LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გვესმის სიყვარული – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

73
rogor gvesmis

რა არის სიყვარული, როგორ ვაფასებთ ამ გრძნობას და რა უნდა გავაკეთოთ სიყვარულისთვის – ამ თემებზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ფსიქოლოგმა ილია ნიკაჭაძემ ისაუბრა.

რა არის სიყვარული?

სიყვარული მაკონსტრუირებელი ენერგია და ის შინაგანი ძალაა, რომელიც უკეთესს გვხდის. სიყვარული ზრდის ბედნიერების ხარისხს და გვაძლევს დამატებით ენერგიას იმისათვის, რომ ჩვენს მიზნებს მივაღწიოთ, ოცნებები ავისრულოთ. სიყვარული პოზიტიური მოვლენაა და მას არაფერი საერთო აქვს სტრესთან, კონფლიქტთან, უნდლობლობასთან, ეჭვთან და ა.შ. შოთა რუსთაველი წერდა:  “სიყვარული აგვამაღლებს, ვით ეჟვანნი ამას ჟღერენ”. “სიყვარული აღგვაშენებს” – ამბობს პავლე მოციქული. სიყვარული მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური ენერგია შეიძლება იყოს. რასაც ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ვაწყდებით, როდესაც ერთ დროს ბედნიერ წყვილებში თავს არასტაბილური ემოციები და ხშირად ერთმანეთის მიმართ უპატივცემულო მოპყრობა იჩენს – ეს სიყვარული ნაკლებობის შედეგია.  სიყვარულის კლებასთან ერთად იკლებს ადამიანებს შორის ერთმანეთის გათვალისწინება და დაფასება.

სიყვარული შეგრძნებების სიმძაფრის შედეგად მოთხოვნილებების მაქსიმალური დაკმაყოფილების მდგომარეობაა.

ადამიანს აქვს 5 ძირითადი არხი იმისათვის, რომ აღიქვას გარემო: ყურები, თვალები, ცხვირი, პირი, ხელები. აქედან გამომდინარე არსებობს 5 შეგრძნება. ყურებით გვესმის, თვალებით ვხედავთ, ცხვირით ვგრძნობთ სუნს, პირით შევიგრძნობთ გემოს, ხელებით ვეხებით.

ეს საკონტაქტო არხები კავშირშია სიყვარულთან?
ადამიანი ყოველდღიურად კარგავს როგორც ფსიქილოგიურ, ასევე ფიზიკურ ენერგიას და ბუნებრივია, საჭირო ხდება ამ ენერგიის აღდგენა. მაგალითად: კვების დროს ხდება ორგანიზმის საჭირო ვიტანიმებით შევსება; როდესაც წყალს ვსვამთ, ვინაზღაურებთ სითხის დანაკლისს და ა.შ. ანალოგიური პროცესი მიმდინარეობს ფსიქიკის დონეზე და როდესაც ჩვენ ვიღებთ სიამოვნებას, ვაკეთებ იმას, რაც გვინდა, რაც მოგვწონს – ამით ვიღებთ ენერგიას.
სიყვარული პროცესია, რომელშიც ხუთივე შეგრძნებაა ჩართული. როდესაც შეყვარებული ვართ, საყვარელ ადამიანთან კომუნიკაციის პროცესში ხუთივე შეგრძნება მონაწილეობს.

მას, ვინც გვიყვარს, ყველაზე ლამაზი ხმა აქვს, მისი ვიზუალი ჩვენთვის მისაღებია, ვეხებით მას და ეს შეხება ჟრუანტლს გვგვრის. შეყვარებული წყვილებისგან ხშირად გვესმის ხოლმე, რომ მის პარტნიორს სრულიად განსხვავებული სუნი აქვს (არა სუნამოს, არამედ სხეულის ორგანული სუნი). ასევე ხშირია, როდესაც ბიჭს/გოგოს დაიწუნებენ ხოლმე იმ მიზეზით, რომ კოცნის დროს „გემო“ არ მოეწონათ.

რაც უფრო დიდია სიყვარული, მით მეტია ხუთივე შეგრძნებისგან მიღებული სიამოვნების ხარისხი. “ზრდა სიყვარულის გაქვს ჩემთან დანერგულისა” . სიყვარული იზრდება, ვითარდება, მეტი და მეტი ენერგიის წყარო ხდება ადამიანისთვის, ან პირიქთ – რეგრესს განიცდის.

გადაცემის ჩანაწერი 

https://www.facebook.com/fortuna106.9/videos/632038123866730/

 

7 რჩევა ილია ნიკაჭაძისგან:

1. დააკვირდი შეგრძნებებს; რაც მეტად გვანიჭებს ურთიერთობა სიამოვნებას, მით მეტად ხდება ის ენერგიის მიღების წყარო. სიამოვნების აღქმისათვის საჭიროა შეგრძნებების მაქსიმალურად ჩართვა.

2. კარგად გაერკვიე შენ სურვილებში. რა გინდა? საჭიროა კონკრეტიკა; საკუთარი სურვილების აღქმისა და გაცნობიერების პროცესი არის გზა სტაბილური ურთიერთობის აშენებისკენ. როცა ზუსტად იცი, რა გინდა, იმ ადამიანსაც ადვილად პოულობ, ვინც ამაში დაგეხმარება.

3. მიიღე, როგორიც არის, ნუ ეცდები გადაკეთებას; უდიდესი ენერგია იხარჯება მეორე ადამიანის შეცვლის მცდელობაში. ადამიანები მხოლოდ მაშინ იცვლებიან, როდესაც ეს მათ თავად უნდათ. ჩვენ არ გვაქვს უნარი, მისი ნების გარეშე შევცვალოთ მეორე ადამიანის ქცევა. ენერგიის იმაში ხარჯვის ნაცვლად, რომ ჩვენ მოთხოვნილებებს მოვარგოთ სხვა ადამიანი, ოპტიმალურია, პირდაპირ ის ადამიანი ვეძებოთ, ვინც მისაღები და მოსაწონია ჩვენთვის.

4. რა უნდა შენ პარტნიორს? რას აძლევ მას? რას იღებს შენგან? ნებისმიერი ურთიერთობა – ეს გაცვლაა. მეორე მხარე რაღაცას გაძლევს და ასევე რაღაცას იღებს შენგან. თუ გაცვლა არ ხდება, ურთიერთობაში ჩნდება მესამე პირის აუცილებლობა. იმის გააზრება, თუ რა არის შენში მეორე მხარისთვის მნიშვნელოვანი, დაგეხმარება სტაბილური და მზარდი ურთიერთობის ქონაში;

5. იყავი ის, ვინც ხარ; გულწრფელობა მომგებიანია. ურთიერთობები, რომლებიც ღიაობაზეა აგებული, დიდხანს და სტაბილურად გრძელდება. სასიყვარულო ურთიერთობები იმდენად მჭიდროა, რომ შეუძლებელია დიდი ხნით შეძლო “ვინმეს” როლის თამაში. გახსენი კარები და ანახე შენი ნამდვილი მე. რაც უფრო თამამად გააკეთებ ამას, უფრო სწრაფად მიგიღებს მეორე მხარეს ისეთს, როგორიც ხარ.

6. აქ და ამჟამად ყოფნა;  წარსული დასრულდა, მომავალში რა იქნება, არავინ იცის. ურთიერთობა მოლოდინების გარეშე ნიშნავს იმას, რომ არ გექნება იმედგაცრუება. ბედნიერება მხოლოდ აწმყოშია.

7. სიყვარულსა მალვა უნდა; სასიყვარულო ურთიერთობაში მეგობრების, ახლობლების და ა.შ. აქტიური ჩართვა გამოიწვევს იმას, რომ ისინი თქვენს ურთიერთობაში საკუთარ შიშებსა და ტრავმებს “შემოიტანენ”. რაც მეტმა ადამიანმა იცის ამ ურთიერთობის სიღრმეები, მით მეტია “დაბინძურების” რისკი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები