და კონკრეტულად რა მეთოდები აქვთ მედიკოსებს არსენალში?

– ვფიქრობ, აბსოლუტურად ყველა შესაძლებლობა არსებობს როგორც დიაგნოსტიკის, ისე მკურნალობის თვალსაზრისით. საქართველოში ძალიან ბევრი კარგი ცენტრია, სადაც პაციენტს სრული სერვისის მიღება შეუძლია, ნებისმიერი მომსახურება ხელმისაწვდომია ჩვენს კლინიკაშიც. კოლორექტალური კიბოს მკურნალობა ძალიან კომპლექსურია, რადგან სხვადასხვა მეთოდს აერთიანებს. მკურნალობის ყველაზე ეფექტურ მეთოდად ქირურგიული ჩარევა ითვლება, რადგან თუ დაავადება ოპერირებას ექვემდებარება, პაციენტს სრული გამოჯანმრთელების შანსი აქვს, იმ შემთხვევაში კი, როცა რადიკალური მკურნალობა ვერ ხერხდება, მაშინ დაავადებას სიმპტომურად ანუ მედიკამენტური თერაპიით ვმართავთ, რათა მაქსიმალურად გავუხანგრძლივოთ პაციენტს სიცოცხლე.

– თქვენი აზრით, რამდენად კვალიფიციურია მედპერსონალი, აქვთ თუ არა ქართველ მედიკოსებს თანამედროვე ტექნოლოგიებთან ურთიერთობის გამოცდილება?

– რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ქონა, მაგრამ გადამწყვეტი მაინც ინტელექტუალური რესურსია. ვფიქრობ,  თანამედროვე ქართლი ონკოლოგია საკმაოდ კარგადაა განვითარებული, რადგან ჩვენი მედიკოსები მუდმივად გადიან ტრენინგებს საზღვარგარეთ და თამამად პასუხობენ გამოწვევებს.

– რამდენად საჭიროა სისტემატური სკრინინგული კვლევის ჩატარება?

– უდიდესი მნიშვნელობა აქვს სკრინინგს, რადგან მხოლოდ ასე შეიძლება დაავადების დროულად აღმოჩენა და მკურნალობის მეთოდის სწორად შერჩევა, რაც პაციენტს გამოჯანმრთელების შანსს აძლევს. მართალია, სკრინინგის პროცედურა მარტივი და ყველასთვის ხელმისაწვდომია, მაგრამ მოსახლეობა ნაკლებად სარგებლობს ამგვარი შესაძლებლობით.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები