LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,საჭირო არ არის სრულიად უცნობი ადამიანების პანაშვიდზე სიარული და იქ ყველას გადაკოცნა…” – ინფექციონისტი  მაია ბუწაშვილი გადაცემაში ,,პულსი”

12
maiabuwashvilipulsi

26 სექტემბერს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“  ინფექციონისტი  მაია ბუწაშვილი სტუმრობდა. როგორია დღევანდელი ეპიდსიტუაცია, როგორია მსოფლიოში ზრდის დინამიკა და როდის შეიძლება დასრულდეს პანდემია – ამ და სხვა საინტერესო თემებზე ექიმმა გადაცემის მსვლელობისას ისაუბრა.

გადაცემის ლაივი LIVE

– ქალბატონო მაია, პირველ რიგში დიდი მადლობა იმისთვის, რომ თქვენი გადატვირთული გრაფიკის ფონზე მაინც გამონახეთ დრო და გვესტუმრეთ. დღეს რასაკვირველია კოვიდ-19-ზე ვისაუბრებთ. ჯერ  კიდევ ცოტა ხნის წინ საქართველოში მეტ-ნაკლებად სტაბილური ვითარება იყო, თუმცა შემდეგ მაჩვენებლებმა ზრდა დაიწყო, როგორ შეაფასებდით დღეისათვის არსებულ ეპიდსიტუაციას?

მაია ბუწაშვილი: ორი აზრი არ არსებობს იმის შესახებ, რომ ჩვენთან ნამდვილად საყურადღებო ვითარებაა. ვხედავთ, რომ შემთხვევების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, თუმცა ჩვენ არ უნდა მივიღოთ ეს ყველაფერი ისე, თითქოს მოულოდნელია. ის მაჩვენებლები, რომლებიც პირველ ეტაპზე ფიქსირდებოდა იყო შემაკავებელი ზომების, კარანტინის, იზოლაციის შედეგი. თუმცა ის, რაც დღეს ხდება ლოგიკური გაგრძელებაა, რადგან არავის ჰქონდა ილუზია, რომ ყველაფერი ისევე გაგრძელდებოდა, როგორც თავიდან იყო. ვიდრე მსოფლიოში პანდემია მიმდინარეობს, საქართველო დამოუკიდებლად ვერ დაამარცხებდა ამ ვირუსს. როგორც ხედავთ, შემთხვევათა ზრდას მსოფლიოს თითქმის ვერცერთი ქვეყანა ვერ გადაურჩა. შემაკავებელი ზომები საჭირო იყო იმისათვის, რომ აღმავლობის ფაზას მომზადებულები შევხვედროდით და დრო მოგვეგო. ამაზე ბევრი დავა მიდის მოხდა თუ არა ასე, რასაკვირველია ამას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. ასეა თუ ისე, მე ნამდვილად მიმაჩნია, რომ ახლა ჩვენ ბევრად უკეთესად ვართ მომზადებული ვიდრე მარტში ან აპრილში.

– თქვენ ბრძანეთ, რომ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში არის მსგავსი დინამიკა – შემთხვევები იზრდება. თუმცა არის გამონაკლისებიც. რომელი ქვეყნები შედიან გამონაკლისებში და რის ხარჯზე ახერხებენ ისინი ვითარების კონტროლს?

მაია ბუწაშვილი: აზიის ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად იაპონიასა და სინგაპურში, კორეაში სტაბილური ვითარებაა.არა მხოლოდ აზიაში, სტაბილური მდოგმარეობაა ავსტარლიაშიც. რასაკვირველია შემთხვევები არის, მაგრამ ვითარება სტაბილურია, სიკვდილიანობა კი დაბალი. ამის ერთ-ერთ მიზეზად ის მიმაჩნია, რომ ადგილობრივი მოსახლეობა პანდემიას ბევრად მობილიზებული შეხვდა. აზიის ქვეყნებისთვის პირბადე უცხო საგანი არ არის, მათ უკვე გადაიტანეს „სარს“ ეპიდემია, ამიტომ უკეთ მომზადებული იყვნენ. კიდევ ერთი მიზეზი ჩემი აზრით არის ის, რომ მათ თავიდანვე აირჩიეს ძალიან მასიური ტესტირების გზა. რასაკვირველია სადავოა, არის თუ არა ეს გზა ხარჯეფექტური, თუმცა მათ ეს გზა აირჩიეს. მაგალითად კორეაში ტოტალური ტესტირება იყო, ხალხს ქუჩაში აჩერებდნენ და სინჯებს იღებდნენ. შედეგად ინფიცირებულთა გამოვლენა ადრეულ ეტაპზე ხდებოდა. საბოლოოდ რომელი გზა იყო უმჯობესი ამას დრო გვიჩვენებს მას შემდეგ, რაც პანდემია დასრულდება და ეპიდემიოლოგები მის შედეგებს გააანალიზებენ. ამას დიდი დრო დასჭირდება, დღესდღეობით ბოლომდე H1N1-ის პანდემიის შედეგებიც არ არის შესწავლილი და გაანალიზებული. საქმე ახალ ვირუსთან გვაქვს, მის შესახებ ყოველდღიურად რაღაც ახალს ვსწავლობთ, გვეცვლება მსოფლმხედველობა. ჩემთვის, როგორც ეპიდემიოლოგისთვისაც ბევრი რამ შეიცვალა ამ პანდემიის ფონზე.

– პანდემიამ იმდენად მოიცვა ჩვენი ცხოვრების ყველა დარგი, რომ გაგვიჭირდება დავასახელოთ სფერო, რომელზეც მას გავლენა არ მოუხდენია. თუმცა, თქვენ, როგორც ეპიდემიოლოგი რა კარდინალურ ცვლილებებს გამოყოფდით, რომელიც პანდემიამ ეპიდემიოლოგიაში მოახდინა?

მაია ბუწაშვილი: შეიცვალა თუნდაც მიდგომა აუცილებელი ზომების მიმართ. როგორც წესი, პანდემიისას კარანტინის გამოცხადება და მკაცრი შეზღუდვები წესდება, თუმცა ჩვენ დღემდე ვფიქრობთ იმის შესახებ, იყო თუ არა საჭირო იმ შეზღუდვების არსებობა, რომლებიც იყო დაწესებული და იყო თუ არა ეს საჭირო იმ დროით, რა დროითაც ისინი მოქმედებდა. გარდა ამისა, ეპიდემიოლოგები უკვე აღარ არიან დარწმუნებული ისეთი ცუდი იყო თუ არა შვედეთის მოდელი, როგორიც ეს თავიდან ეგონათ და მეგონა პირადად მეც. თავიდან შვედეთის მოდელისადმი დამოკიდებულება იყო მკვეთრად უარყოფითი, თუმცა დრომ გვიჩვენა, რომ შვედეთს სულაც  არ დაუდია იმ ქვეყნებზე ცუდი შედეგი, სადაც მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მოქმედებდა. ვფიქრობ, საბოლოოდ დრო გვიჩვენებს იმას, თუ რომელი გზა უფრო სწორი იყო. ეს მას შემდეგ მოხდება, რაც პანდემია დასრულდება და ანალიტიკოსები შედეგებს გააანალიზებენ.

– როდის შეიძლება პანდემია დასრულდეს? ჩანს თუ არა სინათლე გვირაბის ბოლოს? მთელი მსოფლიო ელის ვაქცინას… ცოტა ხნის წინ აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების კონტროლის ადმინისტრაციის (FDA) წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ვაქცინა, რომელსაც ისინი რეკომენდაციას გაუწევენ ისეთი უსაფრთხო იქნება, რომ მას მათი ოჯახის წევრებსაც გაუკეთებენ…

მაია ბუწაშვილი: ეს კარგი განცხადებაა, რომელიც მოწმობს, რომ ისინი საქმეს სერიოზულად უდგებიან და შესაბამისად ვაქცინა, რომელსაც ექნება FDA-ის რეკომენდაცია უსაფრთხო იქნება. ეს ნიშნავს იმას, რომ ვაქცინა ბაზარზე ნაუცბადევად არ გამოჩნდება, როგორც ეს რუსული ვაქცინის შემთხვევაში მოხდა. ცხადია მე, როგორც სპეციალისტი, ამ ვაქცინის სანდოობას ეჭვქვეშ ვაყენებ, რადგან ვერ ვხედავ შესაბამის მტკიცებულებებს იმის თაობაზე, რომ შესაბამისმა კვლევებმა მისი ეფექტურობა და უსაფრთხოება დაადასტურა. რუსულ ვაქცინას არც მე მივიღებ და მისი მიღების რეკომენდაციას არც ჩვემს ოჯახის წევრებს, არც პაციენტებს არ მივცემ.

ალბათ გვახსოვს, რომ ერთ-ერთმა მოწინავე კომპანიამ, რომელიც ვაქცინაზე მუშაობს, სრულიად გააჩერა კვლევა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ პაციენტს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები შეექმნა. კვლევა მხოლოდ მას შემდეგ გაგრძელდა, რაც რამდენიმე კომისიის დასკვნა დაიდო. ეს არის გზა, რომელიც სანდო და უსაფრთხო ვაქცინამ უნდა გაიაროს იქამდე, ვიდრე ბაზარზე გამოვა. ვაქცინაზე ისეთი კომპანიები მუშაობენ, რომ თუ ისინი გადაწყვეტენ მის გამოშვებას და FDA ამ ყველაფერს ბეჭედს დაუსვამს, ეს ვაქცინა ნამდვილად სანდო, უსაფრთხო და ეფექტური იქნება.

– მინდა ვისაუბროთ ისეთი აქტუალური პრობლემის შესახებ, როგორიცაა სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობის შემცირება. ცნობილია, რომ თუ გადაუდებელი საჭიროება არ არის, ადამიანები ჰოსპიტალებს ერიდებიან და ხშირად მასინაც უარს აცხადებენ კლინიკაში გადაყვანაზე, როცა ეს აუცილებელია…

მაია ბუწაშვილი: დიახ, სამწუხაროდ მომართვიანობა შემცირდა თუნდაც კიბოს სკრინინგ პროგრამებზე. ჩვენთან ისედაც დაბალი იყო მომართვიანობა სკრინინგ-პროგრამის ფარგლებში და ახლა ამ მაჩვენებელმაც დაიწია. აშშ-ში შიშობენ, რომ მომავალში ათიათასობით კიბოს შემთხვევა დაფიქსირდება იმიტომ, რომ ახლა პაციენტები სკრინინგს ვერ იტარებენ. ძალიან პრობლემურია იმუნიზაციის საკითხი, მშობლებს ბავშვები ასაცრელად არ მიჰყავთ. რასაკვრიველია ამას თავისი შედეგები ექნება და „ჯანმოც“ გვაფრთხილებს, რომ შესაძლოა მივიღოთ წითელას ან პოლიომიელიტის შემთხვევათა აღმავლობა. მერწმუნეთ, ეს ისეთი დაავადებებია, რომლებიც კორონავირუსს დაგვავიწყებს. მესმის, რომ ეს მშობლების სიფრთხილეა, თუმცა ეს არ არის ის სიფრთხილე, რომელიც კარგ შედეგს მოიტანს.

– აქვე შევეხოთ თითქმის ყველა მშობლისათვის აქტუალურ პრობლემას, სწავლას. რით ახსნით რეგულაციას, რომლის მიხედვითაც საკლასო ოთახებში 1-6 კლასის მოსწავლეები დაბრუნდებიან, დანარჩენებს კი დისტანციურ რეჟიმში მოუწევთ სწავლის გაგრძელება? თქვენ რას ურჩევდით მშობლებს?

მაია ბუწაშვილი: სოციალურ ქსელებში მშობლების ორი კატეგორია იკვეთება – ნაწილი სწავლის ძველებურად საკლასო ოთახებში გაგრძელებას მოითხოვს, ნაწილი კი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამას. თუმცა ჩემი აზრით, ქვეყანაში არსებული სურათი ბავშვებზეც უნდა აისახოს. თუ ქვეყანა ტოტალური კარანტინის რეჟიმში არ არის, ბავშვების მიმართ უსამართლობად მიმაჩნია, რომ მხოლოდ ისინი ისხდნენ სახლში მაშინ, როდესაც მათი მშობლები დადიან ოფისებში, შედიან რესტორნებში… მარტო ბავშვების სახლში დარჩენა ამ შემთხვევაში ვერანაირ სარგებელს ვერ მოიტანს. ასე რომ, თუ ქვეყანა არ არის ჩაკეტილი და ცხოვრება მეტ-ნაკლებად ძველებურად გრელდება, სწავლა აუცილებად უნდა განახლდეს საკლასო ოთახებში და უნივერსიტეტის აუდიტორიებშიც.

– მინდა გკითხოთ ფიზიკურ აქტივობასთან დაკავშირებითაც. რამდენად უსაფრთხოა დღესდღეობით თუნდაც სავარჯიშოდ დარბაზში ან საცურაო აუზზე სიარული?

მაია ბუწაშვილი: ჩემი დამოკიდებულება ამ შემთხვევაშიც იგივეა, როგორიც სკოლების მიმართ. თუ არ იქნება ტოტალური ჩაკეტვა, ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი მეტ-ნაკლებად ზომიერად უნდა გაგრძელდეს. ვფიქრობ, რომ ერთადერთი, რასაც უნდა მოვერიდოთ, არის ძალიან ხალხმრავალი შეკრებები, რომლებზე დაუსწრებლობაც დიდ ზიანს არ გვაყენებს. თუნდაც ხალხმრავალი ქელეხები და ქორწილები… საჭირო არ არის ასევე სრულიად უცნობი ადამიანების პანაშვიდზე სიარული და იქ ყველას გადაკოცნა… ვფიქრობ, ამის გარეშეც არავის არაფერი დაუშავდება.

– არ შემიძლია გადაცემა ისე დავასრულო, რომ არ გკითხოთ გრიპის სეზონზე. გრიპის სეზონი ახლოვდება და ამჯერად ამ სეზონზე გრიპთან ერთად კოვიდთან ბრძოლა მოგვიწევს, სიტუაცია ძალიან გართულდება. რას გვირჩევდით პრევენციისთვის და ზოგადად რას გვეტყვით მოახლოებულ სეზონზე იმის ფონზეც, რომ კოვიდის ვაქცინა არ გვაქვს?

მაია ბუწაშვილი: მინდა გითხრათ, რომ ინფექციონისტებს ისედაც არ გვიყვარს გრიპის სეზონი, რადგან როგორც კი ნოემბერი დგება, ჩვენი ცხოვრებაც იცვლება. თუმცა ვითარება კიდევ უფრო რთული იქნება ახლა, როდესაც ამ ყველაფერს კიდევ კოვიდი დაემატება. მიუხედავად ამისა, მინდა ვთხოვო ჩვენს თანამემამულეებს, რომ მშვიდად შეხვდნენ ამ ყველაფერს. სიმშვიდეში რასაკვირველია იმას არ ვგულისხმობ, რომ ადამიანმა სიმპტომები დამალოს და ექიმს არ მიაკითხოს. მაგრამ არ არის საჭირო პანიკაში ჩავარდნა სურდოს ან სიცხის აწევის დროს. საბედნიეროდ უკვე გამოვიდა დადგენილება და უსიმპტომო პაციენტების ჰოსპიტალიზაცია შეწყდება. დიდი როლი დაეკისრება ჯანდაცვის პირველ რგოლს, ანუ პოლიკლინიკის ექიმებს. გრიპის და კოვიდის სიმპტომების გარჩევა ზოგჯერ ექიმებსაც გვიჭირს, თუმცა საბედნიეროდ ჩვენს განკარგულებაშია ტესტები, შეგვიძლია დიაგნოსტიკა და ამ ზამთარსაც გადავივლით როგორღაც, მთავარია შევინარჩუნოთ სიმშვიდე. გარდა ამისა იმედი მაქვს, რომ გრიპი წელს ისეთი ინტენსივობით არ იქნება  როგორც არის ხოლმე, გამომდინარე რეგულაციებიდან და ჰიგიენის გამკაცრებული ზომებიდან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები