აბიტურიენტობა პასუხისმგებლობით სავსე, ახალი ეტაპია ადამიანის ცხოვრებაში, რომელსაც თან სდევს შიში, შფოთვა, სტრესი. როგორ უნდა დაძლიონ სტრესი აბიტურიენტებმა – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ნლპ ოსტატმა ანა არველაძემ ისაუბრა.
რას განიცდის აბიტურიენტი?
მოდით, ყველამ ერთად გავიხსენოთ ჩვენი აბიტურიენტობის პერიოდი – ღელვა, შფოთვა, შიში და სხვა უამრავი ემოცია ირევა ერთმანეთში. ხშირად, სწორედ ეს ემოციები გვაიძულებს საგამოცდო აუდიტორიაში წინასწარ შევიდეთ „დამარცხებულ“ პოზიციაში, რადგან სადღაც, გულის სიღრმეში ვიცით, რომ უფრო მეტი შეგვეძლო, ვაცნობიერებთ როგორ ვერ შევძელით წინასაგამოცდო დროის ეფექტურად და პროდუქტიულად გამოყენება და ვბრაზდებით საკუთარ თავზე და შევდივართ ყველაზე მტკივნეულ კონფლიქტში – კონფლიქტში საკუთარ თავთან. ამ დროს ყველაზე მეტად არა საკუთარ თავზე, არამედ იმ ადამიანებზე ვფიქრობთ, რომლებიც გვგულშემატკივრობენ და ყველაზე ძალიან გვინდა მათი იმედები გავამართლოთ, ისეთი ძლიერია ეს სურვილი, რომ ხშირად არც კი ვფიქრობთ თავად ჩვენ რა გვინდა, რა პროფესიაზე ვოცნებობთ, საქმიანობის რომელი სფერო გვანიჭებს ბედნიერებას…
აბიტურიენტობა არ არის სხვების მოლოდინების გამართლება, თუნდაც ყველაზე ძვირფასი ადამიანების, ეს არის საკუთარი თავის წინაშე ანგარიშით წარდგომა ყოველი იმ წუთისათვის, იმ ძალისხმევისათვის, ყოველი გათენებული ღამისათვის, რომელიც თითქმის დაბადებიდან ამ ეტაპამდე მოსვლამდე გაიარეთ, რამდენი რამ ისწავლეთ, რამდენჯერ სიცხიანი წახვედით სკოლაში, რამდენ სიამოვნებაზე თქვით მეცადინეობის გამო უარი, რამდენჯერ მოგიწიათ ქარში, ყინვასა და კოკისპირულ წვიმაში სკოლაში წასვლა მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად სახლში დარჩენა და საყვარელი ანიმაციის ყურება გსურდათ…
რაზე უნდა ფიქრობდნენ აბიტურიენტები გამოცდაზე შესვლის წინ?
სწორედ ამ საკითხებზე ფიქრით უნდა შედგათ ფეხი აუდიტორიაში, საკუთარი თავის მიმართ მადლიერებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ფიქრობთ, რომ საკუთარი შესაძლებლობები დაზოგეთ და მაქსიმალურად არ გამოიყენეთ. თქვენ ყველაზე ძალიან საკუთარი თავის თანადგომა და მხარდაჭერა გჭირდებათ და არა უსასრულო კრიტიკა, რომელსაც ხშირად მიზანმიმართულად უგზავნით საკუთარ თავს გამოუყენებელი შესაძლებლობებისათვის.
თუმცა, არ დაგავიწყდეთ, რომ ჯერ კიდევ გაქვთ დრო – რამდენიმე საათი, წუთი, დღე საბოლოო გამოცდამდე. შეგიძლიათ მოიკრიბოთ ყველა ის რესურსი, რომელიც აქამდე არ გამოგიყენებიათ. გაათენოთ კიდევ რამდენიმე ღამე მხოლოდ იმისათვის, რომ აჩუქოთ საკუთარ თავს შესაძლებლობა, ისწავლოს ის, რაც აქამდე ვერ მოასწრო და დაეხმაროთ საკუთარი შესაძლებლობების სრულფასოვნად დემონსტრირებაში. მხოლოდ თქვენ იცით, რამდენი შეგიძლიათ, მხოლოდ თქვენ იცით, რა რესურსებს ფლობთ, მხოლოდ თქვენ იცით, რამდენჯერ ჩაგიბარებიათ ისეთი გამოცდა, რომლის ჩაბარების იმედიც არ გქონდათ მხოლოდ იმიტომ, რომ გამოცდამდე დარჩენილ წამებში არ დაკარგეთ ჩაბარების რწმენა და იმედი და რამდენიმე წამში ისწავლეთ ის, რის სწავლასაც რამდენიმე დღე ან კვირა სჭირდება.
როგორ უნდა გაუმკლავდნენ სტრესს?
სტრესი აბსოლუტურად ბუნებრივია და გასაკვირი მხოლოდ ის იქნება, რომ არ განიცდიდეთ მას. იგი არის ბუნებრივი, ფსიქო – ემოციური ფაქტორი, რომელიც ბევრ მოვლენას ახლავს თან. მსურს გასწავლოთ სტრესის მართვის რამდენიმე მეთოდი, რომელიც ძალიან ეფექტურია და დაგეხმარებათ საკუთარი ემოციების მართვის პროცესში.
უძველეს ჩინურ ჩანაწერებში ვხვდებით საინტერესო მეთოდს, რომლითაც მებრძოლები ბრძოლის ველზე გასვლის წინ ახერხებდნენ კორტიზოლის დათრგუნვას და ტესტოსტერონის, ეგრეთ წოდებული „ბრძოლის ჰორმონის“ გამოყოფის გაძლიერებას.
ისისნი ბრძოლამდე რამდენიმე წუთით ადრე იდაყვში ხრიდნენ ხელებს და გაშლილ ხელისგულებს მორიგეობით ურტყამდნენ კისერს რამდენიმე წამის განმავლობაში, სანამ იგრძნობდნენ ენერგიის მოზღვავებას და მიიჩნევდნენ, რომ ამ გზით უსარგებლო აზრებს იშორებდნენ და მათგან განთავისუფლება ეხმარებოდათ შიშის და სტრესის დაძლევაში და იღებდნენ სტრატეგიულ და სწორ გადაწყვეტილებებს ბრძოლის ველზე.
გახსოვდეთ, შესაძლოა ეს არ იყოს თქვენი ერთადერთი აბიტურიენტობა. ჩვენ ვვითარდებით და განვითარების პარალელურად გვეცვლება ინტერესები. შესაძლოა არაერთხელ მოგინდეთ თუნდაც რადიკალურად შეიცვალოთ პროფესია და მჯერა, დიდი სიხარულით და სიამაყოთ გაიხსენებთ აბიტურიენტობის პირველ გამოცდილებას.
https://www.facebook.com/fortuna106.9/videos/635879530351143