LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როგორ დავემდურო ბედს“ – „გადავწყვიტე კომპოზიცია, რომელიც მართლაც ძალიან ემოციური აღმოჩნდა, ჩემი შვილისთვის მიმეძღვნა”

13
nino-dzowenidze

გადაცემის ლაივი LIVE

26 მარტს რადიო „ფორტუნასა“ და თათა სადრაძის გადაცემაში „არტ-FM“ ნინო ძოწენიძის ახალი სიმღერის „როგორ დავემდურო ბედს“ პრემიერა შედგა.

– ნინო, „როგორ დავემდურო ბედს“ საკმაოდ ძველი და ძალიან პოპულარული სიმღერაა, რომელიც უამრავმა მომღერალმა შეასრულა. თქვენ რატომ გადაწყვიტეთ მისი ჩაწერა?

– სიმღერა არაჩვეულებრივ კომპოზიტორს, ბატონ ზურაბ ბოკუჩავას ეკუთვნის და მართლაც ძველია, თუმცა მე მხოლოდ გიორგი ნარმანიას შესრულებით მოვისმინე, ძალიან მომეწონა და მისი განსხვავებული ვერსიით ჩაწერა გადავწყვიტე, რაშიც ძალიან დამეხმარა ნიკო ჩარკვიანი. სიმართლე ვთქა, ნიკოს მანამდე საერთოდ არ ვიცნობდი, მხოლოდ გადაცემა „პროფილში“ მოვუსმინე და სასწრაფოდ დავუკავშირდი. სიმღერა მეორე დღესვე ჩავწერეთ, მოგვიანებით, ჩელოს პარტია დაემატა გუჯა მარდალეიშვილის შესრულებით და ვფიქრობ, ზუსტად ისეთი გამოვიდა, როგორიც მინდოდა.

– სცენაზე გამოსვლა არც ისე მარტივია, რადგან თავისი წესები და კულტურა აქვს, რომელთა დაცვა ხშირად უცხოელ შემსრულებლებსაც ძალიან უჭირთ. თქვენ ამ მხრივ, ძალიან განსხვავდებით სხვებისგან, საოცრად სცენური, პლასტიკური ხართ და ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს საერთოდ არ ღელავთ პუბლიკის წინაშე წარდგომას…

– ვფიქრობ, ყველაფერი კომპლექსების ბრალია. სინამდვილეში, ბევრი შემსრულებელი ძალიან კარგად მოძრაობს და ცეკვავს, სცენაზე გამოსული კი, აბსოლუტურად კარგავს პლასტიკურობას. ალბათ კრიტიკის ეშინია, რადგან ქართული პუბლიკა ყოველთვის ზედმეტად კრიტიკულია, ყველა დეტალს იძიებს, თითქოს მიზეზს ეძებს და როგორ ჩანს, სწორედ ეს აკოპმლექსებთ ქართველ შემსრულებლებს. მეც მქონდა მსგავსი შემთხვევა, როცა სახალისო სიმღერა „შინამანეკენა“ ჩავწერე და ბევრი სრული სერიოზულობით შეუდგა ჩემი მოგონილი სიტყვის მნიშვნელობის კვლევას. რა თქმა უნდა, კრიტიკა საჭიროა, თუმცა მხოლოდ ჯანსაღი და ობიექტური.

– თავად ვის აზრს ითვალისწინებთ ყველაზე მეტას?

– პირველ რიგში, გიგას აზრს ვითვალისწინებ და რამდენიმე მუსიკოსი მეგობრის შეფასებითაც ყოველთვის ვინტერესდები.

– რამდენადაც ვიცი, დიდი ხანია გიგასთან ერთად ალბომის ჩაწერას გეგმავთ,

– გეგმები ყოველთვის მრავლად გვაქვს, თუმცა, მუსიკალური გემოვნებით ძალიან განვსხვავდებით. გიგას თანამედროვე ჟღერადობა მოსწონს, მე ცოტა სხვა სტილის მუსიკას ვუსმენ, ხშირად ვკამათობთ და ტანდემიც ვერ შედგა.

– ვინაა თქვენი საყვარელი მომღერალი?

– ძალიან მომწონს ერიკა ბადუ და უითნი ჰიუსტონი, ტინა ტერნერი, პინკი და ბევრი სხვა.

– განსაკუთრებით გამაღიზიანებელი ჭორი თუ გსმენიათ საკუთარ თავზე?

– საბედნიეროდ, ჩემზე ნაკლებად ჭორაობენ.

– როგორ შეიქმნა ახალი სიმღერის კლიპი?

– დიდხანს ვიფიქრე სიმღერასა და მის ვიზულურ მხარეზე, ბოლოს გადავწყვიტე კომპოზიცია, რომელიც მართლაც ძალიან ემოციური აღმოჩნდა, ჩემი შვილისთვის მიმეძღვნა, რადგან ქალის ცხოვრებაში ერთადერთი ნამდვილი სიყვარული სწორედ შვილია და კლიპშიც მისი გადაღება გადავწყვიტე. მართალია, გამიჭირდა დათანხმება, რადგან სპორტითაა გატაცებული და ძალიან არ უყვარს შოუბიზნესი, მაგრამ საბოლოოდ მაინც შევძელი და ვფიქრობ, საინტერესო კლიპი გამოვიდა, რაც პირველ რიგში გიგას დამსახურებაა, რადგან სწორედ მას ეკუთვნის ემიგრანტი დედის მონატრებულ შვილთან დაბრუნების იდეა.

– ბოლო დროს იშვიათად ჩნდებით პუბლიკაზე, რატომ მოანატრეთ თავი მსმენელს?

– ალბათ არ მქონდა განსაზღვრული, რისი კეთება მინდოდა, თუმცა ახლა, ზუსტად ვიცი, რომ პირველ რიგში, პოზიტიური, ენერგიული და ხალისიანი საზაფხულო ჰიტი მჭირდება. სხვათაშორის, ჩემს შვილს ძალიან არ მოსწონს ზედმეტად აქტიური დედა და ხშირად შენიშვნასაც მაძლევს.

– როგორ დაახასიათებდით საკუთარ შემოქმმდებას?

– ჩემი შემოქმედება ძალიან ქაოტურია, რადგან ბავშვობაში როკით დავიწყე და პრაქტიკულად ყველა მუსიკალურ ჟარში მოვსინჯე საკუთარი თავი.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები