LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,როტოსკოპის ტექნიკით გადავიღე ქართველი მსახიობები, ფონები კი, თვითონ დავხატე. ფილმის პრემიერა 9 დეკემბერს შედგება საქართველოში, ამერიკაში კი, უკვე გამოვიდა და ძალიან კარგი გამოხმაურებაც მოიპოვა” – მირზა პაპუნა დავითაია

27
მირზა-პაპუნა-დავითაია

31 ოქტომბერს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ ფერმწერი და პროდიუსერი, ქართულ-ამერიკული კინოაკადემიის დამფუძნებელი მირზა პაპუნა დავითაია სტუმრობდა, საკუთარ კარიერასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

– პაპუნა, როგორ ახერხებთ ამდენი საქმის შეთავსებას?

– ძალიან მარტივად, რადგან სინამდვილეში ფერწერა, კინო, ანიმაცია მონათესავე პროფესიებია და პრაქტიკულად ერთ საქმეს ვაკეთებ, კინოაკადემიაში კი, იმას ვასწავლი, რაც თვითონ ვიცი, ამიტომ ყველაფერი ძალიან მარტივია. კარიერა მხატვრობით დავიწყე, როცა არაფერი იშოვებოდა და ჩარჩოს გაკეთებაც თვითონ მიწევდა და ტილოს დაგრუნტვაც. სწორედ მაშინ ვისწავლე ერთის მხრივ, დროის ორგანიზება, მეორეს მხრივ, ნებისმიერ გამოუვალ სიტუაციაში გამოსავლის ძიება და ახლის მოგონება.

– რამდენადაც ვიცი, მინისტრის პოსტზეც მოსინჯეთ შესაძლებლობები. რომელ პროფესიაში გრძნობთ თავს ყველაზე კომფორტულად?

– ჩემი კარიერა ორ ნაწილად შეიძლება გაიყოს – საქმე, რომელსაც მარტო ვაკეთებ, მაგალითად სცენარის წერა, ან ხატვა და საქმე, რომელიც ყოველთვის გუნდურად კეთდება. ძალიან არ მიყვარს ერთი საქმის დიდხანს კეთება. თუ რამდენიმე დღე გადაბმულად ვხატავ, ადამიანებთან ურთიერთობის დეფიციტს ვგრძნობ, თუმცა, მუდმივად ხალხმრავლობაც დამღლელი და მოსაბეზრებელია, ამიტომ ყოველთვის დაბალანსება მიწევს.

– გამოფენის მოწყობას ხომ არ გეგმავთ ახლო მომავალში?

– ბოლო გამოფენა 2016 წელს მქონდა, ასე რომ, დროა ახალ ექსპოზიციაზე ვიფიქრო.

– რას წარმოადგენს თქვენი ახალი პროექტი, რომელიც „ვეფხისტყაოსნის“ პოპულარიზაციას გულისხმობს?

– პროექტს საკმაოდ ხანგრძლივი და რამდენიმე ეტაპიანი ისტორია აქვს, რადგან ჯერ კიდევ მინისტრის პოსტზე მუშაობისას ჩავიფიქრე, როცა ჩემს მთავარ საზრუნავს ქართველი ემიგრანტებისა და დიასპორებისთვის ქართული კულტურული ძეგლების ახლოს გაცნობა წარმოადგენდა. სამწუხაროდ, ბევრს ქართული ენა ესმის, თუმცა ლაპარაკი უჭირს, სწორედ მათთვის შევქმენით „ვეფხისტყაოსნის“ აუდიოვერსია ცნობილი მსახიობების მონაწილეობით და პირველ რიგი, თურქეთში ოდესღაც გადახვეწილ ქართველებს ვუსახსოვრეთ. ჩანაწერი თვითონაც ძალიან მომეწონა, გამუდმებით ვუსმენდი და სწორედ მაშინ მომივიდა მისი ვიზუალიზაციის იდეა. 2016 წელს კომიქსი გამოვუშვი საკუთარი ნახატებით და გათანამედროვებული ტექსტით, რომელიც პირველ რიგში ბავშვებს მოეწონათ, რადგან სწორედ მას იყენებდნენ სკოლაში „ვეფხისტყაოსნის“ სწავლისას. სხვათა შორის, კომიქსი იგივე კადრირებაა, რომელსაც ხშირად მიმართავენ რეჟისორები, ამიტომ აბსოლუტურად ბუნებრივად გაჩნდა ფილმის გაკეთების იდეა, თუმცა მსგავსი მასშტაბის ფილმს ფინანსებიც სოლიდური სჭირდებოდა, ამიტომ ისევ რაღაცის გამოგონება და ყველაფრის თვითონ დახატვა მომიხდა. მაშინ აღმოვაჩინე როტოსკოპის – გადაღებული მსახიობის კონტურის გადახატვის ტექნიკაც, რომელიც თავის დროზე დისნეიმ გამოიყენა „ფიფქია და შვიდი ჯუჯას“ დადგმისას. სწორედ ამ ტექნიკით გადავიღე ქართველი მსახიობები, ფონები კი, თვითონ დავხატე. ფილმის პრემიერა 9 დეკემბერს შედგება საქართველოში, ამერიკაში კი, უკვე გამოვიდა და ძალიან კარგი გამოხმაურებაც მოიპოვა.

– ძალიან საინტერესო პროექტია „ვიწრო ხიდი“. რამ შთაგაგონათ ფილმის გადაღება?

– მართალია, ფილმის სცენარი 2015 წელს დავწერე, თუმცა მთავარ ინსპირაციად მაინც 2004 წლის  ნარინჯისფერი რევოლუცია იქცა კიევში. რამდენიმე აქტივისტი გავიცანი, ერთ-ერთი ჩემი მეგობრის ძველი ნაცნობი აღმოჩნდა და სწორედ კიევში გაიხსენეს, რომ თურმე 1991-1992 წლებში ერთად იბრძოდნენ ტამიშში. ძალიან საინტერესო ისტორიაა ორი ქვეყნის მეგობრობაზე, რადგან ჯერ უკრაინელები ამოგვიდგნენ, მხარში, მერე ჩვენ დავუჭირეთ მხარი მათ მშვიდობიან ბრძოლას. სამწუხაროდ, ფილმის პრემიერა პანდემიას დაემთხვა, ამიტომ პირდაპირ ამერიკულ სტრიმინგ-პლატფორმებზე გამოვიდა, თუმცა სწრაფად მოიპოვა პოპულარობა მთელ მსოფლიოში.

– რატომ აირჩიეთ რეჟისორის პროფესია?

– ბავშვობიდან ვხატავდი, სკოლის დასრულების შემდეგ სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე და კინოსტუდიაში დავიწყე მუშაობა ანიმაციური ფილმების სტუდიაში. მოგვიანებით, გერმანიაში გავემგზავრე სასწავლებლად, დაბრუნებულმა კი, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩავაბარე.

– როგორც ჩანს, ძალიან გიყვართ წვიმა, რომელსაც მთელი სერია მიუძღვენით,

– ეს სერია ლოს-ანჯელესში ცხოვრებისას დავხატე, სადაც არასდროს წვიმს, მე კი, სწორედ წვიმა მომენატრა ყველაზე მეტად.

– ახლა რა არის თქვენი მთავარი ინსპირაცია?

– მთელი წელი ვიმუშავე „ვეფხისტყაოსანზე“, რომელიც ციფრული ტექნოლოგიით შეიქმნა, ამიტომ ახლა უფრო თამამი და მასშტაბური, ზეთის საღებავით ხატვა მინდა.

– როგორ შეიქმნა ქართულ-ამერიკული კინოაკადემია?

– კინოაკადემია რამდენიმე თვის წინ დავაარსეთ და სტუდენტების პირველი ნაკადიც მივიღეთ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ კინოხელოვნებას ჩვენს სასწავლებელში ამერიკული მეთოდით ანუ პრაქტიკული მუშაობით ვასწავლით სტუდენტებს, რაც ბევრად მომგებიანია, რადგან ახალგაზრდები გადაღებების დროს იძენენ თეორიულ ცოდნასაც. ძალიან მიხარია, რომ ჩვენი სტუდიები უმაღლესი ხარისხის აპარატურითაა აღჭურვილი და ჩვენთან სწავლის სურვილს ქართველებთან ერთად უცხოელებიც გამოთქვამენ, ამიტომ სწორედ მათთვის ვაპირებთ ინგლისურენოვანი ჯგუფის გახსნას.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

– ახალ მხატვრულ ფილმზე ვგეგმავ მუშაობის დაწყებას, თუმცა დეტალების დაზუსტებისგან ჯერ თავს შევიკავებ.

– საკმაოდ ბევრ ქვეყანაში იმოგზაურეთ. სად გრძნობთ თავს ყველაზე კომფორტულად?

– გააჩნია რას ვაკეთებ. თუმცა, ყველაზე კარგად მაინც საქართველოში და ლოს-ანჯელესში ვარ.

– რომელი ჯილდოთი ამაყობთ ყველაზე მეტად?

– ვახტანგ გორგასლის ორდენით.

– როგორია იდეალური გუნდი, ვისთანაც სიამოვნებით იმუშავებდით?

– ვფიქრობ, გუნდი სანდო და ინიციატივიანი უნდა იყოს, რადგან ძალიან არ მიყვარს ადამიანები, რომლებიც სულ სხვის მითითებას ელოდებიან.

– რა გამოცდილება შეიძინეთ უცხოეთში?

– პირველ რიგში, დამოუკიდებლობა ვისწავლე. ძალიან ახალგაზრდა გავემგზავრე გერმანიაში და პრაქტიკულად იქ ჩამოვყალიბდი.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– ძალიან სწრაფად.

 

ბლიცკითხვები 

– რა ფრაზით ამხნევებთ საკუთარ თავს?

– საკუთარ თავს ყოველთვის ჩუმად ვამხნევებ და ხმამაღლა არასდროს ვამბობ. ვიქრობ, თავის გამხნევების საუკეთესო საშუალება ოპტიმისტური ისტორიების კითხვა და ვარსკვლავების ყურებაა, როცა ხვდები რამდენად დიდია სამყარო და რამდენად უმნიშვნელო შენი პრობლემები.

– საჩუქარი, რომელიც ყველაზე მეტად გახარებთ?

– კარგი ფილმი, რომელსაც მეგობრები მირჩევენ.

– საყვარელი ფილმი და რეჟისორი?

– ძალიან მიყვარს „გლადიატორი“ და „ცის სასუფეველი“. ხშირად ვუყურებ რიდლი სკოტის, ფრენსის ფორდ კოპოლას და ჰაიაო მიაძაკის ფილმებს.

– როდის გიჩნდებათ ხატვის სურვილი?

– როცა დასვენება მინდა, რადგან ხატვა ჩემთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა.

– რამდენად კარგი კულინარი ხართ?

– ძალიან მიყვარს კერძების მომზადება, თუმცა ყოველთვის ექსპრომტად ვაკეთებ.

– ვის თვლით საუკეთესო მრჩევლად?

– ჩემს ბავშვობის მეგობარს – დათოს და Google-ს.

– რა თვისებას აფასებთ ადამიანში ყველაზე მეტად?

– შრომისმოყვარეობას და პროფესიონალიზმს, ზრდილობას და თავშეკავებას, რადგან ძალიან არ მიყვარს ზედმეტი ფამილიარობა.

– თქვენი აზრით, რა მთავარი თვისება უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?

– ვფიქრობ, მთავარი მიზანია, ყოველთვის უნდა იცოდე რა გინდა და აქტიურად იმოქმედო მიზნის მისაღწევად, არანაკლებ მნიშვნელოვანია დროის სწორად ორგანიზების უნარიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები