LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ იკლო ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპმა/ როგორ ემზადება ცესკო 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის/ დებატები, როგორც პოლიტიკური კულტურა/ კვირის თემის პოდკასტი

5
fortuna.ge (34)

წინასაარჩევნო პოლიტიკური გარემო ყოველდღიურად მწვავდება – როგორ ემზადება ცესკო 2 ოქტომბრისთვის, მაშინ როცა ყველა პოლიტიკური ფლაგი სპეკულაციებზე საუბრობს? – გიორგი კალანდარიშვილი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე;

რატომ იკლებს ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი? – ხათუნა ზახაშვილი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

დებატების კულტურა და  პოლიტიკური დებატები საქართველოში – თინათინ ცერცვაძე, GIDE-ის დამფუძნებელი (საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის დამფუძნებელი)

 

მოხსნილია ბევრი კითხვის ნიშანი და გადაზღვეულია რისკები, რაც გასულ წელს იყო – როგორ ემზადება ცესკო 2 ოქტომბრისთვის

 

როგორ ემზადება ცესკო 2 ოქტომბრისთვის, მაშინ როცა ყველა პოლიტიკური ფლაგი სპეკულაციებზე საუბრობს? – ამ საკითხზე ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ისაუბრა.

 

 

მისი თქმით, მაქსიმალურად შეეცადნენ აღმოფხვრილიყო წინა წლებში არსებული ხარვეზები და ამ მიზნით ძალიან ბევრი საქმე განხორციელდა, რის შედეგად, ცესკო-ს თავმჯდომარის განმარტებით, გაიზარდა გამჭვირვალობის, ინკლუზიურობის ხარისხი, რაც კალანდარიშვილის განცხადებით, არის იმის წინაპირობა, რომ ეს არჩევნები იქნება ბევრად უკეთესი.

“ცხადია, ავიღე პასუხისმგებლობა და თქვენ კარგად ხედავთ განხორციელებულ პროექტებს და იმ უწყვეტ საინფორმაციო კამპანიას იმისთვის, რომ ყველას ჰქონდეს ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა კეთდება, როგორ, რისთვის და რატომ. თუ ამ ყველაფრის შემდეგ იარსებებს კითხვის ნიშნები ჩვენ მზად ვართ გავცეთ პასუხი, მაგრამ მთავარია, რომ დღეს არსებობს ყველანაირი სამზადისი, რომელიც იძლევა ამ არჩევნების უკეთესად ჩატარების შესაძლებლობას”,- განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარემ.

კითხვაზე, წინასაარჩევნო პოლიტიკური გარემოს ყოველდღიურად გამწვავების ფონზე, მაშინ როცა ყველა პოლიტიკური ფლაგი სპეკულაციებზე საუბრობს, ნდობის საკითხი რამდენად არის გამოწვევა დღეს ცესკოსთვის, გიორგი კალანდარიშვილი ასე პასუხობს:

“ნდობას და რეპუტაციას ზოგადად განაპირობებს გაკეთებული საქმეები, რომელიც უკავშირდება ამ შემთხვევაში კონკრეტულ სამზადის 2 ოქტომბრის არჩევნებისა და იმ ორ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს რომელსაც ჰქვია გამჭვირვალობა და საარჩევნო პროცესებში ჩართულობა, იგივე ინკლუზიურობა. ზუსტად ამაზე მიუთითებს ჩვენი სლოგანი – „ერთად ვატარებთ არჩევნებს“.

ახალმა საარჩევნო რეფორმამ უზრუნველყო იმ ცვლილებების განხორციელება, რომელიც გულისხმობს გაზრდილ კომისიების შემადგენლობას. დღეს კომისია 17 წევრით არის წარმოდგენილი და ამ 17 წევრში 8 პროფესიული ნიშნით არის არჩეული. 9 პოლიტიკური გაერთიანებების მიერ არის დანიშნული. ამ ცხრაში ერთი არის მმართველი გუნდის მიერ, ხოლო რვა ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული, რაც თავის მხრივ მიუთითებს იმაზე, რომ პროცესი არის უკვე ინკლუზიური.

ჩვენი ვალდებულება არის მაქსიმალურად ვუზრუნველყოთ ამ პირთა ხელმისაწვდომობა ყველა იმ აქტივობაზე, რომელიც საერთო ჯამში ემსახურება ამ არჩევნების ორგანიზებას და ჩატარებას. კანონის სულისკვეთება იყო, რომ ეს ადამიანები იყვნენ პროცესში ჩართულები და პასუხისმგებლობა ერთობლივად იყოს აღებული. ჩვენ ერთად უნდა ავიღოთ ამ პროცესებზე პასუხისმგებლობა.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ კომისიები არის კოლეგიური ორგანოები, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებას, თავმჯდომარე, მოადგილე იქნება, მდივანი თუ ერთი კონკრეტული რიგითი წევრი არ იღებს იმ ჭრილში, რასაც ჰქვია პასუხისმგებლობის ამ პირებზე წამოსვლა. ჩვენ ერთად უნდა ავიღოთ ამ პროცესებზე პასუხისმგებლობა.

ჩვენ კენჭისყრის დღეს ცესკოს გადაწყვეტილებით, ოპოზიციის პარტიის მიერ დანიშნულ წევრებს მივეცით შესაძლებლობა, რომ წილისყრის გამოვლენის შემთხვევაში ისინი ყოფილიყვნენ უფლებამოსილი პირები, რომლებიც კამერების ზედამხედველობის პროცესს განახორციელებენ. პირადად ჩემი ინიციატივა იყო, რომ ყველა პარტიის მიერ დანიშნულ წევრს, რომელსაც ცესკოში აქვს ადგილი, კენჭისყრის ღამეს, იმ ინფორმაციის ცენტრში, სადაც განთავსდებიან ოპერატორები და ინფორმაციის შეყვანას მოახდენენ, სწორედ მათ წარმოადგინონ ორ-ორი ოპერატორები, რომლებიც განახორციელებენ უშუალოდ ამ პროცესს.

ცხადია, რომ ასეთი ტიპის ფართოდ კარების გახსნა, ხელმისაწვდომობა და ჩართულობა ამ ადამიანების, ბუნებრივია, უზრუნველყოფს გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის დადგენას და ინკლუზიურობის ხარისხის გაზრდას.

ეს არის ორი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც აზღვევს ერთი მხრივ, რეპუტაციის რისკებს და ასევე, სანდოობის კუთხით, ხსნის ყველა კითხვის ნიშანს, რომელიც შეიძლება, საზოგადოებას ჰქონდეს.

გასაგებია, რომ არის კრიტიკა, ბევრი სუბიექტური თუ ობიექტური აზრები, მაგრამ მთავარია შევთანხმდეთ იმაზე, რომ ვიყოთ კონსტრუქციულები. მოხსნილია ბევრი კითხვის ნიშანი და გადაზღვეულია ის რისკები, რაც გასულ წელს იყო. ამ ყველაფრის შედეგად მივიდეთ და ერთხელ და სამუდამოდ ჩავატაროთ ისეთი არჩევნები, რომელიც ქართველ ამომრჩეველს ეკუთვნის”,- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

როგორც ცესკო-ს თავმჯდომარემ აღნიშნა, არჩევნები ჩატარდება იმ წესის შესაბამისად, რასაც მოქმედი კანონმდებლობა და არსებული რეგულაციები ითვალისწინებს, ხოლო პოლიტიკური დატვირთვა და შეფასებები პოლიტიკური სპექტრის განსჯის საკითხია.

რაც შეეხება საარჩევნო სიებში ე.წ. მკვდარი სულების საკითხს, რომელიც წინა წლებში მუდმივად იყო განხილვის საგანი, კალანდარიშვილი ამბობს, რომ ამ სიების საკითხი აღარ არის აქტუალური, ვინაიდან ყოველი არჩევნების წინ “ზედმიწევნით ხდება ამ სიების სრულყოფა და დახვეწა”.

“კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-18 დღე არის ის ვადა, როდესაც ცესკოს გადმოეცემა განახლებული მონაცემები სხვადასხვა უწყებების მიერ. ბუნებრივია, სამწუხაროდ, ამ 18 დღიან პერიოდში ხდება გარდაცვალება. შესაბამისად, დამატებით ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე კენჭისყრის დღემდე, გარკვეული პერიოდით ადრე, კიდევ ერთხელ მივმართავთ სააგენტოს და ვთხოთ მათ, რომ განახლებული ინფორმაცია მოგვაწოდონ.

აქვე, საზოგადოებამ მინდა ძალიან კარგად იცოდეს, რომ თუ პირის გარდაცვალება არ დასტურდება შესაბამის უწყებებში, სერვისების განვითარების სააგენტოში და მათ არ აქვთ ოფიციალური მოწმობა პირის გარდაცვალების შესახებ და ეს ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციას არ მოეწოდება, სამწუხაროდ, ჩვენ არ ვართ ის უფლებამოსილი პირი, რომელსაც შეუძლია მოახდინოს აღნიშნული პირის გარდაცვალების დადასტურება”,- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ კოვიდუსაფრთხოების თვალსაზრისით ადმინისტრაცია კოორდინაციაშია ჯანდაცვის უწყებებთან, რათა კენჭისყრის დღეს იყოს უსაფრთხო გარემო.

“კენჭისყრის დღეს ცენტრალურ და საოლქო კომისიაში მისული პირებისთვის სავალდებულო იქნება სწრაფი ან პისიარ ტესტირება. რამდენიმე დღეა მოვახდინეთ მთავრობის განკარგულების პროექტის ინიცირება და წარდგენა. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს საკითხი დადებითად გადაწყდება. ადგილზე, 73-ივე ოლქში უზრუნველყოფილი იქნება მობილური ჯგუფი, რომელიც მოახდენს ამ უფლებამოსილი პირების სწრაფ ტესტირებას. რაც შეეხება კენჭისყრის დღეს, ამომრჩეველს მხოლოდ პირბადის ტარება მოეთხოვება სავალდებულოდ. მხოლოდ რამდენიმე წამით, ორჯერ მოუწევთ პირბადის ჩამოხსნა, რათა მოხდეს მათი იდენტიფიცირება. უზრუნველყოფილი იქნება ინდივიდუალური კალმები.

რაც შეეხება მედიას და დამკვირვებლებს, ისინი თერმოსკრინინგს გაივლიან, თუ სიცხის შემთხვევა დადასტურდება, ამ პირებს ექნებათ ჩანაცვლების შესაძლებლობა. უბნის წევრები კი საჭირო ეკიპირებით იქნებიან აღჭურვილები”,- განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარემ.

 

 

 

რატომ იკლო ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპმა?

 

ბოლო დღეების განმავლობაში, ყოველდღიურად ვაქცინირებულთა რიცხვი 15 000-ს ვერ სცდება. უნდა აღინიშნოს, რომ მათი უმეტესობა ვაქცინის მეორე დოზაა. არადა, ვაქცინაციის გეგმის თანახმად, 2021 წლის მიწურულს, საქართველო მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის სრულად ვაქცინირებას გეგმავდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” განმარტა, რატომ იკლო ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპმა.

 

ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, შემთხვევების შემცირებამ ხალხი მოადუნა, რამაც შესაძლოა, უარყოფით შედეგი გამოიღოს.

“ძალიან დიდი ტალღა იყო მოსახლეობის, რომელსაც სურდა და ელოდებოდა ვაქცინებით ჩვენი შესაძლებლობების გაჯერებას და ივლისის ბოლოდან აგვისტოს თვის მანძილზე დიდი რაოდენობით ვაქცინაცია სწორედ ამ ადამიანებს უკავშირდება. გარდა ამისა, ეს იყო პირდაპირ კავშირში ავადობის მატებასთან კოვიდ 19-ის. ცნობილია, რომ ზუსტად იმ პერიოდში შემთხვევების აღმავალ ტალღაზე ვიდექით, რაც ყოველთვის არის ასოცირებული ადამიანების მეტ მობილიზაციასთან აცრებთან დაკავშირებით, მეტი ადამიანი მიდის ასაცრელად.

ახლა დაღმავალი ტალღაა, შემთხვევები მცირდება, ამდენად, მოდუნების განწყობაზე აყენებს მოქალაქეებს და იმ განწყობაზე, რომ შეიძლება დროებით გადავდოთ ვაქცინაცია. მოდი, დაველოდოთ სხვა პერიოდს ან ახლა არ მცალია და ა.შ.

ზედმეტმა მოდუნებამ საბოლოო ჯამში, შეიძლება, უარყოფითი შედეგი გამოიღოს და ამ პროცესის გადადება ნამდვილად არ არის ხელსაყრელი ჩვენი ქვეყნისთვის.

ეს დაავადება ასოცირებულია ძალიან დიდ აფეთქებებთან, დიდ ეპიდემიურ მატებასთან, ბევრ ჰოსპიტალურ შემთხვევებთან, რაც იწვევს ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვას და ასევე, სამწუხაროდ, იმ ლეტალურ შემთხვევებთან, რომელიც გარდაუვალია ამ დაავადების შემთხვევაში”,- აღნიშნა ხათუნა ხაზაშვილმა.

შეკითხვაზე, ვაქცინაციის ნდობის შემცირება ხომ არ შეიძლება განვიხილოთ ერთ-ერთ მიზეზად იმუნიზაციის ტემპის შემცირებისა, ზახაშვილი ასე პასუხობს:

“რა თქმა უნდა, ანტივაქსერული მოსაზრებები ადამიანებზე ახდენს გავლენას. ეს არის გავლენა იმ ადამიანებზე, რომლებიც ჯერ კიდევ ჭოჭმანობენ და არ აქვთ გადაწყვეტილი ვაქცინაციის ჩატარება, თუმცა დარმწუნებული ვარ, ამ ადამიანებისთვის რამდენიმე თვალსაჩინო მაგალითი, რომელიც დღესდღეობით არსებობს საკმარისი იქნება. მთავარია მათ ყურამდე სწორად და დროულად მივიტანოთ ინფორმაცია, რაოდენ მნიშვნელოვანია დღეს აცრების ჩატარება თითოეული ადამიანის, ჩვენი გარშემომყოფების სიცოცხლის გადარჩენისთვის და საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ჭოჭმანობს, ჯერ ვერ მიიღო გადაწყვეტილება ვაქცინაციის სასარგებლოდ, აუცილებლად მიმართავს ვაქცინაციას.

რაც შეეხება საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილს, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს და მედგრად სჯერა, რომ ვაქცინა არ უნდა გაიკეთოს, მათი ამ რწმენის შერყევა ცოტა უფრო ძნელია და საჭიროა უფრო ღრმა, ხანგრძლივი და დაბეჯითებითი მუშაობა, იმისთვის, რომ მათ ეს მოსაზრება შეეცვალოთ”,- განაცხადა ხათუნა ხაზაშვილმა “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა”.

 

ველით, ველით რა თქმა უნდა – ხათუნა ზახაშვილი მეხუთე ტალღაზე

 

ველით, ველით რა თქმა უნდა, მაგრამ წინასწარ რადიკალური პასუხის გაცემა, როდის იქნება კონკრეტულად მეხუთე ტალღა მგონია, რომ ნაადრევია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” განაცხადა.

ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, ქვეყანაში მორიგი მატების ტალღა რა თქმა უნდა, მოსალოდნელია.

ამ პროგნოზის ფონზე, ზახაშვილი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ და დაწესებული რეკომენდაციების პირნათლად შესრულებისკენ მოუწოდებს.

“ჯერჯერობით ვართ კლების ტალღაზე. მას შემდეგ, რაც ჩვენი მოსახლეობის მობილობა გაიზრდება, ეს დაკავშირებული იქნება სასკოლო განათლების დაწყებასთან, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა მოვუხმოთ სიფრთხილის ზომებს, ამაში ვგულისხმობ იმუნიზაციას, ყველას ვისაც ასაკობრივად ესაჭიროება ჩაიტაროს ვაქცინაცია და ყველამ გამოიყენოს ნიღაბი, დაიცვას დისტანცია.

სამწუხაროდ, ეს ინფექცია გამოირჩევა ვერაგობით, ადამიანებს ძალიან დიდი ხანი აწვალებს და ზოგ შემთხვევაში, ექიმების შრომა რჩება ხოლმე დაფასების გარეშე და ადამიანები იღუპებიან კორონავირუსით. ეს ხდება დაავადებიდან ერთი თვის, თვენახევრის თავზე.

როდესაც ავადობა მატულობს, ჩვენი შიშიც ეს არის ხოლმე, შეიძლება დაავადებაში გარდატეხა შეიტანო,მკაცრი რეგულაციებით, მკაცრი შემზღუდავი ღონისძიებებით, მაგრამ სიკვდილიანობის მაჩვენებელზე ეს ნაკლებად აისახება. სამწუხაროდ, ბევრი დაავადებული ბევრ სიკვდილთან არის ყოველთვის ასოცირებული.

ჯამურად, სიკვდილიანობის რაოდენობა დაკლებულია, მაგრამ ჯერ კიდევ მოსალოდნელია, რომ არასასიამოვნო რიცხვებთან გვექნება საქმე”,- განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა”.

 

“უვადო ვაქცინის გამოყენება ამ ქვეყანაში გამორიცხულია” – დადგება თუ არა “ბუსტერ” ვაქცინაციის საჭიროება

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” განმარტა, რატომ იკლო ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპმა.

წამყვანის შეკითხვაზე, თუკი ვაქცინაციის ტემპი ნელი ტემპით წავა, ხომ არ მიიღებს გადაწყვეტილებას ვაქცინაციის საბჭო, რომ ქვეყანაში ვაქცინაცია 12 წლიდან დაუშვას ან გამოიყენოს ე.წ. ბუსტერ დოზები, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა, რომ საჭიროებისდა მიხედვით, ვაქცინაციის ასაკობრივი ჯგუფები გაფართოვდება და შესაძლებელია ბუსტერ ვაქცინაციის საჭიროებაც დადგეს დღის წესრიგში.

“რაც შეეხება “ბუსტერ” დოზის საჭიროებას, ეს განიხილება რამდენიმე ქვეყნის მაგალითზე, რომლებმაც შემოიღეს ბუსტერ დოზის საჭიროება გარკვეული ასაკობრივი ჯგუფებისთვის.

ჩვენ დაბეჯითებით ვსწავლობთ სხვა ქვეყნების გამოცდილებას. ასევე, მიმდინარე პროცესების კვალდაკვალ მუდმივად ხდება ამ რეკომენდაციების განახლება ქვეყნის შიგნით ექსპერტთა საბჭოს მიერ. დაველოდოთ მათ და ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას”,- აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ასევე, გამოეხმაურა ამირან გამყრელიძის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ მიმდინარეობს მსჯელობა კოვიდგადატანილები ერთჯერადად აიცრან. ზახაშვილმა იმ ქვეყნების გამოცდილებაზეც ისაუბრა, სადაც კოვიდგადატანილ მოქალაქეებს ერთჯერადად ცრიან.

“როდესაც კოვიდგადატანილი აქვთ და ორჯერად არიან ვაქცინირებული, ეს მხოლოდ სასარგებლოდ მუშაობს მის იმუნურ სისტემაზე და მეტად კარგ დაცვას მისცემს კოვიდის განმეორებითი შემთხვევებისგან. მათ ჯანმრთელობას საფრთხე ნამდვილად არ ექმნება.

რაც შეეხება კოვიდგადატანილებისთვის მხოლოდ ერთჯერად ვაქცინაციას, ასეთ პრაქტიკას მართალია მიმართავს ზოგიერთი ქვეყანა, არა მარტო იმისთვის, რომ ერთი აცრაც კი საკმაოდ კარგ დაცვას იძლევა კოვიდგადატანილებში, არამედ იმ ვაქცინის  ეკონომიისთვის, რომელთაც მიმართავენ ის ქვეყნები.

საქართველო თვლის, რომ ჩვენი ვაქცინის მარაგი საკმარისია. უვადო ვაქცინის გამოყენება ამ ქვეყანაში გამორიცხულია. ამას თავისი მარეგულირებელი ჰყავს. საკმაოდ, მკაცრად კონტროლდება ქვეყანაში ვაქცინის ვარგისიანობის ვადა და თითოეული დოზა საკმაოდ, კარგი ზედამხედველობის ქვეშაა”,- განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა”.

 

თუ ვაქცინის ერთი დოზის შემდეგ დაინფიცირდით, რა ვადებში შეგიძლიათ აცრა

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” საქართველოში არსებულ ეპიდვითარებაზე, ვაქცინაციის შენელებულ ტემპსა და მოსალოდნელ მეხუთე ტალღაზე ისაუბრა.

 

ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, ქვეყანაში შემთხვევების მორიგი მატების ტალღა მოსალოდნელია. ამ პროგნოზის ფონზე კი აუცილებელია ადამიანებმა რაღაც მიზეზთა გამო, არ გადადონ ვაქცინაცია.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იმ შემთხვევაში თუ ვაქცინის ერთი დოზის შემდეგ დაინფიცირდა ადამიანი, რა ვადებში შეუძლია მას აცრა ან შეუძლია თუ არა გარკვეული პერიოდით გადადოს, ზახაშვილი ასე პასუხობს:

“თუ ადამიანი დაავადდა კოვიდით, დადასტურებიდან ერთი თვის თავზე მას შეუძლია მიმართოს ვაქცინაციის ცენტრებს ვაქცინის დოზის მისაღებად, ეს შეეხებათ როგორც პირველ, ასევე მეორე დოზებს.

ანუ იმ შემთხვევებს, როდესაც ადამიანი დაავადდება და შემდეგ გადაწყვეტს ვაქცინაციას ან პირველი დოზის შემდეგ მოხდება მისი დაავადება. ამ დაავადების შემდეგ ერთი თვის თავზე შეუძლია ჩაიტაროს მეორე დოზით იმუნიზაცია”,- განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა “ფორტუნას” ეთერში.

 

ზახაშვილი: ეს დაავადება ჯერჯერობით არსად არ გაქრება, იარსებებს და პერიოდულად გამოიწვევს ავადობის მატებას

გავითვალისწინოთ, რომ მოდის შემოდგომა-ზამთრის სეზონი, რაც ჩვენს დახურულ სივრცეებში ყოფნას გაზრდის, ეს კი გადადების ალბათობას კიდევ უფრო მაღალს ხდის. დღეს დროა, ყველანი წავიდეთ აცრებზე, – ამის შესახებ “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მხოლოდ ჩვენს ქცევასა და ქვეყანაში აცრილთა რაოდენობაზეა დამოკიდებული, რამხელა მსხვერპლი გვექნება ამ დაავადების გამო.

“ჩვენ პანდემიის პირობებში დავდივართ დანის პირზე და ძალიან ფრთხილი წონასწორობის დაცვა გვიწევს ყოველ ჯერზე, რათა ერთი მხრივ, შევინარჩუნოთ ადამიანთა ჯანმრთელობა, სიცოცხლე და მეორე მხრივ, ქვეყნის მდგრადობა.

ეს დაავადება ჯერჯერობით არსად არ გაქრება, ის იარსებებს და პერიოდულად გამოიწვევს ავადობის მატებას. მხოლოდ ჩვენს ქცევაზე და იმაზე თუ რამდენად კარგად გვეყოლება ქვეყანა აცრილი არის დამოკიდებული, რამხელა მსხვერპლი გვექნება ამ დაავადების გამო.

თუ ჩვენ გვინდა რომ მსხვერპლი იყოს მინიმალური, თუ გვინდა რომ იმუშაოს სკოლებმა, უმაღლესმა სასწავლებლებმა საკლასო რეჟიმში და ჩვენმა მომავალმა თაობამ მიიღოს ადეკვატური განათლება, ამისთვის ყველამ უნდა გადავდგათ ნაბიჯი.

დღეს, ყველა იმ ადამიანმა, ვინც კი ზრუნავს ჩვენს მომავალ თაობაზე უნდა იფიქროს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას, იმისთვის, რომ ხვალიდელი, ზეგინდელი მატების ტალღა არ იყოს ისეთი მძიმე, როგორიც იყო აგვისტოს ტალღა და შარშან შემოდგომის სეზონი”,- განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა”.

 

 

 

დებატების კულტურა და  პოლიტიკური დებატები საქართველოში

როგორია საქართველოში დებატების და კონკრეტულად პოლიტიკური დებატების კულტურა – საკითხზე “კვირის თემაში” საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის (GIDE) ხელმძღვანელმა თინათინ ცერცვაძემ ისაუბრა.

 

 

“ცხადია, რაც კაცობრიობა არსებობს და საუბრობს, იქიდან მოყოლებული დებატები, კამათი და დაპირისპირება მუდმივად არის და ამხელა ცივილიზაციამ ეს დამოკიდებულება ასე ვთქვათ, ვერ შეცვალა. რამდენად არის ეს მოწესრიგებული, ეფექტიანი, საქმეზე ორიენტირებული ან რაიმე პოზიტივის მომტანი – ეს არის ის მთავარი შეკითხვა, რაც შეიძლება დებატებთან დაკავშირებით განვიხილოთ განსაკუთრებით პოლიტიკური ბატალიების დროს, როდესაც ტემპერატურა მაღალია.

კულტურულად ექსპრესიული საზოგადოება ვართ და ცხადია, რომ კამათი და ის, რომ ერთმანეთს რაღაც დავუსაბუთოთ ძალიან ხშირია ხოლმე. თუმცა მნიშვნელოვანია, რამდენად ხდება ეს ისეთი ცივილური სახით, როგორიც ჩვენ გვინახავს დასავლურ ევროპულ ქვეყნებში ან რამდენად ხდება იმ გამოცდილების, ცოდნის საფუძველზე, რომელიც უკვე ზრდასრულ ადამიანს უნდა ჰქონდეს, იმისთვის, რომ მან საჯაროდ ისაუბროს ან რაიმე დაასაბუთოს.

მე უფრო ასე დავსვამდი ამ საკითხს ჩვენს პოლიტიკოსებთან მიმართებაში, იმიტომ რომ ისინი ხელის ცეცებით იწყებენ ხშირად.

ნიჭით, უნარით ვინც როგორ არის დაჯილდოებული, იმის მიხედვით გამოსდით ან არ გამოსდით ხოლმე ეს საქმე. დებატში იგულისხმება არა მხოლოდ დაპირისპირება, არამედ საჯაროდ გამოსვლაც, ამის ხარჯზე ცდის და შეცდომის მეთოდით სწავლობს თვითონ როდის და როგორ არის უკეთესი მოიქცეს, ისაუბროს ან გააკეთოს.

ამ დროს, სინამდვილეში მრავალი წელია არსებობს აკადემიური ფორმა, რომელსაც საქართველოში 20 წელზე მეტია რაც ვნერგავთ და ჰქვია – დებატების სასწავლო პროგრამა. უკვე მოზარდებშიც ისწავლება ხოლმე.

ალბათ, გაჩდება კითხვა, თუ ამდენი ხანია ვასწავლით, როდის უნდა დავინახოთ შედეგი – სამწუხაროდ, ამას მხოლოდ ჩვენ, ერთი ინსტიტუცია, სწავლება ვერ უშველის. ბევრი რამ სისტემურად უნდა შეიცვალოს და ისე აეწყოს ყველაფერი, რომ ორიენტირებული იყოს კონსტრუქციულ მსჯელობაზე, კრიტიკულ აზროვნებასა და არგუმენტირებულ დასაბუთებაზე. ამიტომაც არის, რომ დიდი ძვრა ვერ მოვახდინეთ. ჩვენ რაღაც ერთი მიმართულებით მივდივართ, ამ ტექნიკას ვასწავლით, ვავითარებთ ახალგაზრდებს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, რადგან გვერდიდან გამამყარებელი ფუნდამენტი ჩვენ არ გვაქვს საგანმანათლებლო სისტემაში”,- აღნიშნა თინათინ ცერცვაძემ.

14-17 წლამდე მოზარდებისთვის, თბილისში დებატების სკოლა იხსნება

 

პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში „თბილისის დებატების სკოლა“ ახალი მოსწავლეების მიღებას აცხადებს.

რომელთაც მიეცემათ უნიკალური შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ყველა აქტივობასა, კონკურსსა თუ ტურნირში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის (GIDE) ხელმძღვანელმა თინათინ ცერცვაძემ “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” ისაუბრა იმ შესაძლებობაზე, რომელიც დაინტერესებულ მოზარდებს მიეცემათ.

როგორც თინათინ ცერცვაძემ აღნიშნა სასწავლო პროგრამა ხელს შეუწყობს ისეთი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, როგორიცაა კონსტრუქციული მსჯელობა, არგუმენტაცია, მასალების მოძიება, გუნდურობა, დროის მართვა, ოპონენტის პატივისცემა და სხვა.

“თბილისში ახლა ვხსნით დებატების სკოლას. გვაქვს მიღება 14-17 წლამდე მოზარდების, რომელთაც არაჩვეულებრივი შანსი ეძლევათ ისწავლონ ეს პროგრამა საკმაოდ ხანგრძლივად. ეს არ არის ერთჯერადი გადამზადება. ეს არის რუდუნებით, ეტაპობრივად ამ ყველაფრის დასწავლა, გავარჯიშება.

ერთი სასწავლო წელი არის აუცილებელი, რომ ეს პროგრამა გაითავისონ. ჩვენ როგორც საერთაშორისო ორგანიზაციის წევრები მუდმივად ვმონაწილეობთ შეკრებებში, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან იღებენ ორგანიზაციები მონაწილეობას და იქ არაჩვეულებრივი შედეგები გვაქვს.

ის, რომ შევძლოთ დავამუშაოთ მასალა, სწრაფად გავაანალიზოთ. შევქმნათ არგუმენტები მტკიცებულებაზე დაყრდნობით, შევძლოთ ისეთი ოპონირება, რომ პატივს ვცემდეთ ოპონენტს, ისეთი სახის გუნდურობა, რომ ერთმანეთის მხარდაჭერით ვაღწევდეთ წარმატებას, დროში ვმართოთ ეს ყველაფერი – ეს არის ის მინიმალური, რომელიც ძალიან კარგად ისწავლება ჩვენი ტექნიკის და სასწავლო პროგრამის საშუალებით”,- განაცხადა თინათინ ცერცვაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ მათ მიერ ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ აღნიშნული სწავლება ძალიან ეფექტიანია.

“ახლახან ჩავატარეთ კვლევა. ერთ-ერთი პროექტი – “ფუნდამენტური დებატები უკეთესი განათლებისთვის” მოიცავდა კვლევას, რომლითაც დავადასტურეთ, რომ ნამდვილად ხდება ისეთი ცვლილებები მოზარდებსა და ზრდასრულებშიც, რომელიც პიროვნულ დონეზეც კი აისახება მათი პოზიტიური განვითარების თვალსაზრისით.

ყველაზე მნიშვნელოვანია ის მიღწევები, რაც არის მოზარდებთან. მათთან გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ძალიან სწრაფად მივაღწიოთ შედეგს, კარგად განვითარდნენ და სწავლებამაც ხარისხიანი შედეგი მოიტანოს, რასაც ჩვენ ყველაზე ხშირად ველით. ამიტომაც თუკი ჩვენ რაიმე გვინდა გავაძლიეროთ სწორედ მოზარდებში ამ კულტურის დანერგვა და ამ ტექნიკის სწავლებაა”, – განაცხადა თინათინ ცერცვაძემ.

დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ისაუბრა საქართველოში არსებულ დებატების კულტურაზეც.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები