LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ განვსაზღვროთ პრიორიტეტები – FM ქოუჩი

5
IMG_9461

გადაცემის ლაივი LIVE

დღეს სულ უფრო ბევრს საუბრობენ დროის მენეჯმენტზე, ბალანსზე მუშაობა-დასვენება-გართობას შორის, სამსახურსა და ოჯახს შორის და ა.შ. ამ ყველაფრის მოსწრება-მოწესრიგებაში ყველაზე მეტად გვეხმარება ჩვევის გამომუშავება, რომ მთავარი საკეთებელი ყოველთვის პირველ ადგილზე დავაყენოთ. როგორ განვსაზღვროთ პრიორიოტეტები – გადაცემის “FM ქოუჩი” სტუმარია ტრენერი ნათია ქოიავა.

რამდენად რთულია ჩვევის გამომუშავება?

როგორც კვლევებმა აჩვენა, ადამიანებს ყველაზე მეტად სწორედ ჩვევის გამომუშავება უჭირთ. ეს არის ნების გამოვლენის ჩვევა, მას შემდეგ, რაც გადავწვეტთ, რომ თავად ავიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე, მკაფიოდ განვსაზღვრავთ ჩვენს მისიასა და მიზნებს. სწორედ ამის შემდეგ არის საჭირო შინაგანი ნების გამოვლენა, რომ პირველ რიგში გავაკეთოთ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები.

ადამიანები დადიან დროის მენეჯმენტის ტრეინინგებზე და კიდევ უფრო შეზღუდულები, განრიგზე დამოკიდებულები ხდებიან. სინამდვილეში, მთავარია ვისწავლოთ არა დროის, არამედ – საკუთარი თავის მართვა, რასაც ითვალისწინებს პიროვნული განვითარების საბაზისო კურსი.

როცა სადმე მიემგზავრებით და ჩემოდანს ალაგებთ, ალბათ, შეგიმჩნევიათ, რომ როცა ტანსაცმელს კარგად კეცავთ, ჩემოდანში გაცილებით მეტი ეტევა, ვიდრე მაშინ, როცა ტანსაცმელს უწესრიგოდ ყრით. ასევეა ცხოვრებაშიც. რაც უფრო კარგად ხარ ორგანიზებული და მოწესრიგებული, მით მეტის გაკეთებას ასწრებ, მეტ დროს უთმობ ოჯახს, მეგობრებს, საკუთარ თავს, და ზოგადად – ყველაზე მთავარ საქმეებს.

პრიორიტეტების დასახვისა და აღსრულების ჩვევა ორი ნაწილისგან შედგება:

პირველი ნაწილი არის მნიშვნელოვანი საქმეების დაგეგმვა. ალბათ ყველას გინახავთ „დიდი ქვების ექსპერიმენტის“ ვიდეო, სადაც წამყვანი ექსპერიმენტის მონაწილეს უდგამს ქვიშით სავსე გამჭვირვალე ჭურჭელს და სთხოვს, მასში დიდი ქვები მოათავსოს, ისე, რომ ჭურჭელში ქვიშაც მთლიანად დარჩეს. ცხადია, დიდი მცდელობის მიუხედავად, მოხალისე ამის გაკეთებას ვერ ახერხებს. ამის შემდეგ, წამყვანი მოხალისეს აწვდის იმავე ზომის ცარიელ ჭურჭელს და სთავაზობს მას, მოიფიქროს განსხვავებული მიდგომა, რომლის საშუალებითაც ის შეძლებს ქვიშის და დიდი ქვების ერთ ჭურჭელში მოთავსებას. ექსპერიმენტი იმით სრულდება, რომ მოხალისე ჭურჭელში ჯერ დიდ ქვებს ალაგებს, შემდეგ მეორე ჭურჭლიდან აყრის ქვიშას, რომელიც დიდ ქვებს შორის დარჩენილ ადგილებს მთლიანად ავსებს და ჭურჭელშიც თავისუფლად თავსდება. გასაგებია, რომ დიდი ქვები გამოხატავს თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან საქმეებს, ქვიშა კი ყველა დანარჩენი, ნაკლებად მნიშვნელოვანი საქმეებია. ამ ექსპერიმენტის მთელი არსი იმაში მდგომარეობს, რომ თუ მნიშვნელოვან საქმეებს პირველ რიგში არ გააკეთებ, მაშინ, შესაძლოა, მათთვის დრო არასოდეს დაგრჩეს.

პირველი რეკომენდაცია ამ ჩვევის გასავარჯიშებლად: ყოველი კვირის ბოლოს უნდა დასხდეთ და დაფიქრდეთ, რისი გაკეთება გსურთ მომდევნო კვირაში. კითხეთ თქვენს თავს, რა არის ის მნიშვნელოვანი საქმეები, რაც გინდათ, რომ მომდევნო კვირის განმავლობაში მოასწროთ. მკაცრად განსაზღვრეთ დრო თქვენი „დიდი ქვებისთვის“, ე. ი. მნიშვნელოვანი საქმეებისთვის. თუ ამას გააკეთებთ, აღმოაჩენთ, რომ მათ შორის წვრილ-წვრილი ყოველდღიური საქმიანობებიც თავისუფლად მოთავსდება და კიდევ გამოგითავისუფლდებათ დრო, რომელიც შეგიძლიათ სურვილისამებრ დაუთმოთ დასვენებას, გართობას, მეგობრებს და ა.შ.

არ იფიქროთ, რომ დაგეგმვის ამგვარად წარმოება რამენაირად შეზღუდავს თქვენს ცხოვრებას და თავისუფლებას წაგართმევთ. რაც არ უნდა პარადოქსულად მოგეჩვენოთ, თუკი ამის მიხედვით იმოქმედებთ, აღმოაჩენთ, რომ რაც მეტად დაკავებული ხართ, მით მეტი დრო გაქვთ. სინამდვილეში, დრო ზუსტად იმდენი გვაქვს, რამდენიც გვჭირდება. უბრალოდ, მას არარაციონალურად ვიყენებთ.

ამ ჩვევის პირველი ნაწილის შესრულება უფრო ადვილია, მეორე ნაწილი შედარებით რთულია და ის გამბედაობას, შიშის დაძლევას, კომფორტის ზონიდან ამოსვლას მოითხოვს.

მეორეს მხრივ, ახალი საქმეების კეთება, ახალ ადამიანებთან ურთიერთობა, ან თუნდაც საკუთარი ღირებულებების დაცვა, ხშირად, კომფორტის ზონიდან ამოსვლას მოითხოვს. ამას ჩვენ „გამბედაობის ზონაში“ გადასვლას ვეძახით. „გამბედაობის ზონაში“ არის რისკი, თავგადასავალი, გამოწვევა. აქ შეიძლება აღმოჩნდეს ყველაფერი, რაც დისკომფორტს გვაგრძნობინებს – ნაკლები თავდაჯერებულობა, ზეწოლა, ცვლილებები, მარცხის შესაძლებლობა. სამაგიეროდ, ეს ასევე არის შესაძლებლობების ზონა, ერთადერთი ადგილი, სადაც თქვენი პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას შეძლებთ. გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ ამას ვერ შეძლებთ, თუ მუდმივად კომფორტის ზონაში დარჩებით.

როგორ განვსაზღვროთ სწორი და ადვილი საქმეები?

ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამოცდა არის არჩევანის გაკეთება სწორი საქმეების კეთებასა და ადვილი საქმეების კეთებას შორის. ის, თუ როგორ ჩავაბარებთ ამ გამოცდას, შემდგომში დიდწილად განსაზღვრავს ჩვენს ცხოვრებას. სულ მახსენდება ერთი ქართული ხალხური ზღაპარი, როცა თავგადასავლის საძიებლად მიმავალი ძმები ხვდებიან გზაგასაყარზე, სადაც სამი სხვადასხვა მიმართულებით მიდის გზა. იქვე დევს ქვა, რომელზეც წერია, რომ პირველი და მეორე მიმართულებით თუ წახვალ, შინ მშვიდობით დაბრუნდები, ხოლო თუ მესამე გზას აირჩევ, უკან დაბრუნება არ გიწერია. ერთ-ერთი ძმა ირჩევს ამ მესამე გზას და სწორედ ამ გზაზეა ყველაზე დიდი რისკიც, გამოწვევებიც, თავგადასავალიც, მარცხის შესაძლებლობაც და ყველაზე დიდი წარმატებაც. როგორც წესი, ყველაზე წამატებული შინ სწორედ ის ძმა ბრუნდება, რომელმაც ყველაზე რთული გზა აირჩია.

ძირითადად, ადვილია ის, რაც არასწორია, ხოლო ის, რაც სწორია, საკმაოდ რთულია და შეიძლება მის გასაკეთებლად მოტივაცია, ძალა ან გამბედაობა არ გვეყოს. ასეთი არჩევანი ჩვენს ცხოვრებაში შეიძლება დადგეს როგორც მცირე, ისე დიდი საქმეების შესრულებისას. მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ ვართმევთ ამას თავს, მცირე საქმეების შემთხვევაში. მაგალითად, როგორ ვიქცევით დილით, როცა მაღვიძარა რეკავს? გადავწევთ მას კიდევ 5 წუთით და ძილს ვაგრძელებთ, თუ მაშინვე ვდგებით? ამ შემთხვევაში, სწორი, მაგრამ შედარებით რთული მოქმედება იქნება, ავდგეთ, როცა მაღვიძარა დარეკავს. შედარებით დიდი მნიშვნელოვანი მომენტებია, როცა უნდა გავაკეთოთ მობილიზება არც თუ ისე ადვილი და სასიამოვნო სამუშაოს შესრულებისას, არ ავყვეთ ბრაზს, გავთავისუფლდეთ უარყოფითი გავლენისგან, დავასრულოთ არასასურველი ურთიერთობა, გამოვიდეთ დეპრესიიდან და ა.შ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ის, თუ რა არჩევანს ვაკეთებთ ადვილ საქმეებსა და სწორ საქმეებს შორის, დიდწილად განსაზღვრავს ჩვენს ცხოვრებას. შესაბამისად, ნუ გადააყოლებთ თქვენს მომავალ წარმატებასა თუ ბედნიერებას აღელვების თუ აფექტის მომენტს, წუთიერ სიამოვნებას და ა.შ. იპოვეთ თქვენს თავში ძალა, რესურსი, არც თუ ისე ადვილი, მაგრამ სწორი საქმეების საკეთებლად. თუ ამის პოვნა გიჭირთ, არსებობს სხვადასხვა ხერხი, რომელიც „გვაიძულებს“ სწორ და არა ადვილ ქმედებას. გსმენიათ მაღვიძარას შესახებ, რომელიც მასაჩუსეტის შტატში, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტმა გამოიგონა? ეს არის ბორბლებიანი მაღვიძარა, რომელიც როცა დარეკავს, ოთახში იწყებს სირბილს და თუ მის გამორთვას მოინდომებთ, უნდა ადგეთ და გაეკიდოთ. ჩვეულებრივ მაღვიძარას გამორთავდით და ძილს გააგრძელებდით, სამაგიეროდ, შეიძლებოდადაგეგვიანებინათ მნიშვნელოვან შეხვედრაზე, ეს მაღვიძარა კი დაძინების საშუალებას არ მოგცემთ. როცა საქმე ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებს ეხება და გვიჭირს იმის გაკეთება, რაც სწორია, მაგრამ რთულია, შეგვიძლია, გამოვიყენოთ მეთოდი, რომელსაც პიროვნული განვითარების კურსზე, „კორტესის ეფექტი“ ვუწოდეთ. 1519 წელს, ფერნანდო კორტესმა კუბიდან იუკატანის ნაპირებამდე 11 გემით და 500 კაცით მიცურა. ნაპირზე გადასვლის შემდეგ, მან ისეთი რამ გააკეთა, რაც მანამდე არც ერთი ექსპედიციის ხელმძღვანელს აზრად არ მოსვლია: მან ყველა გემი დაწვა და ამით თავის ხალხს და საკუთარ თავს უკან დასახევი გზა მოუჭრა. იძულებული გახდნენ, მთლიანად მიზანზე ყოფილიყვნენ ორიენტირებულები, ან ადგილობრივები უნდა დაემარცხებინათ, ან თავად დამარცხდებოდნენ და ამ ბრძოლას შეეწირებოდნენ. ცხოვრებაში არსებობს მომენტები, როცა თქვენი „გემები უნდა დაწვათ.“

ამერიკელი მკვლევარი, ალბერტ გრეი რამდენიმე წლის განმავლობაში იკვლევდა წარმატებული ადამიანების ცხოვრებას. მას აინტერესებდა, რა იყო ის საერთო მახასიათებელი, რაც წარმატებულ ადაამიანებს აერთიანებდა. აღმოჩნდა, რომ ეს სულაც არ იყო განსაკუთრებული ნიჭი, უნარები, გამართლება, იღბალი, საჭირო დროს საჭირო ადგილზე ყოფნა და ა.შ. მან ამას მთელი ნაშრომი მიუძღვნა, რომლის შეჯამებაც შემდეგნაირად შეიძლება. ალბერტ გრეი ამბობს: „წარმატებულ ადამიანებს აქვთ ჩვევა, აკეთონ ის, რისი კეთებაც წარუმატებელ ადამიანებს არ უყვართ. ამის კეთება არც წარმატებულებს უყვართ, მაგრამ ამ გრძნობას თავიანთი მიზნის ძალას უქვემდებარებენ.” დროდადრო, წარმატებული ადამიანები კომფორტის ზონიდან ამოდიან და აკეთებენ იმას, რისი კეთებაც არ უყვართ, რადგან იციან, რომ ეს მათ მიზნის მიღწევამდე მიიყვანს.

დროდადრო, უნდა ავამუშაოთ თავისუფალი ნება და გავაკეთოთ ის, რისი კეთებაც მაინცდამაინც არ გვსიამოვნებს. პროფესიონალ პიანისტს სულაც არ სიამოვნებს ყოველ დღე საათობით ვარჯიში, ან სტუდენტს, რომელსაც სწავლის საფასური აქვს გადასახდელი, სულ არ ეხალისება სწავლის პარალელურად მუშაობა. როცა დიდ მიზანს ვისახავთ, ისიც უნდა განვსაზღვროთ, ამაში რა საფასურის გადახდა მოგვიწევს.

ვისწავლოთ ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტების გამოყენება. შეიძლება ეს იყოს არამარტო დადებითი, არამედ უარყოფითი მომენტებიც, მთავარია, სწორად გამოვიყენოთ. NLP-ში არის გამოთქმა: „არ არსებობს მარცხი, არსებობს მხოლოდ უკუკავშირი“. ჩვენ უნდა შევძლოთ მარცხის, უარყოფითი გამოცდილების შემდეგ ფეხზე წამოდგომა და გზის გაგრძელება. მტკიცე შინაგანი ბუნება არის თვითდისციპლინა, რომ განვაგრძოთ მიზნისკენ სვლა, მას შემდეგაც კი, რაც ის სულისკვეთება გაივლის, რომელშიც ეს მიზანი დაისახა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები