LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაში გვეხმარება მოტივაცია – FM ქოუჩი

4
natia-qoiava-fortuna

გადაცემის ლაივი LIVE

მოტივაცია არის მამოძრავებელი ძალა, რომელიც მიზნის მიღწევისკენ გვიბიძგებს, რომელიც ვაიძულებს, მარცხის, დაცემის შემდეგ წამოვდგეთ და გზა განვაგრძოთ. კაცობრიობის პროგრესი და მიღწევები სწორედ მოტივაციის დამსახურებაა. მოტივაცია გიბიძგებს, წახვიდე წინ, დაძლიო დაბრკოლებები, გადალახო სიძნელეები, რაც შეიძლება მიზნისკენ მიმავალ გზაზე შეგხვდეს. რაში გვეხმარება მოტივაცია – გადაცემის “FM ქოუჩი” სტუმარია ტრენერი ნათია ქოიავა.

რა წყაროები არსებობს მოტივაციისთვის?

არსებობს მოტივაციის როგორც შინაგანი, ისე გარეგანი წყაროები. მაგალითად, პირობები, რომლებსაც გვთავაზობენ, ადამიანები, რომლებიც მხარს გვიჭერენ, რომლებსაც ვუყვარვართ და რომლებმაც გვინდა, რომ ჩვენით იამაყონ (მშობლები, მეუღლე, შვილები და ა.შ.).  გარეგანი ფაქტორები საკმაოდ მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით, როცა ეს ეხება ახლობელ ადამიანებს. ძალიან დიდ რეზონანსს იწვევს მსმენელებს შორის, როცა დავალებად ვაძლევ, დაფიქრდნენ იმ ადამიანებზე, რომლებიც მათი ყველაზე დიდი გულშემატკივრები და მხარდამჭერები არიან, და შემდეგ უპასუხონ შეკითხვას, ცხოვრობენ თუ არა ისინი ისე, რომ ამ ადამიანებმა მათით იამაყონ.

გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, როცა მიზნისკენ მიმავალ გზაზე, არაერთი მარცხისა და წარუმატებლობის მიუხედავად, შენს გვერდით დგას ადამიანი, რომელსაც სჯერა შენი შესაძლებლობების და დარწმუნებულია, რომ წარმატებას მიაღწევ. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითი, რომელიც მოჰყავთ ხოლმე, არის ჰენრი ფორდის მეუღლე, რომელმაც მის წარმატებაში საკმაოდ დიდი როლი ითამაშა. ცხადია, ასეთი ადამიანების დამსახურებისა თუ როლის უგულებელყოფა ან დაკნინება მართებული არ იქნება, მაგრამ რომ არა თავად ფორდის საკუთარი თავისადმი და იმ იდეისადმი რწმენა, რომლისკენაც ისწრაფვოდა, რომ არა მისი ძლიერი შინაგანი მოტივაცია, დამერწმუნეთ, მისი ცოლი, როგორი ძალისხმევაც არ უნდა ჩაედო, სრულებით ვერაფერს გახდებოდა. შინაგანი მოტივაცია უმთავრესია და პირველ რიგში, სწორედ ის განვიხილოთ.

მოტივაციის შინაგანი წყაროები:

შინაგანი მოტივაციის გარეშე, თითქოს ფეხქვეშ მყარი ნიადაგი არ გაქვს და არც თვითდისციპლინა გყოფნის მიზნის მისაღწევად თუ საქმის ბოლომდე მისაყვანად. ალბათ, ყველა ჩვენგანს გვქონია შემთხვევები, როცა რაღაცის კეთება დაგვიწყია (დიეტა, ვარჯიში, ენის შესწავლა და ა.შ.) და გარკვეული პერიოდის შემდეგ „დაგვზარებია“ და თავი დაგვინებებია. პოზიტიურ ფსიქოთერაპიაში გვაქვს გამოთქმა, „არ არსებობს სიზარმაცე, არსებობს მხოლოდ მოტივაცის ნაკლებობა.“

რა არის აუცილებელი შინაგანი მოტივაციისთვის?

პირველ რიგში, აუცილებელია, პასუხი გქონდეს ორ ფუნდამენტურ კითხვაზე:

1. ვინ ვარ მე? 2. რატომ ვარ ამ ქვეყნად მოვლენილი?

  1. ვინ ვარ მე? – მე ვარ უზენაესი ქმნილება დედამიწაზე, რომელიც აზროვნებს, რომლის ნიჭი და პოტენციალი ამოუწურავია (როგორც ნებისმიერი ადამიანის), და თუ მე ამას ჩემს თავში აღმოვაჩენ და განვავითარებ, მაშინ ჩემი წინსვლა შეუჩერებელი იქნება და შევძლებ დასახული მიზნებისა და იმის მიღწევას, რაც არის პასუხი მეორე კითხვაზე.
  2. რატომ ვარ ამ ქვეყნად მოვლენილი? – უპირველესად, ძალიან მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ რადგან ამქვეყნად მოხვედი, ე.ი. რჩეული ხარ, სწორედ შენ უნდა დაბადებულიყავი და არა – ვინმე სხვა. რადგან რამოდენიმე ასეულ მილიონს შორის, სწორედ შენ გახდი რჩეული, ეს უკვე არის პირველი გამარჯვება და შესაბამისად, ძალიან დიდი მოტივაცია იმისთვის, რომ იპოვო და შეასრულო შენი მისია.

ამაღლებს თუ არა მოტივაციას იმის გაცნობიერება, რომ ადამიანებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებ?

ჩემს პრაქტიკაში, მქონდა ასეთი შემთხვევა, ერთ-ერთ კლიენტთან, რომელიც ვალების ამოღებაზე მუშაობდა და ეს იმდენად აწუხებდა, რომ სამსახურში წასვლა აღარ უნდოდა. ფიქრობდა, რომ ადამიანებს ტანჯვას და ტკივილს აყენებდა და ხელფასი ამ შემთხვევაში მისთვის მოტივაციის წყაროს არ წარმოადგენდა. ამ ყველაფერს იმდენად განიცდიდა, რომ ერთ დღეს, სამსახურისკენ მიმავალ გზაზე, ავტოავარიაში მოყვა და ეს ამბავი თავის საქმიანობასთან დააკავშირა. გადაწყვიტა, რომ ეს სწორედ თავისი საქმიანობის გამო დაემართა და ამისთვის თავი უნდა დაენებებინა. როცა ამაზე ვიმუშავეთ და მან გააცნობიერა, რომ მთავარი მიზანი ადამიანებისთვის ტკივილის მიყენება, მათი დაშინება, მუქარა, უკმაყოფილო საუბრები კი არ იყო, არამედ ის, რომ ამ ადამიანებს დახმარებოდა თავიანთი პასუხისმგებლობების უკეთ გაცნობიერებაში, იმაში, რომ როცა ხელს გაგიმართავენ, თანხით დაგეხმარებიან, ის თანხა უკან უნდა დააბრუნო, რომ ვალები უნდა გაისტუმრო, უნდა შეასრულო ის ვალდებულებები, რომლებიც ხელშეკრულების თანახმად საკუთარ თავზე აიღე და რომლებსაც ხელი მოაწერე, ცხადია, მისი მოტივაცია იმდენად გაიზარდა, რომ სამსახურიდან წასვლაზე აღარ უფიქრია და უფრო მეტიც, გაძლიერებული ემპათიის ფონზე, აბსოლუტურად შეიცვალა მოვალეებთან საუბრის შინაარსიც, ტონიც, შედეგებიც გაცილებით უკეთესი დაიდო, ხელფასიც გაეზარდა და პრემიებიც დაერიცხა.

რაც შეეხება პროფესიის და საქმიანობის სწორად არჩევას, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ მუდმივად მოტივირებული ვიყოთ?

ამისთვის, ერთ მნიშვნელოვან ფორმულას გაგიზიარებთ. ცნობილი გამონათქვამის თანახმად, თუ საყვარელ საქმიანობას იპოვი, მუშაობა არასოდეს მოგიწევს, მაგრამ საყვარელი საქმის პოვნა ამ ფორმულის მხოლოდ ერთი კომპონენტია.

ზონა, რომელშიც ადამიანი ყველაზე ძლიერად მოტივირებულია და რომელსაც ”პიროვნული სიდიადისა და მნიშვნელობის ზონას“ ვუწოდებთ, 4 ასპექტის გადაკვეთის წერტილში მდებარეობს.

  1. ნიჭი, ტალანტი – რაში ხედავ შენს ნიჭს, რა ძლიერი მხარეები გაქვს, რაც შენს ეფექტიანობას იწვევს, რისი კეთება გამოგდის ყველაზე კარგად;

  2. გატაცება, შთაგონება – სად არის შენი გატაცება. რა გიზიდავს ყველაზე მეტად. რისი გაკეთება განიჭებს უდიდეს სულიერ სიამოვნებას.

  3. საჭიროება, მოთხოვნა – სად ხედავ შენი პოტენციალის, შენი ნიჭის და უნარის გამოყენების საჭიროებას, სად არის შენს საქმიანობაზე ყველაზე მაღალი მოთხოვნა.

  4. სინდისი, შეგნება – სულიერი მხარე, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ სამს კრავს და ერთ მთლიანობად აქცევს, ე.ი. საქმე, რომელიც კარგად გამოგდის, რომლის კეთებაც გსიამოვნებს და რომლის საჭიროებაც აქვთ ადამიანებს, რამდენად არის თანხვედრაში იმასთან, რასაც შენი სინდისი, შინაგანი ხმა გკარნახობს; რამდენად შეესაბამება ის ზოგადსაკაცობრიო მორალურ პრინციპებსა და ღირებულებებს.

როცა ადამიანი სწორედ ამ 4 ასპექტის გადაკვეთის ზონაში იმყოფება, მისი მოტივაცია იმდენად მაღალია, რომ მას ვერაფერი შეაჩერებს.

მოტივაციის გარეგანი წყაროები:

როგორც დამქირავებლის, ხელმძღვანელი პირის, რომლის დაქვემდებარებაშიც პერსონალი იმყოფება ან უბრალოდ, როგორც ადამიანისთვის, ფუნდამენტურია იმის გაცნობიერება, რომ ადამიანი არ არის საგანი და მას კონტროლი კი არა, მოტივირება სჭირდება. ის არა ფრაგმენტული, არამედ ჰოლისტური (გამთლიანებული), ოთხგანზობილებიანი არსებაა და შემდეგი ოთხი კომპონენტისგან შედგება: გონება, სხეული, გული და სული. ნებისმიერ ადამიანთან ეფექტური ურთიერთობისა და მათი მოტივირებისთვის, აუცილებელია, რომ ამ ოთხივე განზომილების მოთხოვნილებები დაკმაყოფილებული იყოს.

 რა არის თითოეული კომპონენტის მოთხოვნილება?

სხეული – გადამიხადე სამართლიანად

გონება – გამომიყენე შემოქმედებითად

გული – მომექეცი გულისხმიერად

სული – მამსახურე საზოგადოებას

1) სამსახურში სამართლიანად არ გექცევიან, გაქვთ არაჯანსაღი დამოკიდებულება, ხელფასს არასამართლიანად გიხდიან, თქვენს შრომას ბოროტად იყენებენ. ალბათ, ამ შემთხვევაში, თქვენი არჩევანი აჯანყება და წასვლა იქნება.

2) შესაბამის ანაზღაურებას გაძლევენ, მაგრამ პატივს არ გცემენ, გულისხმიერად არ გეპყრობიან, ბოსი იმის მიხედვით გეპყრობა, თუ როგორ ხასიათზეა. ამ შემთხვევაში, ანაზღაურების გამო, შესაძლოა, ავგული დამორჩილების მდგომარეობაში იყოთ.

3) სამართლიანად გიხდიან, გულისხმიერად გეპყრობიან, მაგრამ თქვენი გონება არ არის ჩართული გადაწყვეტილების მიღებაში, არ არის გამოყენებული შემოქმედებითად, თქვენი არჩევანი, შესაძლოა, ნებაყოფლობითი თანხმობა იყოს.

4) ხელფასს სამართლიანად გიხდიან, გულისხმიერად გექცევიან, შემოქმედებითად იყენებენ თქვენს გონებას, მაგრამ თქვენი საქმიანობა რუტინულია, ორმოს ამოთხრას და ისევ ამოვსებას ჰგავს. ეს საქმიანობა თქვენ ვერ შთაგაგონებთ. ასეთ დროს, შესაძლოა, ხალისიანი თანამშრომლობა გქონდეთ სწორედ იმ დანარჩენი სამი კომპონენტის გამო.

5) სამართლიანად გიხდიან, გულისხმიერად გექცევიან, შემოქმედებითად იყენებენ თქვენს გონებას, თქვენი საქმიანობაც მოგწონთ, მაგრამ თანამშრომლებს შორის, ასევე, კლიენტებისა თუ მომწოდებლების მიმართ არაჯანსაღი დამოკიდებულება, აადგილი აქვს მოტყუებას, თაღლითობას და ა.შ., თქვენ შესაძლოა გქონდეთ გულსავსე ვალდებულების დამოკიდებულება.

6) სამართლიანად გიხდიან, გულისხმიერად გექცევიან, შემოქმედებითად იყენებენ თქვენს გონებას, თქვენი საქმიანობაც მოგწონთ, თანამშრომლებს შორის, ასევე, კლიენტებისა თუ მომწოდებლების მიმართ ადგილი არა აქვს მოტყუებას, თაღლითობას, დამოკიდებულება ჯანსაღია. მხოლოდ ასეთ დროს შეიძლება იმყოფებოდეს პერსონალი ე.წ. შემოქმედებითი აღტკინების მდგომარეობაში.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები