LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოქმედებს თვითშეფასება ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და პიროვნულ განვითარებაზე – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

17
nana-facacia-7rcheva-fsiqologisgan

გადაცემის ლაივი LIVE

თვითშეფასება ეს არის ინდივიდის სუბიექტური წარმოდგენა საკუთარ თავზე, საკუთარი შესაძლებლობების, უნარების, თვისებებისა და საკუთარი „მეს კონცეპციის“ სუბიექტური შეფასება. თვითშეფასება შეიძლება იყოს ადექვატური და არაადექვატური. როგორ უნდა მივცეთ საკუთარ თავს ადექვატური თვითშეფასება – გადაცემის „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ სტუმარია ფსიქოლოგი ნანა ფაცაცაია.

რა არის თვითშეფასება ადამიანისთვის?

ამერიკელმა ფსიქოლოგმა აბრაჰამ მასლოუმ თვითშეფასება განიხილა მოთხოვნილებათა იერარქიის შემადგენელ ნაწილად, ერთის მხრივ სხვების მხრიდან აღიარება და პატივისცემა, ხოლო მეორეს მხრივ, საკუთარი თავის პატივისცემის მოთხოვნილება. თვითშეფასების მოთხოვნილების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ადამიანი მუდმივად მის ძიებაშია და ვერ ეძლება პიროვნული ზრდისა და თვითაქტუალიზაციის შესაძლებლობა.

ადექვატურია თვითშეფასება, როცა ადამიანის წარმოდგენა საკუთარ თავსა და შესაძლებლობებზე სინამდვილეს და გარემოდან წამოსულ იმპულსებს შეესაბამება, ხოლო როცა ადამიანი არაობიქტურად აფასებს საკუთარ თავს, მისი წარმოდგენა საკუთარ თავზე არ ემთხვევა რეალობას და სხვების აზრს, მაშინ თვითშეფასება არაადექვატურია. არაადექვატურად მაღალი ან დაბალი თვითშეფასება შემაწუხებელი და საზიანოა, აფერხებს პიროვნული განვითარების პროცესს.

არაადექვატურად მაღალი თვითშეფასების დროს ინდივიდი გაზვიადებულად აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს, ასეთ დროს მცირეოდენი მარცხი განიცდება ძალიან მტკივნეულად და  ჯანსაღი ფსიქიკისთვის მნიშვნელოვნად საზიანოა, ასევე, იგი შეიძლება გახდეს ნარცისიზმის საფუძველი, მაგალითად: ასეთი ადამიანები გარშემომყოფებთან შედარებით აღმატებულად მიიჩნევენ თავს, რაც შესაძლოა დისკომფორტის მომტანი იყოს სოციუმისთვის და გახდეს კონფლიქტის საფუძველი. მოზარდებში შესაძლოა იმატოს კონფლიქტურმა ქცევამ, ირღვევა ბავშვის განვითარების ჰარმონია, მატულობს მოლოდინების დაუკმაყოფილებლობის განცდა, პრეტენზიულობის დონე, რაც იწვევს მწვავე ემოციურ განცდებს.

დაბალი თვითშეფასება – ადამიანებს, რომლებსაც დაბალი თვითშეფასება აქვთ, რადიკალური შეხედულებებისკენ არიან მიდრეკილნი, მათთვის ყველაფერი წარმატებული ან წარუმატებელია. ხშირად საკუთარ წარუმატებლობას გარე ფაქტორებს მიაწერენ ხოლმე, ეჭვი ეპარებათ საკუთარ შესაძლებლობებში, ნაკლებად კომუნიკაბელურები არიან.

დაბალი თვითშეფასების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება გახდეს სოციალური შედარება,როცა ხდება საკუთარი თავის და შესაძლებლობების სხვებთან შედარება და მათთან შეჯიბრი. რაც კიდევ უფრო ამწვავეს და აქვეითებს თვითშეფასებას.

ასეთ დროს ბავშვებსა და მოზარდებში პატარა მარცხი და გარშემომყოფების შენიშვნა შეიძლება გახდეს დაბალი თვითშეფასების საფუძველი. არაადექვატურად დაბალი თვითშეფასების შემთხვევაში ბავშვი სათანადოდ არ აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს. ასეთი თვითშეფასების მქონე ბავშვისთვის დამახასიათებელია გაუბედაობა, საკუთარ თავში დაურწმუნებლობა, შემართების უქონლობა, რის გამოც შესაძლოა სრულად ვერ გამოამჟღავნოს საკუთარი შესაძლებლობები, ვერ მოახდინოს სრულად რეალიზება.

ფარული დაბალი თვითშეფასება გამომწვევი, თავხედური საქციელის ქვეშ იმალება. ხშირად დაბალი თვითშეფასების დამალვას „დაცვით მექანიზმებით“ ცდილობენ, იკეთებენ ცინიზმის, სამართლიანობის და მორჩილის ნიღაბს, აჩვენებენ თავს ქედმაღლურად, მიმართავენ თვითგამოხატვის რადიკალურ ფორმებს.

ადექვატური თვითშეფასება – ადექვატური თვითშეფასების მქონე ადამიანი რეალურად აფასებს მის შესაძლებლობებს და შესაბამის მიზნებს ისახავს. მისი მთავარი მიზანი საკუთარი უნარების განვითარება და თვითრეალიზაციაა, არის სამართლიანი და პასუხისმგებლიანი, მიდრეკილია პოზიტიური აზროვნებისკენ, აქვს პატიების მაღალი უნარი, თანაგრძნობის უნარი და ა.შ.

თვითშეფასება გარკვეულწილად მულტიფუნქციურიცაა, ის შეიძლება ეხებოდეს ერთ რომელიმე კომპეტენციას ან სფეროს, შეიძლება ადამიანი გარკვეულ საკითხში მეტად კომპეტენტურად და თავდაჯერებულად გრძნობდეს თავს, ხოლო ზოგადი წარმოდგენა საკუთარი თავის შესახებ ჰქონდეს საპირისპირო.

როგორია თვითშეფასების როლი პიროვნული განვითარების პროცესში?

თვითშეფასების განვითარების მთავარ წყაროს  პოზიტიური და ნეგატიური ცხოვრებისეული გამოცდილების შედეგად საკუთარი თავის შეფასება წარმოადგენს, რომელიც ადრეული ბავშვობიდან ყალიბდება. ადრეულ ბავშვობაში მთავარ გავლენას ბავშვის თვითშეფასების განვითარებაზე ახდენს მშობელი, აღზრდის სტილი უმთავრეს როლს ასრულებს ამ პროცესში. ასევე სკოლაში სწავლის პროცესში აკადემიური მიღწევები, პედაგოგის შეფასებები, მარცხზე უფროსების რეაგირება, თანატოლებთან ურთიერთობა და ა. შ.

ერიქსონის მიხედვით, თვითშეფასების ჩამოყალიბების პროცესში მნიშვნელოვანი ეტაპი ენიჭება 18 თვიდან 3 წლამდე პერიოდს, როდესაც ბავშვს დასაძლევი აქვს ფსიქოსოციალური კრიზისი: ავტონომია, სირცხვილი, ეჭვი. ამ პერიოდში ბავშვი იწყებს საკუთარი შესაძლებლობების შესწავლას დამოუკიდებლად: ჩაცმა, ჭამა, და ა. შ. თუ ასეთ დროს მოხდება ამ კრიზისული ეტაპის ჯანსაღად გადალახვა, მას უვითარდება დამოუკიდებლობის და ავტონომიის განცდა, ხოლო თუ მშობელი ბავშვისგან მოითხოვს ძალიან ბევრს, ან ძალიან ცოტას და ყველაფერს თვითონ უკეთებს, ბავშვს უყალიბდება საკუთარი შესაძლებლობების ეჭვის განცდა, რაც შემდგომში შეიძლება გახდეს დაბალი თვითშეფასების საწინდარი.

თვითშეფასების როლი ფსიქიკური ჯანმრთელობის პროცესში…

ჯანსაღ თვითშეფასება ადამიანს აძლევს შესაძლებლობას იყოს მეტად თავდაჯერებული, შეხვდეს ცხოვრებას მეტი ოპტიმიზმით, თვითრეალიზდეს და ადვილად მიაღწიოს მიზანს. მასლოუს მიხედვით, პიროვნების ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა არ არსებობს, თუ ის არ უყვართ და მას არ ღებულობენ, პატივს არ სცემენ გარშემომყოფები, ასევე, თუ ის არ აფასებს ადეკვატურად საკუთარ შესაძლებლობებს და არ ღებულობს საკუთარ თავს.

ადექვატური, ჯანსაღი თვითშეფასება არის ფსიქიკური ჯანმრთელობის პროცესში პრევენციის საშუალება. დაბალი თვითშეფასება შესაძლოა გახდეს სხვადასხვა სახის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის საფუძველი. ჯანსაღი თვითშეფასება სუიციდის საუკეთესო პრევენციაა.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, თუ ვიზრუნებთ ბავშვებისა და მოზარდების თვითშეფასების გაჯანსაღებაზე, მათ დავიცავთ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებისგან, რომელიც მისცემთ მათ საშუალებას ადექვატურად გადაწყვიტონ რთული და სტრესული სიტუაციები.

7 რჩევა ნანა ფაცაციასგან:

1. თვითშეფასების ჩამოყალიბების პროცესში, ადრეული ბავშვობის დროს მნიშვნელოლვანია თუ რომელ აღზრდის სტილს მიმართავს მშობელი. მშობელი რომელიც მხარდამჭერი და მზრუნველია, აფასებს და პატივს სცემს ბავშვის შესაძლებლობებს და ინტერესებს, ახდენს ხელშეწყობას რესურსების გაძლიერების კუთხით, ხელს უწყობს მოზარდის ადექვატური თვითშეფასების ჩამოყალიბებას.

2. მნიშვნელოვანია სასკოლო პროცესში მოზარდის აქტიური ჩართულობა, პედაგოგების ჯანსაღი რეაგირება მათ შეცდომებსა და თანატოლებთან პოზიტიური ურთიერთობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

3. იურთიერთობეთ დადებით ადამიანებთან, რომლებიც მოგცემენ ბედნიერების განცდის შესაძლებლობას.

4. მნიშვნელოვანია საკუთარი რესურსების გაცნობიერება, შესაბამისი მიზნებისა და მოლოდინებების დასახვა.

5. სოციალური შედარება და სხვებთან შეჯიბრებითობის პრინციპით ცხოვრება მეტად აზარალებს და აქვეითებს თვითშეფასების პროცესს.

6. ხშირად შევახსენოთ თავს საკუთარი წარმატებები და მიღწევები, ვიზრუნოთ საკუთარი რესურსების გაძლიერებაზე.

7. მნიშვნელოვანია პედაგოგები, მშობლები და გარემომცველი უფროსები, ბავშვის აღზრდის პროცესში ორიენტირებულები იყვნენ ადექვატური თვითშეფასების ჩამოყალიბებაზე, ვინაიდან ჯანსაღი თვითშეფასება არის ფსიქიკური ჯანმრთელობის პროცესში გარკვეული პრევენციის საშუალება და აისახება ჩვენს მომავალ ცხოვრებაზე.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები