LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დავძლიოთ შიში და შფოთვითი აშლილობა – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

377
sofo-makharadze

გადაცემის ლაივი LIVE

შიში და შფოთვა ჯანმრთელი ადამიანის ადეკვატური რეაქციაა მის მიერ აღქმულ რეალურ ან წარმოსახვით საფრთხეზე. ეს ის თანდაყოლილი საპასუხო რეაქციებია სტრესზე, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ გადავრჩეთ. ამ თანდაყოლილი რეაქციების გარეშე, ჩვენი ტვინი ვერ მიიღებდა გამაფრთხილებელ სიგნალს საფრთხის შესახებ და შესაბამისად, საფრთხის პირისპირ აღმოჩენილი, ვერ გაუმკლავდებოდა მას. როგორ დავძლიოთ შიში და შფოთვითი აშლილობა – გადაცემის “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” სტუმარია ფსიქოლოგი სოფო მახარაძე.

როგორ განვასხვაოთ შიში და შფოთვა?

შიში, ეს არის რეალურად არსებულ, ობიექტურად იდენტიფიცირებულ გარეგან საფრთხეზე რაციონალური რეაქცია, რომელიც აიძულებს ადამიანს გაიქცეს ან დარჩეს საფრთხის პირისპირ და შეებრძოლოს მას თავდაცვის მიზნით. შფოთვა კი წარმოადგენს ადამიანის ემოციურ პასუხს არა განსაზღვრულ და ობიექტურად იდენტიფიცირებულ საფრთხეზე, არამედ ადამიანის გონების მიერ ინტერპრეტირებულ შესაძლო საფრთხის მოლოდინზე.

ზოგიერთ შემთხვევაში შფოთვა, გარკვეულ სიტუაციებს უკავშირდება და სიტუაციის ცვლილების შესაბამისად იცვლება. ხშირად შფოთვა, როგორც პიროვნული მახასიათებელი ისე განისაზღვრება და გულისხმობს ადამიანის მიდრეკილებას აღიქვას მთელი სამყარო, როგორც პოტენციური საფრთხის მატარებელი. ასეთ შემთხვევაში „შფოთიანობა“ უფრო მდგრადი პიროვნული მახასიათებელია და სიტუაციიდან სიტუაციამდე არ იცვლება. შფოთვა ძალიან ხშირად განიხილება როგორც აქტივობის ხელშემწყობი ან შემაფერხებელი ფაქტორი. ცნობილია, რომ შფოთვის გარკვეული ინტენსივობა აუცილებელი და სასარგებლოა წარმატებული მოქმედებისათვის.  შფოთვის ერთ-ერთ თვისებას წარმოადგენს შექმნილი სიტუაციის ანალიზი, რასაც მოსდევს სახიფათო სიტუაციაზე რეაქციის სამი ფორმა: გაქცევა, აგრესია ან ე.წ. „სტუპორი“, რომელიც გულისხმობს ყველანაირი მოქმედების შეწყვეტას.  ყველა ამ სიტუაციაში შფოთვის ის ფორმებია აღწერილი, რომლის გამოცდილებაც ყველა ჩვენგანს  ჰქონია.

რა ფიზიკური სიმპტომები ახასიათებს შფოთვას?

შფოთვა, როგორც წესი იდენტიფიცირებულია მისთვის დამახასიათებელ მრავალ, არაკომფორტულ სომატურ შეგრძნებებთან. შფოთვის ყველაზე უფრო გავრცელებულ ფიზიკურ სიმპტომებში იგულისხმება: თავის ტკივილები; კუნთების ტკივილი ან დაძაბულობა; ძილის დარღვევა; სხეულის დაჭიმულობის და დაძაბულობის შეგრძნება; ტკივილები გულ-მკერდის არეში; ყურებში ხმაურის შეგრძნება; მოჭარბებული ოფლიანობა; კანკალი და ცახცახი; მოზღვავებული სიცხის ან სიცივის შეგრძნება; გულისცემის აჩქარება; კიდურების დაბუჟებისა ან ჩხვლეტის შეგრძნება; კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება; გულისრევა; ჩასუნთქვის გაძნელება; ჰაერის უკმარისობა, გაგუდვის ან ხრჩობის შეგრძნება; თავბრუსხვევა; გაგიჟების შიში და ა.შ.

თუ კარგად დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ რომ ცხოვრების მანძილზე, ყოველ ჩვენგანს ერთხელ მაინც განგვიცდია სტრესულ სიტუაციებში ჩამოთვლილ სიმპტომთაგან ერთ-ერთი. ხშირად ამ სიმპტომების გამო კონკრეტული ექიმითან მისვლაც გადაგვიწყვეტია და მივსულვართ კიდეც, თუმცა ჩვენი სომატური სიმპტომების შესაბამისი ორგანული ცვლილებების არ დადასტურების შემდეგ, ექიმს დამამშვიდებელის მიღება და ხშირად ფსიქოლოგიური კონსულტაციის გავლაც შემოუთავაზებია. თუმცა ხშირად ჩვენი შფოთვა არც ასე ძლიერ რთულდება და სტრესული პერიოდის გავლის შემდეგ, ეს სიმპტომებიც მასთან ერთად უჩინარდება.

როდის შეიძლება დაისვას შფოთვითი აშლილობის დიაგნოზი?

როგორც კი შიშის და შფოთვის ემოცია ისეთი ინტენსიური და ხანგრძლივი (დროში გაჭიანურებული) ხდება, რომ ის ხელს უშლის ადამიანის ყოველდღიურ ეფექტურ ფუნქციონირებას და ყოველდღიური ცხოვრებით ტკბობას, უნდა დაისვას შფოთვითი აშლილობის დიაგნოზი.

განარჩევენ შფოთვითი აშლილობის შემდეგ სახეებს: გენერალიზირებული შფოთვითი აშლილობა, პანიკური აშლილობა, ფობიური აშლილობა, რომელშიც იგულისხმება – სოციოფობია და სპეციფიური ფობიები, ობსესიურ-კომპულსური აშლილობა და პოსტტრამვული სტრესის აშლილობა.

თითოეულ ამ აშლილობაში შფოთვა და შიში გადამწყვეტ როლს ასრულებს, თუმცა ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან შფოთვის განცდის ხარისხის, სიმწვავის, სიღრმის და მისი გამომწვევი სიტუაციების მიხედვით. ის რაც მათ აერთიანებს, ეს არის ინტენსიური, ირაციონალური და გადაჭარბებული შფოთვა „მოსალოდნელი საფრთხის“ შესახებ. ძლიერი შიშის და წუხილის განცდა, თვალსაჩინო მიზეზის და რეალური საფრთხის არსებობის გარეშე. შფოთვითი აშლილობის ზოგიერთი ფორმა ხშირად მიმდინარეობს ისეთი ტიპის აშლილობებთან ერთად, როგორიცაა დეპრესია, კვებითი აშლილობა, ისეთი ნივთიერებების გამოყენებით გამოწვეული აშლილობები, როგორიცაა ალკოჰოლი და ნარკოტი. შფოთვითი აშლილობები აფერხებს და ხშირად პარალიზებულს ხდის ადამიანს სოციალური ფუნქციონირების კუთხით როგორც ოჯახში, ისე მის გარეთ. ადამიანს უჭირს განიცადოს სიამოვნება და ბედნიერება საკუთარი არსებობით. ამ მტანჯველი გრძნობების მუდმივი განცდა საკუთარი თავის მნიშვნელობის და გარემოს მტრული აღქმის გარდაუვალ პირობას ქმნის. ადამიანი კარგავს რწმენას საკუთარი თავისუფლების შესახებ. მისი თვითშეფასება ფსიქო-ემოციონალური ფონის გამწვავების კვალდაკვალ უარესდება.

ფსიქოლოგიურ ჭრილში, განსხვავებულ ფაქტორებზე დაყრდნობით ხდება შფოთვითი აშლილობების განვითარების სპეციფიკის ახსნა. მაგალითად, ევოლუციური თეორიები შფოთვას და შიშს, ერთხელ საშიშად აღქმულ სტიმულზე რეაგირების ევოლუციურ ტენდენციად განიხილავს, რომლის მიზანიც სახეობის გადარჩენაა. ფსიქოდინამიკური მოდელი კი, შფოთვითი აშლილობის განვითარების ახსნას, პიროვნების სტრუქტურის ფსიქიკურ კომპონენტებს შორის აღმოცენებული გადაუჭრელი კონფლიქტის საფუძველზე ცდილობს. ბიჰევიორისტული მიდგომის თანახმად, შფოთვა ქცევის დასწავლილი ფორმაა, სადაც მანამდე ნეიტრალური ობიექტი ან სიტუაცია, შემაშინებელ გამოცდილებასთან შეწყვილების საშუალებით, ფობიის სტიმულად გადაიქცევა. კოგნიტური მიდგომა კი აქცენტს, ინდივიდის მიერ რეალობის დამახინჯებული აღქმის და შესაბამისად ამ რეალობისადმი არასწორი განწყობების და აზრების ფორმირების სპეციფიკაზე აკეთებს.

შფოთვითი აშლილობის გარკვეული ფორმები ხშირად ძალიან ინტენსიურ და ხანგრძლივ მკურნალობას მოითხოვს, თუმცა კლიენტზე მორგებული ფარმაკოთერაპიის და ფსიქოთერაპიის ეფექტური შერწყმა, ნამდვილად იძლევა შფოთვითი აშლილობისგან განკურვის რეალურ და გამოცდილებებით არსებულ პირობას.

7 რჩევა სოფო მახარაძისგან:

1. გააცნობიერეთ, რომ შიში და შფოთვა, რომელსაც თქვენ განიცდით შფოთვითი აშლილობის პირობებში, არ არის შიშის და შფოთვის თქვენეული განცდა, ეს შფოთვითი აშლილობის სიმპტომებია; ნეგატიური აზრები საკუთარი უუნარობის, გარემოს მტრული აღქმის და ა.შ. შესახებ, რომელიც თავს იჩენს შფოთვითი აშლილობის პირობებში, ეს არ არის თქვენი აზრები საკუთარი თავის და სამყაროს შესახებ, ეს შფოთვითი აშლილობის სიმპტომებია.

2. გააცნობიერეთ, რა არის ის, რაც თქვენია! ეს არის ძალა ცვლილებისა, რომელიც თქვენს პროდუქტიულობასა და კონსტრუქციულობაში ვლინდება.

3. ის რაც არ არის თქვენი, ნუ გადააქცევთ თქვენი თვითშეფასების კრიტერიუმად. სიმპტომებს მკურნალობა სჭირდება და არა ბრძოლა ან დანებება.

4. შიშის და შფოთვის განცდის და მისი თანმდევი შეტევების დროს ღრმად და ნელა ჩაისუნთქეთ ჰაერი მუცლისკენ ოთხ თვლაზე და ამოისუნთქეთ ის ამავე თვლის ფარგლებში. სუნთქვის საშუალებით თქვენ დაეხმარებით ტვინს ჟანგბადით უზრუნველყოფაში, რომელიც შეფერხებულად მიეწოდება მას შიშის და შფოთვის განცდის პირობებში.

5. ნუ შეეცდებით შემაწუხებელი ემოციებისგან, აზრებისგან და პანიკური შეტევებისგან თავის დაღწევას. მიიღეთ ისინი, როგორც გამოწვევა და შეეცადეთ უფრო მეტად გააძლიეროთ ეს უკანასკნელი. რაც უფრო მეტად შეგეშინდებათ, მით უფრო მეტად „ვერ მიაღწევთ მიზანს“.

6. ნუ აარიდებთ თავს შიშის და შფოთვის გამომწვევ ობიექტებს, სიტუაციებს თუ მოვლენებს. საფრთხისგან დისტანცირება, კიდევ უფრო მეტად ზრდის მის მნიშვნელობას. მიუახლოვდით ყველაფერს, რაც გაშინებთ, დააკვირდით და შეისწავლედ თქვენი შიშები და მისი გამომწვევი სიტუაციები და ობიექტები. საშიშია მხოლოდ ის, რაც არ ვიცით, რასაც არ ვიცნობთ, რაც უჩვეულო და არახელშესახებია.

7. შფოთვის და შიშის ფუნქცია თქვენი დაცვაა! გააცნობიერედ რისგან გიცავთ შიშები და აიღეთ პასუხისმგებლობა მის მოგვარებაზე. ყოველივე არსებული თავის თავში საპირისპიროს მოიცავს. შიშში თავისივე საპირისპიროს აღმოჩენით იწყება თქვენი თავისუფლება!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები