LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოქმედებს მზე სახეზე და როგორ უნდა ებრძოლოთ ლაქებს – სილამაზის აკადემია

13
ekatrn-chchanidze-newsss

გადაცემის ლაივი LIVE

როგორ ბერდება კანი და როგორ ვებრძოლოთ სახეზე ლაქებს – ამ თემაზე გადაცემაში “სილამაზის აკადემია” ექიმმა ეკატერინე ჩაჩანიძემ ისაუბრა.

კანის რამდენი ტიპის დაბერება არსებობს?

არსებობს კანის 2 ტიპის დაბერება. ფიზიოლოგიური ანუ ქრონო დაბერება და ე.წ. ფოტო დაბერება. ფოტოდაბერება ვითარდება მზის სხივების რეგულარული ზემოქმედების შედეგად, რაც იწვევს კანის სტრუქტურულ ცვლილებებს. ფიზიოლოგიურ დაბერებას იწვევს ის ჰორმონალური ცვლილებები რომლებიც ასაკის მატებასთან ერთად ვითარდება ორგანიზმში. რათქმაუნდა ეს 2 პროცესი პარალელურად მიმდინარეობს.
კანის ფიზიოლოგიური დაბერება ნაკლებადაა დამოკიდებული გარე ფაქტორებზე და ფოტო დაბერება ნაკლებადაა დამოკიდებული შინაგან პროცესებზე.

ფოტო დაბერების ძირითადი გამომწვევი მიზეზია მზის სხივების (ულტრა იისფერი გამოსხივება) გადაჭარბებული და ინტენსიური ზემოქმედება, რაც აფერხებს ეპიდერმისის განახლების პროცესს. არსებობს გარკვეული კლასიფიკაცია სადაც განისაზღვრება 4 სტადია:

1) 20-35 წლის ასაკი, როდესაც ნაოჭები არაა გამოხატული, მაგრამ კანზე აღინიშნება მსუბუქი ჰიპერპიგმენტაცია.

2) საშუალო ხარისხის ფოტო დაბერება – 35-50 წელი, როდესაც ჩნდება მიმიკური ნაოჭები თვალების, შუბლის და ტუჩების გარშემო მიდამოებზე. ამ დროს კარგად არის გამოხატული პიგმენტური ლაქები.

3) გამოხატული ფოტოდაბერება – 50 წლის ზემოთ, როდესაც მიმიკურ ნაოჭებთან ერთად ჩნდება კანის დაღარიანება, კარგად გამოხატული პიგმენტაცია და გაფართოვებული კაპილარული ქსელი.

4) ფოტოდაბერება გამოხატულია მაღალი ხარისხით. კანის ფერი მონაცრისფრო-ყვითელია. ნაოჭები გამოხატულია კანის მთელ ზედაპირზე.
რისკ ჯგუფს განეკუთვნება:

ღია ფერის კანის მქონე ადამიანები. თუ ასეთი ტიპის კანი ერთხელ მაინც დაიწვა მზეზე, ეს არის ფოტოდაბერების პროცესის დასაწყისი.
მწეველებში კანი იღებს მონაცრისფრო-მოყვითალო ფერს.

ჰორმონალური ცვლილებები ასევე ხელს უწყობს ფოტოდაბერების პროცესს
(გარდატეხის ასაკი, ორსულობის პერიოდი, მენოპაუზა). ამ პერიოდში კანი ძალიან მგრძნობიარეა მზის გამოსხივებაზე.
ჰიპერპიგმენტაციის განვითარება კანზე შეიძლება განვიხილოთ როგორც დამცავი მექანიზმი სხვადასხვა ნეგატიური ფაქტორების ზემოქმედების მიმართ. ძირითადად ესაა ულტრაიისფერი გამოსხივება. სწორედ ამ დროს წარმოქმნილი მელანინი, რომელიც იწვევს ჰიპიგმენტაციას, იცავს უჯრედებს დაზიანებისაგან.

არსებობს 2 ტიპის დისქრომია. თანდაყოლილი და შეძენილი. თანდაყოლილი ეს არის ჭორფლი, რომელიც ჩნდება ადრეულ ასაკში. შეძენილი, მელაზმის სახით , რომელიც გამოიხატება ღია ან მუქი ყავისფერი ლაქებით კანის ღია მონაკვეთებზე.

კანის პიგმენტაციის დარღვევის ძირითადი ფაქტორები რა არის?

1) გენეტიკური განწყობა.

2) ჰორმონალურიფონის ცვლილებები.

3) კუჭ-ნაწლავის დაავადებები.

4) დამცავი საშუალებების გარეშე მზეზე დიდი ხნით ყოფნა.

5) გამონაყარი, რომელიც იწვევს ანთების შემდგომ ჰიპერპიგმენტაციას.

6) კანის მექანიკური გაღიზიანება, მაგალითად სხვადასხვა სახის პილინგები შეუფერებელ სეზონზე.

7) დაბალი ხარისხის კოსმეტიკის გამოყენება.

8) ხანდაზმული ასაკი, როდესაც გარკვეული უჯრედები კანზე იგროვებენ დიდი რაოდენობით მელანიანს, ვითარდება ფოტოდაბერება და ჩნდება პიგმენტური ლაქები.

მკურნალობის პირველი ნაბიჯი არის დიაგნოსტიკა, რადგან ზუსტი დიაგნოზი და გამომწვევი მიზეზის პოვნა გვეხმარება სწორი მკურნალობის დანიშვნაში.

სასურველია პაციენტმა გაიაროს კონსულტაცია ენდოკრინოლოგთან, გასტროენტეროლოგთან, გინეკოლოგთან. თუ ექიმ-სპეციალისტები გამორიცხავენ მიზეზებს, მკურნალობას ნიშნავს დერმატო-კოსმეტოლოგი.

პიგმენტაციასთან ბრძოლა იწყება კანის დაცვით ულტარიისფერი სხივებისგან. უმრავლესობა თვლის, რომ მზის სხივებისგან დაცვა საჭიროა მაისი-ივნისის თვეებიდან, მაგრამ ეს გამოსხივება თებერვალ-მარტში უკვე საშიშია. ამიტომ ისეთი პაციენტებისთვის, ვისაც პიგმენტური ლაქები აწუხებს, სასურველია მზისგან დამცავი კრემების გამოიყენონ მთელი წლის განმავლობაში.

დაცვის ფაქტორი ასეთ კრემებში სასურველია არ იყოს 15-20-ზე ნაკლები. კრემის განახლება საჭიროა ყოველ 3-4 საათში.
უნდა გვახსოვდეს, რომ ულტრა იისფერი დასხივება არამარტო პიგმენტაციის დარღვევას და ფოტოდაბერების პროცესს იწვევს, ის ასვევ კანის საშიში დაავადების, მელანომის რისკიცაა.

ულტრაიისფერი დასხივებისგან დაცვასთან ერთად კანის ფოტოდაბერებას შეგვიძლია ვებრძოლოთ სხვადასხვა პროცედურებით.

1) ბიორევიტალიზაცია, რაც გულისხმობს ჰიალურონის მჟავის კანში შეყვანას. ჰიალურონის მჟავა ხელს უშლის ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებას, ის კარგი ანტიოქსიდანტია, აქვს ძლიერი ანტი ანთებადი მოქმედება, ამაღლებს კანის ტონუსს და ხდის მას ელასტიურს.

2) ქიმიური და ლაზერული პილინგები ყველაზე უკეთესად ებრძვიან ჰიპერპიგმენტაციას, ანახლებენ უჯრედებს და აჩქარებენ მათ რეგენერაციას.

3) მეზოთერაპია, როდესაც კანში შეგვყავს ამინომჟავების და ვიტამინების კოქტეილები. ამ პროცედურას ასევე აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება.

4) ფოტოგაახალგაზრდავების პროცედურა. ამ დროს ლაზერული იმპულსის ზემოქმედებით ხდება დერმის (კანის) გათბობა, რაც ადგილობრივად იწვევს ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესებას და ახალი კოლაგენის და ელასტინის წარმოქმნას.

ფოტოდაბერების ნიშანი ასევე შეიძლება იყოს კანის კუპეროზი, რაც გამოიხატება კაპილარული ქსელის გაფართოვებით კანის ზედა შრეებში, სიხლის მიმოქცევის დარღვევის გამო. ამ დროს სისხლძარღვების ელასტიურობა ირღვევა და ვითარდება სისხლის შეგუბება კაპილარულ ქსელში. პაციენტები ამ შემთხვევაში უჩივიან სიწითლეს ლოყების, ცხვირის და ნიკაპის მიდამოებში.

მაპროვოცირებელი ფაქტორი ამ შემთხვევაში არის ისევ ულტრაიისფერი სხივები. კუპეროზი ასევე ხშირად უვითარდებათ მწეველებს, ალკოჰოლის ჭარბად მომხმარებლებს და ჰიპერტონიით დაავადებულ პაციენტებს.

ეს პრობლემა უფრო მეტად გამოხატულია ღია ფერის და მგრძნობიარე კანის მქონე პაციენტებში.

კანის კუპეროზის მკურნალობის ყველაზე ეფექტური მეთოდია ლაზერთერაპია. ლაზერული კოაგულაციის შედეგად ხდება გაფართოვებული კაპილარული ქსელის დესტრუქცია (დაზიანება) და შემდგომში მათი გაწოვა. ასევე სასურველია პაციენტს მივცეთ შემდეგი რეკომენდაციები: ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვა, უარის თქმა კანის აგრესიულ პროცედურებზე (მასაჟი, ინექციური პროცედურები), სასურველია პაციენტი მოერიდოს სითბურ პროცედურებს, როგორიცაა სახის დაორთქვლა, საუნის გამოყენება, უარი თქვას მავნე ჩვევებზე, როგორიცაა მოწევა და ალკოჰოლი, არ მიიღოს ცხელი შხაპი და აბაზანა, უარი თქვას ცხარე საკვებზე.

რაც შეეხება გამონაყრის შემდგომ პიგმენტაციას…

გამონაყარი კანზე ეს არის ანთების ცალკეული ელემენტები. ანთებითი პროცესი იწვევს კაპილარული ქსელის ლიკალურად გაძლიერებას. გამონაყრის ალაგების შემდეგ, რჩება ანთების შემდგომი ერითემა, რომელიც პაციენტებს ხშირად ჰგონიათ პიგმენტური ლაქა. გარკვეული რეკომენდაციების შესრულების შედეგად ერითემა მოკლე ვადაში ალაგდება. ეს რეკომენდაციაა ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვა, ანთების საწინააღმდეგო და მიკროცირკულაციის გასაუმჯობესებელი საცხები. თუ ეს რეკომენდაციები შესრულებული არ არის, ერითემის ადგილას ხდება მელანინის დაგროვება და მხოლოდ ამის შემდეგ ერითემა შეიძლება იყოს განხილული როგორც ჰიპერ პიგმენტაცია. ასეთი პიგმენტაციის ალაგებას სჭირდება ხანგრძლივი პერიოდი. რაც უფრო ინტენსიურია ანთებითი პროცესი, მით უფრო მეტი დროა საჭირო პიგმენტაციის ასალაგებლად. ანთებითი ელემენტების მექანიკური გაღიზიანება კიდევ უფრო მეტად ახანგრძლივებს რეაბილიტაციას.

პიგმენტაციის განვითარების შემთხვევაში მის ალაგებას შჭირდება რამოდენიმე თვიდან ერთ წლამდე.

გამონაყრის შედეგები შეიძლება იყოს უფრო სერიოზულიც. მძიმე და გახანგრძლივებული შემთხვევის დროს ზიანდება კანის უფრო ღრმა შრეები და დაზიანებები კანზე ვითარდება ნაწიბურების და ჩანაჭდევების სახით. ასეთივე შედეგებს იწვევს მკურნალობის დროს აგრესიული საშუალებების გამოყენება, რომლებიც ქსოვილის სტრუქტურას აზიანებს. ანთების შემდგომ განვითარებული პიგმენტაციის და კანის დეფექტების სამკურნალოდ გამოიყენება სხვადასხვა სახის პილინგები და მეზოთერაპიის პროცედურები.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები