LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ამოვიცნოთ მოზარდების რთული ქცევა – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

35
indira-gvarmiani-fortuna

გადაცემის ლაივი LIVE

მოზარდობის ასაკი განსაკუთრებით საყურადღღებო და საინტერესოა. ეს ასაკი სახელდება როგორც კრიზისული პერიოდი. რა ქმნის ამ კრიზისს მოზარდებში და როგორ ამოვიცნოთ რთული ქცევა – ამ თემებზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ფსიქოლოგმა ინდირა გვარმიანმა ისაუბრა.

რა ცვლილებები ახასიათებთ მოზარდებს?

გარდატეხის ასაკს ახასიათებს მთელი რიგი თავისებურებები.  პრობლემები დაკავშირებულია სამი ძირითადი ასპექტის ცვლილებასთან  – ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური და ეგზისტენციალურ-ფილოსოფიური. ფიზიოლოგიურ დონეზე ამ პერიოდში მომდინარეობს ინტენსიური ჰორმონალური პროცესები, იცვლება სხეული, ხმა, ხდება სქესობრივი მომწიფება. მოზარდი იხედება სარკეში და ხედავს შეცვლილ სხეულს, რომელსაც თავიდან ვერ ეგუება, არ მოსწონს, ეშინია.ემოციურად ვერ ეწევა ამ ცვლილებას.

ეგზისტენციალური გაგებით მოზარდობის ასაკის ძირითად თავისებურებას წარმოადგენს ბავშვების მშობლებისაგან დისტანცირება, პიროვნული ზრდა, ჩამოყალიბება და საკუთარი გზის ძიება. ვინ ვარ მე? როგორი ვარ მე? რა შემიძლია? ამ პერიოდში  მშობლების ავტორიტეტი სუსტდება. მშობლისთვისაც ეს პერიოდი სირთულეს წარმოადგენს რადაგან საკმაოდ სწრაფად ხდება მოზარდის ქცევის შეცვლა. ბავშვი რომელიც იყო დამჯერე, კარგად სწავლობდა  ხდება დაუმორჩილებელი, აგრესიული, გაღიზიანებული, ცუდად სწავლობს და ეს მშობლისთვის გაუგებეარი და მიუღებელია. იწყება კონფლიქტი. ამავდროულად მოზარდის ცხოვრებაში ჩნდებიან სხვა უფროსი ავტორიტეტები, რომელთაც ისინი მიბაძავენ. ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება თანატოლების აზრი.

კრიზისს ქმნის მოზარდში მიმდინარე ცვლილებები, ქაოტური მდგომარეობა, ასევე გარემო, რომელშიც ის იმყოფება. მით უფრო მწვავეა კრიზისი, რაც უფრო მეტი პრობლემებია გარემოში, სადაც მოზარდი ფუნქციონირებს. ოჯახში სადაც სოციალურ-ეკონომიკური, სხვადასხვა დამოკიდებულებების, ძალადობრივი გამოცდილების, თუ განქორწინების შემთხვევებია რათქმაუნადა უფრო მეტად უნადა ველოდოთ სირთულეებს მოზარდთან.

როგორ ამოვიცნოთ პრობლემური ქცევა?

მოზარდი ხდება მაძიებელი, ექსპერიმენტატორი, რადგან ამ ასაკს ახასიათებს ახალი ქცევითი მოდელების თუ ღირებულებების ძიება, დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა, ეს გარდამავალი პერიოდია და ხელს უწყობს ზრდას, განვითარებს. თუმცა ამ მახასიათებელს აქვს მეორე მხარე,  ეს არის რისკის შემცველი ქცევები: აზარტული თამაშები; ალკოჰოლიზმი; ნაადრევი და დაუცველი სექსუალური გამოცდილება, სუიცდი, პროტესტის ნიშნად სახლიდან გაქცევა და ა.შ

რა თქმა უნდა ყველა მოზარდს არ ახასიათებს ასეთი ტიპის ქცევები და არ უნდა განვაზოგადოთ. თუმცა მოზარდები ხშირ შემთხვევაში ემოციურ გადაწყვეტილებებს იღებენ, ამ დროს შესაძლო რისკებს და საფრთხეებს არ აქცევენ ყურადღებას. თუმცა, ასევე არსებობს ხელშემწყობი ფაქტორებიც: გენეტიკა, სოციალური გარემო, პიროვნული მახასიათებლები. მოზარდობაში გამოვლენილი სირთულეები, ადრეული ბავშვობიდან დაგროვილი პრობლემებია, რომელიც ამ ასაკში თავს მძაფრად იჩენს, ამიტომაც არის თვალსაჩინო.

ძალიან მნიშვნელოვანია გარემო, სადაც ის იზრდება, ოჯახის და აღზრდის ფაქტორი. მშობლების განქორწინება, აღზრდა სადაც ტენდენციურია მუდმივი უყურადღებობა ან პირიქით  ზედმეტი ჰიპერმზრუნველობა. ეს პროტესტს იწვევს მოზარდში, რაც უფრო ძლიერია პროტესტის გრძნობა, მით მეტად მოსალოდნელია ემოციური გადაწყვეტილებები, რასაც მივყევართ სარისკო ქცევამდე, ეს ქცევა შეიძლება იყოს ზიანის მომტანი როგორც საკუთარი თავის მიმართ, ასევე სხვების მიმართაც.

ასევე ხაზი უნდა გაესვას იმ ფსიქოემოციურ თუ სოციალურ მდგომარეობას, რომელიც ზოგადად ქვეყანაშია. მოზარდი ამ ყველაფრის ნაწილია და ის განსაკუთრებით მგრძნობიარეა. მოზარდობის ასაკი არ გვპატიობს არაფერს. აღზრდის დროს ჩვენს მიერ წარსულში დაშვებული შეცდომები, სწორედ ამ ასაკში ტივტივდება მაღლა  და აისახება მოზარდის ქცევაში. აგრესიულია საზოგადოება? გაორმაგებული აგრესიით გვპასუხობს მოზარდი.

რა არის დელიქვენტური ქცევა?

გარდა სარისკო ქცევისა, მოზარდობას შეიძლება თან ახლდეს დელიქვეტური ქცევა ანუ კანონსაწინააღმდეგო ქცევა. ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების და სახელმწიფოს მხრიდან ამის სწორად აღქმა და შეფასება, რადგან მოზარდი რომელიც ჩადის კანონსაწინააღმდეგო ქმედებას არ უნდა გავიხილოთ როგორც კრიმინალი რადგან ეს ასაკთან მიბმული ქცევაა და ასაკის ცვლიელებასთან ერთად  ასეთი ტიპის ქცევა ქრება. ის ისეთივე სრულფასოვანი საზოგადოების წევრი ხდება როგორც ყოველი ჩვანთაგანი. არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი კანონსაწინააღმდეგო ქმედება და სასჯელი უნდა იყოს ინდივიდუალური განხილვის საკითხი.

რჩევა ინდირა გვარმიანისგან:

  1. მშობლის და აღზრდის როლი ძალიან დიდია. მოზადობაში გამოვლენილი პრობლემური ქცევა უნდა განვიხილოთ როგორც შედეგი ადრეულ ბავშობის დროინდელი დალექილი პრობლემებისა. მშობელმა უნდა იზრუნოს ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის პერიოდიდან დაწყებული იმისთვის, რომ ასეთი კრიზისული პერიოდები რაც შეიძლება მშვიდობიანად გადავიტანოთ.
  2. უპირობო მიღება და სიყვარული. მშობლებს ხშირად ჩვენი შვილები ჩვენი აუხდენელი წარმატებების თუ ოცნებების რეალიზატორებად გვჭირდება, რაც თავისთავად შეცდომაა. არასწორი მოლოდინია ჩვენი შვილი იყოს ჩვენნაირი, ან გავხადოთ ისეთი როგორიც გვინდა. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მხოლოდ იმაში იყოს ის, რაც მას უნდა.
  3. სარისკო ქცევის დროს მხარდაჭერა და არა დასჯა. დასჯა ამ პერიოდში თქვენსა და შვილს შორის მხოლოდდამხოლოდ დისტანციას შეუწყობს ხელს.
  4. არ გავაუფასუროთ მისი პრობლემები. მისთვის ცხოვრება ისეთივე რთულია როგორც ჩვენთვის. არ დაგვავიწყდეს, რომ მას ჯერ კიდევ არ აქვს ასეთი გამოცდილება, არ იცის სირთულებთან გამკლავება. ამაში მშობლები, სკოლა,საზოგადოება უნდა დაეხმაროს.
  5. ყურადღება მიაქციეთ ნებისმიერ ცვლილებას, მოზარდის გაღიზიანებას, ჩაკეტვას ან აგრესიას. სწორი მიდგომა და მხარდაჭერა ამ დროს შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს, თავიდან აგვაცილოს საფრთხის შემცვლელი ქცევა მოზარდის მხრიდან.
  6. მოზარდი რომელსაც განცდაში აქვს ის, რომ ოჯახისთვის, დედისთვის, მამისთვის მნიშვნელოვანი პერსონაა უფრო უმკლავდება გარე სოციუმში არსებულ პრობლემებს, გამოწვევებს, ზეწოლას ვიდრე მოზარდი რომელიც მარტოსულად და უმნიშვნელოდ გრძნობს თავს.
  7. გვამრთებს მოთმინება და სიმშვიდე, კრიზისულ პერიოდს აუცილებად აქვს დასასრული.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები