LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,როგორ დაამარცხა ბათუმმა კოვიდ-19″ – ტუბორკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ზაზა ავალიანი

8
zazaavaliani20

გადაცემის ლაივი LIVE

26 თებერვალს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ ტუბერკულიოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა ავალიანი სტუმრობდა, რომელმაც ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს საქმიანობასა და კოვიდთან წარმატებული ბრძოლაზე ისაუბრა.


– ბატონო ზაზა, სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდით ბათუმიდან. საინტერესოა, რა მისიით იყავით მივლინებული და რა მდგომარეობაა დღეს აჭარაში?

– ალბათ იცით, რომ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო ყველაზე მსხვილი კოვიდ-მიმღებია საქართველოში. კლინიკაში 215 სპეციალური საწოლი ფუნქციონირებს, თუმცა იყო შემთხვევები, როცა 230 პაციენტსაც ვმკურნალობდით ერთდროულად. შესაბამისად, ყველაზე მეტი – დაახლოებით 8 ათასი პაციენტი გავატარეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით. მართალია, კლინიკას უზარმაზარი რეანიმაციული განყოფილება აქვს, სადაც 50-ზე მეტი პაციენტი ერთდროულად გადიოდა ინტენსიურ მკურნალობას, მგრამ ლეტალური შედეგებიც მრავლად გვქონდა. აღსანიშნავია, რომ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო კოვიდთან ბრძოლის პერიოდში გაიხსნა, მე კი, საკუთარი გამოცდილების გასაზიარებლად, ერთიანი სტანდარტის შესაქმნელად და იმ საერთო მიდგომების დასამკვიდრებლად ვიყავი მივლინებული, რომელიც ერთნაირი უნდა ყოფილიყო მთელი ქვეყნისთვის მნიშვნელობა არ აქვს დედაქალაქი იქნება ეს თუ რეგიონი.

– როგორც აღნიშნეთ, საავადმყოფო პანდემიის პერიოდში ანუ ზუსტად მაშინ გაიხსნა, როცა არა მხოლოდ ქართველი, არამედ მსოფლიო მედიკოსებიც დაბნეული იყვნენ, არავინ იცოდა რა ექნა და როგორ ემოქმედა, ამიტომ არც საერთო სტანდარტები, არც მკურნალობის ერთიანი მეთოდი არსებობდა. რა სირთულეების დაძლევა მოუხდა კლინიკას ფუნქციონირების პირველ დღეებში?

– თვითონ გავხდი მოწმე იმ დიდი გასაჭირისა, რომელიც არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანას, არამედ მთელ მსოფლიოს დაატყდა თავს. სწორედ ჩემი ბათუმში ყოფნისას მიაღწია პანდემიამ პიკს. კარგად მახსოვს, როგორ იდგა კლინიკასთან უზარმაზარი რიგი, ჩვენ კი, ყოველ წუთს არაორდინალურად გვიხდებოდა მოქმედება და გადაწყვეტილების მიღება. ერთ-ერთი ახალგაზრდის გადასარჩენად, ჩემი თხოვნით სასწრაფო განყოფილების მედიკოსებმა საოპერაციო ბოქში არსებული ჟანგბადიც კი გამოიყენეს, მაშინ როცა,  საოპერაციოც სრული დატვირთვით მუშაობდა. სამწუხაროდ, კოვიდი მართლაც საზარელი დაავადებაა, რომელიც მთელ ორგანიზმს, განსაკუთრებით ადამიანის სუსტ წერტილებს უტევს და ანგრევს. მართალია, უამრავი პრობლემა და სირთულე იყო, მაგრამ ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს მთავარ მისიას „არცერთი პაციენტი ყურადღების გარეშე“ მაინც ღირსეულად გავართვით თავი. უზარმაზარი დატვირთვის მიუხედავად, ჩვენი რეანიმატოლოგი, ბატონი გია ხარჩილავა, რომელიც თბილისიდან გამოვიძახეთ, ყოველდღე, დათქმულ დროს ესაუბრებოდა პაციენტის ახლობლებს და ზუსტ ინფორმაციას აწვდიდა მის მდგომარეობაზე.

– ჟანგბადის დეფიციტი მთელმა მსოფლიომ გამოსცადა. საინტერესოა თქვენ როგორ მოგვარეთ მსგავსი პრობლემა?

– პირადად მე ჰოსპიტალურ ლოჯისტიკაში ვიყავი ჩართული, ამიტომ პირველ რიგში სწორედ ჟანგბადის მიწოდების საკითხით დავინტერესდი. პირველ დღეებში ჟანგბადის მიწოდებამ 2,2 ტონა შეადგინა, თუმცა მალე დღიურმა მოხმარებამ 3,5 ტონას მიაღწია, რადგან მართალია განსხვავებულ რეჟიმში, მაგრამ პაციენტების უმეტესობას სწორედ ჟანგბადის მიწოდება სჭირდებოდა. მახსოვს, შიშით ველოდით ცისტერნებს რუსთავის აზოტის ქარხნიდან, რადგან მათი მცირე შეფერხებაც კი უამრავი პაციენტის ჟანგბადის გარეშე დარჩენას ნიშნავდა. თავდადებით მუშაობდა მთელი კლინიკა, მათ შორის ტექნიკური პერსონალი ბატონ ოთარ დავითაძის ხელმძღვანელობით, რომელიც მედიკოსია, თუმცა ამჟამად სამეურნეო დარგს კურირებს. ძალიან დიდი დახმარება გაგვიწია საპარტნიორო ფონდმა, რომელმაც დამატებითი ცისტერმა შეგვიძინა და არსებული 6-ტონიანი რეზერვუარის ნაცვლად, 9-ტონიანი დაგვიყენა. რა თქმა უნდა, მხარში ამოგვიდგა ჯანმრთელობის სამინისტრო, მეტიც, თავად მინისტრი, მოადგილესთან ერთად სწორედ აჭარაში ბრძანდებოდა, მათ მოგვაწოდეს ჟანგბადის კონცენტრატორები, რისთვისაც დიდად ვემადლიერებით. სხვათშაორის, სულ რამდენიმე კვირაში გაიმართა და ამუშავდა ბათუმში ჟანგბადის მინი-ქარხანა, რომელიც დღესაც წარმატებით ფუნქციონირებს. უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა ენერგოუზრუნველყოფის საკითხის მოგვარება, რადგან დენის ერთი წუთით გათიშვაც კი, სერიოზული პრობლემებით გვემუქრებოდა, ამიტომ ენერგოპროჯორჯიასთან თანამშრომლობით გაკეთდა ალტერნატიული ხაზი, გაიმართა ძაბვის და ელექტროპარამეტრების კორეგირების სისტემა, ექსპლუატაციაში შევიდა მუდმივი დენის გამომუშავების ოთხი გენერატორი.

– შეუძლებელია არ გავიხსენოთ მედპერსონალის თავდადება, ალბათ მათაც უამრავი სირთულის დაძლევა მოუხდათ?

– გეთანხმებით. ჩვენ დღეს ომში ვართ ჩართული, მართალია, სერიოზული დანაკარგების ხარჯზე ბრძოლაში გავიმარჯვეთ, მაგრამ ომი ჯერ არ მოგვიგია. ყველა ომს თავისი გმირები, დეზერტირები, მოროდიორები ჰყავს და არც კოვიდთან ომი აღმოჩნდა გამონაკლისი, თუმცა უმჯობესია იმ გმირობაზე ვისაუბროთ, რომელიც სამედიცინო პერსონალმა გამოიჩინა. სამწუხაროდ, სამი ექიმი დავკარგეთ, მათ შორის იყო არაჩვეულებრივი რეანიმატოლოგი ისლამ საფაროვი, რომელიც ჯერ დაინფიცირდა ვირუსით, მერე ჩვენს კლინიკაში მკურნალობდა, პარასკევ დღეს უნდა გაგვეწერა, დაიჟინა, რომ ორშაბათს მორიგეობის ცხრილში ჩაგვესვა, თუმცა გაწერამდე რამდენიმე საათით ადრე მისი მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა. რა თქმა უნდა, მთელი პერსონალი თავდადებით იბრძოდა მის გადასარჩენად, თუმცა მძიმე ქრონიკული დაავადებების გამო ჩვენი ბრძოლა უშდეგო აღმოჩნდა. უამრავი ექიმი დაავადდა, თავიდან ჩვენც ბევრ შეცდომას ვუშვებდით, რადგან აბსოლუტურად გამოუცდელები ვიყავით. ძალიან გაგვიჭირდა კვალიფიციური პერსონალის მოძიება, მართალია, ძალიან დაგვეხმარა განათლების სამინისტრო და სხვადასხვა სასწავლებელი, რომელთაც მედიკოსი სტუდენტები და კურსდამთავრებულები მოავლინეს ჩვენს კლინიკაში, მაგრამ მაინც მოგვიხდა 50-მდე სპეციალისტის, მათ შორის ჩვენი ფტიზიატრია-პულმონოლოგიის პროგრამის რეზიდენტების მობილიზება, რომელთა ნაწილი დღემდე ბათუმშია. მართლაც უმძიმესი დღეები გამოვიარეთ, რამდენიმე დღის წინ ემერჯენსის განყოფილების გამგემ ჯუმბერ ბოლქვაძემ ისიც კი თქვა, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა გაუძლებდა თუ არა ფსიქოლოგიურად მედპერსონალი კოვიდის ახალ შემოტევას, განსაკუთრებით სტრესულ მდგომარეობაში ახალგაზრდები აღმოჩდნენ, რომლებიც ზოგჯერ ისე იღლებოდნენ, რომ კუთხეში იდგნენ და ტიროდნენ, თუმცა საკუთარ მოვალეობას არ ივიწყებდნან და რამდენიმე წუთში ისევ საქმეს უბრუნდებოდნენ. იყო შემთხვევები, როცა დაინფიცირებული მედპერსონალი არც პაციენტეთან ერთად მკურნალობისას ღალატობდა პროფესიას და საკუთარი თავის ნაცვლად, სწორედ მათ დახმარებას ცდილობდა. ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ამ დროს ბატონი თენგიზ ცერცვაძის და ქალბატონი მარინა ეზუგბაიას მხარდაჭერა, რომლებიც რამდენჯერმე ესტუმრნენ ბათუმს. ვფიქრობ, სწორედ ამ ერთობამ გაგვაძლებინა, რადგან რეკომენდაციების და გამოცდილების ურთიერთგაზიარებით შვიმუშავეთ ჰოსპიტალური მართვის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისი სამოქმედო გეგმა. მემორანდუმი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან პირველმა ტუბერკულიოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულმა ცენტრმა გააფორმა. ჩვენი სხვადასხვა პროფილის სპეციალისტი მაშინაც ჩამოდიოდნენ და ახლაც მუდმივად უწევენ კონსულტაციას ბათუმელ კოლეგებს.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები