როგორ გაიცნო შეყვარებული რუსკა ქარქაშაძემ: „ის ბიზნესის სფეროშია...“

„ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მსახიობი და ტელეწამყვანი, რუსკა ქარქაშაძე, რომელმაც პოპულარობაზე, კარიერასა დეა პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.

როგორც ვიცი, თეატრალურ სტუდიაში დადიოდი, როდესაც პატარა იყავი, როგორ დაიწყო შენი სამსახიობო კარიერა?

5, 6 წლიდან სულ მინდოდა ეს ყველაფერი, კამერები, სცენა. მახსოვს ჩემი თავი, სარკესთან დავდგებოდი, ხელში სავარცხელს ვიჭერდი და ვითომ წამყვანი ვიყავი. ჩემი მშობლების დამოკიდებულებას რაც შეეხება, სერიოზულად არ უყურებდნენ. სამაგიეროდ, ბებომ აღიქვა ჩემი სურვილი სერიოზულად, მან მოძებნა თეატრალური სტუდია და მიმიყვანა. აი, როდესაც ჩემს პირველ სპექტაკლზე მოვიდნენ ჩემი მშობლები, მიხვდნენ, რომ მართლაც მინდოდა ეს ყველაფერი. პირველი სერიალი იყო „ხელოვნური სუნთქვა“. სპექტაკლი მქონდა, მენეჯერი მოვიდა და მითხრა, რომ ტარდებოდა კასტინგი მასშტაბური სერიალისთვის. ჩემ გარდა, 1000-ზე მეტი გოგო იყო, დიდი კონკურენცია იყო ძალიან. ოჯახიდან მხოლოდ მე მჯეროდა, რომ გამოვიდოდა. მალევე მამამ დამირეკა და მითხრა, დამირეკეს და დაგამტკიცეს სერიალზეო, ძალიან გამიხარდა.

როგორია პროფესიონალ მსახიობებთან მუშაობა?

ეს ძალიან დიდი კომფორტია. ისინი მხარში მედგნენ. მამხნევებდნენ. ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი. ფაქტობრივად, პავილიონში ვცხოვრობდი, წარმოუდგენელი რეჟიმი იყო, მაშინ სერიალსაც კი ვერ ვუყურე. მთელი ორი სეზონი ჩაკეტილები ვიყავით და ვმუშაობდით. არ ველოდი პოპულარობას, აღფრთოვანებული ვიყავი, სათითაოდ ვპასუხობდი კომენტარებს. თან, მაშინ 13 წლის ვიყავი. სკოლაშიც კი უცხო ბავშვები მოდიოდნენ და მეხუტებოდნენ, ყველაფრად ღირს ამ ემოციისთვის.

შემდეგ იყო პროექტი „ცეკვავენ ვარსკვლავები“…

დიახ, თან პატარა ვიყავი, 15 წლის, ყველაზე პატარა მონაწილე ვიყავი შოუს ისტორიაში. ძალიან მიყვარს ცეკვა და დავთანხმდი. ბევრი რამ მასწავლა ამ პროექტმა.

ტელეწამყვანის ამპლუაც მოირგე… 

ძალიან კარგი იყო, განსაკუთრებით ის ფაქტი, რომ ჩვენ თავად  ვაკეთებდით ყველაფერს ამ გადაცემაში. ძალიან ბევრი გულშემატკივარი და მაყურებელი გვყავდა.

როგორ უმკლავდები კრიტიკასა და ნეგატიურ შეფასებებს?

როცა ასეთ პროფესიას ემსახურები, გინდა – არ გინდა, აანალიზებ, რომ უკუკავშირი იქნება როგორც კარგი, ასევე ცუდი. რა თქმა უნდა, ბევრი არასასიამოვნო კომენტარი მხვდება. ბევრს ეგონა, რომ მეხმარებოდნენ და ვიღაცის ვიღაც ვიყავი. ეს გულს მტკენდა, ვფიქრობდი, ნეტავ ამ ადამიანებს ჩემთან ერთად ერთი დღე გაეტარებინათ და დაენახათ, რეალურად რამხელა შრომა დევს ამ ყველაფერში. ასევე, რომ გამოვჩნდი, 15 წლის ვიყავი და ბუნებრივია გავიზარდე, ახლა 20 წლის ვარ, ბევრი წერდა, ნაადრევად გაიზარდაო, თუმცა არ ვაქცევ ყურადღებას და არც კომენტარებს ვშლი.

რით ერთობა შენი თაობა?

საამაყო პირველ რიგში ისაა, რომ ჩემი თაობა ძალიან განათლებული და მშრომელია. ძალიან ბევრი რამ ვიცით, სულ ვშრომობთ. რაც გართობას შეეხება, თუ დრო მაქვს, მიყვარს კინოში და თეატრში სიარული. ასევე მიყვარს კარუსელები, ადრენალინის მიღება მომწონს, ასევე ქალაქგარეთ წასვლა მიყვარს, სიმშვიდეში, ბუნებაში ყოფნა.

როგორია შეყვარებული რუსკა? როგორც ვიცი, შეყვარებული გყავს…

მოტივირებული ვარ, ეს ბუნებრივია, როცა საყვარელი ადამიანი გყავს. ის ბიზნესის სფეროშია. საერთო მეგობრის დაბადების დღეზე გავიცანი. ჩვენ ძალიან ბევრი საერთო ინტერესი გვაქვს, ასევე ბევრ რამეზე იდენტური შეხედულება. მან თავიდანვე იცოდა ჩემი ცხოვრების სტილის შესახებ. ის ჩემი პირველი გულშემატკივარია და ყველაფერში გვერდში მიდგას.

რა გეგმები გაქვს?

მთავარი ახლა ისაა, რომ ჩვენი სერიალი გრძელდება, „ხელოვნური სუნთქვის“ გადაღებები ძალიან მალე დაიწყება. ეს არის ახლა ყველაზე მთავარი და იმედია, ძალიან კარგი გამოვა.