LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას წარმოადგენს კოლორექტული კიბო და რატო არის მნიშვნელოვანი დროული დიაგნისტირება – გიგო ფიჩხაია და ბესიკ სოკურაშვილი გადაცემაში ,,პულსი”

27
pulsi153

გადაცემის ლაივი LIVE

12 მარტს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ქირურგიული დეპარტამენტის უფროსი გიგო ფიჩხაია და ამავე ცენტრის რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბესიკ სოკურაშვილი სტუმრობდნენ, რომელთაც კოლორექტულ სიმსივნეებზე ისაუბრეს.

– ბატონო გიგო, რას წარმოადგენს კოლორექტული კიბო რომელსაც საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოებამ მთელი თვე მიუძღვნა და „ლურჯი მარტი“ უწოდა?

– კოლორექტული კიბო მსხვილი ნაწლავის სიმსივნეა, სწორი ნაწლავი კი, მსხვილი ნაწლავის ბოლო ნაწილია, სადაც ფეკალიები გროვდება და მოგვიანებით გამოიყოფა, სწორედ ამ ნაწილის დაავადებას ეწოდება კოლორექტული კიბო, „ლურჯი მარტი“ კი,  დაავადების ცნობადობის ამაღლებას ეძღვნება, როცა მსოფლიო საზოგადოება ლურჯი სამოსით იმოსება ამ სენით დაავადებული პაციენტების მხარდასაჭერად. სამწუხაროდ, სწორი ნაწლავის კიბო საკმაოდ ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რასაც უამრავი ფაქტორი განაპირობებს.

– კონკრეტულად რა მიზეზით ჩნდება კოლორექტული კიბო?

– პირველ რიგში, გასათვალისწინებელია ისეთი კიბოსწინარე დაავადება, როგორიც სწორი ნაწლავის პოლიპია, არანაკლებ მნიშვნელოვანია გენეტიკა და ასაკი, რადგან დაავადება მეტწილად 50 წელს გადაცილებულ პაციენტებს უჩნდებათ.

– ბატონო ბესიკ, რა სიმპტომებით ხასიათდება დაავადება?

– დაავადების ყველაზე გავრცელებული სიმპტომები შებერილობა, სისხლდენაა, დიარეა და ფაღარათია. სწორედ ამ სიმპტომებს უნდა მიაქციოს ადამიანმა ყურადღება, მით უფრო თუ 50 წელსაა გადაცილებული. კარგია, რომ საქართველოში, მათ შორის ჩვენს კლინიკაში არსებობს სკრინინგის პროგრამა, რომელიც პაციენტს სრულიად უფასო კვლევების ჩატარების საშუალებას აძლევს. სწორი ნაწლავის კიბოს შემთხვევაში, განსაკუთრებით როცა დაავადება პირველ სტადიას სცდება, ძალიან მნიშვნელოვანია სხივური თერაპია, რადგან სწორედ ასე შეიძლება სტადირების შემცირება, ადგილობრივი კონტროლის გაძლიერება და პაციენტისთვის გამოჯანმრთელების შანსის მიცემა.

– ბატონო გიგო, რა კატეგორიის პაციენტებმა უნდა ჩაიტარონ სკრინინგი?

– 50 წელს გადაცილებულებმა აუცილებლად უნდა ჩაიტარონ პროფილაქტიკური კვლევა განურჩევლად სქესისა, რადგან სწორედ ამ ასაკში ჩნდება პრობლემები სწორ ნაწლავში. რა თქმა უნდა, არაა აუცილებელი იყოს ავთვისებიანი სიმსივნე, თუმცა სწორედ შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლადაა საჭირო სკრინინგის ჩატარება.

– კონკრეტულად რას მოიცავს სკრინინგული კვლევა?

– ალბათ იცით, რომ ქირურგიის ეროვნული ცენტრი დიდი ხანია მერიის პროგრამაშია ჩართული. ჩვენთან ყოველთვის თავისუფლად შეიძლება კვლევის ჩატარება, რომელიც პოლონოსკოპიას და ექიმის კონსულტაციას, აუცილებლობის შემთხვევაში კი, ონკოლოგისა და სხვა სპეციალისტების ჩართვას ითვალისწინებს. პოლონოსკოპია კვლევის ერთ-ერთი მეთოდია სპეციალური ზონდის გამოყენებით, რომელიც მაქსიმალური სიზუსტით ავლენს მსხვილ ნაწლავში არსებულ პრობლემებს, წარმონაქმნის აღმოჩენის შემთხვევაში კი, დამატებითი კვლევები ინიშნება.

– ბატონო ბესიკ, რა თქმა უნდა, ყოველთვის აუცილებელია დროული დიაგნოზირება და განსაკუთრებით ონკოლოგიური დაავადებების შემთხვევაში. დიაგნოსტიკის რა საშუალებებს სთავაზობთ თქვენს ცენტრში მოსულ პაციენტს?

– დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ცენტრი სრულადაა უზრუნველყოფილი თანამედროვე ტექნოლოგიებით. მეტიც, მსგავსი აღჭურვილობით სარგებლობის საშუალება უცხოეთშიც არ მქონდა, სადაც რამდენიმე წელი ვმუშაობდი. ახლო მომავალში ბირთვულ განყოფილებას გავხსნით და აღმოსავლეთ ევროპაში პირველად, სწორედ ჩვენთან დამონტაჟდება ციფრული პეციტი, რომელიც ზუსტი კვლევის უფრო მეტ შესაძლებლობას იძლევა. ბედნიერი ვარ, რომ სწორედ ამ კლინიკაში ვმუშაობ, რადგან თანამედროვე სტანდარტების პარალელურად ექიმებიც მუდმივ ტრენინგებს გავდივართ. სწორი ნაწლავის პრობლემებით შეწუხებული პაციენტის შემთხვევაში სხვადასხვა პროფილის სპეციალისტების ბორდი იქმნება, რომელიც თავიდანვე განსაზღვრავს კვლევებს ტიპს და მკურნალობის მეთოდს, რადგან მიუღებელია ონკოპაციენტის იმპროვიზირებული, სპონტანურად მკურნალობა. საბედნიეროდ, ჩვენს კლინიკაში მსგავსი სისტემა მოქმედებს და ბრწყინვალედ მუშაობს.

– ბატონო გიგო, რა შესაძლებლობებს იძლევა ქირურგიული მკურნალობა, ამ თვალსაზრისით რას შესთავაზებთ პაციენტებს?

– კონკრეტულად ამ დაავადებისთვის მხოლოდ ქირურგიული მკურნალობა საკმარისი არაა. კომპლექსური მკურნალობა ჯერ სხივური და ქიმიოთერაპიის კურსის ჩატარებას გულისხმობს და მხოლოდ შემდეგ დგება ქირურგიული ჩარევის საკითხი. არსებობს ქირურგიული მკურნალობის რამდენიმე მეთოდი, მათ შორის ლაპარასკოპია, სწორი ნაწლავის წინა დაბალი რეზექცია და სწორი ნაწლავის სრული ამოკვეთა.

– ბატონო ბესიკ, რას ურჩევთ მსმენელს, როგორ უნდა მოიქცენენ პრობლემის დროული დიაგნოსტირებისა და შემდგომი მკურნალობისთვის?

– დაავადების თავიდან ასაცილებლად საჭიროა ჯანსაღად კვება და აქტიური ცხოვრების წესის დაცვა, რადგან ჭარბი წონაც საკმაოდ სახიფათოა. საბედნიეროდ, დღეს კიბო აღარაა განაჩენი. პირადად მე უამრავი პაციენტი მყავს, ვინც შეძლო დაავადების დამარცხება და აგრძელებს სრულფასოვან ცხოვრებას.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები