LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ აისახება სტრესი კანის ცვლილებებსა და თმის ცვენაზე – სილამაზის აკადემია

16
silamazis-akademia-showww

როგორ აისახება სტრესი კანის ცვლილებებსა და თმის ცვენაზე – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “სილამაზის აკადემია” დერმატოლოგმა ხათუნა კუდავამ ისაუბრა.

როგორ აისახება სტრესი კანზე?

კავშირი სტრესსა და კანის ცვლილებებს შორის ჯერ კიდევ ემბრიონალურ პერიოდში იწყება და მთელი ცხოვრება გრძელდება. სტრესი ხშირად არის კანის არასასურველი ცვლილებების მიზეზი, მაშინ როცა კანზე გამოვლენილმა პათოლოგიამ თავის მხრივ შესაძლოა შეუქმნის ადამიანს სტრესული მდგომარეობა. სტრესის გავლენა კანზე პირობითად შეიძლება ორი მიმართულებით განვიხილოთ: ერთი როგორც კოსმეტიკური დისკომფორტის საფუძველი და მეორე, როგორც ბევრი დერმატოლოგიური პათოლოგიის მიზეზი.

განსაკუთრებით მტკივნეულია ადამიანისთვის  პრობლემა, რომელიც მის გარეგნობაზე აისახება. სტრესის დროს თირკმელზედა ჯირკვლების მიერ მომატებული კორტიზოლის გამოყოფა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კანზე. იგი კარგავს ელასტიურობას, მოშვებული და მონოტონურია. თავისუფალი რადიკალების სიჭარბე განაპირობებს ნაოჭების გაჩენას და ეს ყველაფერი მთლიანობაში ,,დაღლილი კანის’’ სახით ვლინდება.

სტრესთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა კანის ნაადრევი დაბერებაა, რისი საფუძველიც ჰორმონული დისბალანსია. ხანგრძლივი სტრესის შედეგად გამოყოფილი დიდი რაოდენობით კორტიზოლი ამცირებს კოლაგენის გამომუშავებას, რის შედეგადაც მცირდება კანის ელასტიურობა და წარმოიქმნება ნაოჭები.

ამავდროულად მცირდება მელატონინის გამოყოფა. იწყება ძილის პროცესის მნიშვნელოვანი დარღვევები და მასთან დაკავშირებული კანის უჯრედების რეგენერაციის მკვეთრი  შემცირება.

სტრესი პირდაპირ კავშირშია კანის ბევრ პათოლოგიასთანაც…

იგი უარყოფითად მოქმედებს იმუნურ სისტემაზე, რის შედეგადაც იზრდება კანის მიმღებლობა  სხვადასხვა ინფექციების მიმართ. პაციენტები ხშირად სტრესს უკავშირებენ კანის გარკვეული პათოლოგიების დაწყებას ან გამწვავებას. (მაგალითად, ფსორიაზი და სებორეული დერმატიტი). წამყვანი როლი აქვს სტრესს ატოპიური დერმატიტისა და ეგზემის განვითარებაში. გასათვალისწინებელია ამ დაავადებებთან დაკავშირებული ქავილიც, რომელიც ხშირად კერების დაინფიცირების და მეორადი ბაქტერიული თუ ვირუსული ინფექციების განვითარების მიზეზი შეიძლება იყოს. ატოპიური დერმატიტის შემთხვევაში განსაკუთრებით ხშირია სტაფილოკოკური ინფექციითა და მარტივი ჰერპესით გამოწვეული (ჰერპესული ეგზემა) გართულებები. ზოგჯერ ხდება ისე, რომ უარყოფითი ემოციებით დატვირთული ადამიანი გაუცნობიერებლად იწყებს სხეულის ადვილად მისაწვდომი რომელიმე უბნის კანზე მუდმივად ქავილს. ეს პროცესი გრძელდება ხანგრძლივად და ყალიბდება მარტივი, ქრონიკული დერმატიტის კერა, გამოხატული გაუხეშებული, გასქელებული, მოწითალო-მოყავისფრო დაზიანებული კანის ფორმით. ასეთი პრობლემის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქავილისგან თავშეკავება და სიმშვიდის შენარჩუნება.

თმის ცვენა შეიძლება იყოს კავშირში სტრესთან?

სტრესს ხშირად უკავშირდება თმის ცვენის სხვადასხვა ფორმები. პაციენტები, განსაკუთრებით ბავშვები, ბუდობრივი ალოპეციის დაწყების მიზეზად ხშირად ასახელებენ შიშს. სხვადასხვა ენდოკრინულ პათოლოგიებთან დაკავშირებული თმის ცვენის პრობლემები კი, როგორიცაა ორსულობისშემდგომი ან ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებით გამოწვეული თმის ცვენა, ადამიანს თავად უქმნის სტრესულ მდგომარეობას.  როგორც უკვე აღვნიშნეთ, დამოკიდებულება ორმხრივია. ამის მაგალითად ასევე შეგვიძლია მოვიყვანოთ კანზე გამოვლენილი  გამონაყარი, რომელიც ხშირად  ადაბლებს ადამიანის თვითშეფასებას, იწვევს  უარყოფით ემოციებს და სტრესული მდგომარეობის საფუძველი  ხდება. ხშირად ეს ის დაავადებებია, რომლებიც  ვლინდება კანის ხილულ უბნებზე (აკნე, პიგმენტური ლაქები, ვიტილიგო, ფსორიაზი).

აუცილებელია ვისწავლოთ სტრესთან გამკლავება, შევინარჩუნოთ სიმშვიდე, ვიზრუნოთ ჩვენი კანის სილამაზესა და ჯანმრთელობაზე.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები