საია 5 ივლისის მოვლენების ანალიზს იწყებს / კოვიდის მზარდი შემთხვევები ბავშვებში / რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტები მკურნალობის ხელმისაწვდომობას მოითხოვენ - "კვირის თემის" პოდკასტი

რა ახალ შეკითხვებს აჩენს 5 ივლისის საქმე? – “კვირის თემის” სტუმარია ნიკა სიმონიშვილი, საიას თავმჯდომარე

ბავშვებში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მზარდია,მზარდია ასევე ჰოსპიტალიზირებულთა რიცხვიც – ჯანდაცვის უწყებების ხელმძღვანელებმა ახალი შეზღუდვების დაწესების შესახებ საუბარი უკვე დაიწყეს – რევმატოიდული  ართრიტის მქონე პაციენტები კი ქვეყანაში მკურნალობის ხელმისაწვდომობას ითხოვენ – თემებზე გადაცემაში ინგა მამაუჩიშვილი საუბრობს – პედიატრი და რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა კავშირის დამფუძნებელი

 

 

საია იწყებს 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებული საკითხების ანალიზს

 

შემიძლია თქვენთან ეთერში პირველად ვთქვა, რომ ჩვენ ვიწყებთ 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებული საკითხების ანალიზს, რომელიც მოიცავს როგორც 5 ივლისს, ასევე, მანამდე არსებულ პერიოდს, – განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა”.

ნიკა სიმონიშვილის თქმით, მოვლენების სრულ ანალიზს საზოგადოებას გარკვეული პერიოდის შემდეგ შესთავაზებენ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ის ფაქტი, რომ 50-ზე მეტი ჟურნალისტია დაშავებული და მხოლოდ რამდენიმე ადამიანია პასუხისგებაში მიცემული, ეს აღძრავს კითხვის ნიშნებს.

რამდენად არაფექტურად მოხდა აქციის მართვა – საია 5 ივლისის მოვლენების ანალიზს იწყებს

“რამდენად არაფექტურად მოხდა აქციის მართვა, რამდენად არაფექტური იყო სახელმწიფოს პოლიტიკა, როგორ წახალისდა და რა შედეგები მოიტანა, ჩვენ ამის ანალიზს გავაკეთებთ.

ამავდროულად, ჩვენ სისხლის სამართლის საქმეებში ვართ ჩართული. ძირითადად, რაც ჩატარდა ჟურნალისტების გამოკითხვა, ზოგიერთ საქმესთან მიმართებაში გარკვეული მტკიცებულებები იყო მოპოვებული, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ, რომ ყველა საქმესთან მიმართებაში გამოძიება ისეთი სწრაფი და ეფექტური არ არის, როგორც უნდა იყოს. ყველა ძალადობრივ ფაქტთან მიმართებაში, ჩვენ არ გვინახავს დაკავებულები.

ვნახეთ, მაგალითად, ლექსო ლაშქარავას საქმესთან მიმართებით და ისიც, ყველა არ არის იდეტიფიცირებული. ყველა ჟურნალისტთან მიმართებით ვერ ვნახეთ, რომ შესაბამისი პირები ყოფილიყვნენ იდენტიფიცირებული და დაკავებულები, მაშინ როდესაც არსებობს ძალიან ბევრი კადრი ამ ძალადობის ამსახველი. გამოძიებას ყველა საქმესთან მიმართებით, ის მტკიცებულება რაც სჭირდებოდათ, რეალურად არ გამოუთხოვიათ”,- განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

მისივე განცხადებით, 5 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მცდელობაც კი არ ყოფილა დამატებითი ძალების მობილიზება მომხდარიყო.

“შსს-მ უბრალოდ ვერ მოახდინა პოლიციელების იმ მასშტაბის მობილიზება, რომელიც საჭირო იყო. ეს ყველაფერი გრძელდებოდა რამდენიმე საათის განმავლობაში. რამდენიმე საათი ვერ იღებდა შსს ინფორმაციას? უბრალოდ, იქ იყვნენ გასული პოლიციელები, რომელთაც არავითარი ეკიპირება არ ჰქონდათ.

სხვა შემთხვევაში, მაგალითად, 20 ივნისის აქციაზე ჩვენ ვხედავდით კარგად ეკიპირებულ, მათ შორის სპეციალური საშუალებით აღჭურვილი პოლიციელები იყვნენ და აკავებდნენ აქციის მონაწილეებს. იქ 342 პირი იყო დაკავებული.

აქ სურვილიც კი არ ჰქონდათ, რომ ეს ყველაფერი გაეკეთებინათ. ამასაც მოხერხება სჭირდებოდა, რომ ასეთ დონეზე არ დაორგანიზებულიყო ეს ყველაფერი”,- განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა “ფორტუნას” ეთერში.

 

“მათ ვერ მართეს აქცია და არაფერი გააკეთეს” – სიმონიშვილის შეფასება 5 ივლისის მოვლენებზე

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თავიდანვე ჰქონდა გაცხადებული პოზიცია, რომ „ვერ შეძლებდა პრაიდის მონაწილეების დაცვას და შესაბამისად, სთხოვა მათ თავი შეეკავებინათ შეკრებისგან“.

„დილით გაკეთებული განცხადებები სწორედ ამას მიანიშნებდა. თუმცა, ასეთი განცხადებები შსს-გან ჩვენ პირველად არ მოგვისმენია“.- ამბობს სიმონიშვილი.

მისივე თქმით, „ისე აღმოჩნდა, რომ საბოლოოდ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტები შეატოვა იმ მოძალადე ჯგუფებს, რომლებიც ჩვენ 5 ივლისის აქციაზე ვნახეთ“.

„ფაქტობრივად, არავითარი პრევენციული ნაბიჯები არ გადაუდგამს იმისათვის, რომ რაიმე სახის რეაგირება მომხდარიყო და თქვენი კოლეგები დაცულები ყოფილიყვნენ ამ აგრესისგან. ჩვენ ვნახეთ, რომ 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა.

დღეისათვის, მინდა გითხრათ, რომ 21 საქმე გვაქვს წარმოებაში თქვენი კოლეგების. როდესაც დავიწყეთ მათი უფლებების დაცვა, ერთ-ერთი იყო ლექსო ლაშქარავას საქმე, უბრალოდ მისი გამოკითხვა ვერ მოესწრო,იმის გამო რომ რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. ჩვენ ვაგრძელებთ მისი ოჯახის დაცვას.

 

 

5 ივლისთან მიმართებით, ერთი რამ არის ძალიან ცხადი, შსს ჰქონდა ვალდებულება დაეცვა ჩვენი, ყველას უფლება, მათ შორის იქ ვინც შეიძლება მისულიყო და პრაიდი გაემართა, მათი უფლებებიც

მედიის წარმომადგენლების უფლებებიც, რომ მათ შეძლებოდათ პროფესიული საქმიანობის განხორციელება, მაგრამ მათ ვერ მართეს აქცია და არაფერი გააკეთეს“- განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

გარდა ამისა საიას თავმჯდომარე მიიჩნევს, რომშეუძლებელია შსს-ს არ სცოდნოდა, რომ პარლამენტთან ეს ყველაფერი მოხდებოდა“.

„თუ არ იცოდნენ, ეს უკვე მეორე პრობლემაა. მაშინ გამოდის, რომ შსს უბრალოდ ვერ ფლობს ინფორმაციას მნიშვნელოვან საკითხებზე. აქ სურვილიც კი არ ჰქონდათ, რომ ეს ყველაფერი გაეკეთებინათ. ამასაც მოხერხება სჭირდებოდა, რომ ასეთ დოზე არ დაორგანიზებულიყო ეს ყველაფერი. მცდელობაც კი არ ყოფილა დამატებითი ძალების მობილიზება მომხდარიყო“- განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

 

“პრემიერმა ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ წახალისება იყო” – სიმონიშვილი ღარიბაშვილის განცხადებაზე

 

საიას თავმჯდომარე პრემიერის განცხადებებს ეხმაურება და ამბობს, რომ „წახალისება შეიძლება მოხდეს იმგვარად, რომ პირდაპირ ვთქვათ, მე მხარს ვუჭერ ამ ყველაფერს, მაგრამ მეორეა, როდესაც სახელმწიფოს ვალდებულებაა აქვს დაგვიცვას და სახელმწიფო ამბობს, რომ – ბოდიში, მაგრამ მე ვერ დაგიცავ“.

„შემდეგ პრემიერმა ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ წახალისება იყო.ქვეყანაში პროცესები არა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, არამედ უნდა წარიმართოს კონსტიტუციის მიხედვით. ეს არის იმის გარანტი, რომ მე არ განმისაზღვროს უმრავლესობამ როგორ ვიცხოვრო.მაშინ, დავხიოთ კონსტიტუცია და ვიცხოვროთ უმრავლესობის დადგენილი წესებით“ – აცხადებს სიმონიშვილი.

 

„4 საათი რა ხდებოდა ლექსოს ცხედართან მიმართებით, არ ვიცით“ – ლექსო ლაშქარავას საქმეს მალე  შესაძლოა, სტრასბურგის სასამართლოში წავიდეს

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, ბევრ კითხვას აჩენს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი შუალედური დასკვნა, რომლის გაკეთება სიმონიშვილის განცხადებით, შეიძლება მაშინ, როდესაც ყველა მტკიცებულება არის გამოკვლეული.

“ მას შემდეგ, რაც ვნახავთ, რომ შსს-მ რაღაც ბოლომდე არ გააკეთა და კითხვები დატოვა, ამის შემდეგ იქნება შესაძლებლობა მივმართოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.

ისე დადო შსს-მ ეს დასკვნა, რომ ექსპერტიზის დასკვნა ბუნებაშიც არ არსებობს”- თქვა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ.

ნიკა სიმონიშვილი: თითქმის 4 საათი ლექსოს ცხედართან წვდომა არ გვქონია, რაც კითხვის ნიშანს აჩენს

სიმონიშვილი მიიჩნევს, რომ „ეს იყო ერთგვარი მცდელობა იმის, რომ ლექსოს გარდაცვალებასა და 5 ივლისს, მისი ცემის ფაქტს შორის კავშირი გაწყვეტილიყო“.

„აქედან გამომდინარე, ხელისუფლებას უბრალოდ, პასუხისმგებლობის შემსუბუქება სურს“.

მან ლექსო ლაშქარავას ცხედრის “გატაცებაზე” ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზოგადად, გამოძიებას აქვს უფლება, თანხმობის გარეშე ცხედარი გადაასვენოს, მაგრამ ამას წინასწარი პროცედურული უზრუნველყოფა სჭირდება.

თუმცა, ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, კითხვის ნიშნებს აჩენს ის ფაქტი, რომ საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართვა რამდენიმე საათის დაგვიანებით მოხდა.

“მე არ ვამბობ, იმას რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება მოყვა მის ცემის ფაქტს, ეს გამოძიებამ უნდა გაარკვიოს, მაგრამ აქ საინტერესო დეტალებია. როდესაც შსს-ს წარმომადგენლები მივიდნენ ადგილზე, 10:55 საათი იყო. მე დამირკეს და მითხრეს, რომ ოჯახს სურდა ადვოკატთან კონსულტაცია.

ზოგადად, საგამოძიებო ორგანოებს ნებართვის გარეშეც აქვთ უფლება გადაასვენონ, მაგრამ უნდა იყოს ზოგადი წესები და პრინციპები დაცული, რაც გულისხმობს იმას, რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, უფლება ჰქონდა მიეღო ადვოკატისგან კონსულტაცია, ადვოკატს კი შესაძლებლობა მისცემოდა დასწრებოდა თითოეულ წამს საგამოძიებო მოქმედებების. ამ პროცედურებზე სრულად დასწრების შესაძლებლობას ოჯახი მოკლებულიყო.

ნოდარ მელაძე იყო ადგილზე და ვუთხარი, რომ სახლიდან გამოვდიოდი და იქ მისვლას ვაპირებდი. ზუსტად ამ დროს, ლექსოს ცხედარი მოიტაცეს, შეიძლება ასე ითქვას, მე გზაში ვიყავი და ვუთხარი მოეცადათ.

ლექსოს ცხედარი დაახლოებით, 11:10 საათისკენ გაიტაცეს. დაახლოებით, სამი საათისკენ დაიწყო ექსპერტიზა, სწორედ ამ მომენტიდან განახლდა წვდომა. დაახლოებით, თითქმის 4 საათი ჩვენ ლექსოს ცხედართან წვდომა არ გვქონია. რა შეიძლებოდა ამ ხნის განმავლობაში მომხდარიყო, რა თქმა უნდა, კითხვის ნიშანს გვიჩენს.

ცხედრის გადასვენების უფლება ნებართვის გარეშეც აქვთ, მაგრამ რატომ არ ელოდებიან ადვოკატს, რატომ იტაცებენ ასე სწრაფად, რატომ ეჩქარებათ, ეს რა თქმა უნდა, კითხვას აჩენს. 4 საათი რა ხდებოდა ლექსოს ცხედართან მიმართებით, არ ვიცით. რაიმე მანიპულირება თუ შეიძლება მომხდარიყო მის სხეულთან მიმართებით, ესეც ასევე კითხვის ნიშანს აჩენს” – განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ “შსს-მ ორ დღეში კოლოსალური სამუშაო შეასრულა და ამით შუალედური დასკვნა დადო, მაშინ როდესაც პასუხი კითხვაზე, თუ რამ გამოიწვია გარდაცვალება უნდა გასცეს კომპლექსურმა ექსპერტიზამ”.

“ფაქტობრივად, მთელი შსს ამ მტკიცებულების მოძიებაზე იყო გადართული. ჯერ ერთი მტკიცებულებების ავთენტურობაა შესამოწმებელია და ასეთი წინასწარი შეფასების გაკეთება არასერიოზულია. ამას შსს იმ საქმეებთან დაკავშირებით აკეთებს ხოლმე, სადაც კითხვები ძალიან ბევრია. ამ საქმეში, ბევრ კითხვას გააჩენს ის ოთხსაათიანი ჩავარდა, როდესაც ჩვენ არ გვქონდა ცხედართან მიმართებით წვდომა” – განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა”.

 

„მთავარი კითხვაა რით გარდაიცვალა ლექსო ლაშქარავა, მაგრამ ბევრ კითხვას აჩენს გამოძიების შუალედური დასკვნები“

 

ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, მთავარ კითხვაზე, რამ გამოიწვია ლექსოს გარდაცვალება, ამაზე პასუხი ჯერჯერობით არავინ არ იცის. მისი თქმით, ეს უნდა დაადგინოს კომპლექსურმა ექსპერტიზამ, რომელიც ჩატარდა და დასკვნა ჯერჯერობით საბოლოოდ არ არის გაცემული.

„ამდენად, წინასწარი შეფასების გაკეთება, თუნდაც მის სხეულში აღმოჩენილიყო ნარკოტიკული საშუალებები, ამ კითხვებზე პასუხს არ გვაძლევს, რადგან ის საშუალებები მას ლეგალურად, ექიმის დანიშნულებისამებრ ისედაც უკეთდებოდა, ნაწილი ამ ნივთიერებების, რა თქმა უნდა, ზეოზირებით გარდაცვალებას არ იწვევს.

აქედან გამომდინარე, მთავარი კითხვაა რით გარდაიცვალა ლექსო ლაშქარავა, მაგრამ ბევრ კითხვას აჩენს გამოძიების შუალედური დასკვნები. ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება რომ არაეფექტურად მიმდინარეობს არახალია, ამას ცხადყოფს თუნდაც 20 ივნისის დაზარალებული ჟურნალისტების საქმეები. მედიის 11 წარმომადგენლის საქმის წაღება სტრასბურგში მოგვიწია და არ გამოვრიცხავთ, რომ თუ შსს არ წარმართავს საქმეს ისე, როგორც საჭიროა, რა თქმა უნდა, არ გამოვირცხავთ იმას, რომ შემდგომ ადამიანის უფლებათა სასამართლოს მივმართოთ.

გონივრულ ვადაზე საუბარი გამიჭირდება, რადგან საქმის შინაარსიდან გამომდინარე ვმოქმედებთ, ჩვენც უნდა ამოვწუროთ ყველა შიდა რესურსი იმისათვის, რომ შევეცადოთ, გამოძიების ეფექტურობა ბოლომდე იყოს ამოწურული“ – განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

 

 

 

“აბსოლუტურად ჯანმრთელმა დავიძინე და დილით, პრაქტიკულად ადგომა ვეღარ შევძელი…” – როგორ ამოვიცნოთ რევმატოიდული ართრიტი

 

რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტები მკურნალობის ხელმისაწვდომობას ითხოვენ. საინფორმაციო კამპანია „ყველაფერი ჩვენს ხელშია“ ფარგლებში ექიმი რევმატოლოგები, პაციენტები და მათი მხარდაჭერები სახელმწიფო სტრუქტურებს დაავადების მკურნალობის ხელმისაწვდომობის აუცილებლობას ახსენებენ.

დაავადების, მისი მკურნალობის ხელმისაწვდომობის კუთხით არსებულ ბარიერებსა და ბიოლოგიურ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის აუცილებლობაზე რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა კავშირის დამფუძნებელმა, პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა,  ამჯერად, პაციენტის რანგში “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2011 წლიდან არის დაავადებული რევმატოიდული ართრიტით.

 

 

ინგა მამუჩიშვილის განცხადებით, ეს საკმაოდ სერიოზული დაავადებაა, რომელიც ძირითადად სახსრების დაზიანებით ხასიათდება.

“სახსრების ანთებითი პროცესი, რომელიც სხვადასხვა სიმპტომით ვლიდება. ძირითადად ეს სიმპტომი ძვალსახსროვანი სისტემის მხრივ გამოიხატება. ესენია: სახსრების შეშუპება, ტკვილი, ხშირ შემთხვევაში გაუსაძლისი ტკივილი.

მაგალითად, ჩემს შემთხვევაში აბსოლუტურად ჯანმრთელმა დავიძინე და დილით, პრაქტიკულად ადგომა ვეღარ შევძელი. ეს ასე უცებ, ერთ დღეში შეიძლება გამოვლინდეს. ჩემს შემთხვევაში ვთვლი, რომ ამ დაავდების მაპროვოცირებელი იყო, წინა პერიოდში გადატანილი სტრესი. მქონდა შეშუპებული მუხლი და ძალიან მნიშვნელოვანი სიმპტომი, რომელიც შეიძლება ამ დაავადების დროს გამოვლინდეს არის დილის შემოჭილება. როდესაც შენ დილას დგები და აბსოლუტურად  ყველა სახსარი შებოჭილია. ვერ ადგამ ფეხს. დაახლოებით, ნახევარი საათი, 40 წუთი მაინც გჭირდება, რომ ნაბიჯი გადადგა. თუნდაც შეძლო ის, რომ ყავის ჭიქა აწიო ხელით და მიიტანო პირთან. საშინელი სიპტომატიკა ახასიათებს ამ დაავდებას.

თუმცა, დაავადება ე.წ. მულტიორგანული დაზიანებით მიმდინარეობს შემდგომში. თუ თავის დროზე არ იმკურნალა პაციენტმა და შესაძლოა, მრავალი ორგანოსა და სისტემის დაზიანებაც მოხდეს. ამიტომ ამ დაავადების შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ექიმთან მიმართვიანობის დროულობას.

ამიტომ ჩვენ შევქმენით პაციენტთა კავშირი, რომ აგვემაღლებინა პაციენტებში ინფორმირებულობა. ძალიან ხშირ შემთხვევაში, როდესაც პაციენტი დაიჩივლებს, რომ რაღაც პრობლემა აქვს სახსარში, ტკივა დილით თითები, წვრილი სახსრები განსაკუთრებით, შებოჭილობა აქვს, ვიღაცამ შეიძლება ურჩიოს, რომ იცი რა, შენ მარილები გექნება. მოდი, გაიკეთე აბაზანები, მიიღე ეს მედიკამენტები, აუცილებლად გიშველის, ანდა შენ აუცილებლად გექნება D ვიტამინის ნაკლებობა და მოდი, აბა, მიიღე. ამ თვითმკურნალობის პროცესებში იკარგება ძვირფასი დრო. ამ დაავადებას შეუძლია დააზიანოს თვალი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტი, ღვიძლი და ა.შ. აქედან გამომდინარე, ყველამ, ოჯახის ექიმმაც უნდა იცოდეს, სად გადაამისამართოს”- განაცხადა ინგა მამუჩიშვილმა.

რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა კავშირის დამფუძნებელმა დაავადების ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

“დაავადება სწრაფად პროგრესირებადია. დროთა განმავლობაში ამ დაავადებამ შეიძლება, სამუშაო პორტფელი დაგატოვებინოს და გაქციოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად. ამიტომ სასურველია მისი დიაგნოსტირება მოხდეს სამი თვიდან ექვს თვემდე პერიოდში მაინც. რა თქმა უნდა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ორ მძლავრ ფაქტორს.

ფსიქოლოგიური ფაქტორი, რომელიც პაციენტს უნდა ჰქონდეს ისეთ დონეზე, რომ სულიერად არ დაეცეს. ეს დაავადება ნერვულ სისტემაზე საოცრად მოქმედებს. ჯერ ვერ იცვამ ქუსლიან ფეხსაცმელს, ვეღარ მართავ მანქანას, დეპრესია შეიძლება გამოიწვიოს. შეიძლება ასოციალური გაგხადოს.

მე, რომელიც ბავშვების გარეშე ვერ ვძლებ, მქონდა პერიოდი, როდესაც ჩაკეტილი ვიყავი. მდგრადი ფსიქიკა უნდა გქონდეს აუცილებლად და უნდა ენდო იმ ექიმს, ვისთანაც მიხვედი, მხედველობაში მყავს რა თქმა უნდა, კარგი, კვალიფიციური რევმატოლოგი, რომელიც ამ მკურნალობას დანიშნავს”, – განაცხადა პედიატრმა.

რაც შეეხება მკურნალობის ხელმისაწვდომობის კუთხით არსებულ ბარიერებს, ინგა მამუჩიშვილის განცხადებით, ბიოლოგიური პრეპარატები ძალიან ძვირია და ის “ჩვეულებრივი მოკვდავისთვის ხელმისაწვდომი პრაქტიკულად, ვერასდროს გახდება”.

“თავიდან მკურნალობა იწყება მედიკამენტებით, რომლებიც შედარებით ხელმისაწვდომია. მე 4 წლის განმავლობაში ვღებულობდი მედიკამენტებს, ამის შემდეგ დამეწყო ამ მედიკამენტების აუტანლობა. ასეთ შემთხვევაში არსებობს ბიოლოგიური პრეპარატები, რომელიც იძლევა არაჩვეულებრივ შედეგს. თუნდაც ის, რომ სახსრებმა არ მოახდინონ დეფორმაცია და შენ არ გახდეს შშმ პირი. ყველა ცივილურ ქვეყანაში, აშშ-ში, ევროპაში ასეთ პაციენტებს სახელმწიფო უდგას გვერდში. სადაზღვეო კომპანიები აფინანსებენ. ჩვენც ხომ შეიძლება ეს გვქონდეს და მივიღოთ.

თუნდაც გარკვეული პროცენტი იყოს დაფინანსების და ამის მეშვეობით მოხდეს ჩვენი მკურნალობა იმ ადამიანების, რომლებმაც ვერ ავიტანეთ ჩვეულებრივი მკურნალობა ან ვერ მივიღეთ შედეგი. მე მაგალითად, შედეგი ვერ მივიღე, სანამ ამ ბიოლოგიურ პრეპარატზე არ გადავედი”, – თქვა ინგა მამუჩიშვილმა.

წამყვანის შეკითხვაზე, როგორია სტატისტიკა, გავრცელების სავარაუდო ასაკობრივი ზღვარი, ინგა მამუჩიშვილი ამბობს, რომ საქართველოში მსგავსი სტატისიტიკა არ არსებობს.

“მსოფლიო მოსახლეობის 1% არის დაავადებული რევმატოიდული ართრიტით. ავადდებიან უფრო ქალები. პროგრესირება ამ დაავადების ხდება 45 წლის ასაკის ზემოთ, მაგრამ ბავშვებშიც უამრავი პაციენტი გვყავს.

ყოველთვის ვამბობ, რომ რა ბედნიერება, როდესაც ბავშვებში არსებობს უფასო სახელმწიფო პროგრამა ამ ბიოლოგიური პრეპარატებით, რაც ძალიან დიდი მიღწევაა. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ რაც უფრო ადრე დაიწყებს ადამიანი მკურნალობას, მით უფრო ადრეა შედეგი”.- განაცხადა ინგა მამუჩიშვილმა.

 

“პანიკის საფუძველი არ გვაქვს, უბრალოდ ვეცადოთ ბავშვებში დროულად გამოვავლინოთ სიმპტომები” – ინგა მამუჩიშვილის რეკომენდაციები მშობლებს

 

პედიატრი “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” ბავშვებში ვირუსის გავრცელების მზარდ სტატისტიკასაც გამოეხმაურა.

ინგა მამუჩიშვილის განცხადებით, ჯერჯერობით ჩვილ ბავშვთა ასაკში ლეტალური შემთხვევები არ გვაქვს, აქედან გამომდინარე, პანიკის საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს, უბრალოდ უნდა ვეცადოთ, დროულად გამოვავლინოთ სიმპტომები და დროულად მივმართოთ ექიმს”.

 

 

“დღის განმავლობაში უამრავ პაციენტს ვღებულობ. სიმპტომები სხვადასხვაა. მოდიან რესპირაციული, ვირუსული ინფექციებით, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ყველა შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს კოვიდთან.

დღეს ძალიან გავრცელებულია მაგალითად, ყელის ტკვილით მიმდინარე ვირუსული ინფექციები იგივე, ფარინგიტები, ნაზოფარინგიტები, გვხდება ცრუ კრუპი, ასევე ხველა, რომელიც შეიძლება იყოს დაკავშირებული ცხვირის გაჭედვასთან.

ეს ბავშვები ყველა იტარებენ ტესტებს. ზოგჯერ არის კოვიდინფექცია, ზოგჯერ კი ჩვეულებრივი სეზონური ინფექციებია, რომლებიც ჩვენ დავივიწყეთ, მიძინებული იყო ამ კორონავირუსის აღმავლობის პერიოდში, რადგან ბავშვები იყვნენ ლოკდაუნში, აბსოლუტურად იზოლირებულნი. როგორც კი კონტაქტი დაიწყეს, ბაღებში, სკოლებში მათ ეს გამოუჩნდათ, დღეს თავისუფლად არიან, ნიღბებს აღარ ატარებენ გარეთ და რაღაც ვირუსულმა ინფექციებმა გაიღვიძეს”.- განაცხადა ინგა მამუჩიშვილმა “ფორტუნას” ეთერში.

მან კიდევ ბავშვებში დელტა შტამისთვის დამახასიათებელი სიმპტომებიც დაასახელა და მშობლებს კონკრეტული რეკომენდაციებით მიმართა.

“ძალიან მაღალი, შეუპოვარი ცხელება ბავშვებში, ტემპერატურა, რომელიც ძალიან რთულად ემორჩილება სიცხის დამწევ საშუალებებს. გარდა ამისა ძლიერი ყელის ტკივილი და ცხვირში გაჭედვა.

მკვეთრად გამოხატული მუცლის ტკივილი და დიარეა ხშირ შემთხვევაში. ეს არის ძირითადი სიმპტომები.

ყურადღებით ვიყოთ და ვეცადოთ, ბავშვები მაინც არ მოვაქციოთ თავშეყრის ადგილებში.

ძალიან გავთამამდით, დავდივართ სხვადასხვა წვეულებებზე, სტუმრად დაგვყავს ბავშვები. შევეცადოთ ვიყოთ ფრთხილად, ხშირად ვბანოთ ბავშვებს ხელები. აუცილებლად ვასვათ დიდი რაოდენობის წყალი”, – განაცხადა პედიატრმა “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა”.