LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არის პროექტის მენეჯერობა მომავლის პროფესია – FM ქოუჩი

38
tamuna-machavariani-coach

გადაცემის ლაივი LIVE

დღეს პროექტის მართვა ერთ-ერთი მოთხოვნადი მიმართულებაა, შესაბამისად ადამიანები სულ უფრო ხშირად ირჩევენ პროფესიად პროექტის მენეჯერობას. რატომ არის პროექტის მენეჯერობა მომავლის პროფესია – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “FM ქოუჩი” პროექტის მართვის ინსტიტუტის საქარველოს წარმომადგენლობის თანადამფუძნებელმა თამუნა მაჭავარიანმა ისაუბრა.

რას წარმოადგენს პროექტი და ვინ არის პროექტის მენეჯერი?

პროექტი, ეს არის დროებითი წამოწყება იმისათვის რომ შევქმნათ უნიკალური პროდუქტი, მომსახურება და/ან შედეგი. პროექტის მენეჯერი კი არის პროექტის გუნდის მიერ პროექტის მიზნების მიღწევაზე პასუხისმგებელი ადამიანი.

პროექტის მენეჯერი – ეს არის ცვლილების აგენტი (change agent), რომელიც პროექტის მიზანს გადააქცევს საკუთარ მიზნად, მიიღებს გამოწვევად და გამოიყენებს მთელს თავის ექსპერტიზას და გამოცდილებას, რათა პროექტის გუნდთან ერთად მიაღწიოს წარმატებას, რაც ნიშნავს პროექტის დასრულებას დაგეგმილ დროში, დაგეგმილი ბიუჯეტით და დაგეგმილი შინაარსით.

ადამიანებისათვის, ვისთვისაც ერთფეროვნება მიუღებელია, ვინც სულ სიახლისკენ ისწრაფვის, ვისაც აქვს კარგი უნარები და სურვილი რომ დიდი საქმეები დიდი მონდომებით და თავდადებით აკეთოს, მათთვის არის პროფესია – პროექტის მართვა. ასე დიდაქტიკურად რომ არ ვიმსჯელოთ რატომ არის პროექტის მენეჯერის პროფესია საინტერესო, ჩემს მაგალითზე გეტყვით.

რაში გვეხმარება აღნიშნული პროფესია?

მე, ერთმა გოგომ, ამ პროფესიის წყალობით შევძელი მქონოდა საინტერესო სამსახურები, მემუშავა საკმაოდ მაღალ პოზიციებზე, ამეშენებინა შენობები, დამენერგა ელექტრონული მართვის სისტემები, ინსტიტუციურად და ორგანიზაციულად გამეძლიერებინა საჯარო / კერძო / არასამთავრობო სექტორის ორგანიზაციები, მეწარმოებინა საზოგადოებასთან ურთიერთობა და მარკეტინგული აქტივობები. ამ პროფესიამ მომცა საშუალება მემუშავა უამრავ ისეთ სფეროში და პროფესიაში, რაზეც სხვა დროს ერთი ადამიანი ერთ ცხოვრებაში ვერც კი იოცნებებდა.

ჩვენი – პროექტის მენეჯერების საქმიანობა ყოველთვის შემოქმედებითია. ერთი პატარა შედარება მინდა მოვიყვანო. პროექტის მენეჯერები ძალიან ვგავართ ორკესტრის დირიჟორებს. პროექტი და ორკესტრი, ორივე საჭიროებს გუნდს, რომელთა წევრებსაც განსხვავებული როლები აქვთ. ზოგიერთი დიდი ორკესტრი შეიძლება 100 მუსიკოსისგან შედგებოდეს, რომლებიც 25 განსხვავებულ საკრავზე უკრავენ და თავიანთი განსხვავებული ჟღერადობით ქმნიან ერთ მუსიკას / წარმოდგენას. დირიჟორი უზრუნველყოფს რომ თითოეულმა საკრავმა და მუსიკოსმა სწორ დროს, სწორი ტემპით და სწორი ჟღერადობით დაუკრას, რათა არ დაირღვეს ჰარმონია და ორკესტრმა მსმენელს მოასმენინოს იმ მუსიკა, რაც დაწერა კომპოზიტორმა. რამდენადაც ვირტუოზია დირიჟორი, იმდენად ვირტუოზულად სრულდება წარმოდგენა, რადგანაც დირიჟორს შეუძლია ახალი და განსხვავებული სიცოცხლე შთაბეროს მუსიკას.

ასევეა პროექტშიც, სადაც პროექტის გუნდის წევრებს განსხვავებული კომპეტენციები და როლები აქვთ.  ისინი საკუთარი საქმის პროფესიონალები არიან, მაგრამ პროექტი მოითხოვს ბევრი სხვადასხვა ტიპის პროფესიონალის ურთიერთ თანამშრომლობას. როგორც ორკესტრშია შეუძლებელი, რომ საუკეთესო მევიოლინემ, დრამერმა და პიანისტმა მაშინ დაუკრან, როცა საჭიროდ ჩათვლიან და ის დაუკრან რაც მოუნდებათ, ასევეა პროექტშიც. სხვადასხვა კომპეტენციების პროფესიონალების სამუშაო უნდა დაგეგმოს პროექტის მენეჯერმა და უნდა უზრუნველყოს მათი კოორდინირებული მუშაობა, რათა პროექტის მიზნები წარმატებით შესრულდეს.  პროექტის მენეჯერის ვირტუოზობაზეა დამოკიდებული რამდენად კარგად წარიმართება პროექტი და რამდენად უნიკალურ შედეგს მოუტანს ის სპონსორს / ორგანიზაციას.


რატომ არის პროექტის მენეჯრობა მომავლის პროფესია?

პროექტის მენეჯერი ნამდვილად მომავლის პროფესიაა. მილენიალები და ახლა უკვე Gen-Z, ანუ 1990-იანების შუა წლებში დაბადებულები  ახალგაზრდები, საოცრად შრომის უნარიანები და პრაგმატულები არიან. ისინი ისწრაფვიან ფინანსური სტაბილურობისკენ, თუმცა ცხოვრებაში სხვა პრიორიტეტები აქვთ, გამომდინარე თუნდაც იქიდან რომ მათ მოზრდილობა არ გაუტარებიათ ყველაზე ბნელ 90-იანებში. შესაბამისად მათი პრიორიტეტი არ არის სტაბილურობა – ერთ სამსახურში მუშაობა. მათი პრიორიტეტი არის სწრაფი და ხშირი ცვლილება, უკეთესობისკენ. ისინი მუდმივად ისწრაფვიან ახალი გამოცდილების მისაღებად, რომელიც წინაზე უკეთესი იქნება. ისინი მზად არიან გამოიყენონ ის შესაძლებლობები, რომელიც მათ მიეცემათ ცხოვრებაში შემთხვევით ან დაგეგმილად. სწორედ პროექტის მენეჯერისთვის ყოველი ახალი პროექტი ახალი შესაძლებლობაა, რომელსაც თუ გამოიყენებს, მის ცხოვრებაში შეიძლება ახალი კარი გაიღოს.

თუ თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც სურს სამყაროს შეცნობა სხვადასხვა პერსპექტივიდან და გადმოსახედიდან, თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია ცვლილებების ეპიცენტრში ყოფნა და ცვლილებების მართვა, თუ თქვენ გაქვთ ამბიცია რომ შეგიძლიათ შეცვალოთ სამყარო, მაშინ ეს პროფესია – პროექტის მართვა, თქვენთვის არის.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები