LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ უშლის დაუსრულებელი, ყოფილი პირადი ურთიერთობები ხელს ახალი ცხოვრების დაწყებას – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

11
magda-feradze-show

გადაცემის ლაივი LIVE

რატომ უშლის დაუსრულებელი, ყოფილი პირადი ურთიერთობები ხელს ახალი ცხოვრების დაწყებას – გადაცემის „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ სტუმარია ფსიქოლოგი მაგდა ფერაძე.

რამდენად ხშირია აღნიშნული პრობლემა თქვენს სამუშაო პრაქტიკაში?

საკმაოდ ხშირია ეს პრობლემა ჩემს სამუშაო პრაქტიკაში. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანებს უჭირთ ძველი პირადი ურთიერთობების გაშვება საკუთარი თავიდან. ყველაზე რთული პერიოდია საკუთარ თავთან აღიარო და გაუშვა ეს ურთიერთობა. განქორწინებას აქვს გარკვეული სტრესი, არ აქვს მნიშვნელობა როგორი ფორმით შორდება წყვილი. ცივილური ფორმით განქორწინების დროს ეს პროცესი შედარებით მარტივდება.

ჩვენ ყველანი ინდივიდები ვართ და შესაბამისად ნებისმიერ ტრავმულ მოვლენას ინდივიდუალურად განვიცდით. განქორწინება ძირითად შემთხვევებში წყვილის კრიზისული განვითარების შედეგია, რომელიც შეიძლება იყოს იყოს იმპულსური გადაწყვეტილება. ძირითადად კი განქორწინებამდე წყვილი ეტაპობრივად მიდის. განქორწინება მხოლოდ უარყოფით კონტექსტში არ განიხილება, არსებობს შემთხვევები როდესაც წყვილის ყოფა, აუტანელი და ტოქსიური ხდება, ამით კი, წყვილის ფსიქიკა სერიოზულად ზიანდება. განქორწინებაზე ფიქრისა და გადაწყვეტილების მიღების დროს ხდება წყვილის ერთმანეთისადმი გაუცხოება, იმატებს შფოთვა და კონფლიქტური სიტუაციები ოჯახში. ამ პერიოდისთვის ასევე დამახასიათებელია პარტნიორის დადანაშაულება და მისი მხოლოდ უარყოფითი კუთხით დანახვა. რთული ეტაპი დგება განქორწინების შემდგომ, ამ დროს ადამიანი ფაქტიურად თავიდან იწყებს ცხოვრებას, თავიდან ირგებს ახალ სოციალურ როლს, თავიდან უხდება ახალ სტატუსთან შეგუება. გაცნობიერება იმისა, რომ ურთიერთობა დასრულდა ხშირად იწვევს მარტოსულობის განცდას.

რამდენად მნიშვნელოვანია წერტილი დასმა დაუსრულებელ ყოფილ ურთიერთობებში?

წერტილის დაუსმელობა ურთიერთობაში ხდება მაშინ, როდესაც გადაწყვეტილებას წყვილის ერთი წევრი ღებულობს, ხოლო მეორეს, უჩნდება პროტესტი. სწორედ ამ დროს ხდება არსებული ფაქტის ურყოფა და რთულდება სიტუაცია.

ამ დროს ხშირად მიმართავენ მანიპულაციას, მაგალითად ხდებიან “ავად”, მიმართავენ თვითგანადგურების მუქარას, შვილის ფაქტორით ხდება მანიპულაცია, რასაც მხოლოდ უარყოფითი შედეგის მოტანა შეუძლია. ბავშვი სწავლობს ასეთ ურთიერთობას, სწავლობს მანიპულაციას. წერტილის დასმა უჭირთ, რადგან ამას მოჰყვება დიდი იმედგაცრუება, ადამიანი თავს მიტოვებულად და დამცირებულად გრძნობს, რამაც დეპრესიული ეპიზოდიც კი შეიძლება გამოიწვიოს. ასევე ხშირია დანაშაულის ან სირცხვილის განცდა, მარტოობის შიში. დიდ როლს თამაშობს სოციუმი და გარემო, მხოლოდ იმის გამო რომ სოციუმმა არ შეაფასოს უარყოფილ ქალად, ან კაცად, ადამიანი ცდილობს თავი მოაჩვენოს გარშემომყოფებს, რომ ყველაფერი კარგად აქვს. ეს ის შემთხვევებია, როდესაც ინარჩუნებენ მჭიდრო კავშირს ყოფილ პარტნიორთან და მისი ოჯახის წევრებთან. 

დაუსრულებელი ურთიერთობები თერაპიულ ჭრილში რომ განვიხილოთ, ამყოფებს ადამიანს ნევროტულ ფაზაში. რადგან როცა არაა ურთიერობა დასრულებული, ძველი ურთიერთობა გაჩხერილია შენს რეალობაში, რაც ხელს უშლის ახალი ურთიერთობის განვითარებას, ამ დროს გვეკარგება აწმყო.

რამდენად რთულია დაუსრულებელი პირადი ურთიერობების დროს ახალი ცხოვრების დაწყება და როგორ უნდა დაუბრუნდნენ ადამიანები აწმყოს?

ხშირია, როდესაც ადამიანს აქვს განქორწინებულის სტატუსი, ხოლო შინაგანად ისევ დაქორწინებულია ყოფილ პარტნიორზე. თუ არ დასრულდა ძველი ურთიერთობა, შესაბამისად ვერ დაიწყება ახალი, რაც ადამიანს მუდმივად ამყოფებს ნევროტულ მდგომარეობაში. ურთიერთობის დასრულებას ხელს უშლის ერთი პარტნიორის მხრიდან მეორის დადანაშაულება. ასევე, ყოფილი პარტნიორის შეცოდება, იმის გამო რომ წყვილის ერთი წევრი ტრამვირებულია განქორწინების შედეგად. ადამიანი ვერ აძლევს თავს ბედნიერების უფლებას. ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი სეპარაციაა, წყვილმა უნდა დაიწყოს ცალ-ცალკე ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებელი ცხოვრება, ზედმეტი ჩარევების გარეშე.

ურთიერთობის დასრულება მოითხოვს გლოვის პერიოდს, ინდივიდუალურია, დაახლოებით 6 თვე საჭიროა გაცნობიერებისთვის. როდესაც ადამიანს ყოფილი პარტნიორი არ ადარდებს, არ აინტერესებს რითი სუნთქვას, რა სტკივა ან რა უხარია, როდესაც არ აწუხებს ბრაზი, რისხვა, როდესაც ყველანაირად უშვებს თავისი თავიდან, სწორედ ეს გულისხობს ურთიერთობის დასრულებას. უნდა გააანალიზოთ, რომ დასვით წერტილი, და სწორედ მაშინ შეგიძლიათ ახალი ურთიერთობის დაწყება, სადაც იქნება მხოლოდ ორი ადამიანი და არ ექნება ადგილი მესამის ჩარევას. 

რა უნდა გაითვალისწინონ ახალი ურთიერთობის დაწყებისას წყვილებმა?

ურთიერთობაში ძალიან ხშირია, როდესაც ერთი ადამიანი მეორეს ყოფილ პარტნიორს ადარებს. შედარების პროცესი მტკივნეული და დამამცირებელი იქნება თქვენი ახალი პარტნიორისთვის. ამ დროს ახალ პარტნიორს უჩნდება პროტესტისა და უსამართლობის განცდა, რამაც შესაძლოა ურთიერთობა დააზარალოს. ურთიერთობის ერთ-ერთი მთავარი ღერძი ერთმანეთის პატივისცემაა, შედარების პროცესის დროს კი პატივისცემის უგულვებელყოფა ხდება. ხშირად პარტნიორები ერთმანეთს არ უზიარებენ თუ რა სწყინთ ან რა არ მოსწონთ ურთიერთობაში. ურთიერთობის და პიროვნების ხლეჩვაც სწორედ აქედან იწყება, რადგან ჩახშული, დათრგუნული და უარყოფითი ემოციები ტოქსიურ ზემოქმედებას ახდენენ ინდივიდზე. ურთიერთობაში მნიშვნელოვანია წყვილმა ისაუბროს გულწრფელად და მოხდეს ყველაფრის სახელდება.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები