LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოს ფოსტა“ – მალე შევთავაზებთ მომხმარებელს ონლაინ მაღაზიას, სადაც შეეძლებათ მარკების, საფოსტო ბარათების შეძენა

7
108953841-331577668239996-7619115806006226573-n

უამრავი სიახლე, გამრავალფეროვნებული მომსახურება და გამარტივებული სერვისი – მიუხედავად პანდემიისა, „საქართველოს ფოსტა“ განვითარებას არ წყვეტს და მომხმარებლებს, წლის ბოლომდე, ბევრ სიურპრიზს ჰპირდება. თუ რა გეგმებზეა საუბარი, თემაზე ვრცლად „ბიზნესნიუსის“ ეთერში „საქართველოს ფოსტის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნოკა ბაინდურაშვილმა და ასევე, გაყიდვებისა და მომხმარებელთა მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მერი ბასილაშვილმა ისაუბრეს.

საქართველოს ფოსტამომხმარებელს განახლებულ კორპორატიულ საკურიერო სერვისს სთავაზობსრას გულისხმობს და რას მოიცავს ეს სერვისი?

კორპორატიული საკურიერო მომსახურება, თავისი სერვისით, საკმაოდ მრავლისმომცველია. ჩვენ ვთავაზობთ ონლაინ მაღაზიებს, ელექტრონული კომერციით მოვაჭრე მეწარმეებს თავიანთი პროდუქტი გაყიდონ და ჩვენი მეშვეობით მიაწოდონ ადრესატებს, საქართველოს ნებისმიერ წერტილში. როგორც იცით, საქართველოს ფოსტა ფარავს ჩვენი ქვეყნის მთელს ტერიტორიას 100%-ით და ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ნებისმიერ მომხმარებელს მოვაწოდოთ ისეთივე მომსახურება რეგიონებში, როგორც დედაქალაქში. შესაბამისად, მეწარმეს, რომელიც საქმიანობს თბილისში, ვაძლევთ საშუალებას, რომ საკუთარი პროდუქტი გაყიდოს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ზოგადად, ელექტრონული კომერციის ხელშეწყობა რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ფოსტისთვის?

ელექტრონული კომერცია ძალიან აქტუალურია ახლა. კორპორატიული საკურიერო მომსახურება „საქართველოს ფოსტამ“ 2019 წლის ბოლოს დანერგა და იგი საკმაოდ პოპულარული აღმოჩნდა 2020 წელს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პანდემია დაიწყო. ჩვენ უკვე გვყავდა მომხმარებელი და მათ ძალიან გაუმართლათ, ვინაიდან, კარანტინის პერიოდშიც კი, ჩვენ შეუფერხებლად გადავადგილდებოდით მთელი საქართველოს მასშტაბით, მიუხედავად იმისა, რომ რიგი რეგიონები იკეტებოდა. ამიტომ, მარტსა და აპრილში ბევრად უფრო გაიზარდა ჩვენი მომხმარებლების რაოდენობა.

ზუსტად ამ პანდემიის გამო, ჩვენ გარკვეული მომსახურებები დავამატეთ, რომ უფრო მოქნილი გამხდარიყო კორპორატიული საკურიერო მომსახურება: შევთავაზეთ ელექტრონული პლატფორმა იმისათვის, რომ სახლიდან გაუსვლელად, მეწარმეს გაეყიდა თავისი ნივთი, ჩვენთან მოსულიყო შეტყობინება ელექტრონულად, ჩვენი კურიერი გასულიყო მისამართზე, გამოეტანა გზავნილი და მიეტანა ადრესატამდე. ამას ვახორციელებდით მთელი ქვეყნის მასშტაბით. კორპორატიულ საკურიერო მომსახურებას მრავალი სხვა ბენეფიტი აქვს, მაგალითად: მომხმარებელს შეუძლია გააკეთოს არჩევანი უკვე ადგილზე, ანუ პირობითად, თუ ის ვერ წყვეტს, რომელი ფერის მაისური, ან ტელეფონი სურს შეიძინოს, მას შეუძლია გამოიწეროს ორივე, ჩვენ მივუტანთ ორივეს, აირჩევს ადგილზე, ადგილზევე გადაიხდის და ის გზავნილი, რომელსაც ის არ შეიძენს – ჩვენ დავუბრუნებთ გამომგზავნს. ასევე, ძალიან მოქნილია განსაკუთრებით რეგიონის მაცხოვრებლებისთვის, როდესაც რაღაცა ნივთს შეიძენენ, ამ ნივთს მიყვება ანგარიშის ქვითარი და რაღაცა პერიოდის შემდეგ, თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ არ მოერგოთ მაისური, ან მიუღებელია ეს ტელეფონი და სურთ დააბრუნონ, მათ შეუძლიათ ამ ქვითრით მიბრძანდნენ ნებისმიერ სერვისცენტრში და დააბრუნონ გზავნილი გამომგზავნთან. რაც მთავარია, ადრესატს თავის გზავნილს ვაწვდით ძალიან მოკლე დროში – თბილისში გზავნილის მიტანა ხდება იმავე სამუშაო დღეს, ხოლო რეგიონში – მეორე სამუშაო დღეს.

უნდა გკითხოთ კარანტინის რამდენიმე თვეზეცროგორ გადაეწყვეთ მუშაობის ახალ ფორმატზე იმ პერიოდში და რამდენად დიდი დატვირთვით მუშაობდით?

ეს პერიოდი ჩვენთვის, ისევე როგორც დანარჩენი მსოფლიოსთვის, ძალიან რთული იყო. პანდემიამ ბევრი რამ შეცვალა. პირველ ეტაპზე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემცირებულ სამუშაო გრაფიკზე გადავსულიყავით, თუმცა, მოთხოვნიდან გამომდინარე, მოგვიწია, რომ შემცირებული სამუშაო გრაფიკი გაგვეზარდა. მოთხოვნა ძალიან გაზრდილი იყო. სერვისების გადაწყობა და მორგება მოგვიწია კორპირატიული საკურიერო მომსახურების კუთხით. ამავდროულად, საცალო მომხმარებლისთვისაც შევქმენით პროდუქტი „სახლიდან სახლში“. განსაკუთრებით, ეს პროდუქტი მოთხოვნადი იყო კარანტინის პერიოდში, როდესაც მოქალაქეებს არ შეეძლოთ სახლიდან გამოსვლა. ეს პროდუქტი დღემდე მოქმედია და ის გულისხმობს, რომ თქვენ სახლიდანვე შეგიძლიათ, ნებისმიერი გზავნილი გაგზავნოთ ადრესატთან სახლში.

გარდა ამისა, ბოლო პერიოდში, დავიწყეთ დიჯიტალიზაცია და სერვისების გაციფრულებაზე მუშაობა, ასევე ახალ ვებგვერდს ვგეგმავთ და სულ მალე შევთავაზებთ მომხმარებელს ონლაინ მაღაზიას, სადაც შეეძლებათ მარკების, საფოსტო ბარათების და სხვა მასალების შეძენა. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ რთული პერიოდის გამოვლა მოგვიწია, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით და ბევრი პროექტი ძალიან მოკლე ვადაში განვახორციელეთ.

-„საქართველოს ფოსტის, როგორც ცალკე აღებული ბიზნესის საქმიანობა, რამდენად წარმატებულია საქართველოში?

„საქართველოს ფოსტა“ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთ-ერთი ძალიან წარმატებული კომპანიაა. ამას განაპირობებს ბევრი ფაქტორი, მათ შორის ის, რომ ჩვენ გვაქვს ყველაზე დიდი დაფარვა საფოსტო მიმართულებით დილივერის ნაწილში და ყველაზე მეტი საფოსტო სერვისი. ჩვენ ვაძლევთ საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობას, მიიღოს სასურველი სერვისი იმავე ხარისხით და იმავე ფასად, რასაც იღებენ მსხვილი ქალაქების მაცხოვრებლები: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში… ამიტომ, ეს ბიზნესი არა მხოლოდ წარმატებულია როგორც ბიზნესი, მას აქვს გარკვეული სოციალური დატვირთვა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვასრულებთ ამავდროულად უნივერსალურ საფოსტო მომსახურებას, რაც გულისხმობს ხელმისაწვდომობას.

ამ ეტაპზე რამდენი სერვისცენტრით ხართ წარმოდგენილი და რამდენ ადამიანს ასაქმებთ?

დღეს გვაქვს 81 სერვისცენტრი და ვფარავთ აბსოლუტურად ყველა რეგიონს. ამ დროისთვის, ჩვენთან 3 ათასამდე ადამიანია დასაქმებული.

რა სერვისების მიღებაა შესაძლებელი საქართველოს ფოსტით?

საცალო მიმართულებით გვაქვს: ამანათის გაგზავნის საშუალება, წერილობითი კორესპონდენციის, თუმცა ეს კიდევ იშლება ქვეპროდუქტებად, დაჩქარებული ვადების მიხედვით. გვაქვს ასევე ადგილობრივი გზავნილების მიმართულება, საერთაშორისო გზავნილების მიმართულება. საერთაშორისო მიმართულებით ჩვენ ვფარავთ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას, გამომდინარე იქიდან, რომ ვართ მსოფლიო საფოსტო კავშირის წევრი. ასე რომ, სერვისი ძალიან ბევრი გვაქვს. ამ ბოლო დროს, პანდემიის პერიოდში, კორპორატიული მიმართულება ძალიან განვითარდა – მოთხოვნამ ელ.კომერციაზე, გამოიწვია სერვისების კიდევ დამატება და ჩვენ ძალიან სწრაფად ვუპასუხეთ ბაზრის მოთხოვნას. გვაქვს კიდევ ერთი ძალიან საინტერესო პროდუქტი – „ქართული პროდუქტი მსოფლიოს“, რომელიც 2018 წელს შევქმენით და შევთავაზეთ მომხმარებელს, რომ ქართული წარმოების პროდუქცია მსოფლიო ბაზარზე გაეტანა და ონლაინ გაყიდვები ეწარმოებინა. ეს პროდუქტიც საკმაოდ მოთხოვნადია და რაც მთავარია, ყველა ჩვენი სერვისი არის სრულად ავტომატიზირებულ პროცესზე აწყობილი და ბევრად უმარტივდება იგივე მეწარმეს, ან ონლაინ მაღაზიის მფლობელს, რომ მისი პროდუქტი იყოს ხელმისაწვდომი.

რა გეგმები გაქვთ წლის ბოლომდე?

გეგმების გარკვეულ ნაწილზე პანდემიამ გავლენა იქონია და კორექტირება მოგვიხდა, თუმცა არის ისეთი მიმართულებები სერვისის კუთხით, რომლებიც უცვლელად დარჩა და ჩვენ წლის ბოლომდე, ბევრ სიახლეს შევთავაზებთ მომხმარებლებს, მათ შორის არის ახალი პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს დიჯიტალ-სერვისების განვითარებას. გარდა ამისა, 2020 წლის ბოლომდე ჩვენს მომხმარებელებს, ჩვენი სერვისცენტრების მეშვეობით, აუცილებლად ექნებათ შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა მომსახურება მიიღონ: არამხოლოდ საფოსტო, არამედ სხვა მრავალი მომსახურება, რაზეც დღეს ვერ ვისაუბრებთ, თუმცა ბევრი სიურპრიზი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები