LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ უნდა შევიცვალოთ პროფესია – FM ქოუჩი

5
nukachokheli

17 წლის ასაკში საკმაოდ რთულია  პროფესიის სწორად არჩევა. ხშირად, წლების შემდეგ ადამიანები ხვდებიან, რომ არასწორი არჩევანი გააკეთეს.  “ამელის” დამფუძნებელმა ნუკა ბარბარე ჩოხელმა პროფესია რამდენჯერმე შეიცვალა. რატომ არის აუცილებელი პროფესიის შეცვლა – ამ თემაზე მან გადაცემაში “FM ქოუჩი” ისაუბრა.

რამდენად რთულია 17 წლის ასაკში პროფესიის არჩევა?

17 -18 წლის ადამიანი ყველაზე თავზეხელაღებულია. ამ ასაკში ადვილია სამყაროს შეცვლაზე, იდიალისტურ მისიებსა და შენს როლზე იფიქრო. სწორედ ამ დროს, როდესაც რეალობას და საკუთარ თავს თითქმის არ იცნობ, უნდა აირჩიო ვინ იქნები.

ხშირად სხვისი რჩევით ხდებიან იურისტები, ექიმები, პროგრამისტები და ა.შ.  ჩემს დეიდაშვილებს, დებს, რომლებიც წელს უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხნენ, ვეკითხებოდი – რას აკეთებს ეკონომისტი მის ყოველდღიურობაში, რას აკეთებს ბიზნესმენი და პასუხი არ ჰქონდათ. იცოდნენ, რომ ეს იყო საუკეთესო, რაც იმ დროის მონაცემებით საკუთარი თავისთვის შეეძლოთ მიეცათ, მაგრამ ის, თუ ზუსტად როგორი იქნებოდა ამ პროფესიებით მათი შემდგომი ცხოვრება ვერ წარმოედგინათ.

მეც, მთელი ბავშვობა თეატრალურში რომ მინდოდა ჩაბარება. ჟურნალისტიკაზე აღმოვჩნდი. თეატრსა და სცენასთან ახლოს მდგომი პროფესია, სინამდვილეში იმიტომ ავირჩიე, რომ ყველა ერთს მიმტკიცებდა – არ ჩამებარებინა. ჩემი იდეისა და „ოცნების“ ფრთებშესასხმელად 4 წელი ვისწავლე და ვიმუშავე კიდეც, თუმცა უკვე 22 -ის ვხდებოდი, პირველად რომ რაღაც სფერომ  სერიოზულად გამიტაცა. ეს იყო მარკეტინგი და პიარი. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მაგისტრატურაში ჩემ მიერ არჩეული პროფესია ის არის, რითაც უკვე 6 წელია ვცხოვრობ და ჯერჯერობით მინდა, რომ ასე გაგრძელდეს.

პიარსა და მარკეტინგში გამოცდილების დაგროვების შემდეგ გადაწყდა მეუღლესა და მეგობართან ერთად ყვავილების მაღაზია – ამელის გახსნაც, რომელმაც თავის მხრივ ჩემს პროფესიულ ცხოვრებაში ბევრი ახალი სფერო შემოიტანა.

რას გვაძლევს პროფესიის შეცვლა?

როცა ხვდები, რომ სამსახურში წასვლა არ გინდა ან მხოლოდ ხელფასისთვის მუშაობ, ესე იგი უნდა შეცვალო პროფესია. ეს ყველაფერი ჩვენ გვაძლევს გამოცდილებას, ვიზრდებით პროფესიულად და ვვითარდებით. არ ვიცი, რეალურად მე რომ ამ ყველაფრით დამეწყო, ვიქნებოდი თუ არა დღევანდელი შედეგით ასევე კმაყოფილი, მაგრამ ის ნამდვილად ვიცი, რომ 17 წლის ასაკში ყვავილების მაღაზია, პიარისა და მარკეტინგის კონსულტანტობა აბსტრაქტული გეგმა და მიზანი იქნებოდა და შეიძლება ამ ყველაფერს უბრალოდ ვერც მოვეხიბლე.

ჩემს ირგვლივ ისეც ხშირად ხდება, რომ იცვლიან პროფესიას ორჯერ და სამჯერ, მანამ ვიდრე საკუთარ თავს რაიმე სფეროში იპოვიან. დასაქმების ბაზარი ძალიან ვიწროა და ალბათ ზუსტად ამიტომ, რომ ადამიანი ცდილობს პროფესია საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესებიდან გამომდინარე კი არა, სამუშაო ადგილების რაოდენობის მიხედვით შეარჩიოს. უნდა ისწავლო რაიმე ახალი, შეიძლება არ იცი, რომ შემოქმედებითი ნიჭი გაქვს და თიხაზე მუშაობა კარგად გამოგდის, შეიძლება არ იცი, რომ შენი ნიჭი – დაალაგო კარგად სახლი, შეგიძლია აქციო ბიზნესად და ა.შ.

ბევრი ახალი ივენთ კომპანია გაჩნდა, სალონები და მაღაზიები გაიხსნა, თუმცა კადრები ისევ დეფიციტურია. სწავლის მსურველი კი, საკმაოდ ბევრია.

ბევრი ერიდება გარკვეულ ასაკში სიახლეს…

არასწორი მიდგომაა, თითქოს რაღაც ასაკში აღარ უნდა ისწავლო, რა ასაკში გვგონია, რომ დავამთავრეთ გაზრდა და განვითარება? ჩემთვის ასეთი ასაკი არ არსებობს. სქესი? მაგალითად, ვინ მოიგონა რომ ფლორისტები ქალები არიან – კაცებს ისე მაგრად გამოსდით ეს საქმე. კულინარია, გარკვეულ ასაკში ქალების „სასჯელი“ რომ გახდა, დღეს როგორც პროფესია კაცებმა უფრო მასიურად აითვისეს.

არ არსებობს ის, რასაც ადამიანი ვერ ისწავლის და ვერ გააკეთებს. უბრალოდ სოციალური სტიგმებიდან უნდა განვთავისფულდეთ და გავაკეთოთ ინვესტიცია საკუთარ თავში, თუნდაც მესამედ, ან მეხუთედ. მოგებული მხოლოდ შენ დარჩები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები