LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დავაბალანსოთ ურთიერთობები პოზიტიური ფსიქოთერაპიით – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

9
IMG-0054

როგორ დავაბალანსოთ ურთიერთობები პოზიტიური ფსიქოთერაპიის მოდელით – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ პოზიტიურმა ფსიქოკონსულტანტმა მაკო ჯაოშვილმა ისაუბრა.

რას ნიშნავს პოზიტიური ფსიქოთერაპია?

პოზიტიური ფსიქოთერაპია შედარებით ახალგაზრდა მეცნიერებაა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანისტური მიდგომა, რომელიც გვასწავლის, რომ კონფლიქტის წარმოშობის მიზეზი მარტივად შეგვიძლია დავადგინოთ სწორად დასმული შეკითხვებით. აქ ვიყენებთ  ფსიქოდინამიკურ მეთოდს არსებული რეალობის სწორი ანალიზისთვის, რაც გვეხმარება აღმოვაჩინოთ საკუთარი რესურსები, გავიფართოვოთ შესაძლებლობები და მოვძებნოთ გამოსავალი. პროცესში ცხადია, ვითვალისწინებთ თითოეული ადამიანის მენტალიტეტს, ხასიათს და რაც მთავარია, ვაფასებთ მის უნიკალურობას.

პოზიტიური ფსიქოთერაპიული მოდელის სტრუქტურა ქმნის დაბალანსებულ ურთიერთობებს. სიმპტომების დონეზე გამოვლენილი საკითხების სიღრმისეული გარკვევით ვიგებთ, რამ გამოიწვია გაუგებრობა, იმედგაცრუება, შიში, აგრესია თუ უშუალოდ კონფლიქტური სიტუაცია. ხშირად კონფლიქტს ამწვავებს ადამიანებს შორის განსხვავებული შეხედულებები და ის გარემოება, რომ ადამიანები ფაქტობრივად, არ უსმენენ ერთმანეთს, არც ეკითხებიან და არ ცდილობენ ერთმანეთის გაგებას.

თავის მხრივ, ადამიანებს შორის აზრთა განსხვავებულობა შეიძლება აღვიქვათ, როგორც დამატებითი, შემავსებელი საზრისი, რომელიც სწავლის, ცოდნისა და ქცევის გაფართოების შესაძლებლობას იძლევა. ბუნებრივია, ეს გვიადვილებს  ცხოვრების სხვა და სხვა ეტაპზე წამოჭრილ სირთულეთა დაძლევას, რადგან პოზიტიური ფსიქოთერაპია „აქ და ახლა“ პრინციპით აზროვნებას გვაჩვევს.

პირადად ჩემთვის, ეს მიდგომა საკმაოდ პრაქტიკული დანიშნულების აღმოჩნდა. მისი გამოყენებით ვისწავლე ე.წ. მოთმენით მოსმენა. გავაუმჯობესე შეკითხვების დასმის ტექნიკა, რასაც ხშირად ვიყენებ სატრენინგო თუ სალექციო ფორმატში და ახლა უკვე, კონსულტაციების დროს კლიენტებთან ურთიერთობაშიც.

 

 

რა უნდა ვიცოდეთ კომუნიკაციების დასამყარებლად?

ნებისმიერი სახის კომუნიკაციის დასამყარებლად რეკომენდებულია წინასწარ განვსაზღვროთ ოთხი საბაზისო საკითხი:

  1. ვის მივმართავთ კონკრეტულ სიტუაციაში, ფართო ჭრილში თუ განვიხილავთ, ვინ არის მიზნობრივი სეგმენტი  მოცემულ ეტაპზე
  2. რა ქცევითი მახასიათებლებებით გამოირჩევა კონკრეტული პიროვნება თუ ადამაინების ჯგუფი ანუ სამიზნე აუდიტორია – რა მიზნები, მისწრაფებები, ინტერესები ამოძრავებს მათ
  3. რას აქცევენ ისინი ყურადღებას ანუ რითი დავაინტერესოთ, რომ მიმზიდველი გახდეს ჩვენ მიერ შემუშავებული არსებითი შეტყობინება
  4. როგორ რეაგირებენ ისინი მიღებულ ინფორმაციაზე – რამდენად დაიმახსოვრებენ და რა რეაგირებას განახორციელებენ.

პიროვნებათშორის ურთიერთქმედებაში დიდი როლი ენიჭება ქცევის  განმსაზღვრელი ფსიქოლოგიური ასპექტებისა და იმ მიდგომების  ცოდნა,  რომელთა მეშვეობითაც სწორად ვიგებთ ერთმანეთის შეხედულებას, ობიექტურად აღვიქვამთ და შესაბამისად, ორმხრივად შედეგიანი გამოდის ჩვენი ურთიერთობა. ასევე გასათვალისწინებელია, რომ გაცილებით მეტი დატვირთვა აქვს არავერბალურ ნაწილს ანუ შეგრძნებების, ემოციების, დამოკიდებულებების დონეზე რეალობის აღქმას და ამის შესაბამისად მიმდინარე ქცევით რეაქციებს. მიდგომების ჩამოყალიბებაში არსებითი მნიშვნელობა აქვს სამ მთავარ კომპონენტს:

  1. ემოციურ დონეზე – რას განვიცდით (ვგრძნობთ) კონკრეტულ სიტუაციაში
  2. კოგნიტურ დონეზე – რას ვფიქრობთ აღნიშნულთან დაკავშირებით
  3. ბიჰევიორულ ანუ ქცევის დონეზე – რას ვაკეთებთ, როგორ ვიქცევით.

პოზიტიური და ტრანსკულტურული ფსიქოთერაპიული მოდელი საკმაოდ ღრმა შინაარსობრივი დატვირთვით გამოირჩევა.  მისი დინამიკური ტექნიკა სწორედ ამ სამ შეკითხვაზე პასუხებით გვეხმარება ერთი მხრივ, გავერკვეთ საკუთარ თავში,  მეორე მხრივ, გულდასმით მოვუსმინოთ, დავაკვირდეთ და ჩავწვდეთ საზრისს სხვების ნათქვამსა თუ ქცევაში. ეს გვაძლებვს უნიკალურ შესაძლელბას აღმოვაჩინოთ მეტი რესურსი საქმიანი თუ პირადი ურთიერთობის გასაუმჯობესებლად.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები