LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ნიშნავენ ექიმები საჭიროზე მეტ წამალს, რა სტუაციაა ამ მხრივ მსოფლიოში და როგორია სტატისტიკური მონაცემები – რუსუდან ჯაში

7
jashi

გადაცემის ლაივი LIVE

3 ივნისს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ პედიატრი, მედიცინის დოქტორი, კლინიკური ფარმაკოლოგიისა და რაციონალური ფარმაკოთერაპიის ასოციაციის ხელმძღვანელი, ქალბატონი რუსუდან ჯაში სტუმრობდა, რომელმაც ფარმაკოგნოზიის და პოლიპრაგმაზიის პრობლემებზე ისაუბრა.

– ქალბატონო რუსუდან, რატომ ნიშნავენ ექიმები საჭიროზე მეტ წამალს, რა სტუაციაა ამ მხრივ მსოფლიოში და როგორია სტატისტიკური მონაცემები?

– პოლიპრაგმაზიაში პედიატრიაში პირველად 1992 წელს წელს წავიკითხე ლექცია, ასე რომ ეს თემა დიდი ხანია აქტუალურია, თუმცა მაშინ უამრავი სხვა პრობლემაც გვქონდა – მედიკამენტები ღია ბაზრობებზე იყიდებოდა, ხარისხს კი, არავინ აკონტროლებდა. მართალია, სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, მაგრამ სასურველ შედეგს ჯერ ვერ მივაღწიეთ, რადგან უამრავი დანიშნულების ნახვა შეიძლება, როცა საერთოდ ვერ გაიგებ, რატომ ნიშნავს ექიმი ამა თუ იმ მედიკამენტს. ამასთანავე, ძალიან აქტიურობენ სხვადასხვა კატეგორიის ე.წ. „ფეისბუქ-ჯგუფები“, რომლებიც თავისუფლად გასცემენ რეკომენდაციებს და ითვალისწინებენ ერთმანეთის რჩევებს. რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ვცდილობ, თუნდაც ერთი ფრაზით ჩავერთო და შევასწორო მათი რეკომენდაციები, თუმცა ყოველთვის ნეგატიურ შედეგს ვიღებ რადგან ყველა ერთად მესხმის თავს.

– როგორც ჩანს, სწორედ ამგვარი ჯგუფები წარმოადგენენ აგრესიული მარკეტინგულ სამიზნეს?

– ძალიან საინტერესოა, ვინ მართავს ამ ადამიანებს, რადგან მათ შორის კარგად ინფორმირებულებიც მრავლად არიან და ყველა სფეროში აბსოლუტურად „სტერილურებიც“, რომლებიც დარწმუნებული არიან, რომ ექიმთან ვიზიტის გარეშეც შეიძლება მკურნალობა.

– ყველაზე აბსურდულ დანიშნულებას ხომ ვერ გაიხსენებთ?

– ამ თემაზე საუბარი ცოტა მეუხერხულება, თუმცა მსგავსი დანიშნულებების მთელი დასტა მაქვს შენახული. ვფიქრობ, მთავარი პრობლემა გაუნათლებლობაა, რადგან საერთოდ არ ისწავლება კლინიკური ფარმაკოლოგია, ამიტომ არც ექიმმა იცის, როგორ დანიშნოს წამალი. რა თქმა უნდა, სამედიცინო ინსტიტუტის ბევრი კურსდამთავრებული შემედავება, მაგრამ მინდა შევახსენო, რომ ისინი მხოლოდ ზოგადი ფარმაკოლოგიის საბაზისო კურსს გადიან, კლინიკური ფარმაკოლოგიაა კი, სულ სხვა სფეროა, რომელიც ყველა კლინიკური დისციპლინის გავლის შემდეგ ისწავლება, რათა მომავალმა ექიმმა არა ზოგადად, არამედ პაციენტის ინდივიდუალური ფიზიოლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით შეძლოს წამლის დანიშვნა. მართალია, არაფერი მაქვს გაიდლაინების საწინააღმდეგო, მაგრამ არ შეიძლება ყველა პაციენტის ერთ თარგს მორგება და ყველას ერთნაირად მკურნალობა. სამწუხაროდ, დღეს ექიმები წამლების გასაღებას უფრო ცდილობენ, ამიტომ აქტიურად უნიშნავენ პაციენტებს სხვადასხვა ტიპის ვიტამინებს და დანამატებს, რომელთაც მხოლოდ ზიანი მოაქვს.

– ცნობილი თეზაა, რომ ყველა წამალი შხამია და მხოლოდ დოზირებაზეა დამოკიდებული სასარგებლო იქნება ის თუ ზიანის მომტანი,

– აბსოლუტურად გეთანხმებით. ამავე მოსაზრებით ხელმძღვანელობს ჩვენი ასოციაციაც და სწორედ ამ პრინციპით მოვიფიქრეთ მის სახელი – რაციონალური ფარმაკოთერაპიის ასოციაცია.

– რა არის თქვენი ასოციაციის მთავარი მიზანი და რამდენად ინტერესდება მისი საქმიანობით სამედიცინო საზოგადოება?

– ჩვენი მთავარი მიზანი მედიკოსებთან აქტიური კონტაქტი და დასავლური გამოცდილების გაზიარებაა. ვფიქრობ, სასურველი შედეგის მიღწევა მხოლოდ იმ მოცულობითი მასალის გაანალიზებით და ექიმებისთვის გადაცემით შეიძლება, რომელსაც საერთაშორისო კონფერენციებზე მოვუყარე თავი. მართალია, უამრავ ქვეყანაში, საკმაოდ სოლიდური ანაზღაურებით შემომთავაზეს დარჩენა, მაგრამ მე მაინც საქართველოში დაბრუნება და საკუთარი გამოცდილების სხვისთვის გაზიარება ვარჩიე. სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი საქმიანობის წყალობით სიტუაცია გაუმჯობესდა, რადგან ე.წ აგრესიული მარკეტინგი ჩვენზე ძლიერი აღმოჩნდა. ერთადერთი შველა ევროკავშირის მოთხოვნებია, რადგან სწორედ მათ საფუძველზე დგინდება რეგულაციები, თუმცა ბევრი მათგან თავის დაღწევასაც ახერხებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები