LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოქმედებს ჩვენს პროდუქტიულობაზე სტრესი – FM ქოუჩი

8
mariam-beridzenews

გადაცემის ლაივი LIVE

როგორ მოქმედებს ჩვენს პროდუქტიულობაზე სტრესი და როგორ გავუმკლავდეთ მას? ამ და სხვა თემებზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “FM ქოუჩი” ქოუჩმა მარიამ ბერიძემ ისაუბრა.

რა არის სტრესი?

პანდემიის გამო ბევრმა ადამიანმა დაკარგა სამსახური, შემოსავალი, დავკარგეთ საყვარელი ადამიანები, თავისუფლება, უსაფრთხოების განცდა და ამ ყველაფერმა ერთად გამოიწვია, ჩვენ ყველანი აღმოვჩნდით ძლიერი ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ.

სტრესი არის ორგანიზმის რეაქცია გარემო პირობების ნებისმიერ ცვლილებაზე რომელთანაც ხშირად გამკლავებაა საჭირო. თუ პირდაპირ თარგმანსაც შევხედავთ, ლათინური სიტყვიდან მომდინარეობს და წნეხს, ზეწოლას ნიშნავს. ყველას განსხვავებული რეაქცია აქვს სტრესზე, თუმცა ძირითადი სიმპტომები არის გულის აჩქარება, წნევის პრობლემები, სუნთქვის გახშირება და ასე შემდეგ. განსაკუთრებით დიდ სტრესში ვვარდებით როდესაც ვაწყდებით ისეთ რეალობას, რომელიც აქამდე არ ვიცოდით რომ შეიძლებოდა დამდგარიყო. ადამიანებისათვის ვისთვისაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტაბილურობის შეგრძნება, ამ მოცემულობამ უფრო დაამძიმა მათი მდგომარეობა.

როგორ ვმართოთ სტრესი და როგორ აისახება ის ჩვენს შრომისუნარიანობაზე?

სტრესის დასამარცხებლად ფსიქოლოგები, ექიმები გვთავაზობენ შემდეგ გზებს, ეს არის რელაქსაცია, სუნთქვითი ვარჯიშები, მედიტაცია, ფიზიკური ვარჯიში, ფიქრების მართვა და რაც შეიძლება მეტად ფოკუსის გაკეთება დადებით ასპექტებზე. ასევე, პანდემიის დროს გვეუბნებიან რომ უმჯობესი იქნება თუ მოკლევადიან გეგმებს დავისახავთ და მათი შესრულების შემდეგ აღვნიშნავთ და გავაცნობიერებთ რომ გეგმა შესრულებულია. დიდი გეგმების დანგრევამ და შესაძლებლობების დაკარგვამ, რაც კოვიდმა გამოიწვია, ადამიანებს დაუკარგა მოტივაცია და ეს კიდევ ერთ-ერთი ფაქტორია რაც უფრო მეტად ამძაფრებს სტრესს. ამიტომ საჭიროა თითოეული მოკლე ვადიანი პროექტი წარმატებად აღვიქვათ. თუმცა, ვფიქრობ რაც არ უნდა ვისაუბროთ გამზადებულ გზებზე, რომლებიც დაგვეხმარებიან დანაკარგის შემდეგ მდგომარეობიდან სწრაფად გამოსვლაში მაინც ინდივიდუალური რეცეპტი არსებობს. ამიტომ რთულია ასე რჩევების მიცემა, როდესაც არ იცი ადამიანის კონკრეტული პრობლემის შესახებ, არც ის თუ როგორ უმკლავდება ან ვერ უმკლავდება ამ გამოწვევას და ასე შემდეგ… ამიტომ ჩემს გამოცდილებას გაგიზიარებთ, როგორ გამოვიარე ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული ერთი წელი.

სტრესის დაძლევის რა გზები არსებობს?

პირველი განცდა, რაც დამეუფლა დანაკარგის გაცნობიერების შემდეგ, ეს იყო შოკი, მიუღებლობა, ბრაზი ყველას და ყველაფრის მიმართ, რამაც არა მხოლოდ ემოციურად დამამძიმა, ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც ძალიან იმოქმედა. პირველი რაც გავაკეთე, მივეცი ჩემს თავს უფლება ვყოფილიყავი ცუდად. დავუშვი ის, რომ შემიძლია ვიყო ცუდად, არ ვაკეთო არაფერი, უბრალოდ ვიწვე და ვაცადო ორგანიზმს აღდგენა.

მეორე ნაბიჯი ეს იყო ბრაზის გაშვება, როცა რაღაცას ან ვიღაცას კარგავ და თან მაშინ როდესაც შენ ყველაფერი გააკეთე მის შესანარჩუნებლად, ძალიან ბრაზდები ცხოვრებაზე. იმის გაცნობიერება რომ ცხოვრება არ არის ყოველთვის სამართლიანი და არ უნდა ველოდოთ ყოველთვის სიკეთის გამარჯვებას, მე პირადად ძალიან დამეხმარა, ანუ, ნაკლები მოლოდინები უდრის ნაკლებ იმედგაცრუებას.

მესამე – იმ ადამიანებთან ურთიერთობის შემცირება, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ ჩემზე და მაქსიმალურად მეტი კონტაქტი იმ ადამიანებთან, რომლებიც მაძლევდნენ ძალას და დადებით ემოციებს.

მეოთხე – იყო გახსენება იმისა, თუ რა ან ვინ არის ჩემი მოტივაცია და ჩემს შემთხვევაში ეს ოჯახი იყო, შვილი და დედა, რომლებსაც ყველაზე მეტად ვჭირდები და ამან მომცა ძალა გამეგრძელებინა ცხოვრება, ძალიან მნიშვნელოვანია გავიხსენოთ ან აღმოვაჩინოთ მოტივაციას რა გვაძლევს ცხოვრებაში.

მეხუთე – დროებით გავაუქმე ფეისბუქი, ცოტახნით, მაგრამ დავისვენე უარყოფითი ინფორმაციისგან და მეტ დროს ვუთმობ იმ ლიტერატურის კითხვას, რომელიც კვებას არა მხოლოდ ტვინს, არამედ სულსაც.

მეექვსე – უფრო ხშირად ვფიქრობ რა მანიჭებს ბედნიერებას, ვისთან ურთიერთობა, რისი გაკეთება და ყველანაირად ვცდილობ რომ ჩემს თავს ვასიამოვნო. საკუთარი თავის სიყვარული ვფიქრობ ბევრ რამეს ალაგებს ცხოვრებაში. ბოლოს დავამატებდი, რომ ამ ყველაფერს ჩემი მეგობრების და ფსიქოთერაპევტის გარეშე ვერ მოვახერხებდი, მნიშვნელოვანია შეგვეძლოს დახმარების თხოვნა და მიღება და როგორი დიდი დანაკარგიც არ უნდა გვქონდეს ცხოვრებაში, გვახსოვდეს რომ ძალიან ცოტა დრო გვაქვს ამ პლანეტაზე მოცემული, რომელიც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ისეთი ცხოვრების შესაქმნელად, რომელიც გვემეტება ჩვენი თავისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები