LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ვებრძოლოთ ცელულიტს – სილამაზის აკადემია

17
silamaziakademia285

გადაცემის ლაივი LIVE

როგორ ვებრძოლოთ ცელულიტს – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ დერმატო-კოსმეტოლოგმა ნათია ნუცუბიძემ ისაუბრა.

რა არის ცელულიტი?

ცელულიტი მრავალი ქალისთვის ნაცნობი მდგომარეობაა. ამ დროს კანი უსწორმასწორო ხდება, უჩნდება ბორცვები და ჩაღრმავებები. ამის გამო ცელულიტს „ფორთოხლის კანის ეფექტსაც“ უწოდებენ. მედიცინის თვალთახედვით, ცელულიტი კანქვეშა ცხიმოვანი შრის სტრუქტურული ცვლილებაა, რომელიც მიკროცირკულაციისა და ლიმფის დინების დარღვევას იწვევს. სპეციალისტები ტერმინ “ცელულიტს” იშვიათად იყენებენ და ამ მოვლენას „ლიპოდისტროფიას“ ან „ლიპოსკლეროზს“ უწოდებენ. ცელულიტი, ჩვეულებრივ, გოგონებს ემართებათ 20-დან 25 წლამდე, ხშირად – ორსულობის დროს ან მის შემდეგ.

რა არის გამომწვევი მიზეზი?

მრავალი ექიმი ცელულიტს დაავადებად არ განიხილავს – მას ქალის კანქვეშა ცხიმოვანი შრის დამახასიათებელ ასაკობრივ მდგომარეობად მიიჩნევს, თუმცა ზოგთან ცელულიტი ძალზე იოლი ფორმით ვლინდება, ზოგთან კი – გაცილებით მძიმედ.

რაზეა ეს დამოკიდებული?

გარდა გენეტიკური განწყობისა, რისკის ფაქტორებს წარმოადგენს:

• პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევა;

• სხვადასხვა ჰორმონული დარღვევა ან, უბრალოდ, ჰორმონული ფონის შეცვლა;

• კვების დარღვევა;

• ცხოვრების უმოძრაო წესი;

• თამბაქოს წევა;

• სტრესი;

• წონის ხშირი ცვალებადობა. ამასთან, ჭარბი წონა აუცილებელ ფაქტორს არ წარმოადგენს

საზოგადოდ, მსუბუქი ცელულიტი ზრდასრული ქალისთვის ნორმაა. უფრო მეტიც – მისი არარსებობა შესაძლოა ჰორმონული დარღვევის მანიშნებელი იყოს, მაგრამ თუ ცელულიტი მკვეთრადაა გამოხატული, სავარაუდოა კანქვეშა ცხიმოვანი შრის ან მთელი ორგანიზმის დაავადება (ჰორმონული პრობლემები).

მიუხედავად იმისა, რომ მედიცინა ცელულიტს დაავადებად არ განიხილავს, ქალთა უმრავლესობა მას სერიოზულ პრობლემად მიიჩნევს და ძალისხმევას არ იშურებს მის დასამარცხებლად. ეს არცაა გასაკვირი – თანამედროვე საზოგადოებაში ხომ ყველაფერს მოდა წყვეტს. ყველა ქალს სურს, ჰქონდეს იდეალური გარეგნობა. კოსმეტოლოგიაც ფართო ნაბიჯებით მიიწევს წინ და უამრავ საშუალებას გვთავაზობს ფორთოხლის ქერქთან საბრძოლველად. მოდი, გავარკვიოთ, რომელი მათგანია ცრუ და რომელი – ნამდვილად შედეგიანი.

ცელულიტისგან სრულად და სამუდამოდ გათავისუფლება შეუძლებელია. ძალისხმევა იქით უნდა მივმართოთ, რომ ის ნაკლებად შესამჩნევი გავხადოთ. ამასთან, ხილული შედეგის მისაღწევად აუცილებელია კომპლექსური მიდგომა:

• ზედმეტი წონის მოშორება;

• სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება;

• ნივთიერებათა ცვლის გააქტიურება;

• კუნთებისა და შემაერთებელი ქსოვილის გაძლიერება;

• კანის ტონუსის გაუმჯობესება.

ამას შეიძლება მივაღწიოთ დაბალანსებული კვებით, სპორტით, მავნე ჩვევებზე უარის თქმით და კანის სისხლის მიმოქცევისა და ტონუსის გასაუმჯობესებელი პროცედურებით.

როგორ ვებრძოლოთ ცელულიტს?

მთავარია, შევიცვალოთ ცხოვრების წესი, ამოვიღოთ რაციონიდან რაფინირებული პროდუქტები, ფასტფუდი, ტკბილეული, ცხიმიანი და შებოლილი საკვები, თავი დავანებოთ თამბაქოს წევას, ხელი მივყოთ ფიზიკურ აქტივობას. კარგია სიარული, სირბილი, ცურვა, თხილამურებით სრიალი, ჩოგბურთი, აერობიკა, ტრენაჟორებზე ვარჯიში, სახლის პირობებში – კიბეზე ასვლა-ჩასვლა, სახტუნაოთი ხტუნვა და ფეხის კუნთების გასამაგრებელი ვარჯიშების შესრულება. ზედმეტი წონა, ცხადია, უნდა მოვიშოროთ, მაგრამ აუცილებლად ნელ-ნელა და თანდათანობით. სხვაგვარად კანი მოშვებული და ჩამოკიდებული დარჩება.

შხაპის დროს გამოიყენეთ უხეში ნეჭა, გაიხეხეთ პრობლემური ადგილები და წყლის პროცედურების შემდეგ აუცილებლად გაიკეთეთ მასაჟი, შემდეგ წაისვით სპეციალური კრემი. კარგი ეფექტი აქვს ანტიცელულიტურ სქრაბებს. რეკომენდებულია ასევე საუნა და თაფლის მასაჟი, რომლებიც შესამჩნევად აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

ფართოდ რეკლამირებული კრემებისა და შრატებისგან სასწაულს ნუ ელით. ისინი მხოლოდ კანის ტონუსს აუმჯობესებენდროებით ჭიმავენ კანს, რის შედეგადაც ცელულიტის ნიშნები ინიღბება. როდესაც მათ ხმარებას შეწყვეტთ, ეფექტიც გაქრება.

მყარი შედეგის მიღება მხოლოდ კომპლექსური მიდგომითაა შესაძლებელი. ერთი თვის შემდეგ შედეგი თვალსაჩინო გახდება, ხოლო რამდენიმე თვეში თამამად შეძლებთ მოკლე კაბისა და შარვლის ჩაცმას.

კოსმეტოლოგები გვთავაზობენ ანტიცელულიტური პროცედურების ფართო სპექტრს, მასაჟით დაწყებული, ეთერზეთებითა თუ წყალმცენარეებით მკურნალობით დამთავრებული. ამ დროს გამოიყენება პილინგი, მეზოთერაპია და აპარატული მეთოდები.

პროფესიული ანტიცელულიტური მასაჟი ძალზე ეფექტური საშუალებაა, რომელიც საგრძნობლად აუმჯობესებს კანის მდგომარეობას.

ცხოვრების წესის შეცვლის პირობებში ანტიცელულიტური მასაჟის შედეგი ხანგრძლივი და მყარი იქნება, მაგრამ კურსის დასრულების შემდეგ, თუ არ გააგრძელებთ სახლის პირობებში კანის მოვლას, არ დაიცავთ კვების რეჟიმს და არ ივარჯიშებთ, ცელულიტი დაბრუნდება.

რაც შეეხება სხვა კოსმეტიკურ მეთოდებს, ეფექტიანია ჰიდრომასაჟი, SPA, თალასოთერაპია. პროცედურების შემდეგ კანი მკვრივი და გლუვი ხდება, თუმცა ეს ძვირად ღირებული სიამოვნებაა, თანაც მათი ეფექტი დროებითია. ამგვარი პროცედურები რეგულარულად უნდა ჩაიტაროთ, რათა კარგად გამოიყურებოდეთ.

ისეთ რადიკალურ მეთოდებს, როგორებიცაა მეზოთერაპია და აპარატული მეთოდები (ვაკუუმური აპარატული მასაჟი, მიოსტიმულაცია, ელექტროლიპოლიზი და სხვა), დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. მათი გამოყენება შეიძლება ცელულიტის მხოლოდ ძალიან მძიმე ფორმის შემთხვევაში და ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, რადგან აქვთ უკუჩვენებები.
• ერიდეთ წონის მკვეთრ შეცვლას;

• თუ ინტენსიურად მისდევთ სპორტს, უცბად ნუ მიატოვებთ ვარჯიშს. თუ ეს აუცილებელია, თანდათანობით შეამცირეთ დატვირთვა;

• ყურადღება მიაქციეთ ჰორმონული სისტემის მუშაობას;

• სწორად იკვებეთ (უპირველესად, უარი თქვით ფასტფუდზე, ერიდეთ ტკბილეულს);

• არ მოწიოთ;

• კვირაში 1-2-ჯერ მაინც ივარჯიშეთ, დატვირთეთ თეძოსა და ბარძაყის კუნთები;

• აბაზანაში გამოიყენეთ უხეში ნეჭა და სქრაბი, დროდადრო გაიკეთეთ თეძოებისა და ბარძაყების პროფილაქტიკური მასაჟი;

• იარეთ საუნაში და მასაჟი საუნის შემდეგაც გაიკეთეთ.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები