LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,რომ გამომაცხადეს, გაოგნებულები ვიყავით, სიტყვის წარმოთქმის კადრები არც გამოვაჩინეთ, ისე ვიბოდიალეთ…” – ბახვა ბრეგვაძე ,,მადრიდის საერთაშორისო კინოფესტივალზე”

5
ბახვა

რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ ბახვა ბრეგვაძე სტუმრობდა, რომელმაც გასულ და მომავალ სატელევიზიო სეზონზე და „მადრიდის საერთაშორისო კინოფესტივალზე“ ისაუბრა.

ბახვა ბრეგვაძე და ანდრო ჭიჭინაძე მადრიდის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები გახდნენ

ბახვა, ეს სეზონი დასრულდა და მაინტერესებს, ახალი სეზონიდან რაიმე განსაკუთრებულს თუ გეგმავ ?

განსაკუთრებულს არაფერს ვგეგმავ, მაგრამ ყოველთვის რაღაცის ძიებაში ვარ. სულ მინდა, რომ რაღაც ახალი გავაკეთო, შესაბამისად, სიახლეების გარეშე არც ახალი სეზონი ჩაივლის. გასული სეზონი თან რთული, თან საინტერესო და მრავალფეროვანი იყო. დამემატა ახალი გადაცემა „ვინ ვინ არის“, რომელიც ჩემი აზრით ძალიან კარგი გამოვიდა და მაყურებელსაც ძალიან მოეწონა. ძალიან აზარტული შოუ იყო და ყველა ჩართული იყო. ძალიან რეიტინგული, ბრჭყვიალა და მაგარი გადაცემა გამოვიდა. რეალურად არ ვიცოდი, როგორი პროექტი იქნებოდა, მაგრამ ის გუნდი, რომელიც ამ პროექტს აკეთებდა ჩემთვის ძალიან სანდო ადამიანებისგან იყო დაკომპლექტებული. ამ დროისთვის ეს არის შოუ, რომელიც მსოფლიოში ნომერ პირველია რეიტინგით.

რამდენად ხშირად გითქვამს უარი შემოთავაზებულ პროექტებზე?

უარი ძალიან ბევრჯერ მითქვამს, რადგან პირველ რიგში საკუთარი თავი უნდა დავინახო იმ პროექტში და ეს რაღაც სიახლე, გამოწვევა უნდა იყოს ჩემთვის. მიყვარს, როცა საკუთარ თავს ვეჯიბრები და საკუთარ თავთან ვიმარჯვებ. ეს პატარა გამარჯვებები უფრო საინტერესოს ხდის ჩემს ცხოვრებას.

როგორი შეგრძნებაა, როცა ამდენ ადამიანს უყვარხარ?

არ ვიცი, ალბათ, ვიღაცას ვუყვარვარ, ვიღაცას არა, მაგრამ მე მართლა ძალიან მიყვარს ადამიანები. როცა ვიღაცასთან ურთიერთობას ვიწყებ, ყოველთვის ძალიან კეთილგანწყობილი ვარ. ალბათ, ეს კეთილგანწყობა განაპირობებს მათ ჩემდამი სიყვარულს.

ალბათ, საოცარი შეგრძნებაა, როცა საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისორად გასახელებენ. მომიყევი შენი ემოციების შესახებ,

ჯერ პატარა შესავალს გავაკეთებ. ეს 10 სერია ერთ-ერთი იმ კომპანიისთვის გავაკეთეთ, რომელშიც ვმუშაობ. რატომღაც ჩავთვალე, რომ შემეძლო ამის გაკეთება. შევკრიბე საოცარი, საოცნებო გუნდი, ჩემი მეგობრებით და სანდო ადამიანებით დაკომპლექტებული. კარგი გამოვიდა თუ ცუდი, ვიღაცამ მოიწონა თუ არ მოიწონა, ეს უკვე მეორე საკითხია, ჩვენ ნამდვილად მივიღეთ ის შედეგი, რაც გვინდოდა. ამ სერიების ოპერატორმა გიორგი შველიძემ თქვა, რაღაც ფილმივით გამოვიდა და საცოდაობა იქნება, სადმე თუ არ გავაგზავნითო. მიუხედავად ჩემი მისდამი პატივისცემისა, სერიოზულად ვერ მივიღე, რადგან ეს ჩემთვის ახალი იყო და ამ მიმართულებით საკუთარ თავში დარწმუნებული არ ვიყავი. სამაგიეროდ პროდიუსერებმა მიიღეს სერიოზულად გიორგის ნათქვამი და რამდენიმე ფესტივალზე გადააგზავნეს. შემდეგ, „მადრიდის საერთაშორისო კინოფესტივალიდან“ მოგვივიდა პასუხი, რომ 4 ნომინაციაზე აარჩიეს. არავის არაფრის იმედი არ გვქონდა, თუმცა ჩვენთვის ისიც საზეიმო იყო, რომ წარდგენილები ვიყავით. გადავწყვიტეთ, ეს შანსი ხელიდან არ გაგვეშვა და მადრიდში წავსულიყავით. დაჯილდოებაზე მართლა უიმედოები მივედით. ძალიან საინტერესო ადამიანები დაგვხვდნენ იაპონიიდან, ამერიკიდან, დიდი ბრიტანეთიდან, შესაბამისად გამარჯვებას მართლა არ ველოდით. რომ გამომაცხადეს, გაოგნებულები ვიყავით. სიტყვის წარმოთქმის კადრები არც გამოვაჩინეთ არსად, ისე ვიბოდიალეთ. ძალიან დაბნეულები ვიყავით.

გვიახლოვდება შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი. როგორ ფიქრობ, რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი ფესტივალები ?

ფესტივალზე, როგორც ყოველთვის, წელსაც ძალიან საინტერესო სტუმრები იქნებიან. ამ ფესტივალს მართლა ოქროს ფონდი აქვს მუსიკოსების და შემსრულებლების. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფესტივალია, მასზე გავიზარდე, არც მახსოვს, პირველად როდის ვიყავი. თამასა და მოლოდინი ყოველთვის ძალიან დიდია და იმედს არასდროს გვიცრუებენ ორგანიზატორები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები