LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაში გვეხმარება სხეულის ენა – FM ქოუჩი

33
ana arceladze fmcoach

გადაცემის ლაივი LIVE

რაში გვეხმარება სხეულის ენა და როგორ ამოვიცნოთ თანამოსაუბრის  განწყობა – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “FM ქოუჩი” ტრენერმა ანა არველაძემ ისაუბრა.

რაში გვეხმარება სხეულის ენა?

კაცობრიობის  არსებობის დღიდან სხეულის ენა ევოლუციის მნიშვნელოვანი ნაწილია. მისი საშუალებით ადამიანი იბრძოდა გადარჩენისათვის, მოიპოვებდა საკვებს და სოციალურ სტატუსს. არისტოტელე და ციცერონი დაინტერესებულნი იყვნენ არავერბალური კომუნიკაციის თავისებურებების შესწავლით, თუმცა პირველ სრულყოფილ ნაშრომად სხეულის ენის მიმართულებით ითვლება ჩარლზ დარვინის „ემოციის გამოხატვის თავისებურებები ადამიანებსა და ცხოველებში“. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სხეულის ენა და მიმიკური სიგნალები არ წარმოადგენს ადამიანის გრძნობების და შეხედულებების 100%-იან  ინდიკატორს, გამომდინარე იქიდან, რომ ინდივიდს შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული  ნაკვთების წყობა, გენეტიური ფაქტორი, სხვადასხვა ჩვევები, განზრახ იყენებდეს სხვადასხვა ჟესტებს და ა.შ., მაგრამ ის ფაქტი, რომ წამყვანი ქვეყნების საგამოძიებო სამსახურები დღემდე იყენებენ სხეულის ენას , როგორც ერთ-ერთ ყველაზე ინფორმატიულ ინსტრუმენტს გამოძიების პროცესში,  მის მაღალ საიმედოობაზე მიუთითებს. არსებობს ძველი გამონათქვამი, როდესაც ადამიანებს ელაპარაკებით, მიეჩვიეთ თვალის გუგებზე დაკვირვებას, რადგან სწორედ გუგები გაცნობებთ ადამიანების ნამდვილი გრძნობების შესახებ. მართლაც, თითქმის შეუძლებელია გუგების გაფართოების ან შევიწროვების განზრახ გამოწვევა, მაშინ, როდესაც გაფართოება ჩვენთვის სასურველ და სასიამოვნო ობიექტზე ცქერის დროს ხდება, ხოლო ვიწროვდება სიცრუის, გაქცევის ან დამალვის სურვილის შემთხვევაში.

კომუნიკაციის დროს რამდენი პროცენტია არავერბალური კომუნიკაცია და სხეულის ენა?

მიუხედავად რამდენიმე საწინააღმდეგო შეხედულებებისა , ალბერტ მეჰრაბიანის კვლევით დასტურდება, რომ კომუნიკაციის მხოლოდ 7%-ს შეადგენს სიტყვები და მათი შინაარსი,  38 % არის ხმა, ტემბრი, ტონალობა და ინტონაცია, ხოლო 55% არის არავერბალური კომუნიკაცია და სხეულის ენა.

საინტერესოა, რომ ბევრი მითი არსებობს ჟესტებთან დაკავშირებით, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება. მაგალითად მიიჩნევენ, რომ სახეზე ან ცხვირზე ხელის შეხება, ეგრეთ წოდებული „პინოქიოს ჟესტია“, ფრჩხილების და ტუჩების კვნეტა სიცრუის მანიშნებელია, თუმცა თანამედროვე კვლევებით დასტურდება, რომ მსგავსი ქმედება შეიძლება გამოიწვიოს არაკომფორტულმა გარემომ ან სასაუბრო თემამ.

დომინირებს აზრი, რომ თუ თანამოსაუბრე საუბრის დროს არ გვიყურებს თვალებში, ეს გვიქმნის დიდ დისკომფორტს, თუმცა ყველაზე დიდი უსიამოვნების გამოწვევი, მოსაუბრის დამალული ხელებია, რომელიც გვიკარგავს მის მიმართ ნდობას და მის საუბარს ნაკლებად დამაჯერებელს ხდის. აქვე არ უნდა დავივიწყოთ ამ მხრივ კულტურული თავისებურებებიც- რამდენიმე ქვეყანაში, ჯერ კიდევ სითავხედედ ითვლება თვალებში მზერა.

არავერბალური კომუნიკაციის მნიშვნელოვან გზავნილს ვიღებთ ჩაცმულობით, სტილით, საყვარელი და დომინანტური ფერებით. საინტერესო ფაქტია, რომ როდესაც 2 მანდილოსანს ერთნაირად აცვია, ისინი ერთმანეთს კონკურენტად აღიქვამენ, ხოლო მამაკაცების შემთხვევაში, ძალიან მშვიდად და დაცულად გრძნობენ თავს, თუ სხვა მამაკაცსაც მათსავით აცვია.

არსებობს სხვადასხვა მოსაზრება, ხელების გადაჯვარედინებასთან დაკავშირებით. ზოგი სპეციალისტის აზრით, მცდარია შეხედულება, რომ აღნიშნული ჟესტი თანამოსაუბრის მიმართ ჩაკეტილობაზე მეტყველებს, რადგან შეიძლება ადამიანმა მაშინაც გადაიჯვარედინოს ხელები, როდესაც სრულიად მარტოა და აღნიშნული ჟესტი გამოიყენოს საკუთარ თავში ჩასაღრმავებლად, თუმცა სტუდენტებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა, რომელთაგან ერთ ჯგუფს ლექცია ხელებ-გადაჯვარედინებულ მდგომარეობაში უნდა მოესმინა, ხოლო მეორე ჯგუფს „თავისუფალი ჯდომის მანერით“, აჩვენა, რომ იმ სტუდენტებმა, რომლებიც ეგრეთ წოდებული „ჩაკეტილი„ სხეულის წყობით ისხდნენ ლექციაზე, მეორე ჯგუფთან შედარებით, მოსმენილის თითქმის 40 %-ით ნაკლები დაიმახსოვრა.

ხშირად გვთხოვენ რეკომენდაციას, თვითშეფასების ამაღლებასთან დაკავშირებით. დავაკვირდეთ თავდაჯერებული ადამიანების სხეულის მოძრაობას, მიმიკებს, მხრებს. უმეტეს შემთხვევაში მხრები გამართულია, ნიკაპი დაახლოებით 100 გრადუსიან  კუთხეს ქმნის ყელთან მიმართებაში,  და სიარულის მანერა არის დამაჯერებელი, მყარი. სცადეთ და თქვენც მათსავით იარეთ, მიუხედავად იმისა, რომ თავს არასაკმარისად თავდაჯერებულად თვლით. ამ მხრივ თავის ტვინის იმ უბნებში, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ჩვენს ჩვევებზე და თვისებებზე, ვაგზავნით სიგნალს, რომ ჩვენ ვართ თავდაჯერებულნი. ამ ქმედებით ბრძანბა ეძლევა ქვეცნობიერს, რომ გაამყაროს ჩვენი ამაღლებული თვითშეფასების განცდა.

რეკომენდაციები:

ნებისმიერი შეხვედრის, გასაუბრების ან უბრალოდ, ოჯახის წევრთან დიალოგის წინ, აუცილებლად უნდა განვაწყოთ საკუთარი თავი, რომ შევეცდებით მაქსიმალურად გავუგოთ მოსაუბრეს. ამ მხრივ შეგვიძლია გავზარდოთ თანამოსაუბრის მიმართ ემპათია და საუბარი უფრო გულწრფელად და სასიამოვნოთ წარვმართოთ. გამოიჩინეთ მის მიმართ ცნობისმოყვარეობა. აქ არ იგულისხმება მისი პირადი ცხოვრების დეტალებით, ან შემოსავლებით დაინტერესება, არამედ იმ საკითხის მიმართ, რომელზეც გესაუბრებათ. ხშირად ისინი ვერ პოულობენ სათანადო სიტყვებს და სითამამეს საკუთარი ემოციების, გრძნობების და პირადი შეხედულებების გამოსახვატავად და ამ დროს სწორად დასმული კითხვები გადამწყვეტად მნიშვნელოვანია. დავაკვირდეთ მისი საუბრის რითმს, იგი გვამცნობს, თუ რა ტემპში შეუძლია მის ტვინს მიღებული ინფორმაციის გადამუშავება და მაქსიმალურად ვეცადოთ, ჩვენც შესაბამის ტემპში ვესაუბროთ, რომ შეძლოს მიწოდეული ინფორმაციის აღქმა.

თუ თანამოსაუბრეს საუბრის დროს ხშირად მიაქვს ხელები გულთან, ე.ი აღნიშნული საკითხი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საუბრის დროს ხელისგულების ჩვენება გულწრფელობას მიუთითებს. საინტერესო ფაქტია, რომ თავისუფალ მდგომარეობაში ადამიანი წუთში საშუალოდ 6-8-ჯერ ახამხამებს თვალს და გახშირებული ხამხამი სიცრუის მანიშნებელია, ცხადია, თუ რაიმე თავისებურებით არ არის გამოწვეული. ასევე, შეგვიძლია განვასხვავოთ გულწრფელი ღიმილი ხელოვნურისაგან, ხელოვნური ღიმილის დროს, სახის მხოლოდ ქვედა ნაწილის კუნთები არის ჩართული, საკმაოდ ასიმეტრიულად, რომელიმე მხარეს უფრო მეტად არის ლოყა აწეული, ხოლო გულწრფელი ღიმილის დროს, პროცესში სახის ზედა ნაწილის კუნთებიც აქტიურად ერთვებიან. წარბები ოდნავ დახრილია და თავს იჩენს თვალების გარშემო მიმიკური ნაოჭები. საგულისხმოა, რომ რაც უფრო მცირეა მანძილი თანამოსაუბრეებს შორის, ეს მათ ემოციურ სიახლოვეს აღნიშნავს, ხოლო საუბრის დროს ხელების ზურგს უკან განლაგება – „არ მომიახლოვდე“-ს ნიშნავს, რასაც ხშირად სამეფო ოჯახის წევრები იყენებენ დისტანციის შესანარჩუნებლად.

არასოდეს გაიშვიროთ საჩვენებელი თითი მოსაუბრის მიმართ. ეს არის ძალიან დიქტატორული ჟესტი და ნამდვილად კრიტიკულად განაწყობთ თანამოსაუბრეს თქვენს მიმართ. ასევე არ არის რეკომენდირებული ჯიბეში ხელების ჩაწყობა საუბრის დროს.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები