LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფომ უნდა მოგვცეს საშუალება, რომ ვიმუშაოთ და დახმარებით, აქეთ შევიტანთ ბიუჯეტში ფულს – ერეკლე კოკაია

3
127237486-432701651452847-1094022206630383905-n

საკითხები, რომლებიც მთავრობის მხრიდან საჭიროებს უსწრაფეს რეაგირებას, რადგან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სრულიად ტურიზმის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ბიზნესებისთვის – ეს ის თემებია, რომლებიც ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებმა დღეს განიხილეს. მათ ტურიზმის აღდგენისა და განვითარების 2021 წლის სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს და ამ გეგმას მთავრობას ხვალ წარუდგენენ.

აღნიშნული გეგმის, ტურიზმის სექტორის გასაჭირისა და მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებების შესახებ, რომლებიც შეზღუდვების ნაწილობრივ შემსუბუქებას შეეხებოდა, „ბიზნესნიუსის“ ეთერში სასტუმროების ქსელის – „ინნ ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ერეკლე კოკაიამ ისაუბრა. „სახელმწიფომ უნდა მოგვცეს საშუალება, რომ ვიმუშაოთ და დახმარებით, აქეთ შევიტანთ ბიუჯეტში ფულს“ – ამბობს კოკაია.

როგორ აფასებთ მთავრობის დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ბიზნესების უდიდესი ნაწილი, მათ შორის სათხილამურო კურორტები ჩაკეტილი რჩება?

დღეს ჩვენ, კერძოს სექტორის წარმომადგენლებს ცალკე გვქონდა შეხვედრა და ყველანი ერთად ველოდებოდით, რა გადაწყვეტილებას მიიღებდა ეს საკოორდინაციო საბჭო. ძალიან ვნერვიულობდით და სამწუხაროდ, გამართლდა ყველაზე ცუდი პროგნოზი. არ გვეგონა, რომ მთლად ასეთ რადიკალურ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, რომელიც ძალიან უარყოფითად აისახება ჩვენს ინდუსტრიაზე და ზოგადად, კერძო სექტორზე. ჩვენ იმედი გვქონდა, რომ საშუალებას მოგვცემდნენ, თუნდაც ერთი თვით გვემუშავა სამთო-სათხილამურო კურორტებს, მაგრამ როგორც გაირკვა, საერთოდ არანაირი პროგრესი არ არის ამ მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 2 კვირის განმავლობაში, კერძო სექტორის წარმომადგენლები ყოველდღიურად ვითხოვდით, ჩვენც ვყოფილიყავით ჩართულები ამ მსჯელობებსა და შეხვედრებში, საკოორდინაციო საბჭოზე დღეს არ იყო წარმოდგენილი არც ერთი კერძო სექტორი, შესაბამისად, მიიღეს გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენზე ძალიან უარყოფითად აისახება.

-რას გეგმავთ ახლა?

ჩვენ რამდენიმე პუნქტიანი გეგმა შევადგინეთ, რომელსაც ღია წერილის სახით წარვუდგენთ ხვალ სახელმწიფოს. პირველი ამ გეგმაში არის: სამთო-სათხილამურო კურორტების გახსნა. აუცილებელია, ერთი თვის განმავლობაში მაინც ვიმუშავოთ და რამე შემოსავალი გვქონდეს. იმიტომ, რომ ეს კურორტები არის ძალიან სეზონური და თუ ახლა, ამ სეზონზე არ გვექნება საშუალება რომ ვიმუშავოთ, თუნდაც ერთი თვე, მაშინ შემდეგ წლამდე საერთოდ აღარ გვექნება შემოსავალი…

გეგმაში მეორე მოთხოვნა არის სახმელეთო საზღვრების გახსნა. დღესაც გაჟღერდა, რომ სახმელეთო საზღვრები ჩაკეტილი დარჩება, რაც ჩვენი აზრით, არასწორი მიდგომაა. ტურიზმის აღდგენის პირველი ნაბიჯი სწორედ ის იქნებოდა, სახმელეთო გზა თუ გაიხსნებოდა, გარკვეული შეზღუდვებით, რა თქმა უნდა. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ყველასთან უპასუხისმგებლოდ გავხსნათ საზღვრები. მაგალითისთვის, შესაძლებელი იქნებოდა, რომ საზღვრები გაგვეხსნა იმ ადამიანებისთვის, ვისაც უკვე გადატანილი აქვს კორონავირუსი, ანუ ვისაც აქვს ანტისხეულები. შესაბამისად, რა განსხვავება იქნება ადამიანს ვაქცინა აქვს გაკეთებული, თუ კოვიდი გადატანილი. ისინი საფრთხეს აღარ წარმოადგენენ ჩვენთვის და ჩვენც საფრთხეს არ ვუქმნით მათ. ასეთი ადამიანებისთვის მაინც უნდა ყოფილიყო საზღვარი გახსნილი. ასეთი ადამიანი, ოფიციალური მონაცემებით, უკვე 70 მილიონია მსოფლიოში, არაოფიციალურით კი ბევრად მეტი. ამიტომ, აუცილებელი იყო საზღვრების გახსნა და დღესაც გვაქვს იმედი, რომ დღეს მაინც შეგხვდებიან ხელისუფლების წარმომადგენლები და განიხილავენ კიდევ ერთხელ ამ შეზღუდვებს. იმიტომ, რომ ჩვენთვის – კერძო სექტორისთვის, წარმოუდგენელია როგორ ვიმუშავოთ, ან როგორ დავრჩეთ საერთოდ ბაზარზე შემოსავლის გარეშე.

-თუ გქონიათ ბოლო პერიოდში შეხვედრა და კომუნიკაცია ხელისუფლების წარმომადგენლებთან?

სამწუხაროდ, მხოლოდ ცალმხრივი კომუნიკაცია არსებობს. დღემდე, კერძო სექტორის წარმომადგენლები ვთხოვთ, რომ შეგვხვდნენ, გავარჩიოთ ერთად ეს თემები, ერთად მივიღოთ გადაწყვეტილებები და ერთად შევიმუშავოთ გეგმა, თუ როგორ შევძლებთ აღვადგინოთ ეკონომიკა და ტურიზმის სექტორი, მაგრამ სამწუხაროდ პასუხი ჯერჯერობით არ ისმის. სულ გვეუბნებოდნენ, რომ იგეგმება შეხვედრები, მაგრამ ამ შეხვედრებში ერთხელაც არ იყო კერძო სექტორი ჩართული. გადაწყვეტილებები მიიღეს ძალიან ერთპიროვნულად, მხოლოდ თანმხლები ინფორმაციით, რაც სავალალოდ აისახება ჩვენზე.

-რა მოლოდინი გაქვთ?

მათი რჩევაა, რომ უბრალოდ ვიყოთ დაკეტილები. ეს არის არის ჩვენთვის გამოსავალი. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ დღეს ან ხვალ, განიხილავენ ჩვენს მოწოდებას, რომ შეგხვდნენ და ერთად მივიღოთ უფრო სწორი და ჯანსაღი გადაწყვეტილებები. ჩვენ თანახმა ვართ, რომ შევხვდეთ ნებისმიერ დროს, ოღონდ შევხვდეთ და ერთად ვისაუბროთ. ჩვენ შევთავაზებთ ჩვენს ცოდნას, ჩვენს გამოცდილებას, მითუმეტეს, რომ ახლა უკვე იმდენად დავაგვიანეთ სწორი ნაბიჯების გადადგა, რომ სხვა ქვეყნებმა დაგვასწრეს გარკვეულწილად, შესაბამისად, არსებობს უკვე საერთაშორისო მაგალითები, როგორ შეიძლება ეკონომიკა აღვადგინოთ ისე, რომ საფრთხე არ შევუქმნათ ჩვენს მოსახლეობას.

– რამდენად დიდია ზარალი, რომელიც ამ სექტორს საქართველოში 2020 წელს კოვიდ 19 ის პანდემიამ მიაყენა?

მთლიანად 2020 წელს თუ ავიაღებთ, ზარალი უზარმაზარია, მილიარდებზე არის საუბარი. ამ სეზონს რაც შეეხება, ყოველთვიურად მილიონ-ნახევარ ლარამდე არის ზარალი მარტო ჩვენი კომპანიის, ისიც მარტო სამთო-სათხილამურო კურორტების გათვალისწინებით. ამ სექტორში ათასობით ადამიანი უმუშევარი დარჩა, მათ შემოსავალი საერთოდ არ აქვთ. ამ ხალხს სეზონური შემოსავალი ჰქონდათ, შესაბამისად, არა მხოლოდ ეს რამდენიმე თვე არ ექნებათ შემოსავალი, არამედ სრული ერთი წლის განმავლობაში დარჩებიან შემოსავლის გარეშე.

-„ინნ ჯგუფში“ შემავალი ობიექტებიდან რომელიმე თუ აგრძელებს ფუნქციონირებას?

როგორც სასტუმრომ, რა თქმა უნდა, ვერც ერთმა ვერ შეძლო ოპერირება. დიდი იმედი გვქონდა, რომ „ბაკურიანი ინნ“ და „გუდაური ინნ“ გაიხსნებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა შეზღუდვების გამო. თბილისში ვცდილობდით, რომ აგვემუშავებინა კოვიდ-სასტუმრო, თუმცა ამ ტიპის სასტუმროებსაც არ აქვს ეფექტური გამოყენება. მაშინ, როდესაც ამდენი ინფიცირებული გვაქვს ქვეყანაში, ძალიან ცოტა მომართვიანობა აქვს კოვიდ-სასტუმროებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები