LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ მოექცა საკრებულო პოლიტიკური დაპირისპირების ეპიცენტრში / რა (არ) ვიცით ომიკრონის შესახებ / “კვირის თემის” პოდკასტი

8
@fortuna106.9 (2)

საქართველოს მუნიციპალიტეტებში საკრებულოებმა განახლებული შემადგენლობით მუშაობა უკვე დაიწყეს  – რა გამოწვევები აქვს თბილისს და როგორ აპირებს დედაქალაქის საკრებულო მაცხოვრებლების პრობლემების გადაჭრას, სადაც ყოველი სხდომა პოლიტიკური დაპირისპირებისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობს? – გადაცემის სტუმარია თინათინ ნიბლოშვილი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

 

რა (არ) ვიცით ომიკრონის შესახებ?  რატომ  ვრცელდება ურთიერთგამომრიცხავი ცნობები კორონავირუსის ახალ შტამზე, რომლის გავრცელებასაც საქართველოში უახლოეს მომავალში ვარაუდობენ – „კვირის თემის“ სტუმარია ალექსანდრე გოგინავა, ინფექციონისტი

 

ეს საუკუნის პროექტია, ძალიან მალე დაიწყება ავარიული კორპუსების ჩანაცვლება, უკვე შერჩეულია რამდენიმე ლოკაცია – თინათინ ნიბლოშვილი

 

რა გამოწვევები აქვს თბილისს და როგორ აპირებს დედაქალაქის საკრებულო მაცხოვრებლების პრობლემების გადაჭრას, სადაც ყოველი სხდომა პოლიტიკური დაპირისპირებისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობს? – ამ თემაზე „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა ისაუბრა.

 

 

არსებულ გამოწვევებზე საუბრისას, მან რამდენიმე საკითხზე, მათ შორის, სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე, განხორციელებულ სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.

თინათინ ნიბლოშვილის განცხადებით, ეკოლოგია, ჯანდაცვა, ინფრასტრუქურული და სოციალური პროექტები კვლავ რჩება საკრებულოს პრიორიტეტულ საკითხად.

„დედაქალაქის მოსახლეობა დამეთანხმება, რომ ჩვენი ქალაქი დღეს ბევრად უფრო მწვანეა, ბევრად უფრო ცოცხალია, ვიდრე იყო 4 წლის წინ. ახალ გაკეთებულ სკვერებში ვხედავთ ძალიან ბევრ ადამიანს. განხორციელდა ტაქსების რეფორმა, ყველა  თეთრი ფერის გახდა.აღარ ვსაუბრობ ახალ ავტობუსებზე. დააანონსა დედაქალაქის მერმა, რომ ქალაქში კიდევ 200 ავტობუსი შემოვა, რომელიც გაჩერებაზე მოსვლის დროს 7 წუთამდე შეამცირებს, რაც კიდევ უფრო კომფორტულს გახდის საზოგადოებრივი ტრასპორტით გადაადგილებას.

კიდევ ერთი გამოწვევაა ურბანული პოლიტიკა – ქაოტური განაშენიანების დასრულება ამ ქალაქში. ვფიქრობ, დედაქალაქის მთავრობამ ძალიან ბევრი გააკეთა ამ მიმართულებითაც.

დედაქალაქის ბიუჯეტის ძალიან დიდი ნაწილი არის სოციალური მიმართულებით, იგივე უფასო სასადილოების ნაწილში. ჯანდაცვის მიმართულებით, კერძოდ, ოპერაციების დაფინანსება. ასევე, მერმა დააანონსა 500 ლარიანი ვაუჩერები პენსიონერებისთვის. ყველა ის შესაძლებლობა, რაც შეჭირვებულ ადამიანებს დაეხმარება, მაქსიმალურად იქნება გამოყენებული. ბევრი პროექტი შევაჩერეთ პანდემიის გამო. მაგალითად, ქეთევან წამებულის გამზირი, რომელიც ახლა უნდა განხლდეს. ნომერ პირველი პრიორიტეტული საკითხია დედაქალაქის მთავრობის ჩართულობა განათლების მიმართულებით. ველოდებით, რომ ყველა ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის ბაგა-ბაღების ნაწილში დასრულდება. სატრასპორტო პოლიტიკის ნაწილში გვაქვს გარკვეული მონახაზი რა ფორმით გახდეს სხვა დანარჩენი ქუჩები ჭავჭავაძის ქუჩისნაირად მოწესრიგებული“, – განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

ამასთან, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, რომ ძალიან მალე დაიწყება ავარიული კორპუსების ჩანაცვლება.

„ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ავარიული კორპუსების ჩანაცვლება. ეს არის საუკუნის პროგრამა, რომლის განხორციელებას, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში შევძლებთ. დედაქალაქის მერიამ გამოთქვა მზაობა, რომ ეტაპობრივად მოხდეს ავარიული კორპუსების ჩანაცვლება. უკვე არსებობს რამდენიმე ტერიტორია, სადაც უნდა განხორციელდეს. ამ ლოკაციებზე დედაქალაქის მერი თავად ისაუბრებს.

ყველა ავარიული კორპუსი ერთად ვერ ჩანაცვლდება, შეფასდება, რომელი უფრო საჩქაროა და ალბათ, ლოგიკურია, რომ ეს მოხდება ძველ თბილისში, რადგან ყველაზე რთული ვითარებაა მანდ. ეს არის საუკუნის პროექტი და გამოწვევა, რომლის დიდი ნაწილი კახა კალაძის მერობის პირობებში შესრულდება“, – განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

 

 

როდესაც კითხვას სვამენ, პასუხს არ ელოდებიან, გარბიან ტელევიზიებთან, ჩვენთვის ეს დისკომფორტია, ჯანსაღი ოპოზიცია დიდი ფუფუნებაა

 

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილისთვის “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საკრებულოს სხდომის პროტესტის ნიშნად დატოვება მოულოდნელი არ ყოფილა, ვინაიდან თინათინ ნიბლოშვილის თქმით, ბოლო 2 წლის განმავლობაში ენმ საერთოდ არ ესწრებოდა სხდომებს. მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ 4 წლის განმავლობაში, არც ერთი გადაწყვეტილებისთვის, რომელიც ქალაქისთვის იქნა მიღებული მხარი არ დაუჭერია.

როგორც ნიბლოშვილმა აღნიშნა, საკრებულოების პირველ სხდომებზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“დაუჯერებელი წარმოდგენა მოაწყო“. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მიიჩნევს, რომ რეალურად, ნაციონალურ მოძრაობას საქმეზე სალაპარაკო არ აქვს, და მოწოდებული არიან დესტრუქციისკენ.

 

 

„3 წელი ვიყავი სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე და მათ ქუჩების დარქმევის საკითხებზეც არ დაუჭერიათ მხარი, აღარ ვამბობ იმ გამოწვევებზე, რაც ქვეყანაში არსებობს.

დღეს თბილისის საკრებულო საკმაოდ მრავალრიცხოვანია, უფრო მეტი პარტიაა წარმოდგენილი და შეიძლება უფრო ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, ერთობლივი მუშაობის შედეგად უფრო კარგი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული, მაგრამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოაწყო დაუჯერებელი წარმოდგენა, მთავრობის დამტკიცების დროს კი პირდაპირ შეურაცხმყოფელი განცხადებებით იყვნენ და პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებდნენ დედაქალაქის მერს და ჩვენც.

რა თქმა უნდა, ყველა ხელისუფლება უშვებს შეცდომებს, შეიძლება ყველანაირ საკითხზე კრიტიკა, პროტესტიც, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ფორმა. ჩვენ დავინახეთ, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში თბილისის საკრებულოში მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ მოგვიწევს მუშაობა დედაქალაქისთვის სასიკეთო გადაწყვეტილების მიღებისთვის, რადგან ოპოზიციისთვის ეს არ არის პრიორიტეტი.

როდესაც კითხვას სვამენ, პასუხს არ ელოდებიან, გარბიან ტელევიზიებთან, აკეთებენ განცხადებებს და დამთავრებულია. ჩვენთვის ეს დისკომფორტია, ჯანსაღი ოპოზიცია დიდი ფუფუნებაა იმ პროცესისთვის, რასაც ჰქვია ხელისუფლებაში ყოფნა და დედაქალაქის მართვა.

რა თქმა უნდა, უკეთესია გყავდეს კრიტიკული ოპოზიცია, რომელიც შენთან ერთად რაღაც გადაწყვეტილებებს იღებს. ასეთი განწყობით გვინდოდა გაგვეხსნა საკრებულოს პირველი სხდომა, დადებითად ვიყავით განწყობილი იქნებ ერთად შევძლოთ, მაგრამ გამორიცხულია, ვსაუბრობ „ნაციონალურ მოძრაობაზე“.

ძალიან გაგეცინებათ, საკრებულოს პირველ სხდომაზე ორი მთავარი საკითხი, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ჟღერდებოდა იყო, გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი, ალბათ, საკრებულო სასამართლო ეგონათ.

მეორე არასერიოზული საკითხი, ნიკანორ მელია ჰგონიათ თბილისის მერი. მათი წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ არჩევნები გაყალბდა და მელიამ გაიმარჯვა.

საკრებულოს მომავალ საქმიანობაზე არცერთი კითხვა არ დასმულა მათი მხრიდან. რაც შეეხება სხვა პარტიებს, იმედი მაქვს, მათი მანდატი არ მოხმარდება მხოლოდ პოპულისტურ განცხადებებს“, – განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

 

 

აგრესიულად ვრცელდება იქ, სადაც ვაქცინის მოცვა დაბალია, „ომიკრონს“დეკემბრის ბოლოდან ველოდებით – გოგინავა განმარტავს, რა უნდა გააკეთოს მთავრობამ

 

თუ ქვეყანაში კომპლექსური ღონისძიებები გატარდება, ჩვენ ხელს შევუშლით „ომიკრონის“ გავრცელებას, მაგრამ თუ ჩვენ რეგიონში დაავადების სწრაფი გავრცელება იქნება, რაც არ უნდა დავიცვათ წესები, ის მაინც შემოვა, – ამის შესახებ ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, თუ ქვეყანა ახალ შტამს  მომზადებული დახვდება, ხელს შევუშლით შიდა სწრაფ გავრცელებას და დაავადების მძიმე მიმდინარეობს.

ამასთან, ინფექციონისტი აღნიშნავს, რომ ახალი შტამი აგრესიულად ვრცელდება იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინის მოცვა არის დაბალი, ამიტომ მისი თქმით, „ომიკრონის“ სახელწოდებით ცნობილი ვირუსის ახალი შტამის გამოჩენის შემდეგ იმუნიზაციის პროცესის გააქტიურება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

 

 

„თუ „ომიკრონს“ ისეთივე სწრაფი გავრცელება ექნება, როგორიც „დელტა“ შტამს ჰქონდა, სავარაუდოდ, ზამთრის პერიოდში, დეკემბრის ბოლოს ან იანვარში ის შეიძლება საქართველოშიც დაფიქსირდეს. სწრაფი ანტიგენტის ტესტებმა ის შესაძლოა, ბოლომდე ვერ დააფიქსიროს, ამიტომ აუცილებელია, სპეციალური პისიარ ტესტების შემოტანა.

საქართველოში „ომიკრონ“ შტამის გავრცელების რისკი დეკემბრის ბოლოდან იანვრის პერიოდში არსებობს, ამიტომ სახელმწიფომ გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგას. პირველ რიგში, შეიზღუდოს იმ ქვეყნებთან მიმოსვლა ან გამკაცრდეს კონტროლი, სადაც „ომიკრონია“ გავრცელებული. ამით ჩვენ შევქმნით მექანიკურ ბარიერს.

ასევე, აქტიურად უნდა წავიდეს ვაქცინაციის პროცესი, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ძირითადად ახალი შტამი აგრესიულად ვრცელდება იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინის მოცვა არის დაბალი.

ამიტომ, ვაქცინაცია უნდა მოხდეს აქტიურად, პარალელურად, შემოტანა იმ პისიარ ტესტების, რომელიც ეფექტურად მოახდენს ამოცნობას ამ შტამის“,- განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

ამასთან, მისი განმარტებით, ამ ეტაპისთვის, „ომიკრონი“ ბოლომდე ამოუცნობია, ამიტომ ჯერჯერობით მკაფიო და მკვეთრი განცხადებების გაკეთება სწორი არ იქნება.

„მეცნიერთა აზრი ორად იყოფა. გარკვეული სპეციალისტები კვლევებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ „ომიკრონს“ ახასიათებს ადვილად გავრცელებადობა და წარმოადგენს გლობალურ საფრთხეს.

არიან მეცნიერები, რომლებიც ამბობენ, რომ „ომიკრონმა“ პირიქით, შესაძლებელია პანდემიის დასასრულს ხელი შეუწყოს – ადვილად კი გავრცელდება, მაგრამ მას ექნება მსუბუქი მიმდინარეობა და ბუნებრივი ვაქცინის როლს ითამაშებს.

ამ ორი მოსაზრების მტკიცებით ფორმაში თქვა ჯერჯერობით ყველას უჭირს, ამიტომ მეცნიერები მაინც თავს იკავებენ მკაფიო განცხადების გაკეთებისგან“, -აღნიშნა გოგინავამ.

რაც შეეხება რიკს ჯგუფებს, ინფექციონისტის განცხადებით, „ომიკრონთან“ მიმართებაში ჯერჯერობით, კლინიკური კვლევები არ არის იმ რაოდენობით ჩატარებული, რომ ჩვენ დაავადების მიმდინარეობაზე ვისაუბროთ, თუმცა, გოგინავას თქმით, თუ პირველად კვლევებს დავეყრდნობით, მას გავრცელება ახასიათებს ყველა ასაკობრივ ჯგუფში.

„აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე რთულია დიფერენცირება მოვახდინოთ.

ამასთან, ყველა შტამის დროს ასაკოვანი და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები ყოველთვის არიან მაღალი რისკის მატარებლები, ხოლო სხვა პოპულაციასთან დაკავშირებით კვლევები მიმდინარეობს და უფრო მეტი დროა საჭირო, რათა ჩვენ შეგვექმნას წარმოდგენა, რამდენად მძიმე მიმდინარეობა ახასიათებს „ომიკრონს“, – განაცხადა ინფექციონისტმა „ფორტუნას“ ეთერში.

 

თუ ადამიანებმა ერთხელ უკვე გადაიტანეს კორონავირუსი, „ომიკრონით“ რეინფიცირების რისკი სამჯერ მაღალია – ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა

 

„ომიკრონმა“ ყველაზე დიდი ყურადღება მიიპყრო, რადგან 50-მდე მუტაცია იქნა ნანახი, რაც აჩენს ეჭვებს, რომ შესაძლებელია, ვირუსმა იმდენად იცვალოს ბუნება, რომ ის გახდეს ან უფრო ადვილად გავრცელებადი ან შეიძინოს უფრო აგრესიული კლინიკური მიმდინარეობა, – ამის შესახებ ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პირველად კვლევებზე დაყრდნობით დგინდება, რომ „ომიკრონს“ აქვს უნარი დაუსხლტდეს იმუნიტეტს, როგორც კორონავირუსის გადატანის შემდგომ ჩამოყალიბებულ, ასევე, ვაქცინაციის შემდგომ განვითარებულ იმუნიტეტს.

 

 

„პირველადმა კვლევებმა გვაჩვენა, რომ „ომიკრონს“ რეინფიცირების უფრო მაღალი უნარი აქვს ანუ თუ ადამიანები ერთხელ უკვე გადაიტანენ კორონავირუსულ ინფექციას, „ომიკრონით“ რეინფიცირების რისკი სამჯერ მაღალია, ვიდრე ეს იყო „დელტა“ შტამის დროს. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ მას აქვს უნარი დაუსხლტდეს იმუნიტეტს, როგორც ვაქცინით, ასევე დაავადების გადატანით შეძენილს.

რაც შეეხება კლინიკურ მიმდინარეობს, სამწუხაროდ, ჯერ არ გვაქვს სერიოზული ინფორმაცია, რადგან აფრიკის რეგიონის გარდა, სხვა კონტინენტებზე მისი გავრცელება ასეთი მაღალი არ არის. ჩვენ არ დავკვირვებულვართ პაციენტებს, რომ ვისაუბროთ იმაზე, „ომიკრონი“ უფრო მძიმედ მიმდინარეობს თუ მსუბუქად.

თუ სამხრეთ აფრიკელი ექიმების კვლევებს დავეყრდნობით, გვამცნობენ, რომ „ომიკრონს“ შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა აქვს“, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ „ფორტუნას“ ეთერში.

მისივე განცხადებით, იმუნიზაციის პროცესის გააქტიურება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „ომიკრონის“ სახელწოდებით ცნობილი ვირუსის ახალი შტამის გამოჩენის შემდეგ. ალექსანდრე გოგინავას ინფორმაციით, მეცნიერები ამბობენ, რომ არსებული ვაქცინები „ომიკრონის“ წინააღმდეგაც ეფექტური იქნება.

„ვიცით, „ფაიზერის“ ოფიციალური განცხადება, რომ თუ ადამიანს „ფაიზერის“ სამი დოზა აქვს გაკეთებული მაღალი ალბათობით, ის იცავს ადამიანს დაავადების მძიმე მიმდინარეობისგან და ჰოსპიტალიზაციისგან.

მეცნიერები თანხმდებიან, რომ ვაქცინები, რომლებიც ეფექტური იყო ჩინური შტამის ან დელტა შტამის მიმართ, „ომიკრონის“ მიმართ ნაკლებად ეფექტური იქნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვაქცინა სრულიად უეფექტო იქნება.

ბევრმა ფარმაცევტულმა კომპანიამ დააანონსა, რომ მუშაობენ ახალი ვაქცინების შექმნაზე, რაც ასე ვთქვათ, უფრო მეტი ეფექტურობით დაიცავს ჩვენს მოსახლეობას ახალი შტამისგან“, – განაცხადა ინფექციონისტმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები