LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა გავლენას ახდენს არაჯანსაღი ამბიციები თანამშრომლებზე – FM ქოუჩი

56
65521778-2432148556828097-7624911794854690816-n

საზოგადოების თუ კონკრეტული ადამიანის განვითარებისა და წარმატების მამოძრავებელ „ენერგიათა“ შორის, ამბიცია ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს. ადექვატური ამბიციის მქონე თანამშრომლები ორგანიზაციაში ჯანსაღ კონკურენტულ გარემოს ქმნიან და შესაბამისად, კომპანიის განვითარების/წარმატების ერთ-ერთ სერიოზულ წინაპირობად გვევლიანებიან. მარტა ქარუმიძის გადაცემის “FM ქოუჩი” სტუმარია ეიჩარ პროფესიონალთა გილდიის დამფუძნებელი ლილი ბიბილაშვილი.

როგორ დაახასიათებთ ადამიანს, რომელსაც აქვს ჯანსაღი ამბიცია? 
ასეთი ადამიანები: არასდროს ყრიან ფარ-ხმალს, ვერ კმაყოფილდებიან მცირედით, წარმატების, მიზნის მიღწევის სურვილს თან ახლავს ძლიერი მოტივაცია, გამბედაობა, რომელიც შინაგან მოთხოვნილებასა და საკუთარი თავის რწმენაზეა დაფუძნებული, მათ კარგად იციან რა უნდათ და როგორ უნდა მიაღწიონ დასახულ მიზნებს, არიან ენერგიულები, მიზანმიმართულები და ა.შ.
ამბიციური ადამიანების ყველაზე ფასეული მახასიათებლებია:
• სრულყოფისაკენ, სიახლეებისაკენ ლტოლვა
• ახალი ცოდნის მიღებისა და უნარების შეძენა – განვითარების პერმანენტული სურვილი
• ისინი მუდმივად ეძებენ ახალ-ახალ გამოწვევებს და ყველა ღონეს ხმარობენ მათ დასაძლევად
• მათ არ შეუძლია ერთ ადგილას გაჩერება – მუდმივად მოძრაობაში არიან და სხვებსაც არ აძლევენ ერთ ადგილას გაჩერების შესაძლებლობას
• თავად არიან მოტივირებულნი და ძლიერ მოტივაციას უქმნიან სხვებს
• შეუძლიათ ენერგიით „დამუხტონ“ თანამშრომლები, შთაუნერგონ გამარჯვების, წარმატების მიღწევის რწმენა/სურვილი
• იციან გუნდის და გუნდურობის ფასი
• მათთვის მნიშვნელოვანია იყვნენ საუკეთესონი თავიანთ სფეროში და ყველა ღონეს ხმარობენ ამისათვის
• შური, რომელიც მათ უჩნდებათ მათზე უკეთესის მიმართ, შეიძლება პოზიტიურ ასპექტადაც მოგვევლინოს, ვინაიდან იგი ეხმარება თვითგანვითარებასა და უკეთესი შედეგების მიღწევაში

როგორ ვლინდება არჯანსაღი ამბიციები? 
ზედსართავი „არაჯანსაღი“ ნათლად მიანიშნებს ნეგატიურ, სიკეთის არმომტან მოვლენაზე. ამგვარი ადამიანები („არაჯანსაღი ამბიციურები“) შეიძლება იყვნენ როგორც ჭარბი, ასევე დაბალი ამბიციის მქონენი. როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში პრობლემების არსებობა ვერ გამოირიცხება.
გადაჭარბებული ამბიციის მქონე ადამიანები:  შეუსრულებელ მიზნებს ისახავენ, აზვიადებენ საკუთარ შესაძლებლობებს და სათანადოდ ვერ აფასებენ მათ ხელთ არსებულ რესურსებს, მხოლოდ საკუთარი თავი ეიმედებათ, თავად ცდილობენ ყვველაფრის კეთებას, უჭირთ დახმარების თხოვნა. ამგვარ ადამიანებს არ ჩვევიათ დიდხანს დარდი მიუღწეველ მიზნებზე. მორიგი წარუმატებლობის შემდგომ ახალ მიზნებს ისახავენ.
არასაკმარისად ამბიციური ადამიანები ხშირად არიან: მორცხვები, პასიურები, საკუთარი თავის რწმენა არ გააჩნიათ (ან ძალიან დაკნინებულია), მათ შეიძლება გააჩნდეთ მიზნები, მაგრმ მათი შინაგანი განწყობა „ვერ მიღწევის“ შიშითაა გაჯერებული. სიძნელეების გადალახვისას, ასეთი განწყობა სერიოზულ პრობლემებს ქმნის, რაც მიზნის მიღწევის ბარიერი ხდება და ადამიანს უქმნის განცდას, რომ „მაინც არაფერი გამოუვა“ და ფარ – ხმალს აყრევინებს. მათ სურთ მიზნის მიღწევა, მაგრამ უჭირთ გამარჯვებისათვის ბრძოლა და ხშირად თავად ხდებიან საკუთარი წარუმატებლობის მიზეზი.

არაჯანსაღი ამბიციურობის ნიშნებია:
• შეუსრულებელი მიზნების დასახვა
• საკუთარი შესაძლებლობების, ძალების, რესურსების გადაჭარბებული (არაადექვატური) შეფასება
• გადაჭარბებული მოთხოვნები საკუთარი თავისა და სხვების მიმართ
• წარუმატებლობის წინასწარი განცდა („რაც არ უნდა გავაკეთო, მაინც არაფერი გამოვა“; „რამდენი მოშურნე, არაკეთილსინდისიერი, ჩემს წინააღმდეგ მომართული ადამიანია, რომელიც ხელს მიშლის/შემიშლის წარმატების მიღწევაში“ და ა.შ.)
• ზუსტად არ აქვთ გააზრებული კონკრეტულად რისი მიღწევა უნდათ და როგორ
• სხვების მიღწევების, წარმატებების არაობიექტური შეფასება (მიაჩნიათ, რომ სხვას გაუმართლა, „პატრონი ყავს“, თორემ ვერანაირად მიაღწევდა მასზე უკეთეს შედეგს)
• არასასურველი შედეგების არაობიექტური შეფასება
• წარუმატებლობის, მიზნის ვერ მიღწევის, კრიტიკის, შენიშვნის მიღების მუდმივი შიში (ამის გამო, შეიძლება უარი თქვან მაღალ/საპასუხისმგებლო პოზიციის დაკავებაზე)
• ამპარტავნობა
• ქედმაღლობა
• ინტრიგებისაკენ მიდრეკილება
• გულგრილობა სხვების მიმართ
• ეგოიზმი
• შურისძიება
• სისასტიკე
• განსხვავებულობის („ მე განსკუთრებული ვარ, არ ვგავარ სხვებს“) არაჯანსაღი განცდა და სხვ.

რა რეაგირებაა საჭირო როცა თანამშრომელი ან მენეჯმენტი არაჯანსაღ ამბიციას ამჟღავნებს?
არაჯანსაღი ამბიციის წარმოშობას ვერ ექნება ერთი მიზეზი. ჩვენ ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ. არ არსებობს კაციშვილი დედამიწაზე, რომელსაც არ სურს წარმატების, სიხარულის განცდა, დაფასება-აღიარება, სიყვარული და ბედნიერება. ყოველი ადამიანის ხასიათი, მიდრეკილებები, უნარები, შესაძლებლობები თუ კულტურა განგების, გენეტიკის, გარემოების, აღზრდა-გაზრდაში მონაწილეთა ერთობლივად ზემოქმედება/გავლენის შედეგია. უნაკლო და აბსოლუტურად უარყოფითი ადამიანები არ არსებობენ. ყველას გააჩნია თავისი ნაკლი და ღირსება, თუმცა ნაკლოვანებებს უფრო ადვილად, სწრაფად ვამჩნევთ, უფრო თვალშისაცემია და უფრო მძაფრადაც ვრეაგირებთ.
ამბიციური ადამიანი ნამდვილად არის სიკეთის მომტანი, მაგრამ არაჯანსაღი ამბიციურობა სერიოზული პრობლემაა, როგორც კომპანიის ასევე, თავად ამგვარი თანამშრომლისთვის და მის გარშემომყოფთათვის.

გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს. მოცემულ შემთხვევაში ამოსავალი წერტილია:
• ადამიანის საუკეთესო თვისებების, მახასიათებლების წინ წამოწევა, მისი ნაკლებად მისაღები თვისებების გაცნობიერება და მათი საქმისა და თავად თანამშრომლის სასიკეთოდ წარმართვა
• პანაცეად ვერ გამოდგება, მაგრამ ნამდვილად სასიკეთო შედეგებს იძლევა დასახული მიზნების, ადამიანის მახასიათებლების SWAT ანალიზი და აქცენტირება მის საუკეთესო თვისებებზე; ხოლო ნაკლოვანებების გაფერმკრთალება/დაძლევაში მნიშნელოვანი მხარდაჭერა
• არაჯანსაღი ამბიციურობის უკვე დამდგარი, ან მოსალოდნელი შედეგების კეთილგანწყობილ, ემპათიურ ასპექტში ჩვენება და მისი (ამბიციის) გაჯანსაღებისათვის პრატიკული მხარდაჭერის დემონსტრირება და სხვ.

არაჯანსაღი ამბიციები აუცილებლად აისახება სხვა თანამშრომლებზე. კონფლიქტი გარდაუვალია, ეს ყველაფერი გავლენას ახდენს თანამშრომლებს შორის ჯანსაღ ურთიერთობებსა და საქმიანობის წარმატებით განხორცილებაზე.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები