LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,საღამო ჯაზ-მუსიკით გაიხსნება, რომელსაც პაპუნა და მისი მეგობრები შეასრულებენ” – „კონცეპტArt“-ის ცოცხალი მუსიკის საღამოები „უღრან ტყეში“

6
shariqadzetofuriaartfm

გადაცემის ლაივი LIVE

7 ივლისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ პროდიუსერი თეო ჯორბენაძე, ახალგაზრდა მუსიკოსები პაპუნა შარიქაძე და ლუკა თოფურია სტუმრობდნენ, რომელთაც ხელოვანთა გაერთიანების „კონცეპტArt“-ის მიერ 17 ივლისს დაგეგმილ კონცერტებზე ისაუბრეს.

– პაპუნა, ადრეულ ასაკში გაგიტაცათ მუსიკამ, ერთნაირად კარგად მღეროდით და უკრავდით პიანინოზე. რამდენად რთული იყო არჩევანის გაკეთება სიმღერასა და დაკვრას შორის?

– მუსიკისთ 5-6 წლის ასაკში დავინტერესდი, როცა დამოუკიდებლად დავიწყე პიანინოზე იმპროვიზირება, მოგვიანებით სიმღერა მოვსინჯე და მამის დახმარებით შევისწავლე რამდენიმე კომპოზიცია, თუმცა საბოლოოდ მაინც ჯაზმა გამიტაცა, ერთიანად გადავეშვი ამ არაჩვეულებრივ სამყაროში და ისევ დაკვრა ვარჩიე.

– როგორ აღმოჩნდით ნიუ-იორკის კონკურსზე?

– მაშინ კვინტეტში Quintesense ვმღეროდი. ლუკა კარტოზიას წყალობით, რომელიც ჩვენი პედაგოგიც იყო და პროდიუსერიც უამრავ კონკურსში ვმონაწილეობდით, ინტერესით ჩავებით აკაპელას ნიუ-იორკულ კონკურსში და გამარჯვებაც მოივიპოვეთ,  ფინალურ ეტაპზე კი, სან-ფრანცისკოში გადავინაცვლეთ  და მეორე ადგილი დავიკავეთ, რასაც დიდ წარმატებად ვთვლი.

– როგორ გაიხსენებთ პირველ სოლო კონცერტს?

– ჯაზ-პიანისტის რანგში პირველი კონცერტი 2013 წელს მოვაწყვე კონსერვატორიაში გიორგი სამსონაძესთან და ირაკლი ჭოლაძესთან ერთად. მართალია, დღეს, როცა კონცერტის ჩანაწერს ვუსმენ, ნაკლებად ვიხიბლები საკუთარი შესრულებით, მაგრამ მაშინ ძალიან მომწონდა, მით უფრო, რომ საკუთარი კომპოზიციები დავუკარი.

– ლუკა, ძალიან საინტერესო აქცია ჩაიფიქრა „კონცეპტArt“-მა, რომელიც ტყეში გაიმართება. თქვენ როგორ გადაწყვიტეთ პროექტში მონაწილეობა?

– კონცერტში მონაწილეობა პაპუნამ შემომთავაზა, რასაც სიამოვნებით დავთანხმდი. თუმცა ჯერ წარმოდგენა არ გვაქვს რას დავუკრავთ.

– თქვენ როგორ გაიხსენებთ სადებიუტო გამოსვლას?

– წარმატებული გამოსვლა იყო, არაჩვეულებრივი გრძნობა მქონდა, რადგან დებიუტმა მართლაც გაამართლა.

– თეო, როგორ წარმოგიდგენიათ კონცერტის მოწყობა ტყეში?

– პირველ რიგში ავღნიშნავ, რომ ჩვენი აქციის მთავარ ინსპირაცია რატი ამაღლობელის ტექსტზე შექმნილი ზვიად ბოლქვაძის კომპოზიცია ,,გაითავისე ცა და ისუნთქე“ გახდა. მიხარია, რომ საღამო ჯაზ-მუსიკით გაიხსნება, რომელსაც პაპუნა და მისი მეგობრები შეასრულებენ, ორმაგად სასიამოვნოა, რომ კონცერტში უნიჭიერესი ახალგაზრდები, მათ შორის ლუკა თოფურია მიიღებს მონაწილეობას, რადგან ჩვენი მიზანი სწორედ ახალგაზრადების ხელშეწყობაა. თუმცა, ახალბედებთან ერთად გამოცდილი მუსიკოსებიც მრავლად მივიწვიეთ. პირველ დღეს ერეკლე დეისაძე და ზაზა ცერცვაძე წარდგებიან პუბლიკის წინაშე, აუცილებლად ავღნიშნავთ ჩვენი უფროს მეგობრის, ბატონ გია ყანჩელის დაბადების დღეს, რომელსაც 10 აგვისტოს შეუსრულდებოდა 85 წელი. ასე რომ სამდღიანი აქცია მრავალფეროვანი და მართლაც საინტერესო იქნება.

– პაპუნა, სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

– 13 ივლისს ონლაინ სოლო კონცერტს მოვაწყობ, მოგვიანებითე კი, სავარაუდოდ ამერიკაში გავემგზავრები.

– ხშირად თანამშრომლობთ ცნობილ მუსიკოსთან, ვის გამოარჩევთ ყველაზე მეტად?

– ალბათ ტერენს ბლანშარს და ედი გომესს, ვისთანაც განსაკუთრებით ინტენსიურად ვთანამშრომლობ.

– რამდენად იცნობენ უცხოელი მუსიკოსები საქართველოს და ქართველ არტისტებს?

– ბერკლის უნივერსიტეტის პრეზიდენტი შესანიშნავად იცნობს ქართველ პიანისტებს და აღფრთოვანებულია მათი შემოქმედებით.

– ლუკა, თქვენ რას გეგმავთ?

– ახლა გამოცდისთვის ვემზადები, რადგან მეც ნიუ-იორკის ერთ-ერთ სასწავლებელში მინდა ჩაბარება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები