LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოქმედებს წყენა ადამიანებზე – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

42
maisuradze

გადაცემის ლაივი LIVE

წყენა არის მოვლენა, ფაქტი ან სიტუაცია, რომელიც ფასდება, როგორც უფლებების არასამართლებრივი დარღვევა, შეურაცხყოფა, ღირსებისადმი ან სტატუსისადმი ზიანის მიყენება. როგორ მოქმედებს წყენა ადამიანებზე და ურთიერთობებზე – გადაცემის “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” სტუმარია ფსიქოლოგი სოფო მაისურაძე.

რას მოიცავს წყენა?

წყენა არის განცდა, ემოციური რეაქცია სიტუაციაზე, რომელიც ყველა ადამიანში აბსოლუტურად განსხვავებულია, უბრალოდ გაერთიანებულია საერთო მიზეზით: „ყოფითი უსიამოვნებები“ და საერთო დასახელებით: „მე მეწყინა“.

არსებობს კიდევ წყენა-განაწყენება, როგორც ქცევა, ქმედება და ჩვენი ემოციური რეაქცია ამ ფაქტზე. განაწყენება – ბავშვური დემონსტრაციული ქცევაა, რომლის მეშვეობითაც ვცდილობთ ყურადღების მიქცევას და ვმანიპულირებთ იმ ადამიანზე, რომელმაც გაგვანაწყენა.

წყენა შეძენილი ემოციაა და ფორმულირდება ადრეულ ბავშვობაში 2-დან 5 წლამდე. წყენას გვასწავლის გარემო, სოციუმი, ძირითადად მშობლები, ბებია-ბაბუები და უახლოესი გარემოცვა, როგორც ურთიერთობის ენას. მაგ: “ჩემო პატარა, ვინ გაწყენინა? მოდი ჩემთან“ (დედა/ბებია შეგიცოდებს). თუ უფროსები ეძებენ ბავშვის შეცოდების, შეწყნარების მიზეზს, ისინი აუცილებლად იპოვიან მას. პატარა, რომელიც იზრდება მსგავს გარემოში, ხვდება, რომ  წყენა ახლობელ ადამიანებზე ზეგავლენის ბუნებრივი ხერხია, რომელსაც საკუთარი სურვილებისა და მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად დაისწავლის. მოზარდობისას კი ადამიანები ხვდებიან, რომ წყენა უთანხმოების მოსაგვარებლად არაცივილური, არაეფექტური ფორმაა და ცდილობენ იცხოვრონ მის გარეშე, არ აწყენონ საყვარელ ადამიანებს.

რა შემთხვევაში ჩნდება წყენა?

წყენა ჩნდება იმ შემთხვევაში, თუ ჩემი მოლოდინი არ შეესაბამება სხვა ადამიანის ქცევას რომელიც ფასდება ჩემ მიერ, როგორც ღირსებისა და სტატუსის მიმართ ზიანის მიყენება, უფლებების, საზღვრების არასამართლიანი დარღვევა, დამამცირებელი ურთიერთობების ფაქტად.

წყენა გამოიხატება ჟესტ-მიმიკით, ხმის ინტონაციით და განწყობით, ამის წყალობით ჩვენ გარკვეული სახის სიგნალს ვაძლევთ იმას, ვინც გაგვანაწყენა და შემდგომში, თუ მას სურვილი აქვს ჩემთან ურთიერთობის გასაგრძელებლად, უნდა შეცვალოს თავისი დამმოკიდებულება.

როგორ რეაგირებს განაწყენებული ადამიანი:

ვმანიპულირებთ დანაშაულის გრძნობით. „ნახე, მე შენ გამო ცუდად ვარ, მოიქეცი ისე, რომ მე თავი ცუდად არ ვიგრძნო“. ანუ ჩვენ ვცდილობთ იმ ადამიანში გამოვიწვიოთ დანაშაულის გრძნობა, რაც აიძულებს მას, მოიქცეს ისე, როგორც ჩვენ გვსურს. ხანდახან ასე იქცევიან დედები შვილებთან მიმართებაში (შემდგომ ბავშვები დაისწავლიან მსგავ ურთიერთობებს და იმეორებენ მშობლებთან დამოკიდებულებაში) და ცოლები ქმრებთან მიმართებაში ან პირიქით.

ურთიერთობები დაგვყავს მინიმუმამდე: „ვდუმდებით“, „ვაიგნორებთ“. ესეც მანიპულაციის ერთ-ერთი ვარიანტია: „მე შენ გაიძულებ ისე მოიქცე, როგორც მე მსურს“, გაღიარებინებ შენ დანაშაულს და მერე „შეგიწყნარებ“.

ვპასუხობთ უხეშად ან სკანდალს ვაწყობთ. ურთიერთობის ასეთი სტილი დამახასიათებელია უფრო ემოციური ადამიანებისთვის, ქოლერიკებისთვის, თავშეუკავებელი პიროვნებებისთვის. სწრაფად დაუბრუნო პასუხი, სანამ გაარკვევ მიზეზს.

ვსჯით ჩვენ გამნაწყენებელს შურისძიებით. გარედან სიტუაცია ჩანს მოგვარებულად და ის ადამიანი საერთოდ ვერ ხვდება, რომ ჩვენ გაგვანაწყენა, მაგრამ ჩვენ ვსახავთ გეგმას, როგორ გადავუხადოთ სამაგიერო და ვპოულობთ შესაძლებლობას მის დასასჯელად.

ვრთავთ „წყენის დისკს“ და ყოველ წუთას ვატრიალებთ საკუთარ თავში წყენის სიტუაციას: „ ასე აჯობებდა მეთქვა“, „ როგორ გამიბედა“, „ მე არ შემიძლია საკუთარი თავის დაცვა“, „ ასე როგორ მომექცა“, ჩვენ ვეძებთ გამოსავალს, მაგრამ ვერ ვპოულობთ. ყოველ ჯერზე, როცა ამ წყენაზე ვფიქრობთ ვდარდობთ და განვიცდით თითქოს ეს ეხლა მოხდა და არა ერთი დღის, ერთი კვირის ან ერთი თვის წინ.

ჩვენ სურვილებს გულში ვიხშობთ და ვქმნით იმიჯს, რომ არ გვწყენია, ვითმენთ ჩუმათ. სახეზე – ნატანჯი ღიმილი, გულის სიღრმეში ისმის გამამართლებელი ფრაზები: „საწყალი, მისთვის ალბათ ძალიან რთული იყო და ამიტომაც აფეთქდა“, „ის ხომ ჩემი უფროსია, მას შეუძლია ხმა ამიწიოს, მისთვის დასაშვებია“, „დედას დახმარება სჭირდება, მე ხომ ვალდებული ვარ, ყოველთვის მის გვერდით ვიყო“,

ვიხვევთ წყენას, ვიცოდებთ საკუთარ თავს: „მე ყველაზე უბედური ადამიანი ვარ“, „ჩემი არავის არ ესმის“, „არავის არ უნდა ჩემი დახმარება“, „მე საკმაოდ კარგი ვარ მათთვის“, „როგორ არ მიმართლებს ცხოვრებაში“, „რატომ მემართება ყოველთვის მე“, „ამქვეყნად არაა სამართლიანობა“.

თუ თქვენ მიჩვეული ხართ საკუთარი თავის შეცოდებას, არ გამოთქვამთ თქვენს ემოციებს და მოსაზრებებს, გულში იკლავთ თქვენ წყენებს, თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი ქვეითდება და მეტად მოწყვლადი ხდებით ნებისმიერი ავადმყოფობისთვის. ადამიანები, რომლებიც ხშირად ნაწყენდებიან შესაძლოა გაუჩნდეს პრობლემები კუჭის, ნაღვლის ბუშტის, ღვიძლის, ყელის ან გულის არეში.

7 რჩევა სოფო მაისურაძისგან:

1. შეწყვიტეთ მოლოდინი გარშემომყოფებისგან, სხვა ადამიანის ქცევას არ დაუკავშიროთ გარკვეული სახის სიხარული, ბედნიერება და კეთილდღეობა. გახსოვდეთ, „არავინ არავისთვის არაა ვალდებული“.

2. შეეცადეთ უსიამოვნო სიტუაციებისგან, კონფლიქტური და დაძაბული ადამიანებისგან დისტანცირდეთ.

3. დასახეთ მიზანი და მისი მიღწევის გზაზე არ დახარჯოთ დრო უსარგებლო წყენაზე და გადაჭარბებული დაინტერესება არ გამოავლინოთ მისდამი.

4. შეეცადეთ არ შეაფასოთ კრიტიკულად ადამიანი ან სიტუაცია, დრო მიეცით თქვენ თავს რომ დაფიქრდეთ და სწორად განსაზღვროთ ქცევა ან სიტუაცია.

5. წყენის შემცირების ერთ-ერთი შესაძლებლობაა, გამოვხატოთ ჩვენი გრძნობები. გამოვუტყდეთ საკუთარ თავს: „მე ნაწყენი ვარ“ გავიხსენოთ, მანამდე მსგავსი გრძნობა როდის განვიცადეთ. გავარკვიოთ, წყენის უკან რომელი რეალური ემოცია იმალება და თავდაპირველად ვიზე იყო მიმართული. უფლება მივცეთ ამ ემოციებს არსებობის. ეს მოგვცემს შესაძლებლობას შეხედოთ სიტუაციას „ზრდასრულის“ გაცნობიერებული თვალით და საბოლოოდ შევეცადოთ გავამართლოთ ის ვინც გვაწყენინა.

6. და თუ მაინც დაგიგროვდათ წყენა, განთავისუფლდით მისგან. თუ თქვენ განაწყენებული ხართ კონკრეტულ ადამიანზე ან ადამიანებზე, აპატიეთ მათ და ნებისმიერი თქვენთვის მისაღები საშუალებით გააგებინეთ, რომ თქვენ მათზე არ ბრაზობთ: მიწერეთ წერილი, მესიჯი ან დაურეკეთ. თუ მას ან თქვენ არ გაქვთ ნახვის სურვილი, გამოიყენეთ ვიზუალიზაციის მეთოდი – ნათლად წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელსაც პატიობთ, გულწრფელად და სიყვარულით წარმოთქვით პატიების ფრაზა.

7. მთავარია აპატიოთ საკუთარ თავს! რაც ყველაზე მეტად უჭირთ ადამიანებს: „შემეძლო ასე გამეკეთებინა, მაგრამ არ გავაკეთე, შემეძლო მეთქვა, მაგრამ გავჩუმდი, მაშინ რომ ასე მოვქცეულიყავი, ეხლა ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა“. არ დააგროვოთ წყენები, და თუ დააგროვეთ, თქვენს ხელშია გადააქციოთ პიროვნული ზრდისა და განვითარების ენერგიად. არასოდესაა გვიანი თქვათ: „მე არასწორი ვიყავი, მაგრამ მე ჩემ თავს ვპატიობ და უფლებას ვაძლევ საკუთარ თავს მივაღწიო იმ მიზნებს, რომლის ღირსიც ვარ!“.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები