LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უნდა ებრძოლოს ადამიანი ჭარბ წონას და რატომ არის საზიანო მონო-დიეტები – ენდოკრინოლოგი თამარ ჩადუნელი

19
tamarchaduneli-pulsi

გადაცემის ლაივი LIVE

30 ივლისს რადიო ,,ფორტუნას” და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას ,,პულსი” კლინიკა ,,ენმედიცის” ექიმი, ენდოკრინოლოგი თამარ ჩადუნელი სტუმრობდა, რომელმაც სიმსუქნისა და ჭარბი წონის პრობლემებზე ისაუბრა.

– თამარ, რა არის სიმსუქნე?

– სიმსუქნე ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ნივთიერებათა ცვლის დარღვევით და ორგანიზმში ჭარბი ცხიმის დაგროვებით ხასიათდება. სპეციალური ფორმულის – სხეულის მასის ინდექსის წყალობით, რომელიც ძალიან მარტივად – ადამიანის წონის სიმაღლის კვადრატზე გაყოფით გამოითვლება, ყოველთვის შეიძლება სიმსუქნის ხარისხის დადგენა.

– რამდენად აქტუალურია სიმსუქნის პრობლემა, როგორია სტატისტიკური მონაცემები?

– სამწუხაროდ, სიმსუქნე – გლობალური პრობლემაა. ბოლო მონაცემებით ჭარბწონიანთა რიცხვმა მსოფლიო მოსახლეობის 38-40%-ს მიაღწია, რომელთა შორის მსუქნებმა 13-15% შეადგინეს. აღსანიშნავია, რომ სიმსუქნის პრობლემა ძალიან აქტუალურია ბავშვებში.

– რა გავლენა მოახდინა სიმსუქნის პრობლემაზე პანდემიამ და პასიური ცხოვრების წესმა?

– რა თქმა უნდა, პანდემიამ, უმოძრაო ცხოვრების წესმა და არაჯანსაღმა კვებამ კიდევ უფრო დაამძიმა პრობლემა.

– რა ითვლება სიმსუქნის მთავარ გამომწვევ მიზეზად?

– დაავადებას უამრავი მიზეზი აქვს. პირველ რიგში ძილის, კვების რეჟიმის დარღვევა და უმოძრაო ცხოვრების წესი, თუმცა ზოგჯერ წონის მატებას სხვა დაავადებები, მათ შორის ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ჰორმონალური დისბალანსი და მეტაბოლიზმის დარღვევა იწვევს. ამ შემთხვევაში მხოლოდ დიეტის დაცვა საკმარისი აღარაა რადგან მედიკამენტური მკურნალობაც აუცილებელი ხდება.

– ალბათ, უმჯობესია, პაციენტმა სპეციალისტს მიმართოს ჭარბი წონის მიზეზების დასადგენად, ვიდრე თვითონ განსაზღვროს?

– რა თქმა უნდა, ექიმის დიაგნოზი უფრო სარწმუნოა. ყველა ადამიანი თავისებურად ცდილობს წონის დაკლებას, ზოგი ვარჯიშობს, ზოგი დიეტას იცავს და თუ წონა მაინც არ მცირდება, სწორედ მაშინ ტარდება კვლევა ჭარბწონიანობის მიზეზების დასადგენად და მკურნალობის სწორი კურსის დასანიშნად.

– რამდენად კავშირშია ასაკის მატება წონის პრობლემებთან?

– ასაკის მატებასთან ერთად მეტაბოლიზმი ქვეითდება, ამიტომ ბევრად რთული ხდება ზედმეტი კილოგრამებისგან განთავისუფლება. თუმცა, შეუძლებელი არაფერია, რადგან სურვილის შემთხვევაში ადამიანს ნებისმიერს ასაკში შეუძლია წონის დაკლება, მთავარია სწორი რეჟიმის და ტაქტიკის შემუშავება.

– რას გულისხმობს სწორი ტაქტიკა?

– ახლა ძალიან მოდურია დიეტების დაცვა. უამრავი სხვადასხვა დიეტა არსებობს, თუმცა არცერთი არაა ეფექტური, რადგან სინამდვილეში, დიეტა სწორი კვების რეჟიმის დაცვას ნიშნავს. ამასთანავე, აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს ძილის რეჟიმი და კვების რაციონი.

– ხშირად ჩნდება შეკითხვა – რა კავშირი აქვს ძილის რეჟიმს და ჭარბ წონასთან?

– ადამიანი, რომელიც გვიან იძინებს, დილასაც გვიან იღვიძებს, დაგვიანებით მიირთმევს საკვებს, არასრულფასოვანი ძილის დროს კი, არც ენერგია იხარჯება, არც კალორიები, ამიტომ, დღე-ღამის რეჟიმის მოწესრიგება, სწორედ ძილის მოწესრიგებით იწყება, აუცილებელია საუზმის დროულად, გაღვიძებიდან მაქსიმუმ ორ საათში მირთმევა. ზოგადად, სიმსუქნე – დაუხარჯავი მიღებული ენერგიაა. ზოგჯერ, ადამიანი მთელი დღის მანძილზე შიმშილობს, თუმცა იხარჯება გონებრივად და ფიზიკურად, საღამოს კი, დაღლილი და მოშიებული ზედმეტად ბევრ საკვებს ღებულობს. არადა, პირიქით – უნდა ხდებოდეს – ჯერ კალორიების მიღებაა საჭირო, მერე მისი ხარჯვა.

– როგორ ფიქრობთ, სიმსუქნე მხოლოდ ესთეტიკური პრობლემაა თუ უფრო სერიოზული?

– რა თქმა უნდა, სიმსუქნე ადამიანის ფსიქო-ემოციურ ფონს ცვლის, რადგან უქვეითდება თვითშეფასება, არ მოსწონს საკუთარი გარეგნობა და მუდმივი სტრესშია წონის მომატების შიშით. მართალია, ბევრი ჭარბი კილოგრამების შემთხვევაშიც ინარჩუნებს შრომისუნარიანობას და არ განიცდის არანაირ დისკომფორტს, მაგრამ სიმსუქნე მაინც მძიმე ქრონიკული დაავადებაა, რომელიც უამრავი სხვა დაავადების, მათ შორის არტერიული ჰიპერტენზიის, ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მიზეზი ხდება, რომელიც ძალიან გახშირდა და გაახალგაზრდავდა. სიმსუქნე პრაქტიკულად ყველა ორგანოს აზიანებს ძვალ-სახსროვანი და სასუნთქი სისტემის ჩათვლით.

– როგორ უნდა ებრძოლოს ადამიანი ჭარბ წონას?

– პირველ რიგში, პაციენტმა ენდოკრინოლოგს უნდა მიმართოს, ჩაიტაროს სრულფასოვანი კვლევა და სწორედ კვლევაზე დაყრდნობით შემუშავებული მკურნალობის კურსი. მართალია, ზოგ შემთხვევაში დიეტაც საკმარისია, მაგრამ ზოგჯერ მედიკამენტური მკურნალობაც საჭიროა. გასათვალისწინებელია, რომ ჭარბწონიან პაციენტს ძალიან უჭირს დიეტის დაცვა, რადგან კალორიები მცირდება, საკვების მიღების მოთხოვნილება კი, იგივე რჩება. სწორედ დარღვეული მეტაბოლიზმის მოსაწესრიგებლად გამოიყენება მედიკამენტები, რომლებიც პირველ რიგში მადას ამცირებენ. ჩვენს კლინიკაში წონის დაკლების და შენარჩუნების სპეციალური 6-თვიანი პროგრამა შემუშავდა ენდოკრინოლოგის და ფსიქოლოგის მონაწილეობით, რომელიც პაციენტის სისტემატურ ვიზიტებს, შესაბამისი დიეტის და მედიკამენტების დანიშვნას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ ჩვენი პროგრამის დახმარებით პაციენტები ჯანმრთელობას გაუმჯობესებასთან ერთად სტრესის, მავნე ჩვევების დამარცხებას და თვითშეფასების ამაღლებასაც ახერხებენ. ტრადიციული მკურნალობის პარალელურად არსებობს აპარატული მკურნალობაც. ჩვენი კლინიკის დიღმის ფილიალში აქტიურად გამოიყენება  RF ლიფტინგი, რომელიც ლაზერისა და კავიტაციის წყალობით აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ხელს უწყობს ცხიმის დაწვას, პრესოთერაპიის აპარატით შეშუპებების შემცირება და პრობლემურ ადგილებში ფორმების კორექცია შეიძლება, კრიოლიპოლიზი კი, მოყინვის მეთოდით ცხიმის დაშლას ითვალისწინებს.

– რატომაა საზიანო წონის არა ეტაპობრივად, არამედ უცებ დაკლება?

– რა თქმა უნდა, რეკომენდებული არაა წონის მკვეთრი კლება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილი სტანდარტის მიხედვით, ადამიანი ზომიერად, კვირაში 1-1,5 კილოგრამს უნდა იკლებდეს, მონო-დიეტები და სწრაფი კლება კი, ყოველთვის ორმაგი წონის მომატებას იწვევს.

– რამდენად აუცილებელია სრულფასოვანი ლაბორატორიული კვლევის ჩატარება სიმსუქნის მიზეზების დასადგენად?

– პირველ რიგში, პაციენტის გასინჯვა და მისი ჩივილების მოსმენაა საჭირო, რათა დადგინდეს, თუ რა აწუხებს და რას აბრალებს წონის მატებას. სწორედ ამგვარი კვლევით დგინდება საჭირო ანალიზების ნუსხა.

– რამდენად შესაძლებელია სიმსუქნის, როგორც დაავადების სრულად განკურნვა?

– მართალია, პაციენტები მეტწილად დაგვიანებით მოგვმართავენ, მაგრამ მონდომების და რეკომენდაციების გათვალისწინების, დიეტის დაცვის და მედიკამენტების კურსის გავლის შემდეგ აბსოლუტურად რეალურია სიმსუქნის საბოლოოდ დაძლევა. სამწუხაროდ, დაგვიანების შემთხვევაში სხვა დაავადებები, მათ შორის შაქრიანი დიაბეტი ვითარდება, რომელიც მართალია წონის დაკლებით არ იკურნება, მაგრამ მნიშვნელოვნად უმჯობესდება პაციენტის მდგომარეობა.

– როგორ შეაფასებთ ბოლო დროს ძალიან მოდურ 18-საათიან დიეტას?

– რა თქმა უნდა, 18- და 16-საათიანი დიეტა ეფექტურია, რადგან ერთის მხრივ, ქვეითდება მადა და მცირდება ორგანიზმში ცხიმები, მეორეს მხრივ, არ უქმნის საფრთხეს ჯანმრთელობას, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ადამიანს არ აქვს სხვა ქრონიკული დაავადება. აღსანიშნავია, რომ ამგვარი დიეტის დროსაც აუცილებელია კვების რაციონის შერჩევა, რადგან არ შეიძლება ყველაფრის მირთმევა.

– სამი პროდუქტი, რომელსაც მხოლოდ სარგებელი და სამი პროდუქტი, რომელსაც მხოლოდ ზიანი მოაქვს?

– სასარგებლოდ შეიძლება ჩაითვალოს უცხიმო ან ნაკლებად ცხიმიანი ხორცპროდუქტი, რძის ნაწარმი და ხილ-ბოსტნეული. ყველაზე მავნე პროდუქტად კი, ტკბილი გაზიანი სასმელი, სწრაფი კვების პროდუქტი და საკონდიტრო ნაწარმი, მათ შორის ცხელი ფუნთუშა და კრემიანი ნამცხვარი ითვლება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები