LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას წარმოადგენს ფსორიაზი, რა იწვევს გართულებას და როდის უნდა მივმართოთ ექიმს – ნინო კირკიტაძე და თამარ ფარცვანია ფსორიაზის მკურნალობის მეთოდებზე

36
ნინო-და-თამარი

გადაცემის ლაივი LIVE

22 ივლისს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ ქირურგიის ეროვნული ცენტრის დერმატო-ვენეროლოგი ნინო კირკიტაძე და ამავე ცენტრის ექიმ-რევმატოლოგი თამარ ფარცვანია სტუმრობდნენ, რომელთაც ფსორიაზზე, მის ფორმებსა და მკურნალობის მეთოდებზე ისაუბრეს.

– ქალბატონო, ნინო, მართალია ფსორიაზი წმინდა სამედიცინო პრობლემაა, მაგრამ სტერეოტიპების გამო, ფსორიაზით დაავადებულ პაციენტებს ხშირად უჩნდებათ უხერხულობის შეგრძნობა. საინტერესოა, სინამდვილეში რას წარმოადგენს ფსორიაზი და რატომ ითვლება ის „უხერხულ დაავადებად“?

– ფსორიაზი კანის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული, ქრონიკული ანთებითი დაავადებაა, რომელიც გამონაყარით და მოვერცხლისფრო ქერცლით ხასიათდება, თუმცა არაა გადამდები. მართალია, ფსორიაზი მეტწილად იდაყვებზე და თავზე, თმის არეში ვრცელდება, მაგრამ მისი გაჩენა ფრჩხილებსა და სახსრებზეც შეიძლება. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო მოსახლეობის 2-5% ფსორიაზითაა დაავადებული, ამასთანავე, დაავადება ნებისმიერ ასაკში და ერთნაირად ვლინდება როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში. სამწუხაროდ, დაავადების გაჩენის მიზეზი დღემდე უცნობია, თუმცა სავარაუდოდ, მაინც გენეტიკური ფაქტორითაა განპირობებული. თუ ფსორიაზი მხოლოდ ერთ-ერთ მშობელს აღენიშნება, მაშინ დაავადების გაჩენის ალბათობა 8%-ს შეადგენს, ორივე მშობლის დაავადების შემთხვევაში კი, რისკი 41%-მდე იზრდება. ფსორიაზის გამწვავებას გარკვეული სამკურნალო პრეპარატები (საგულე საშუალებები, სისტემური ანტიბიოტიკები და სისტემური სტეროიდული საშუალებები), ალკოჰოლური სასმელი, ძლიერი სტრესი და მექანიკური დაზიანებები – დამწვრობა, ტრავმები იწვევს, როცა დაზიანებულ ადგილას სპეციფიკური გამონაყარი ჩნდება.

– რა ითვლება ფსორიაზის პირველ სიმპტომად, როცა პაციენტი ვალდებულია მიმართოს დერმატოლოგს?

– ნებისმიერი გამონაყარი უნდა შეამოწმოს სპეციალისტმა, რადგან სწორედ მას შეუძლია დიფერენციაცია და საბოლოო დიაგნოზის დასმა.

– რა გავლენას ახდენს დაავადება ადამიანის ორგანიზმზე და რატომ ითრგუნება ფსორიაზის მქონე პაციენტი საზოგადოებაში?

– ფსორიაზს სხვადასხვა კლინიკური ფორმა ახასიათებს, ყველაზე გავრცელებულად – ჩვეულებრივი ანუ ვულგარული ფსორიაზი ითვლება, როცა გამონაყარი მთელ სხეულზე ვრცელდება, თუმცა განსაკუთრებით მწვავედ იდაყვებსა და მუხლებზე, თავსა და ჭიპის არეში ვლინდება. დროთა განმავლობაში გამონაყარი ვერცხლისფერი ქერცლით იფარება, რომელიც ადვილად იქერცლება და იფანტება, რაც გარკვეულ უხერხულობას უქმნის პაციენტს, თუმცა ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ფსორიაზი არაა გადამდები. არსებობს ფსორიაზის სებორეული ფორმა, რომელიც მეტწილად სხეულის გაცხიმოვნებულ ადგილებში – თავის თმიან არესა და გულ-მკერდზე ჩნდება, ნაოჭების ფსორიაზი – იღლიაში, საზარდულსა და სარძევე ჯირკვლებზე ვრცელდება, ფსორიაზული ერითროდერმიის დროს კი, მთელ სხეული წითლდება და ნაზი ქერცლით იფარება. ზოგადად, ფსორიაზის უამრავი ფორმა არსებობს ინდივიდუალური სიმპტომებითა და გამოვლინებით.

– რა იწვევს ფსორიაზის გართულებას?

– მეტწილად გართულებებს დაავადების არასწორი მკურნალობა იწვევს, როცა პაციენტი გაურკვეველი შემადგენლობის წამლებით სარგებლობს. ზოგადად, ფსორიაზი ქრონიკული დაავადებაა, რომელიც რეციდივებითა და რემისიებით ხასიათდება. ბევრს შეიძლება მოეჩვენოს, რომ კუსტარულად დამზადებული მედიკამენტით უმკურნალა დაავადებას, მაგრამ სინამდვილეში მსგავსი რემისია მხოლოდ დამთხვევა და შემთხვევითია.

– ქალბატონო თამარ, რას წარმოადგენს ფსორიაზული ართრიტი?

– ფსორიაზული ართრიტი – სახსრების ქრონიკული ანთებითი დაავადებაა, რომელიც ფსორიაზით დაავადებული პაციენტების მესამედს აღენიშნება, განვითარებას კი, კანის დაზიანება იწვევს. ჩვენთან მოსულ პაციენტებს მეტწილად ართრიტის სიმპტომები აღენიშნებათ, ამიტომ იშვიათად მიმართავენ დერმატოლოგებს და ძალიან უკვირთ, როცა დაავადების რეალურ მიზეზს გებულობენ. ფსორიაზული ართრიტი მეტად ვერაგი დაავადებაა, თუმცა მისი გამომწვევი მიზეზი დღემდე დაუდგენელია. სავარაუდოდ, ამ შემთხვევაშიც განეტიკური წინასწარგანწყობითაა განპირობებული.

– ფსორიაზის დიაგნოსტირების რა მეთოდებით სარგებლობს თანამედროვე მედიცინა?

– ქირურგიის ეროვნულ ცენტრში პაციენტს ყოველთვის დეტალური და ამომწურავი კვლევა უტარდება, რათა მაქსიმალური სიზუსტით შემუშავდეს მკურნალობის მეთოდი. მართალია, დაავადებისგან საბოლოოდ განკურნა ჯერჯერობით შეუძლებელია, მაგრამ სწორედ დროული ჩარევითა და სწორი მკურნალობით შეიძლება ხანგრძლივი რემისიის მიღწევა.

– ქალბატონო ნინო, რას ურჩევთ ფსორიაზით დაავადებულ პაციენტებს, როგორ უნდა გაუმკლავდნენ დაავადებას?

– ფსორიაზის მქონე პაციენტი აუცილებლად უნდა გაუფრთხილდეს საკუთარ კანს, თავი შეიკავოს ტატუს გაკეთებისგან, მოერიდოს ნებისმიერ ტრავმას და ყურადღებით შეარჩიოს პრეპარატები. მართალია, მზე კარგად ნიღბავს გამონაყარს, მაგრამ გადაჭარბებული არაფერი ვარგა, ამიტომ არ ღირს ზედმეტად გარუჯვა, რადგან მზით დამწვრობაც კანის ტრავმებს მიეკუთნება.

– ქალბატონო თამარ, თქვენ რას ურჩევთ პაციენტებს?

– თუ პაციენტს სახსრების ტკივილი, შესივება, გამონაყარი აღენიშნება და ეზღუდება მოძრაობა, მან აუცილებლად  უნდა მიმართოს რევმატოლოგს, რათა დროულად შემუშავდეს მკურნალობის მეთოდი და თავიდან ავიცილოთ ის გართულებები, რომლებიც ხშირად დაინვალიდებით სრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები