LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ განვთავისუფლდეთ წარსულის ფიქრებისგან, რომელიც რეალობაში ხელს გვიშლის – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

8
dea-tavberidze-show

გადაცემის ლაივი LIVE

წარსულის ტრავმები ხშირად აისახება ადამიანებზე, რის გამოც მათ უჭირთ აწმყოში ცხოვრება. როცა ვცხოვრობთ წარსულით ვკარგავთ აწმყოსა და ვერ ვქმნით მომავალს. ამ თემაზე გადაცემაში “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” NLP ოსტატმა დეა თავბერიძემ ისაუბრა.

როგორ ვიცხოვროთ აწმყოში?

პირველ რიგში უნდა ვისწავლოთ გაცნობიერებულად ცხოვრება. უნდა გავაანალიზოთ, რომ ეს მომენტი, რომელშიც ახლა ვართ, არასოდეს ყოფილა და არც არასდროს იქნება. უნდა გავიაზროთ ისიც, რომ ცოცხლები ვართ და მადლიერებით უნდა აღვივსოთ ამ ფაქტის მიმართ. ეს ხომ ისედაც ვიცითო, მეტყვის ზოგიერთი, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ ხშირად გვავიწყდება და ცხოვრება ავტომატურ რეჟიმზე გვყავს გადაყვანილი. სულ ფიქრებში ვართ, შესაბამისად სულ ვდარდობთ წარსულზე და გვავიწყდება მომენტი, როცა ვართ. ლევან რამიშვილის ფრაზა გამახსენდა – „ის, რაც ჩვენ ცხოვრება გვგონია, სინამდვილეში სიკვდილის მდგომარეობაა“. ჩვენი ტვინი ქაოტური და უმართავი ფიქრების წარმომქნელი მანქანაა. ფიქრები ტვინში ჩნდება ყოველ წამს. ადამიანი ნახევრადმძინარე მდგომარეობაშია, მაშინაც კი როცა „ფხიზლობს“.

რას ნიშნავს ნახევრადმძინარე მდგომარეობა?

აი, მაგალითად თქვენ ასრულებთ რუტინულ მოქმედებას – იბანთ პირს, იხეხავთ კბილებს, ადუღებთ ყავას, ატარებთ მანქანას… თუ დააკვირდებით, მიხვდებით, რომ ამ ქმედებების დროს ცხოვრება ავტომატურ რეჟიმზეა და განაგრძობთ სხვა რამეზე ფიქრს. ანუ თქვენ ამ კონკრეტულ მომენტში არ იმყოფებით, თქვენი გონება სხვაგანაა და რასაც აკეთებთ, უმეტესწილად ავტომატურად და გაუცნობიერებლად. გაუცნობიერებლად ვცხოვრობთ, ან ვცდილობთ ვაკონტროლოთ ჩვენი ცხოვრება და გვავიწყდება იმ ცხოვრებით ცხოვრება და გახარება, რომელშიც ვართ. ერთადერთი რეალობა არის ეს მომენტი. ამიტომ უნდა მოვდუნდეთ, გავთავისუფლდეთ ფიქრებისგან და დავტკბეთ ამ მომენტით.

როგორ განვთავისუფლდეთ წარსულის ფიქრებისგან, რომელიც რეალობაში ხელს გვიშლის?

ამის ერთ-ერთი უებარი საშუალება არის მედიტაცია, რომელიც აბსოლუტურ სიმშვიდეს ნიშნავს. დადებითად აისახება, როგორც ფიზიკურ, ისე ემოციურ მდგომარეობაზე, საერთო ჯამში კი, ადამიანის ჯანმრთელობაზე. მედიტაციის დროს ქაოსური ფიქრების მიღმა ხარ და იმყოფები „აქ და ახლა მომენტში“, ანუ ნებისმიერი მოქმედება, რომელიც გაცნობიერებულად სრულდება ერთგვარი მედიტაციაა.

მეცნიერებმა კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ ადამიანს საშუალოდ დღე–ღამის განმავლობაში 60 000 ფიქრი მოდის თავში, აქედან 70% მეორდება. ანუ ადრე გაფიქრებულს ვატრიალებთ უსასრულოდ. ასევე, დააზუსტეს ისიც, რომ ჩვენი ფიქრების 80%-ი არის ნეგატიური და მხოლოდ 20 %-ი – პოზიტიური.

ამ სურათიდან გამომდინარე, როდესაც არ მუშაობ საკუთარ თავზე, როგორი იქნება  რეალობა? რას მოიზიდავ? რა თქმა უნდა ნეგატივს. ამიტომ თითოეული უნდა ეცადოს რომ პოზიტივით გაამრავალფეროვნოს ცხოვრება. ამის უამრავი მეთოდია. სწორედ ამ მეთოდებს ვიყენებთ მედიტაციის ცენტრში, რომელიც რამდენიმე თვის წინ დავაფუძნე. მედიტაცია ეს არის ზედმეტისგან გათავისუფლების ყველაზე საჭირო გზა. ის ადამიანს საშუალებას აძლევს იყოს თავისუფალი, ეხმარება გახდეს ბევრად უფრო მშვიდი, რათა საკუთარ თავში შეიგრძნოს ეს სიმშვიდე და სიჩუმე. ამ შინაგანი სიჩუმიდან წარმოიქმნება იმპულსი, რის უკანაც დგას ენერგია. ენერგია, რომელიც მიძინებული იყო მასში, ან იფლანგებოდა  ყოველდღიურობაში. მშვიდ მდგომარეობაში ეს ენერგია მასში რჩება.

რა მეთოდი შეიძლება გამოვიყენოთ ამისთვის?

არსებობს მედიტაციისა და რელაქსაციის სხვადასხვა ტექნიკები, თუმცა ყოველი მათგანის მთავარი მიზანია შინაგანი სიმშვიდის მოპოვება. მედიტაციის დროს სხვადასხვა თამაშებით ჩვენ ვუბრუნდებით ბავშვურ, ლაღ და ბედნიერ მდგომარეობას, ძირითადად ვიყენებთ აქტიურ მედიტაციებს.

ყველა ბავშვი მედიტაციური მდგომარეობიდან მოდის, ამიტომაც გვიზიდავენ ბავშვები თავიანთი სიხარულით, გახსნილობით, გულუბრყვილობით …მაგრამ ის საზოგადოების წევრად იზრდება და თანდათან კარგავს კავშირს მის მიამიტობასთან, ბავშვურობასთან. ხდება საზოგადოებით “ინფიცირებული”… 

2 საათის განმავლობაში ენერგეტიკული პრაქტიკების მეშვეობით ვიქმნით იმ სიმშვიდეს, იმ თავისუფლებას, რომელიც რეალურ ცხოვრებაში არ გვაქვს. ვმედიტირებთ და ვსწავლობთ ამ მედიტაციის დანერგვას ცხოვრებაში. არსებობს ცეკვის მედიტაცია, სიცილის მედიტაცია, დაოსური პრაქტიკები, პლანეტარული თერაპია. ცეკვის მედიტაციის დროს ვივიწყებთ აბსოლუტურად ყველა ტექნიკას და ვცეკვავთ იმას, რასაც სხეული გვკარნახობს. ვაკეთებთ იმ მოძრაობებს, რაც სიამოვნებას გვანიჭებს. სიცილის მედიტაციის დროს ვხდებით ბავშვებივით ლაღები…  დაოსური პრაქტიკებისა და პლანეტარული თერაპიის დროს ვლივლივებთ სხვადასხვა ფერებში, რის შედეგადაც საოცარ ენერგიას შევიგრძნობთ.

საბოლოო ჯამში, ყველა ენერგეტიკული პრაქტიკა გათვალისწინებულია იმისთვის, რომ სიმშვიდე დანერგო შენს ყოველდღიურობაში.  ასევე გვახსენებს, რომ სავსე ვართ უსაზღვრო ენერგიით. როდესაც ამას გრძნობ, ხვდები, რომ ეს მდგომარეობა ბავშვობაში უკვე განგიცდია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები