LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილის ფაქტორი 2 ოქტომბრის მოსალოდნელ შედეგებზე და წინასაარჩევნო კამპანიების შეჯამება/ კვირის თემის პოდკასტი

6
fortuna.ge (45)

დაპირისპირება, ბრალდებები, ზეწოლა და ფარული ჩანაწერები – თვითმმართველობის არჩევნები თვითმმართველობაზე ფოკუსის გარეშე – რა მოლოდინები აქვს პოლიტიკურ სპექტრს 2 დღით ადრე და როგორ აფასებს წინასაარჩევნო პროგრამებს მესამე სექტორი, რომელზეც პარტიები ყველაზე ნაკლებად საუბრობენ – სტუმრად  გადაცემაში “კვირის თემა” ნინი ხუგაშვილთან ერთად:

ნიკა მელია  – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე;

ალუდა ღუდუშაური – „ქართული ოცნების“ დეპუტატი;

ირმა პავლიაშვილი – „ღია სივრცე კავკასიის“ (COS) თავმჯდომარე

 

„იცით რა, მეც ვიყავი ციხეში და ახლა თქვენ გელაპარაკებით” – მელიას თქმით, დაკავების შემთხვევაში სააკაშვილი ციხეს მალე დატოვებს

 

რა კორექტივებს შეიტანს მიხეილ სააკაშვილის დაანონსებული ჩამოსვლა მოახლოებულ არჩევნებსა და ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში – საკითხზე „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ გაერთიანებული ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს ქვეყანაში მშვიდობიანად ჩამოსვლის შესაძლებლობა.

 

 

„ადამიანმა თქვა ძალიან გულწრფელად, საჯაროდ, რომ მოვდივარ დედასთან ერთად და მის ადგილას ყველა ასე მოიქცეოდა. შეიძლება უფრო ადრეც გადაედგა ეს ნაბიჯი. სააკაშვილი ამბობს, რომ ვიცი, რომ ხელისუფლებას არ უნდა მივცე პროვოკაციის შესაძლებლობა. ადამიანს, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა ამ სახელმწიფოსთვის, ბევრი რამ ვერ გააკეთა, ბევრი რამ შეეშალა, აქვს უფლება ჰქონდეს მშვიდობიანად ჩამოსვლის შესაძლებლობა. ამას წინ ვერაფერი დაუდგება“,- აღნიშნა მელიამ.

წამყვანის კითხვაზე, როგორ ხედავს სცენარის განვითარებას, ნიკა მელიამ ასე უპასუხა:

„იცით რა, ციხეში ვიყავი მე და ახლა თქვენ გელაპარაკებით. ციხით ვერავინ ვერავის ვერ დააშინებს“,- განაცხადა მელიამ.

კითხვაზე, აღნიშნული რეპლიკა ხომ არ შეიძლება მივიღოთ მინიშნებად, რომ თუ სააკაშვილი ჩამოვა, მალე დატოვებს საპატიმროს, მელიამ თქვა, რომ ეს საკითხი არც განიხილება.

„უდავოა, აუცილებლად. 2 ოქტომბერს, რამდენიმე საათის შემდეგ, როდესაც შოკი გაუვლის ქართულ ოცნებას, უნდა გამოიყვანონ ერთი ადამიანი, ვინც ბრიფინგს ჩაატარებს და ხელისუფლება იძულებული იქნება აღიაროს, რომ ფეხქვეშ პოლიტიკური მიწა გამოეცალათ“,- თქვა მელიამ.

კითხვაზე, რა იძლევა აღნიშნული განცხადების გაკეთების საფუძველს, მელია აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება თავად „ქართულ ოცნებას“ არ აწყობს.

 

 

„ქართული ოცნება ჩემზე კარგად არის ინფორმირებული რამდენად არ სურთ მათ მიერ შერაცხული დამნაშავე იყოს ციხეში. თქვენ გგონიათ, რომ კობახიძეს და ივანიშვილს უნდათ სააკაშვილი ციხეში იჯდეს? ერთხელ არ დაუყენებიათ ექსტრადირების საკითხი. ადამიანი ამბობს გამიღეთ ციხის კარი, შევდივარ საკანში, ამიტომ რა არის ზეგინდელი დღის ალტერნატივა? ისევ მტრობასა და დაპირისპირებაში გავატაროთ? არ არის ეს ალტერნატივა.

აღარ გამოვა ხალხნო. არ იქნება საქართველო სუვერენიტეტის გარეშე. ქართული ოცნების დეპუტატები, მოლაპარაკე თავები გამოვლენ არჩევნების შემდეგ და იტყვიან, რომ რა მაგრები არიან, სინამდვილეში, ვერაფერს ვერ გააყალბებენ. იციან, რომ საკუთარი მომხრეების ნაწილი  2 ოქტომბერს მათ მხარს არ დაუჭერს. ამიტომაც დარბიან ცეცხლმოკიდებულები წინ და უკან. როგორც 2012 წელს არაფერი უშველიდა “ნაციონალურ მოძრაობას”, ისეა ახლა, “ოცნება“,- განაცხადა ნიკა მელიამ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“.

 

არ არსებობს ლურჯი და წითელი საქართველო ხალხო, ის დაჩაგრე, ეს გაანადგურე, ასეთ ცხოვრებას არ ვიმსახურებთ – ნიკა მელია

 

ბიძინა ივანიშვილს აქვს ამაო განზრახვა, რომ საქართველო გადააქციოს ლუკაშენკოს ბელორუსიად, – ასე აფასებს გაერთიანებული ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია ტელეკომპანია “ფორმულას” დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ თავდაცვის სამინისტროს ახალ სარჩელს.

როგორც ნიკა მელიამ “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” განაცხადა, 2 ოქტომბრის დღეს ენიჭება გადამწყვეტი მნიშვნელობა, რადგან ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის ბედი წყდება.

“აქ მეასეხარისხოვანია ვინ რომელი ოპოზიციის მხარდამჭერია ან წევრია ან გულშემატკივარია, მთავარი საკითხი, რაც ჩვენ ზეგ უნდა გადავწყვიტოთ არის შემდეგი – გავდივართ დასავლური სივრციდან თუ ვრჩებით და ვუტოვებთ ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს მომავალს, ჩანს სახელმწიფოებრიობის განვითარების.

ზეგ რეფერენდუმია და სამწუხაროა, რომ მე როგორც თბილისის მერობის კანდიდატს და სხვებს არ გვეძლევა საშუალება ვისაუბროთ იმ საკითხებზე, რომლებიც უკავშირდება მუნიციპალურ პრობლემებს.

ზეგ უნდა გაირკვეს შეგვწევს თუ არა ძალა ჩვენი ერთად დგომით, შემართებით ქვეყანა გზაზე დავაყენოთ და დავასრულოთ სიძულვილისა და ზიზღის მანკიერი წრე და გავიდეთ სამშვიდობოს.

ბოლო დღეები ახსენეთ და რა გავიგეთ ბოლო დღეებში? – პრინციპში ის, რაც აქამდე ვიცოდით, ოღონდ უფრო პირდაპირი გაშიშვლებული სახით, ირკვევა ის, რაც ისედაც გარკვეული იყო, რასაც ყველა ისედაც ვგრძნობდით. ერთადერთი მეთოდი, ღერძი, საყრდენი მათთვის ანუ „ქართული ოცნებისთვის“ არის სიძულვილი.

თქვენს მსმენელებს, მეგობრებს მინდა მივმართო, ნამდვილად უბედურია ის ქვეყანა, სახელმწიფო, რომელიც შეგნებულად სიძულვილით იმართება. ეს არ არის გადაჭარბებულად ნათქვამი. თქვენმა რადიომსენელებმა თავად განსაჯონ რამდენად შეესაბამება ჩემი სიტყვები სინამდვილეს. ქვეყანა, სადაც ხელისუფლება თავის შანსებს არა ერთიანობაში, არა შეკავშირებაში, კონსოლიდაციაში ხედავს, არამედ დანაწევრებაში, მტრობაში, დაყოფასა და სიძულვილში, არ უნდა იყოს ქვეყნის მართვის სადავეებთან. დღეს ეს რეალობა გვაქვს.

ეს დაამარცხე, ის დაჩაგრე, ეს გაანადგურე, ასეთ ცხოვრებას არ ვიმსახურებთ. არ არსებობს ლურჯი საქართველო და წითელი საქართველო ხალხო. არ არსებობს პარტიულად დაყოფილი ქვეყანა, ეს უნდა გავიგოთ. არსებობს ერთი საქართველო, თქვენი და ჩვენი საქართველო, რომელიც იმსახურებს წინსვლას და ჭაობის, სიღარიბის გადალახვას და სამშვიდობოზე გასვლას. ჩვენ ეს შეგვიძლია, ხალხნო”,- განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, თავდაცვის სამინისტროს, დავით კეზერაშვილისა და მისი თავდაცვის მინისტრობის დროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვს, თავდაცვის უწყების მიმართ დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

 

“ოცნებას” რისი თქმა უნდა, რომ ივანიშვილზე მზე და მთვარე ამოსდის მთელ საქართველოს? არ უნდა იყოს მთელი ქვეყანა ლურჯი – მელია

 

ბიძინა ივანიშვილი დიდი სიამოვნებით გეტყვით, რომ 2064 წლამდე მინდა ვიყო ხელისუფლებაში, არ მაინტერესებს კოალიციური მმართველობა. ჩვენ ვეუბნებით, რომ არ უნდა იყოს მთელი ქვეყანა ლურჯი. ჩვენ ვამბობთ, რომ ქვეყანა უნდა იმართებოდეს კოალიციურად, – ამის შესახებ  გაერთიანებული ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში კოალიციური მმართველობის ბედი 2 ოქტომბერს გადაწყდება.

კითხვაზე, როგორ წარმოუდგენია არსებულ რეალობაში კოალიციური მთავრობა, მელია ასე პასუხობს:

“ოლიგარქიული რეჟიმი წარმოგვიდგენია? კი, ბატონო უმძიმესი რეალობა გვაქვს. რა თქმა უნდა, რასაც “ქართული ოცნება” სჩადის და რა საგარეო კურსსაც სთავაზობს საზოგადოებას და რა დემოკრატიული მმართველობის სტანდარტს აშენებს, ამ ძალასთან თანამშრომლობა და კოალიციურ მმართველობაში ყოფნა გამორიცხულია. არსებობენ სხვა ოპოზიციური ძალები, რომელთა მხარდაჭერა დარწმუნებული ვარ, ჯამურად, გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე “ქართულ ოცნებას” აქვს მიუხედავად მანიპულაციებისა, მაგრამ არ ყოფნის.

არ დაგვავიწყდეს 2 ოქტომბერი რა არჩევნებია – ეს არის ერთგვარი საკვალიფიკაციო ეტაპი, როცა ჩვენ უნდა მოვიპოვოთ არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა”,- განაცხადა ნიკა მელიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის შეფასებით, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა სასიცოცხლოდ აუცილებელია. მისივე თქმით, ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის გზა მრავალფეროვნება და კოალიციური მმართველობაა.

“თავად განსაჯეთ, ნუთუ ის რეალობაა ახლა საქართველოში რომ არცერთი სოფელიც კი არ არის ოპოზიციური მმართველობის ქვეშ და ამ ქვეყანას ვუწოდებთ ჩვენ დემოკრატიული წესყობილების ქვეყანას? შესაძლებელია, რომ ერთი დაბაც კი არ იყოს “ქართული ოცნების” კონტროლის მიღმა?

“ქართულ ოცნებას” რისი თქმა უნდა, რომ ბიძინა ივანიშვილზე მზე და მთვარე ამოსდის მთელ საქართველოს? სოფელი რუხიდან თბილისამდე დამთავრებული? ვერავინ ვერ მოიგებს თავის ახირებაზე. ახალი ძალა ახალ ოპტიმიზმს მოიტანს. დაიძვრება ინვესტიციები, გაჩნდება ახალი სამუშაოები, ეს ყველაფერი შესაძლებელია კოალიციური მმართველობის შემთხვევაში”,- განაცხადა ნიკა მელიამ “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა”.

 

 

ამ პროვოკაციებს, რასაც “ნაციონალური მოძრაობა” ახორციელებს, 2 ოქტომბერს ჩვენი საზოგადოება გასცემს ადეკვატურ პასუხს და ცხვირში მოარტყამს გამარჯვების მუშტს – ალუდა ღუდუშაური

აბსოლუტური სიბეცეა, ვინც იძახის რომ რეფერენდუმთან გვაქვს საქმე, – ასე ეხმიანება “ქართული ოცნების” დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური ძირითადი ოპოზიციური პარტიების ლიდერების ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ 2 ოქტომბრის არჩევნების ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანია, რომ „ოცნებამ“ ვერ მიიღოს 43%-ზე მეტი და ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს.

როგორც ალუდა ღუდუშაურმა “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” აღნიშნა, კონსტიტუციაში ნათლად წერია, რას ნიშნავს რეფერენდუმი და როდის ინიშნება.

 

 

“არაადეკვატურები არიან, რაღაც აბსურდში. ადამიანებს თვალებში ნაცარს აყრიან და საუბრობენ რეფერენდუმზე. ვინც ამ პოზიციას ავითარებს, გეკითხებით, რა რეფერენდუმზეა საუბარი? ეს არის სიცრუე, უტიფარი ტყუილი, რასაც ჩვენს საზოგადოებას სთავაზობენ. მოვლენები განვითარდება ისე, რომ „ქართული ოცნება“ ამჯერადაც იმარჯვებს დამაჯერებლად.

აბსოლუტურ უმრავლესობა ოლქებში პირველივე ტურში დასრულდება არჩევნები ჩვენი გამარჯვებით და ეს გამარჯვება იქნება ხელშესახები და მკაფიო.

რაც შეეხება ოპოზიციას და ხულიგან, საკანონმდებლო ორგანოზე შტურმის ორგანიზებაში ბრალდებულ პიროვნებას, ბატონ ნიკანორ მელიას, მინდა ვუთხრა, რომ 2 ოქტომბერს, ჩვენი საზოგადოება მათ პოლიტიკურ მომავალს საბოლოოდ დაასრულებს და მათ ეს კარგად იციან.

როგორც ჩანს არ ყოფნიდათ ცალკეული ქვედა რგოლის პირების მიერ პროვოკაციების მოწყობა და უკვე თვითონ ჩაუდგა სათავეში იმ პროვოკაციას, რომელიც განახორციელა ევროკავშირის ოფისის წინ. ამ პროვოკაციებს, რასაც “ნაციონალური მოძრაობა” და მისი სატელიტი პარტიები ახორციელებენ 2 ოქტომბერს ჩვენი საზოგადოება გასცემს ადეკვატურ პასუხს და ცხვირში მოარტყამს გამარჯვების მუშტს”,- განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა გადაცემაში “კვირის თემა”.

ვის რაში სჭირდება „ფორმულა“, რომელსაც პრაქტიკულად, პულსი არ ესინჯება – ალუდა ღუდუშაური

ჯერ ეს ერთი ვის რაში სჭირდება აი, ეს „ფორმულა“, რომელსაც პრაქტიკულად, მედიის რეიტინგებში პულსი არ ესინჯება. თითქოსდა ხელისუფლება მოწადინებული იყოს როგორმე ამ „გრანდიოზულ“ მედიასთან მიმართებაში მიიტანოს იერიში, ამის არც სურვილი, არც საჭიროება და არც მოცემულობაა, – ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ თავდაცვის სამინისტროს ახალ სარჩელთან დაკავშირებით ტელეკომპანია “ფორმულას” დღევანდელ განცხადებას იმის შესახებ, რომ ხელისუფლების მხრიდან კრიტიკულ მედიაზე ზეწოლა ხორციელდება.

„ფორმულას“ საგანგებო განცხადება – ხელისუფლების მთავარ სამიზნეს ამ ქვეყანაში კრიტიკული მედია და მათი გაჩუმება წარმოადგენს

როგორც ალუდა ღუდუშაურმა “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” აღნიშნა, საქმე სამართლებრივ პროცესთან გვაქვს.

“ეს არის აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი. როგორც ჩანს, „ფორმულას“ უნდა დროებით გარკვეული რეიტინგი აწიოს და საზოგადოების ყურადღება მიიქციოს, რადგან სხვა შემთხვევაში ვხედავთ, რომ მათ ეს არ გამოსდით. აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენი საზოგადოების ფიქრობს ასე. თქვენ თუ მეტყვით, რომ სადმე მოწინავე რეიტინგებშია ეს მედიასაშუალება, კი ბატონო, მაშინ შეგვიძლია ვისაუბროთ, ამ ვარაუდებზე.

როდესაც ბატონი კეზერაშვილი იკავებდა თავდაცვის მინისტრის პოზიციას, მის მიმართ არსებობდა როგორც ჩანს, სამართლიანი და დასაბუთებული კითხვები ამ ნაწილში, რაც სასამართლომ გაიზიარა. ვინც იურისტია, ნათლად დამეთანხმება, რომ სახელწმიფოს გაუჩნდა უტყუარი, შეუდავებელი მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ კეზერაშვილმა მინისტრობის პერიოდში თავისი ქმედებით მიაყენა სახელმწიფოს ზიანი. ამისი მტკიცებულება არის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება.

აქ საქმე ეხება სახელმწიფოს ქონებას, ჩვენი ხალხის საკუთრებას და როდესაც გაქვს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, ცხადია, ასეთ შემთხვევაში თავდაცვის სამინისტროს უჩნდება ვალდებულება იდაოს სამოქალაქო წესით”,- განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

მისივე სიტყვებით, “ქართული ოცნების ” ხელისუფლების პირობებში პრაქტიკულად მზის სინათლის სისწრაფით ხდება ახალი მედიასაშუალებების აღმოცენება, მათ შორის კრიტიკული მედიის.

“ფაქტები არის ის, რომ სწორედ გვარამია იყო იმის შემოქმედი, როგორ არბევდნენ იმედს, დამისახელეთ მსგავსი ფაქტი სად მოხდა ჩვენი ხელისუფლების პირობებში”,- აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.

შეგახსენებთ, თავდაცვის სამინისტროს, დავით კეზერაშვილისა და მისი თავდაცვის მინისტრობის დროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვს, თავდაცვის უწყების მიმართ დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

ვრცლად თემაზე:

“დახურავთ ფორმულას? იმ წუთშივე გაჩნდება ახალი ფორმულა!” – დავით კეზერაშვილი განცხადებას ავრცელებს

მშვილდაძე: ველოდებით “ფორმულაზე” წილების დაყადაღებას

ველით, მაგრამ „ფორმულას“ ჯერ ყადაღა არ ადევს – გიორგი თარგამაძე

არ არსებობს ლურჯი და წითელი საქართველო ხალხო, ის დაჩაგრე, ეს გაანადგურე, ასეთ ცხოვრებას არ ვიმსახურებთ – ნიკა მელია

 

 

 

 

ირმა პავლიაშვილი: “საარჩევნო პროგრამებში მოსახლეობის საჭიროებები ნაკლებად იყო გათვალისწინებული” – კომპეტენციის პრობლემა თუ ზერელე დამოკიდებულება

 

მართალია, საარჩევნო კამპანია ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა სუბიექტებმა პროგრამები გვიან გამოაქვეყნეს და ამ პროგრამებშიც ძირითადი აქცენტი ცენტრალურ საკითხებზეა გაკეთებული, – ასე აფასებს საარჩევნო სუბიექტების წინასაარჩევნო პროგრამებს „ღია სივრცე კავკასიის“ (COS) თავმჯდომარე, ირმა პავლიაშვილი.

როგორც მან “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” განაცხადა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო პროგრამებში ნაკლებად იყო გათვალისწინებული ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები.

“იმ პოლარიზებული გარემოდან გამომდინარე, რომელიც 2020 საპარლამენტო არჩევნების შემდგომ შეიქმნა, გარკვეულწილად რეფერენდუმის სტატუსი შეიძინა, ოპოზიციაც ასე მოიხსენიებს, თვითმმართველობის არჩევნები, სამწუხაროდ, დაცლილია თვითმმართველობის კომპონენტისგან.

პროგრამებში არ არის წარმოდგენილი კონკრეტული კრიტერიუმები, არ არის განხილული კონკრეტული მუნიციპალური საჭიროებები და იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც მაგალითად, საკრებულოებს ან წარმომადგენლობით თუ აღმასრულებელ ხელისუფლებას ადგილზე დააკომპლექტებენ საარჩევნო სუბიექტები, რა ხედვა აქვთ, დეტალებს არ შეიცავს. ზოგადი პრინციპების გარდა ვერაფერს ვხედავთ.

შეიძლება ვიხილოთ რიგი სუბიექტის კამპანიასა და პროგრამაში საბიუჯეტო ინდიკატორები, თუმცა დეტალურად არ არის გაწერილი ამ საბიუჯეტო რესურსს როგორ გადაანაწილებს სოციალურ, განათლებისა თუ კულტურის იმ საკითხებზე, რომელიც თვითმმართველობის კომპეტენცია”,- განაცხადა ირმა პავლიაშვილმა.

 

“წინასაარჩევნო პერიოდი საგნობრივი მსჯელობისგან დაცლილია” –  კომპეტენციის პრობლემა თუ ზერელე დამოკიდებულება 

 

ეს წლების გამოწვევაა. ძირითადად კამპანია და სუბიექტების პროგრამები აგებულია ზოგად პრინციპებზე, – აცხადებს „ღია სივრცე კავკასიის“ (COS) თავმჯდომარე. ირმა პავლიაშვილის დაკვირვებით, წინასაარჩევნო პროგრამები არ მოიცავს კონკრეტულ კრიტერიუმებსა და ინდიკატორებს, რომლის მიხედვით, დეტალურად იქნება გაწერილი წლების გეგმა.

“ეს არის ის პრაქტიკა და წლების გამოწვევა, რომელიც გვაქვს კამპანიის პროცესში. ვხედავთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდი საგნობრივი მსჯელობისგან არის დაცლილი, მხოლოდ ძალადობრივ ქმედებებზე არის აგებული და ვხედავთ, რა ტიპის დაპირისპირბებიც მიმდინარეობს.რა თქმა უნდა, ეს ნეგატიურად აისახება, ვინაიდან წინასაარჩევნო პერიოდის დროს ამომრჩევლებმა უნდა მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება”,- აღნიშნავს ირმა პავლიაშვილი.

მისივე განცხადებით, მათ შეისწავლეს მხოლოდ ის საჯარო განცხადებები და გამოქვეყნებული ინფორმაციები, იგივე ვებგვერდ partiebi.ge-ის საშუალებით და შეეძლოთ, შედარება გაეკეთებინათ თუ რომელი პარტიის კონცეფცია როგორ ასახავს ინდივიდუალური მუნიციპალიტეტის საჭიროებას.

“რიგ შემთხვევაში გვხდება, რომ დეკლარირებული მიზნები არის, მაგრამ კონკრეტიკა, რასაც მოველით, არ არის. 64 მუნიციპალიტეტია და არის თუ არა ადგილობრივი მოსახლეობის ინდივიდუალური საჭიროებები სიღრმისეულად შესწავლილი, სამწუხაროდ, პროგრამები ამ კომპონენტისგან არის დაცლილი.

როდესაც სუბიექტები ამომრჩევლებთან მიდიან, ესაუბრებიან ზოგად დეკლარირებულ მიზნებზე და არა მათ საჭიროებებზე, რომლის მოგვარებაც თვითმმართველობის კომპეტენციას წარმოადგენს”- განაცხადა ირმა პავლიაშვილმა.

რაც შეეხება ადამიანური რესურსების გამოყენების პრაქტიკას, „ღია სივრცე კავკასიის“ (COS) თავმჯდომარე განმარტავს, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების გარდა, ადგილი აქვს სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ფაქტებსაც.

“ჩვენი ორგანიზაცია სწავლობს სკოლების დეპოლიტიზირების საკითხს. განათლების კოალიციასთან ერთად ჩვენი მიზანია დავინახოთ, ხომ არ ხდება იძულებითი მექანიზმების გამოყენება საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებული პირების მიმართ და არაერთი ფაქტი გამოვლინდა. სამწუხაროდ, კვლავ ხდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და არა მარტო. სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებებსაც აქვს ადგილი. სახალხო დამცველმაც გააკეთა ამაზე განცხადება. სავარაუდო რიცხვი 50-ს აღემატება.
შესაბამისად, ჩვენ ვხედავთ, რომ როდესაც მმართველი გუნდის გარკვეული რეიტინგი იწევს, შემდგომ მმართველი პარტია ყოველთვის ცდილობს გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსი.

2016 წლიდან ვსწავლობთ ამ საკითხს და განათლების სისტემაში სისტემური პრობლემა სამი მიმართულებით ვლინდება ხოლმე:

განათლების სისტემა თავისი შიდა აუდიტით ერთვება და გავლენას ახდენს ამ ადამიანებზე., მეორე როდესაც სამართალდაცავი ორგანოები ან თვითმმართველობის წარმომადგენლები ერევიან და სამწუხაროდ, ხშირად, მასწავლებლები, დირექტორები გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ არიან თავისუფლები. შეიძლება, საარჩევნო ადმინისტრაციამ დაადგინოს გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულობის სტანდარტები, ეს ადამიანები სხვა სამსახურში ურთიერთდაქვემდებარებულ მდგომარეობაში იმყოფებიან, ამიტომ ეს მათზე ახდენს გავლენას არ იყვნენ დამოუკიდებლები გადაწყვეტილების მიღების პროცესში”,- განაცხადა ირმა პავლიაშვილმა.

წამყვანის დამაზუსტებელ კითხვაზე, ადგილი ხომ არ აქვს საკანონმდებლო პრობლემას, ირმა პავლიაშვილი ასე პასუხობს:

“დიახ, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ განსხვავებულად დაკომპლექტეს საუბნო საარჩევნო კომისიები. ჩვენ გქვონდა რეკომენდაცია, როდესაც პარლამენტს რეფორმის ჭრილში წარვუდგინეთ და ვსაუბრობდით იმაზე, რომ შექმნილიყო ერთიანი ბაზა. მასწავლებლები, დირექტორები თავისივე სკოლასა და ვიწრო სოციუმში არ ყოფილიყვნენ საუბნო საარჩევნო კომისიებში დაკომპლექტებული ანუ შემთხვევითი შერჩევით მომხდარიყო მათი გადანაწილება”,- განაცხადა „ღია სივრცე კავკასიის“ (COS) თავმჯდომარემ, ირმა პავლიაშვილმა “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა”.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები