LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საავტორო უფლებების დაცვის პრობლემები მუსიკალურ ინდუსტრიაში – ,,ავტორის ხმა”

7
gigakobaladzeavtorisxma

გადაცემის ლაივი LIVE

7 აგვისტოს თათა სადრაძის და გიგა კობალაძის გადაცემას „ავტორის ხმა“ პირველი მუსიკალურ გამომცემლობის GMI Rights Management დამფუძნებელი და დირექტორი ზურაბ ბეჟაშვილი სტუმრობდა, რომელმაც მუსიკალურ ინდუსტრიაში საავტორო უფლებების დაცვის პრობლემებზე ისაუბრა.

– ზურაბ, რა მიზანს ემსახურება თქვენი კომპანია და სარგებლის მოტანა შეუძლია მუსიკალურ ინდუსტრიაში დასაქმებულთათვის?

– უფლებები მეტწილად ორი მიმართულებით – კოლექტიურად  და ინდივიდუალურად  იმართება, თუმცა საქართველოში არასდროს ყოფილა ინდივიდუალური მართვის ორგანიზაცია და ჩვენც სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ გამომცემლობის შექმნა, რომელიც ყველა ავტორთან ინდივიდუალურად მართავს მოლაპარაკებას და მისი წინასწარი თანხმობით, ნებართვით გასცემს ლიცენზიას მისი ნაწარმოების ყოველ ახალ გამოყენებაზე. ამასთანავე, ნაწარმოების გამოყენებისას ყველა ვალდებულია გადაიხადოს ის ჰონორარი, რომელსაც ავტორი დააწესებს.

– რა განსხვავებაა კოლექტიურ და ინდივიდუალურ მართვას შორის?

– კოლექტიური მართვაა როცა ორგანიზაცია კონკრეტული კრიტერიუმით გასცემს ლიცენზიას და იძენს ობიექტებზე (მაგალითად რესტორნებში, კლუბებში) ნებისმიერი ნაწარმოების შეუზღუდავად შესრულების უფლებას, ინდივიდუალური მართვა კი, ავტორთან ან შემსრულებელთან ყოველ ჯერზე ინდივიდუალურ მოლაპარაკებას გულისხმობს მისი ნაწარმოების გამოყენებაზე.

– რამდენად თანამშრომლობენ ქართველი მუსიკოსები თქვენს გამომცემლობასთან, ძირითადად რა მოთხოვნები აქვთ და როგორ ახერხებთ მათი უფლებების დაცვას?

–  ჩვენს ორგანიზაციას 100-მდე ავტორთან აქვს ხელშეკრულება გაფორმებული, ანუ 100 ადამიანმა სწორედ ჩვენ მოგვანდო საკუთარი უფლებების მართვა და მათ ნაწარმოებებზე ლიცენზიის გაცემა. მართალია, მსხვილი კატალოგი გვაქვს, მაგრამ საკმაოდ რთული სამუშაოს ჩატარება მოგვიხდა, რათა დაგვერწმუნებინა ტელევიზიებები, რომ ნაწარმოების გამოყენებისას ყოველ ჯერზე ავტორის ნებართვაის მიღებაა საჭირო. საბედნიეროდ ყველა მაუწყებელთან გამოვნახეთ საერთო ენა და დავარწმუნეთ ავტორის უფლებების დაცვის აუცილებლობაში. არანაკლებ მნიშვნელოვანია ინტერნეტის რეგულაციები, რადგან მუშაობის დაწყებისთანავე აღმოვაჩინეთ, რომ პრაქტიკულად მთელი ქართული მუსიკა ონლაინ-მეკობრეებს ჰქონდათ მითვისებული, თუმცა მაინც შევძელით 700-მდე ონლაინ-დავის მოგება  და ავტორებისთვის უფლებების დაბრუნება.

– რამდენად მოთხოვნადია ქართული მუსიკა ინტერნეტში?

– მართალია, თავიდან ნაკლებად მოთხოვნადი იყო, მაგრამ ძალიან სწრაფად შეიძინა პოპულარობა. დღეს ძალიან მაღალია ქართული მუსიკის სმენადობა.

– ვინ სარგებლობს განსაკუთრებული პოპულარობით?

– უცხოეთში მეტწილად ნიაზ დიასამიძეს, ლელა წურწუმიას და ჯგუფს „ერთი მეოთხედი“ უსმენენ, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ შემოგვემატა და ძალიან სწრაფად დაწინაურდა რეიტინგში.

– რას მიიჩნევთ მთავარ პრობლემად უფლებათა მართვის თვალსაზრისით?

– პირველ რიგში ავღნიშნავ, რომ ქართველი ავტორების პარალელურად ჩვენ Universal Music Publishing Group-ს წარმოვადგენთ საქართველოში, ამიტომ ქართველებთან ერთად Universal-ის 3 მლმ. ნაწარმოებსაც ვიცავთ. ჩვენი მთავარი პრობლემა ნაკლები ცნობადობაა, რადგან საკმაოდ დიდი დრო გჭვირდება საკუთარი საქმიანობის ასახსნელად და ავტორების, მათი ნაწარმოებების მომხმარებელთა დასარწმუნებლად თუ რამდენად მნიშვნელოვანია უფლებების დაცვა. არანაკლებ პრობლემურია კოლექტიური მართვის რამდენიმე ორგანიზაციის შექმნის მცდელობაც, რადგან ამგვარი კონკურენცია მხოლოდ ავტორთა შემოსავლების შემცირებას იწვევს. სამწუხაროდ, საქართველოში არსებობენ მსგავსი წარმონაქმნები, რომლებიც არა მხოლოდ კანონდარღვევით ფუნქციონირებენ, არამედ კოლექტიურად მართვადი უფლებების ინდივიდუალურად მართვასაც ცდილობენ.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები